დიმიტრი უზნაძე

1886-1950

აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის - განწყობის თეორიის შემქმნელია.

დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ, 1909 წელს ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

ლაიფციგის უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე სფიქოლოგიას ეუფლებოდა მეცნიერული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის - ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლეიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.

1909 წელს დიმიტრი უზნაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1909-1916 წლებში უაღრესად ნაყოფიერი პედაგოგიურ-საზოგადოებრივი და მეცნიერული მოღვაწეობა გააჩაღა ქუთაისში. ისტორიას ასწავლიდა ქალაქის ვაჟთა გიმნაზიაში, ფსიქოლოგიასა და ლოგიკას ეპარქიულ სასწავლებელში. 1915 წელს პირველად საქართველოში მისი ინიციატივით დაარსდა ქალთა ქართული სკოლა „სინათლე“, რომლის დირექტორადაც თვითონ დაინიშნა. ამ პერიოდში მრავალი წერილი გამოაქვეყნა ესთეტიკის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკითხებზე.

1917 წელს დიმიტრი უზნაძე თბილისში გადმოვიდა და მხარში ამოუდგა ივანე ჯავახიშვილს ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1918 წელს მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში შეიქმნა ფსიქოლოგიის კათედრა და ექსპერიმეტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია.

დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანი იყო. იგი იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აღქმის, წარმოდგენის, ყურადღების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების პრობლემები. ასევე წარმატებით იკვლევდა ბავშვის, პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებს.

1941 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და დიმიტრი უზნაძე მის ნამდვილ წევრად აირჩიეს. აკადემიის სისტემაში გაიხსნა ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დიმიტრი უზნაძე დაინიშნა. ამჟამად ინსტიტუტს დ. უზნაძის სახელი ჰქვია.

დიმიტრი უზნაძემ შექმნა არაერთი სახელმძღვანელო: „ექსპერიმენტული საფუძვლები“ (1925), „ზოგადი ფსიქოლოგია“ (1940), „ბავშვის ფსიქოლოგია“ (1947) და სხვ., რომლებზეც ქართველ ფსიქოლოგთა მრავალი თაობა აღიზარდა.

დიმიტრი უზნაძეს ეკუთვნის სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებული მრავალი გამოკვლევა: „სახელდების ფსიქოლოგიური საკითხები“ (1923), „მნიშვნელობის წვდომის პრობლემისათვის“ (1927), „ცნების შემუშავება სკოლისწინარე ასაკში“ (1929), „პროფესიების ფსიქოლოგიის აქტუალური ამოცანებისა და თეორიული საკითხების შესახებ“ (1933), „მოძრაობის სისწრაფის ილუზია“ (1940), „ადამიანის ქცევის ფორმები“ (1944) და მრავალი სხვა.

დიმიტრი უზნაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა განწყობის ფსიქოლოგიის შექმნამ. ამ თეორიის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი მეცნიერები. იმართება განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები და სიმპოზიუმები. 1966 წელს ფსიქოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა ჰ. ფრესმა განაცხადა, რომ განწყობის პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემად მიაჩნია და აღნიშნა ის დიდი წვლილი, რაც ამ პრობლემის დამუშავებაში ქარველმა ფსიქოლოგებმა შეიტანეს.

დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წლის 9 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

გამოყენებული ლიტერატურა:
თამაზ გოგიჩაიშვილი, თსუ-ს დოცენტი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№45, 2001