ზაქარია ფალიაშვილი

(1871-1933)

ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს ქ. ქუთაისში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდგომში იგი მღეროდა ლადო აღნიაშვილის გუნდში და ორღანისტად მუშაობდა კათოლიკურ ეკლესიაში.

1891 წელს ზაქარია ფალიაშვილი შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მისი დასრულების შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიმღერის მასწავლებლად. ამავე დროს კრებდა, იწერდა და ამუშავებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქმნიდა რომანსებს. ამავე პერიოდში გამოსცა 40 ქართული ხალხური სიმღერის კრებული.

1909 წელს ზაქარია ფალიაშვილმა მუშაობა დაიწყო ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“. კომპოზიტორის ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მუშაობისას ზაქარია იშვიათად მიდიოდა ფორტეპიანოსთან. იგი უმთავრესად მაგიდასთან წერდა და პირდაპირ ნოტებზე გადაჰქონდა მელოდიები. როდესაც რომელიმე ნაწილს დაამთავრებდა, მხოლოდ მაშინ მიუჯდებოდა ინსტრუმენტს და დაწერილს ამოწმებდა.

„აბესალომ და ეთერის“ წერა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფალიაშვილების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ზაქარიას ტრაგიკულად დაეღუპა ერთადერთი შვილი, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. ზაქარია მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა, აღარ წერდა და ფორტეპიანოს დანახვაც კი აღარ უნდოდა. ასე გადიოდა დრო. ერთ დღეს ზაქარია მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, იგი მაგიდას მიუჯდა და ოპერის წერა დაასრულა. ეს ოპერა მან თავისი შვილის ხსოვნას მიუძღვნა. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა თბილისის საოპერო თეატრში  შედგა 1919 წლის 21 თებერვალს.

1921 წლიდან ზაქარია ფალიაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. ამავე წელს გამოსცა მან საბავშვო სიმღრების კრებული.

1921-1923 წლებში დაიწერა ოპერა „დაისი“, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა. ოპერის პრემიერა შედგა 1923 წლის 19 დეკემბერს.

1925 წლის 12 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო მოღვაწეობის 30-ე წლისთავზე მას სახალხო არტისტის პრემია მიენიჭა.

ზაქარია ფალიაშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა დაასრულა გმირულ-პატრიოტული ოპერით „ლატავრა“, რომელიც სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების პიესაზე შეიქმნა. ოპერა სანდრო ახმეტელმა დადგა 1928 წელს.

1931 წლიდან ზაქარია ფალიაშვილი ავადმყოფობდა, იგი ლენინგრადშიც გაემგზავრა სამკურნალოდ, მაგრამ უშედეგოდ. 1933 წლის 6 ოქტომბერს დიდი ქართველი კომპოზიტორი გარდაიცვალა. იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საუბრები ხელოვნებაზე“
გამომცემლობა მერიდიანი
თბილისი, 2003