გორი

გორის დაარსება


გორის ციხე

საქართველოში საქალაქო ცხოვრება, როგორც ცნობილია, ადრე განვითარდა. ერთ–ერთი ძველ ქალაქთაგანია გორი. მართალია, უძველეს ქართულ ისტორიულ წყაროებში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და „მატიანეჲ ქართლისაჲ“ გორი მოხსენიებული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა აღნიშნული მატიანეები იწერებოდა, გორი არ არსებობდა.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, მე–18 საუკუნის დიდი მეცნიერი, ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ მართალია, უცნობია, ვინ აღაშენა პირველად ქალაქი გორი, მაგრამ, სავარაუდოდ, იგი უნდა აეგო ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს სპარსეთში ლაშქრობისას, რომელსაც გორის ციხე სამხედრო საჭურველის საწყობად სჭირდებოდა.

მკვლევართა ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ სტრაბონის მიერ მოხსენიებული გორიზენა, გორსენა, იგივე გორია.

მართალია, გორის შესახებ ადრინდელი წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ, არქეოლოგიური მონაცემები სრულ საფუძველს გვაძლევს, გორი ანტიკური ხანის ქალაქად მივიჩნიოთ, ანტიკური საქართველოს მეორე აკროპოლისად*, რომლის შესახებ გარკვეული ცნობა არც ერთს ისტორიულ წყაროს არ შემოუნახავს.

საქმე იმაშია, რომ გორი შიდა ქართლის გული იყო, შიდა ქართლი კი – მთელი ქართლის გული. ქალაქი გორი თავისებურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ ინასკვებოდა დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მომავალი გზები. გორის ასეთი მდებარეობით განისაზღვრებოდა თვით ქალაქის მნიშვნელობაც.

გორს, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო–თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ვის ხელშიც იყო გორი, მას ეკუთვნოდა შიდა ქართლი. როდესაც ქართველები თბილისს ჰკარგავდნენ, როგორც წესი, გორში გადაჰქონდათ მმართველობის ცენტრი და აქ აწყობდნენ და ახორციელებდნენ მტრის განდევნის გეგმას. გორს ქართველები ყოველთვის ქართლის დამოუკიდებლობის ბედს უკავშირებდნენ და მედგრად იბრძოდნენ მის დასაცავად.

გორი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ციხე–ქალაქი, გაშენებული იქ, სადაც დღეს ციხეა.

მეთერთმეტე საუკუნის ბოლო წლებიდან მტერთა შემოსევებმა ერთგვარად იკლო, საქართველომ ძალები მოიკრიბა, მეურნეობა გამოცოცხლდა, ცხოვრება მწყობრად მიმდინარეობდა, ვაჭრობა გაფართოვდა, სამიმოსვლო გზები შეკეთდა, საქალაქო ცხოვრება გაიშალა. ამ საერთო აღმავლობის დროს გორმაც თავისი ძველი მნიშვნელობა კვლავ აღიდგინა, თანდათან მოშენდა და სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. სწორედ ამ მიზეზის გამო, გორის აშენებას თუ დაარსებას დავით აღმაშენებელს (1089–1125) მიაწერენ. ამრიგად, დავით აღმაშენებელს ხელახლა უნდა გაეშენებინა მტრის მრავალი შემოსევის შედეგად განადგურებული გორი, რომელიც მუდამ იყო საქართველოს ძირითადი თემის, შიდა ქართლის ცენტრი.

როგორც აღნიშნული იყო, ქალაქი მდებარეობდა თანამედროვე ციხის უბანში, მთის კალთაზე, როგორც კავკასიის ქალაქთა უმრავლესობა, და გარშემო შემოვლებული ჰქონდა ქვიტკირის კედელი. შუა ქალაქში დუქნები და ბაზარი იყო. შარდენის აღწერით, ქალაქს სწორი ქუჩები ჰქონია, სახლები მკვიდრად ნაშენი და ლამაზი, მოდნები სწორი, ეკლესიები დიდი და დასურათხატებულები.

გორი ქართლის არამარტო სავაჭრო ცენტრი იყო, არამედ პოლიტიკურ–თავდაცვითი ცენტრიც. საქართველოს მესვეურებმა ადრევე გაითვალისწინეს გორის მნიშვნელობა და აქ ააშენეს დიდი თავდაცვითი ცენტრი – თავისებური აკროპოლისი ციხე–ქალაქი.

გორის განუყრელ ნაწილს და სახიზარს წარმოადგენდა გორის ციხე. გორის ციხის პირვანდელი ისტორიის შესახებ ჩვენ მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემები გაგვაჩნია. მეცამეტე საუკუნიდან კი ამ ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ისტორიული მატიანეები და მოგზაურთა ჩანაწერები.

ჟამთა აღმწერლის გადმოცემით, როცა ოსებმა მე–13 ს. დამლევს ქართლი დაიჭირეს, მათ ხელთ იგდეს ქალაქი გორიც და ციხეში შეიხიზნენ. ცნობილია, რომ გიორგი ბრწყინვალემ ოსები განდევნა გორიდან და ქალაქი გაათავისუფლა; ამ ბრძოლების დროს ქალაქი გადაიწვა, ხოლო ციხე დაინგრა. შემდეგაც, თემურ ლენგის შემოსევების დროს, ჩანს, ქალაქი იმდენად დაზიანებულა, რომ ქართველებს მისი აშენება და ქვიტკირის კედლებით გამაგრება გასჭირვებიათ და ხის ციხე აუგიათ.

დაუთ–ხანმა ოსმალებს (1578–79) ქართლის სხვა ციხე–სიმაგრეებთან ერთად, გორის ციხეც უბრძოლველად გადასცა. ოსმალებმა გორი საგანგებოდ გაამაგრეს. 1599 წელს სვიმონ მეფემ გორში დაბანაკებული ოსმალები ამოწყვიტა, ციხე გაათავისუფლა და მტერს რომ კვლავ არ ჩავარდნოდა ხელში, დაანგრია. 1633–34 წლებში როსტომ–ხანმა კვლავ ააშენებინა ციხე და ყიზილბაშთა გარნიზონები ჩააყენა. შემდგომში გორმა არაერთი ჟამთა სიავე გადაიტანა და შემოსევების შედეგად ქალაქიცა და ციხეც დაინგრა.

1774 წელს ერეკლემ აუცილებლობად მიიჩნია ციხის აღდგენა. ციხე აშენდა. მართალია, ყოველი რესტავრაცია თავის დაღს ასვამდა ციხის გარეგნობასა და შინაგან აღნაგობას, მაგრამ, ვფიქრობთ, ძირითადად, მაინც არ კარგავდა პირვანდელ სახეს.

ა.თუმანიშვილი გორის ციხეს ასე აღგვიწერს: „ამ ველის (ქართლის ველის) შუა, მაღალ ბორცვზე აშენებულია ციხე უშველებელი ლოდებისგან, იგი განფენილია აღმოსავლეთდან დასავლეთისაკენ; მისი კედლები სქელი და მაღალია, გამაგრებულია მრავალრიცხოვან კოშკებით (ბურჯებით), აქვს 50 ფუტი სიმაღლე და 8 ფუტი სიგანე; შიგ შესვლა სხვანაირად არ შეიძლება, თუ არა ერთი ვიწრო და მიხვეულ–მოხვეული კიბით. კიბე იწყება კედლის გარედან, მიემართება მაღლა და თავდება ციხის შესავალთან, სადაც კიბისა და შესავალის დასაცავად აშენებულია კოშკები (ბურჯები)... ციხის აღმოსავლეთ ნაწილში აშენებულია ქვიტკირის წმინდა გიორგის საყდარი და სანოვაგისა და სამხედრო საჭურველის შესანახი საწყობები და სხვ. მათ ირგვლივაც აშენებულია კოშკები (ბურჯები), ხოლო დანარჩენი ადგილი უკავია მცხოვრებთა სახლებს, საჭირო შემთხვევაში ამ კოშკებში გადაჰქონდათ სახლის ავეჯი და სხვა ქონება. ციხის დასავლეთ ნაწილში მოთავსებულია 14 დიდი კვადრატული პატნეზი. თითოეულ მათგანში შეიძლება მოთავსდეს 100 კაცი – თავისი საომარი მოწყობილობით, და მათ საშუალება ექნებათ დაუბრკოლებლივ იმოქმედონ. უკანასკნელი პატნეზი გამოყენებულია წყლის შესანახად... ამ ციხეში ითვლება 35 მთავარი კოშკი და მცხოვრებთა 410 სახლი. ციხეში თამამად შეიძლება 50 000 მეომრის მოთავსება“.

ბრძოლა გორისათვის

მე–13 საუკუნის 90–იანი წლებიდან საქართველოს შინაპოლიტიკური მდგომარეობა გართულდა; ცენტრალური ხელისუფლება ფაქტობრივად მოიშალა, დავით მეფე ქართლის მთიანეთში შეიხიზნა, მთა თუ ბარი მტრის სათარეშოდ იქცა. ამ მდგომარეობით ისარგებლეს კავკასიის მთის პირიქითა კალთებზე მობინადრე ოსებმა, თანდათან პირაქეთ გადმოსვლა დაიწყეს და გადმოსასვლელები დაიკავეს; მალე ისინი ბარსაც მიეძალნენ და გორსაც შეუტიეს. ამიერიდან ქართველებს საფრთხე ორმხრივად დაატყდათ.

ბრძოლამ მკაცრი ხასიათი მიიღო. გორი ამ დროს ქართლის ერისთავის სურამელის სახელოს შეადგენდა. სურამელმა საფრთხე სწორად შეაფასა, ჯარი შეყარა და გორში მყოფ ოსებს ომი გაუმართა. ბრძოლა ქალაქ გორში მოხდა, ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. ოსები გორის ციხეში შეიხიზნენ და გამაგრდნენ. ქართველებმა ციხეში მყოფი ოსები შეავიწროვეს. მეციხოვნე ოსებს გაუჭირდათ. ციხიდან თოკით ჩამოუშვეს კაცი და მონღოლებთან გაგზავნეს. მონღოლები ოსების მხარეზე აღმოჩნდნენ, საქმეში ჩაერივნენ. ქართველები და ოსები დაზავდნენ. არ ჩანს, ამჯერად, გორი ვის დარჩა, ვიცით მხოლოდ, რომ გიორგი ბრწყინვალემ, გამეფდა თუ არა, ოსთაგან ქართლის გათავისუფლება ერთ–ერთ პირველ ამოცანად დაისახა. მან განდევნა ქართლიდან ოსები და გორიც გაათავისუფლა.

გორის შესახებ ცნობები თუმცა ფარგმენტულია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ გორმა განიცადა ყველა ის საშინელება, რაც თემურ–ლენგის შემოსევებს მოჰყვა.

მე–16 საუკუნიდან საქართველოს დაუმეზობლდა ორი დიდი აგრესორი, შაჰის ირანი და ხონთქარის თურქეთი. ამიერიდან ქართველებს თავდაცვა ამ ორ მტაცებელთაგან უხდებოდათ.

1555 წელს ირან–ოსმალეთი შეთანხმდა და საქართველო ორად გაინაწილეს.

ქართლის მეფემ ლუარსაბ პირველმა (1534–1558) ეს შეთანხმება სრულიადაც არ მიიჩნია თავისთვის სავალდებულოდ და თავდაცვითი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. შაჰ თამაზი ქართლს ოთხჯერ შემოესია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები პარტიზანული თავდასხმებით მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ, მომხდურთა სიჭარბეს მაინც თავისი გაჰქონდა.

შაჰ–თამაზმა გორი აიღო, შიგ გამაგრდა და გორის მახლობლად არსებულ ციხე–სიმაგრეებზე გაილაშქრა. მან 30 000 ქართველი დაატყვევა, მათ შორის, ლუარსაბის დედა, და სპარსეთში დაბრუნდა.

შიდა ქართლი გაიწმინდა დამპყრობთაგან. ქალაქი გორი გათავისუფლდა, ამჯერად ქართლის პოლიტიკურ ცენტრად გორი იქცა, რადგან თბილისი 1541 წლიდან სპარსელებს ეპყრათ.

1578 წელს ოსმალეთმა 1555 წლის ზავი დაარღვია და ირანს ომი გამოუცხადა. ოსმალეთის ჯარების სარდალმა მუსტაფა ლალა–ფაშამ ჩილდარის ტბასთან სპარსელები სასტიკად დაამარცხა და ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად გამოემართა. იგი ქართლში შემოვიდა. დაუთ–ხანი უძლური აღმოჩნდა ოსმალებთან ბრძოლაში. მან ქართლის ციხე–სიმაგრეები უბრძოლველად გადასცა მტერს და თვითონაც ოსმალებს ეახლა. იგი ფაშამ ხონთქართან გაგზავნა.

ირანის შაჰისათვის ყველაფერი ნათელი იყო. ახლა მოაგონდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ საიმედო მებრძოლი სიმონი იყო, რომელიც 1569 წლიდან ირანში მყოფებოდა ტყვედ.

შაჰმა გაათავისუფლა სიმონი და ქართლში გამოისტუმრა.

1598 წელს სიმონმა ოსმალებს შეუტია. ძირითადი შეტევა სიმონმა გორიდან დაიწყო, მთელი წინა ბრძოლები მან მხოლოდ მტრის ძალების მოსასინჯად ჩაატარა. ოსმალებს გორის ციხე საგანგებოდ გაემაგრებინათ. ისედაც მაგარ კედლებზე ღობურები გაეკეთებინათ და თოფ–ზარბაზნები დაედგათ. პირდაპირი იერიშით ციხის აღება არ შეიძლებოდა, სიმონმა ხანგრძლივი ალყის ტაქტიკა აირჩია. გორის ციხისთვის სიმონს ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა ალყა შემორტყმული. 1599 წლის გაზაფხულს, დიდმარხვის დროს, უცბად ალყა მოხსნა და გაეცალა ციხეს. ოსმალები განცხრომას მიეცნენ. მათ სჯეროდათ, რომ ქართველები დიდმარხვაში არ ომობენ.

სიმონმა მოხერხებულად გამოიყენა მტრის გულიბრყვილობა, სულხან თურმანიძესა და ფარსადან ციციშვილს დაავალა კიბეების დამზადება. მოქმედების დრო დაინიშნა. დანიშნულ დროს ქართველები უნდა შეკრებილიყვნენ ლიახვისა და მტკვრის შესართავთან; მართლაც, შუაღამისას, ქართველთა ლაშქარი დანიშნულ ადგილას მივიდა. ხმალშემართული ქართველი მეომრები ფეხაკრეფით ავიდნენ კიბეებზე. ქართველთა დიდი ნაწილი უკვე გალავანში იყო გასული, ოსმალებმა რომ შეიტყვეს თავს დატეხილი უბედურების შესახებ. გორის ციხის აღებას ვახტანგ და გოჩა ბაგრატიონები ხელმძღვანელობდნენ. მტერმა გათენებამდე უწესრიგოდ იქნია ხმალი და ბოლოს იარაღი დაყარა. ქართველებს დიდი ალაფი დარჩათ. ეს იყო 1599 წლის გაზაფხულზე.

მე–17 საუკუნის 20–იანი წლები ქართველი ხალხის ცხოვრებაში მძიმე ხანად არის მიჩნეული. ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა შაჰ–აბაზის ხშირ ლაშქრობებს. 1614 წელს შაჰ–აბაზმა კახეთი მოაოხრა და ქართლში გადმოვიდა. გაითვალისწინა რა გორის სტრატეგიული მნიშვნელობა, იგი გორში დაბანაკდა და აქედან დაიწყო საქართველოს საქმეების „მოგვარება“.

მე–17 საუკუნის 30–იანი წლებიდან გარეშე მტრის შემოსევებმა იკლო, ქვეყანა თანდათან მოღონიერდა, ვაჭრობა–ხელოსნობა გამოცოცხლდა. როსტომ–ხანმა (1632–1658) გორს ყურადღება მიაქცია. მან დანგრეული გორის ციხის აღდგენა განიზრახა, რაც ორმოც დღეში აღასრულა კიდეც. გარდა გორის ციხისა, როსტომმა შეაკეთა სურამის ციხეც და ორივე ციხეში ყიზილბაშთა გარნიზონები ჩააყენა.

1723 წელს ქართლის სამეფო ოსმალეთმა დაიპყრო. ამიერიდან გორი ოსმალთა ფაშის ადგილსამყოფელი გახდა. 1735 წლიდან ოსმალთა გარნიზონები კვლავ ყიზილბაშებმა შეცვალეს. ქართველი ხალხისათვის სპარსელებიც ისეთვე მტრები იყვნენ, როგორებიც ოსმალები, ამიტომ ორივეს ერთნაირად მედგრად ებრძოდნენ. მთელი ათი წლის განმავლობაში ქართლ–კახეთს უწევდა თავის დაცვა ნადირ–შაჰის მზაკვრობისგან. ქსნის ერისთავმა შანშემ ქართლის თითქმის მთელი მთიანი ადგილები დაიჭირა, გაამაგრა იქ არსებული ციხე–სიმაგრეები და მოულოდნელად დაეცა გორს, გაიტაცა 70 000 მანეთი შაჰის სალაროდან, სპარსელ ჯარისკაცთა ნაწილი ტყვედ იგდო, ხოლო დიდი ნაწილი ამოჟლიტა.

1765 წელს გორს ლეკები დაესხნენ და ქალაქი გაძარცვეს.

მე–19 საუკუნის დამდეგიდან ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმდა. ის რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა.

ქალაქის მართვა-გამგეობა

ყველა ქალაქს თავისი მოხელეები ჰყავდა; ქალაქის მოხელეები იყვნენ: მოურავი, მელიქი, მამასახლისი და ნაცვალი. მოურავი დიდი ხელისუფალი იყო, მას ქალაქის მოვლა და ბეჯითად გარჯა ევალებოდა.

თითოეულ ქალაქის მოურავს თავისი სარგოს წიგნი ჰქონდა, სადაც ჩამოთვლილი იყო მისი უფლება-მოვალეობანი. მოურავის სარგოს წიგნის მიხედვით, მას ევალებოდა, სამ-ოთხ სარწმუნო მოქალაქესთან ერთად, ქალაქში სამართლის გარჩევა, ქალაქში უცხო ქვეყნიდან მოსული პირველად მოურავს უნდა ხლებოდა და ძღვენი მიერთმია, მოურავი ვალდებული იყო, მთელის გარჯითა და თავდადებით ცდილიყო ქალაქისა და მოქალაქეების მოვლას და სხვ. მოკლედ რომ ვსთქვათ, მოურავის ხელში იყო ქალაქის მართვის თითქმის ყველა სფერო. გამომდინარე აქედან, მოურავისათვის დადგენილი იყო სარგო-ჯამაგირიც. მოურავს ქალაქის შემოსავლიდან მეათედი ერგებოდა, შემოსავალი ჰქონდა სამოქალაქო სამართლის წარმოებიდანაც.

გორის მოურაობა მემკვიდრეობით გადადიოდა მე-15 საუკუნიდან ზევდგინიძე-ამილახორებზე. მათ ეს თანამდებობა მე-19 საუკუნის დამდეგამდე შეინარჩუნეს. თუმცა ამილახორობის გვარს გორის მოურაობა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ყოველი ახალი მოურავი მეფეს უნდა დაემტკიცებინა.

მოურავის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ: მელიქი, მამასახლისი და ნაცვალი. ისინი მოურავს სამოქალაქო საქმეების მოწესრიგებაში ეხმარებოდნენ. ნაცვალს, უმთავრესად, საბაზრო საქმეები ებარა.

ისტორიული წყაროებიდან გარკვევით არ ჩანს, თუ კონკრეტულად რა მოვალეობები ჰქონდათ მელიქსა და მამასახლისს. სავარაუდოდ, მელიქი ასრულებდა საგანგებო დავალებებს, ძირითადად, სამხედრო ხასიათისა და საინტენდანტო* სამსახურის მსგავსი მოვალეობაც ეკისრა.

რაც შეეხება მამასახლისის მოვალეობას. როგორც ჩანს, ის მოქალაქეთა წარმომადგენელი იყო, რომელსაც ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა ევალებოდა. სამამასახლისო კანდიდატს, ხალხი, ქალაქის მცხოვრებნი, აყენებდნენ. მეფეს უფლება ჰქონდა დაემტკიცებინა ან არ დაემტკიცებინა მამასახლისის კანდიდატურა.

გორის მოხელეთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე მინბაში, ანუ ციხისთავი. ვინაიდან გორის ციხეს მთელი შიდა ქართლის დაცვის მნიშვნელობა ჰქონდა, მიზანშეწონილი იყო, ციხე მუდმივ მზადყოფნის მდგომარეობაში ყოფილიყო. ამიტომ ციხეს თავისი მუდმივი მოხელე და დამცველი ჰყავდა. ამ საქმეს ასრულებდა ციხისთავი, ანუ მინბაში, როგორც მე-17-18 საუკუნეებიდან უწოდებდნენ.

გორის ციხის მინბაშად მეფე ამა თუ იმ ქართველ თავადს ნიშნავდა. მას დიდი უფლებები ჰქონდა და სახელითა და პატივით სარგებლობდა. მინბაშის ყმა-მამული სამეფო სამსახურიდან თავისუფლდებოდა, მას მხოლოდ ციხის დაცვა ევალებოდა.

ციხის დაცვის ორგანიზება, მცველთა განწესება და სხვა მინბაშის მოვალეობებში შედიოდა. ციხის დაცვის გარკვეული დებულება არსებობდა. დებულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების თვალყურის დევნება მინბაშს ევალებოდა. ციხეში შესვლის წესიც განსაზღვრული იყო. დაგვიანების შემთხვევაში, მინბაშის დაუკითხავად, არავის შეეძლო შესვლა. გადმოცემით, ერთხელ ერეკლეს დაუგვიანდა, ციხის მცველებმა დიდხანს აცდევინეს მეფეს, სანამ მინბაში არ მოვიდა.

მინბაში ციხისთვის საჭირო საგნებს ამილახორის დახმარებით შოულობდა. ვინაიდან ციხე ქალაქის დაცვასაც ემსახურებოდა, მინბაშს ქალაქის შემოსავლიდან სათანადო სარგო ეძლეოდა.

ციხის მცველებს საზრდო მეფის ხაზინიდან ეძლეოდათ, შეშასა და სხვა ყოველდღიურ სახმარს გორელები და მეზობელი სოფლების მცხოვრებნი უზიდავდნენ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის მეფის ხელისუფლება დამყარდა, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები თანდათან გაუქმდა და მმართველობის რუსული წესები დამყარდა. ეს ცვლილებები შეეხო გორსაც. 1801 წლის 6 ივნისს ჩამოყალიბდა ე.წ. ორი „პროვინციული კანცელარია“ ერთის ცენტრი იყო გორში, მეორესი - თელავში. „პროვინციული კანცელარიის“ მოხელეთა შტატში შედიოდნენ: ვიცე-გუბერნატორი, სოვეტნიკი (მრჩეველი), 2 ასესორი (თანაშემწე), ხაზინადარი, მიწისმზომელი და შტაბს-ლეკარი. კანცელარია უშუალოდ გუბერნიის უფროსს ემორჩილებოდა. ყველა საქმეს, გარდა სამოქალაქო და სისხლის სამართლისა, განაგებდა კანცელარია.

ამავე წელს თელავში, გორში, სიღნაღში, ლორეში და დუშეთში დაწესდა კომენდანტის ინსტიტუტი, რომელსაც საერობო სასამართლოს უფლებები გადაეცა.

1801 წლის 12 სექტემბერს გადაწყდა გორის მაზრის დაარსება.

მაზრაში დაარსდა სამაზრო სასამართლო, რომლის უფროსად რუსი მოხელე დაინიშნა, ხოლო მსაჯულებად ორი ქართველი აზნაური ადგილობრივი მაზრიდან. მართლმსაჯულება წარიმართებოდა რუსული სამართლის საფუძველზე.

მაზრაშივე ჩამოყალიბდა საერობო პოლიციის სამმართველო. საერობო პოლიციის უფროსი იყო კაპიტან-ისპრავნიკი და ორი იასაული - აზნაურთაგანი.

გორში დაარსდა ხაზინადრის ინსტიტუტი, რომლის მეთაურად ქართველი აზნაური დაინიშნა.

ამავე განჩინებით გორში დაარსდა კომენდანტის პოსტი. კომენდანტად დაინიშნა რუსი მოხელე, ხოლო მოადგილედ - ქართველი თავადი.

გორი გაიყო ორ ნაწილად, ხოლო ყოველი ნაწილი სამ-სამ კვარტლად. ქალაქის გარეუბანი ცალკე კვარტალს შეადგენდა. გამოიყო უბნების ბოქაულები და დაურიგდათ სამოქმედო განმარტებები. პოლიცმაისტერად დაადგინეს გორის ყოფილი მამასახლისი. მოხელეებს ჯამაგირი ეძლეოდათ ქალაქის შემოსავლიდან.

გორში იყვნენ სააქციზო მოხელენი: ზედამხედველის თანაშემწე და მეთვალყურე, მეტყევე, მაზრის ექიმი, სამი ექთნით და სახელმწიფოებრივი ქონების სამმართველოს აგენტი.

გარდა სახელმწიფოებრივი დაწესებულებებისა, გორში არსებობდა საზოგადოებრივი დაწესებულებებიც. 1876 წელს გორში დაარსდა ქალაქის გამგეობა და საბჭო. ქალაქის საბჭოში წევრად ითვლებოდა 30 ხმოსანი. ქალაქის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი დანიშნულება იყო ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამისთვის მათ ქალაქის შემოსავლიდან თანხებიც ეძლეოდათ.

 

* აკროპოლისი - ა კ რ ო პ ო ლ ი [ბერძ. akropolis] - ძველი საბერძნეთის ქალაქების ცენტრალური გამაგრებული ნაწილი, მაღლობზე, გორაკზე გაშენებული.

* ინტენდანტი [ფრანგ.intendant]-ოფიცერი, რომელსაც აკისრია ჯარის ნაწილებისა და სამხედრო დაწესებულებათა მომარაგება სურსათით, ფურაჟით, ტანისამოსით და სხვ.

გამოყენებული ლიტერატურა:
დ. გვრიტიშვილი „გორის ისტორიიდან“, 1947