შალვა ნუცუბიძე

1888-1968

ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი შალვა ნუცუბიძე დაიბადა 1888 წლის 14 დეკემბერს ფარცხანაყანევში. დაწყებითი განათლება მიიღო ხონში. აქ ნახა მან აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა. 1897 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც საერთო განათლების და უცხო ენების კარგ ცოდნას იძლეოდა. შალვა ნუცუბიძე ფლობდა ძველ ბერძნულს, ლათინურს, გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს. 1906 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ფილოსოფიის განხრით. აქ ნიჭიერებით პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება მიიქცია. იგი გააგზავნეს გერმანიაში საზაფხულო სემინარებზე. 1911 წელს საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების პირველი მონახაზით წარსდგა ლაიფციგის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე. ამ დროს იგი 23 წლისა იყო.

ქართველი ახალგაზრდობა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთსა და საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, მაგრამ მათი მიზანი იყო კვლავ საქართველოში დაბრუნება და სამშობლოს სამსახური. მოხდა თუ არა რევოლუცია, ივანე ჯავახიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილ მეცნიერთა ჯგუფი შეუდგა ბრძოლას ქართული უნივერსიტეტის დასაარსებლად. ამ მეცნიერთა შორის იყო შალვა ნუცუბიძე.

1918 წელს, 12 წლის განშორების შემდეგ, შალვა ნუცუბიძე საქართველოში დაბრუნდა. 1920-29 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. მისი ინიციატივით დაარსდა იურიდიული, ეკონომიკური და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტები. 15 წლის განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა. დააარსა „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“, რომლის მიზანი იყო საფილოსოფიო ცოდნის გავრცელება.

დაძაბულ მეცნიერულ მუშაობასთან ერთად შალვა ნუცუბიძე ჩართული იყო აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. გახლდათ ფედერალისტური პარტიის წევრი. ამასთან, მონაწილეობდა ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძვნებელი კრების მუშაობაში და იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინაც ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1926 და 1931 წლებში ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა შალვა ნუცუბიძის ორი წიგნი: „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ და „ფილოსოფია და სიბრძნე“. ფილოსოფიურ აზროვნებაში დამოუკიდებელი გზების ძიებისას იგი არ აჰყოლია მარქსისტულ მეთოდოლოგიას, თავისი ნაშრომებით შალვა ნუცუბიძემ ქართული ფილოსოფიური აზროვნება მსოფლიო აზროვნების დონეზე აიყვანა.

1921 წელს საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. კომუნისტური ხელისუფლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი მეცნიერის დამოუკიდებელი აზროვნება და დიდი ავტორიტეტი. მისი გერმანული წიგნები აიკრძალა, თავადაც აუკრძალეს ლექციების კითხვა ფილოსოფიაში. 1938 წელს დააპატიმრეს ტაშისკარში, როგორც „გერმანიის ფაშიზმის აგენტი“ და მოსკოვში წაიყვანეს.

შალვა ნუცუბიძეს ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. დაპატიმრების ჟამს „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა. ციხეში ნება მისცეს, ემუშავა თარგმანზე. ნუცუბიძისა და სტალინის ინტერესი რუსთაველისადმი დაემთხვა ერთმანეთს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მეცნიერის მომავალ ბედზე. ყოველ შაბათს პოემის ნათარგმნი ნაწილი საპატიმროდან ქრებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, კითხულობდა სტალინი. სტალინისვე განკარგულებით, შალვა ნუცუბიძე გაათავისუფლეს ციხიდან მოსკოვიდან გასვლის უფლების გარეშე, ხოლო 1940 წლის 20 ოქტომბერს სტალინთან წაიყვანეს კრემლში, რათა პირდად გასაუბრებოდა თარგმანის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, სტალინს ძლიერ მოსწონებია თარგმანი, რომელიც თავიდან ბოლომდე წაუკითხავს.

1940-41 წლებში შალვა ნუცუბიძე მოსკოვში მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. გერმანელები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ამან შალვა ნუცუბიძეს საშუალება მისცა, დაბრუნებულიყო საქართველოში. მას დიდი სიყვარულით შეხვდა ქართული ინტელიგენცია და სტუდენტობა.

შალვა ნუცუბიძეს ეკუთვნის დღეს ფართოდ აღიარებული თეორია აღმოსავლური რენესანსის შესახებ, რომელიც მან ჩამოაყალიბა წიგნში „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ (1947წ.). ამ თეორიის მიხედვით, XII საუკუნის საქართველოში თავი იჩინა აღმორძინებამ, ანუ რენესანსმა. შალვა ნუცუბიძემ პირველმა ცხადყო, რომ რენესანსული იდეები დასავლეთ ევროპაში აღმოსავლეთიდან შეიჭრა. წიგნის გამოსვლიდან ცოტა ხანში შალვა ნუცუბიძე გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ თავის ნაშრომში ვერ შეძლო „იდეალური თვალსაზრისის დაძლევა და მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის საფუძველზე გადასვლა“.

შალვა ნუცუბიძემ წამოაყენა ასევე დებულება, რომ რენესანსის საფუძველია შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი წიგნები - ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებები. თავის გამოკვლევაში „ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“ (1942წ.) წამოაყენა თეორია, რომ ამ წიგნების ავტორი არის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მაიუმის ეპისკოპოსი - პეტრე იბერი. იმავე დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდა გამოჩენილი ბელგიელი ბიზანტისტი - ერნესტ ჰონიგმანი (1952წ.), რომელიც თავის ნაშრომში აღნიშნავს: „მე და ნუცუბიძე სხვადასხვა გზით მივედით ერთსა და იმავე დასკვნამდე“. ეს აღმოჩენა მეცნიერებაში შევიდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის სახელით. შალვა ნუცუბიძემდე ჰონიგმანის წიგნმა 1953 წელს მიაღწია და დიდი სიხარული მოჰგვარა.

1953 წელს, სრულიად მოულოდნელად, კომუნისტური ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეცნიერს, ამჯერად იგი ბერიას აგენტად გამოაცხადეს. ხელისუფლების მითითებით, მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ შალვა ნუცუბიძეს ჩამოართვა აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება, ასევე გაათავისუფლეს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან.

ამის შემდეგაც ყველანაირად ავიწროვებდნენ, ცდილობდნენ, არ შეეშვათ ფართო აუდიტორიებში, არ მიაღებინეს მონაწილეობა რუსთაველის იუბილეზე, არ შეახვედრეს სტუმრებს, 1968 წელს გამართულ თბილისის უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე უფლება არ მისცეს, წარმოეთქვა სიტყვა. მიუხედავად ამისა, შალვა ნუცუბიძე არასოდეს კარგავდა თავის ღირსებას. იყო მუდამ შემართული და ქედუხრელი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. იგი ძლიერ განიცდიდა ყოველივეს, რაც საქართველოს უკავშირდებოდა.

შალვა ნუცუბიძე გარდაიცვალა 1969 წლის 6 იანვარს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში.

გამოყენებული ლიტერატურა:
თამარ ნუცუბიძე,
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№69,70, 2004