ნანა ხაზარაძე

ქართველთა წინაპრები ბიბლიაში

შესაქმისა და ნეშტთა წიგნის პირველი რედაქციის მიხედვით, ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი. მოსოხი და თობელი ერთი მათგანის - იაფეტის - შთამომავლები იყვნენ. შესაქმე გვამცნობს: „ძენი იაფეთისანი: ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან (იოან) და ელიოსან, და თობელ, და მოსოქ, და თირას“ (შესაქმე 10,2). მოსოხის და თობელის „ძმების“ სია დაახლოებით ასეთივეა ნეშტთა წიგნის პირველ რედაქციაში იმ განსხვავებით, რომ დამატებულია ლამექი... „ძენი იაფეთისანი: მათუსალა, გამერ, ლამექ, მაგოგ, მადაიმ, იოვან (ელისა), თობელ, მოსოქ თირას“ (ნეშტთა 1,5).

მოტანილი ცნობების შედარება გვიჩვენებს, რომ მოსოხითა და თობელით განსახიერებული ტომები მეზობლები იყვნენ. ამას ესაიას და ეზეკიელის წინასწარმეტყველებათა წიგნებიც ადასტურებენ.

ესაია: „და დაუტევო მათ თანა სასწაული და განვავლინენ მათგან ცხოვრებუნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ და ლუდდ, მოსოხდ, და თოველდ, და ელადად მიმართ და ჭალაკთა მიმართ შორიცთა, რომელთა არა ესმა სახელი ჩემი, არცა იხილეს დიდება ჩემი წარმართთა შორის“ (ესაია 66, 19).

ეზეკიელის წინასწარმეტყველებათა ტექსტებშიც მოსოხი და თობელი, როგორც წესი, ერთიმეორის გვერდით არიან მოხსენიებულნი. ერთგან წერია: „მუნ მიეცნეს მოსოქ და თობელ და ყოველი ძალი თითოეულისა მათისა, საფლავისა მისისა გარემოისათაგანისა“ (ეზეკიელი, 32, 26). ტვიროსის გოდებაში იგივე ეზეკიელი ამბობს: „იონია, თობელი და მოსოხი ვაჭრობდნენ შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისნი მისცეს სავაჭროდ შენდა“ (ეზეკიელი 36-1,2,3; 39, 1). გოგის საწინააღმდეგო სიტყვაში, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ლიდია-მიდიის (ძვ.წ. 590-585წწ.) ომის დროს დაიწერა, ეზეკიელი წერს: „და იქმნა სიტყუაი უფლისაი ჩემდამი მეტყუელი: ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა მაგოგთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს და წინასწარმეტყველებად მათ ზედა“. ამ წინასწარმეტყველების მთელ ტექსტში მოსოხი და თობელი ერთიმეორის გვერდით კიდევ რამდენიმე გზის იხსენიებიან (ეზეკიელი 38 - 1, 2, 3; 39, 1).

ბუნებრივია, იბადება კითხვა, სად ვეძიოთ ბიბლიის წიგნებში მოხსენიებული იაფეტისა და მის შთამომავალთა, მათ შორის, ქართველთა ეთნარქოსების - მოსოხისა და თობელის ადგილსაცხოვრისი?

ამ კითხვაზე ახ.წ. I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის თვალსაზრისი ასეთია: „ნოეს შვილებს ეყოლათ ვაჟები, რომელთა პატივისცემით სახელები დაარქვეს ტომებს, რომელთა მიწაც ამათ დაიკავეს. იაფთას (იაფეთს - ნ.ხ.) - ნოეს შვილს - ჰყავდა შვიდი ვაჟი; ისინი ცხოვრობდნენ ტავროსისა და ამანის მთებიდან დაწყებული და აღწევდნენ აზიაში მდ. ტანაისამდე, ხოლო ევროპაში ღადერამდე. აი, ეს მიწა მათ ეჭირათ. უწინ (ამ მიწაზე) არავის უცხოვრია და ტომებს მათ მიხედვით დაერქვათ სახელები“. იოსებ ფლავიუსის კვალდაკვალ ბიზანტიელი მოღვაწე იოანე ზონარაც (XI-XII სს.) დასძენს: „იაფეთს ჰყავდა შვიდი ძე, რომლებიც ტავროსისა და ამანის მთებიდან გამოვიდნენ და დასახლდნენ აზიაში ტანაისის მდინარემდე, ხოლო ევროპაში - ღადირთ ქვეყნამდე“.

იგივე იოსებ ფლავიუსი საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო მოსოხებისა და თობალების კუთვნილი ტერიტორიის დასაზუსტებლად.

იოსებ ფლავიუსი: „თობელმა დააფუძვნა თობალები, რომელთაც ახლა იბერები ეწოდებათ; მოსოხენები (იგივე მოსოხები - ნ.ხ.) დაფუძნებულნი არიან მოსხის მიერ: ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდა“.

იოსებ ფლავიუსის მოსაზრებას სხვა ავტორებიც იზიარებენ. მაგალითად, ბიზანტიელი ავტორი ევსტათი ანტიოქიელი (280-360 წწ.) წერს: „ობელი (იგივე თობელი - ნ.ხ.), რომლისგანაც არიან თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ: ოსოხი (იგივე მოსოხი - ნ.ხ.), რომლისგანაც არიან მესხენები, დღევანდელი კაპადოკიელები“. ლეონ გრამატიკოსი (XI ს.) დაახლოებით იგივეს იმეორებს. იგი აცხადებს: „იაფეთის ვაჟთაგან მომდინარეობენ: თობელისაგან - თობელები, რომელთაც ახლა იბერნი ეწოდებათ, მესხოისაგან (იგივე მოსოხი - ნ.ხ.) - მესხები, რომელთაც ახლა კაპადოკიელები ეწოდათ“. იოანე ზონარაც (XI-XII სს.) დასძენს: „თობელისაგან თობელნი დაერქვათ. ესენი იბერები არიან. მოსოხისაგან წარმოიშვა მესხინთა ტომი. ესენი აწ კაპადოკიელებად სახელდებიან“... და სხვ.

ამგვარად, იოსებ ფლავიუსი და მისი მიმდევრები მნიშვნელოვნად აზუსტებენ ჩვენთვის საინტერესო ბიბლიური  მოსოხებისა და თობალების განსახლების ტერიტორიას, როდესაც მოსოხებს კაპადოკიას და მესხენებს (მესხებს) უკავშირებენ, ხოლო თობელებს - იბერიას და იბერებს (ქართებს).

ბიბლიურ მოსოხებსა და თობელებს ძველაღმოსავლური (ასურული, ურარტული, იეროგლიფურ-ლავიური) და ბერძნულ-რომაული წერილობითი ძეგლებიც იცნობენ. ძველაღმოსავლურ წყაროებში ბიბლიური მოსოხების ქვეყანას „მუშქების (მუსქების, მუსქას, მუშქინის) ქვეყანა“ ეწოდება. ხოლო თობალების ქვეყანას „თაბალი“. ბერძენი და რომაელი ავტორები მოსოხებს მოსხებს - მესხებს ეძახიან, ხოლო თაბალელებს - ტიბარენებს, ტიბარებს.

ირკვევა, რომ ძვ.წ. X საუკუნეში მოსოხებს - მუშქებს (მესხებს) მდ. ყიზილ-ირმაკის შუა დინების სამხრეთით, ყიზი-დაღისა და ყარა-დაღის მთიანეთში, კილიკიის კარის დასავლეთით ძლიერი პოლიტიკური ერთეული შეუქმნიათ. ამ სამეფოს სათავეში მეფე მდგარა, მას ხართაფუ ერქვა. მოსოხების - მუშქების (მესხების) მეფემ შთამომავლობას იეროგლიფურ-ლავიური დამწერლობით შესრულებული წარწერები დაუტოვა. ამ წარწერებში ხართაფუ „დიდ მეფედ“, „გმირად“, „ღვთაება თარხუნთის საყვარელ კაცად“ იხსენიება.

ასურული და ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების მიხედვით, ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ცენტრალურ ანატოლიაში ძლიერ სამეფო დაარსდა. მოსოხები - მუშქები (მესხები) მის აღმოსავლეთ პერიფერიაზე აღმოჩნდნენ. ასურელები ამ სამეფოს „მუშქების ქვეყანას“ (ანუ „მოსოხების ქვეყანას“) ეძახდნენ, ძველი ბერძნები „ფრიგიას“. „მუშქების ქვეყნის“ (ანუ „მოსოხების ქვეყნის“) მეფეს ასურელები მითას სახელით იცნობენ, ძველი ბერძნები კი - მიდასის. მითა-მიდასი ასურეთთან ბრძოლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ყოფილა. მან შეძლო დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა ურარტუსთან, თაბალთან (თობელების ქვეყანასთან), ქუსთან (კილიკიაში) და სხვა მცირე სამეფოებთან. ბერძნული წერილობითი ტრადიციით, მიდასი ფრიგიაში კიმირიელების შემოსევის მსხვერპლი გამხდარა: როდესაც ფრიგიაში კიმერიელთა შემოჭრის დამანგრეველი შედეგების შესახებ შეუტყვია, მას თვითმკვლელობით დაუსრულებია თავისი მშფოთვარე სიცოცხლე.

ჰეკატე მილეთელისა და ჰეროდოტეს ცნობების მიხედვით, ძვ.წ. VI-V საუკუნეებში მოსოხები - მოსხები - მესხები ჩრდილო აღმოსავლეთ კაპადოკიაში, დღევანდელ ტოკატ-ყარაჰისარ-გიუმუშხანეს სანახებში ბინადრობდნენ. მოსოხები (მოხსები-მესხები) ტიბარენებთაბ (თობელებთან) ერთად საბერძნეთის წინააღმდეგ სპარსელთა მიერ მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობდნენ.

ძვ.წ. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში მოსოხებმა - მოსხებმა - მესხებმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთი, კლარჯეთი, ეგრი, შავშეთი, ერუშეთი, ტაო, კოლა, არტაანი, ბასიანი) ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს. სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.) მას „მოსხების ქვეყანას“ („მოსხიკეს“) უწოდებს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ის ავტორი, ჩვენი ვარაუდით, „მოსხების ქვეყანას“ - „არიან ქართლის“ სახელით იცნობს.

თაბალის ქვეყნის შესახებ (ბიბლიური თობელის ქვეყნის) სადღეისოდ ძალზე საყურადღებო მონაცემები გვაქვს. ასურული წერილობითი ძეგლების მონაცემების საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ იგი მუშქების ქვეყნის აღმოსავლეთით იყო განლაგებული დიდი კაპადოკიის ტერიტორიაზე, დღევანდელი მდ. სეი-ჰანის ზემო დინების დასავლეთით. აღმოსავლეთიდან მას დღევანდელი გურუნ-შაჰრი-პოზანდი საზღვრავდა, სამხრეთიდან - დღევანდელი პოზანდი - ზეივე-ბორი, ჩიფლიქი, ხოლო დასავლეთიდან - სულთან-ხან-კაისერი, სუვასა-ტოპადა.

ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურულ ტექსტებში სხვა ქვეყნების მმართველებთან ერთად არაერთგზის არიან მოხსენიებულნი თაბალის (ბიბლიური თობელების ქვეყნის) მეფეებიც. იეროგლიფურ-ლუვიურ წარწერებში, რომლებშიც თობელთა მეფეებს და მათ ქვეშევრდომებს ეკუთვნით, ამ ქვეყნის პირველ პირს - „მეფეს“, „დიდ მეფეს“, „გმირ მეფეს“ უწოდებენ. მეფე აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, სამეფო ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო. იგი მამიდან შვილზე (ვაჟზე) გადადიოდა.

თობელთა ქვეყანა მძლავრი ეკონომიკური და კულტურული კერა იყო. ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა იმთავითვე შეუწყო ხელი ამ მხარეში მიწათმოქმედების განვითარებას. მარცვლეული კულტურის მოყვანასთან ერთად აქ განვითარებული ჩანს მეურნეობის ისეთი დარგებიც, როგორიცაა მებაღეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა. თობელელთა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იეროგლიფურ-ლავიუს წარწერებში ხშირად იხსენიება „პური“, „ვაზის პური“, „ხილის პური“. ამგვარი რიტუალური პურების შეწირვა მევენახეობასთან და მებაღეობასთან იყო დაკავშირებული. თობელების ქვეყანაში მიწათმოქმედების არსებობაზე ბიბლიაც ლაპარაკობს. უკვე მოხსენიებული შესაქმეს წიგნის მიხედვით, თობელმა (უკეთ თობელ-კაინმა), რომელიც იყო „მშრომელი ქვეყნისა“, ღმერთს ძღვენი მიართვა „ნაყოფთაგან ქვეყანისათა“ (შესაქმე IV, 2, 3).

საგულისხმო მონაცემები არსებობს თობელელთა ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარების შესახებ. მსხვერპლშეწირვის სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებით იეროგლიფურ-ლავიურ წარწერებში იხსენიება „ხარები“ და „ცხვრები“. იმავე წერილობით ძეგლებში საუბარია „ცხენზე“, „ცხენის საჯინიბოებზე“, „ცხენოსან ჯარზე“, რაც თობელელთა ყოფაში ცხენის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ამ მხრივ საგულისხმოა ასურული წერილობითი წყაროების მონაცემებიც. ასურეთის ერთ-ერთი მეფე გვაუწყებს, რომ მან თაბალიდან (ანუ თობალელთა ქვეყნიდან) 2000 ცხენი წაიყვანა. მეორე მეფე თავმომწონედ აცხადებს, რომ მან თობალელებს ხარკის სახით ასურეთში „დიდი ცხენების“ მოყვანა დააკისრა. საინტერესოა იმავე ასურეთის მეფის სარგონ II მონათხრობიც: თაბალიდან ასურეთში 1000 საბრძოლო ეტლით დამშვენებული დავბრუნდიო.

თობალელთა ქვეყანაში წვრილფეხა საქონლის არსებობაზე შესაქმის IV წიგნიც მიუთითებს. აქ თობელის (თობელ-კაინის) ძმის, აბელის, საქმიანობა დახასიათებულია, როგორც „მწყემსი ცხოვართა“ (შესაქმე, IV). ხოლო ძღვენზე, რომელიც აბელს ღმერთისათვის მიურთმევია, ნათქვამია: „და აბელცა მოართვა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა“ (შესაქმე, IV, 4).

თობალელების ქვეყანაში მეთუნეობას მაღალი დონისათვის მიუღწევია. თობალელებს დიდი ოსტატობით უკეთებიათ როგორც მონუმენტური (მაგალითად, მონუმენტური კრატერები - პირფართო, ორყურა დიდი ზომის ჭურჭელი), ასევე მცირე ზომის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ჭურჭელიც (წითელპრიალა სამტუჩა თასები, ასეთივე დოქები, ფიალები და სხვ.).

მაღალი იყო ამ ქვეყანაში სამშენებლო საქმის დონეც, რასაც სხვა მიზეზებთან ერთად სამშენებლო მასალების (ბაზალტის ქვა, მარმარილო, ლითონები) სიმდიდრეც განაპირობებდა. ამ ბოლო წლებში თობელელთა ქვეყნის ტერიტორიის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ თობალური დასახლებები ქალაქური ტიპის დასახლებები იყო და ბორცვებზე მდებარეობდა. ქალაქს კედელი ზღუდავდა. მას რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა, ყოველ შესასვლელს ქვის ქანდაკებები ამშვენებდა. ბორცვის ყველაზე მაღალ ადგილას დიდი ზომის შენობებს (სასახლეებს, ტაძრებს) აგებდნენ. თობელელთა ქალაქებში ხელოვნების მრავალი ძეგლია აღმოჩენილი: ღვთაებათა და საერო პირთა მონუმენტური ქანდაკებები, სფინქსებისა და ლომების ქანდაკებები, არაერთი სამლოცველო და საკურთხეველი.

მთამადნეულით (სპილენძი, ვერცხლი, ოქრო, ტყვია, რკინა) სიმდიდრე და წინარე ხანის მეტალურგიული ტრადიციები საშუალებას აძლევდა თობელელებს მაღალ დონეზე აეყვანათ მელითონეობის საქმეც. შემთხვევით არ არის, რომ ასურეთის მეფე სალმანასარ III თობელელთა ქვეყანასთან ახლომდებარე მთებს ვერცხლისა და „ფარუთუ ქვის“ მთებს უწოდებს. იგივე მეფე იკვეხნის, რომ მან თობელელთა მეზობელი ქვეყანა ქუედან (კილიკიიდან) წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელთან ერთად ოქრო, ვერცხლი და რკინა მიიტაცა. ძალზე საგულისხმოა სხვა მეფის მონათხრობიც, რომ მან თობელელთა ქვეყანაში ხელთ იგდო 10 ტალანტი ოქრო და 1000 ტალანტი ვერცხლი (რაც 300 კგ ოქროსა და 30 ტონა ვერცხლს შეადგენს).

თობელელები რომ მელითონეობაში დაწინაურებულები იყვნენ, ამაზე ბიბლიაც მიუთითებს. შესაქმეს წიგნის IV თავის ავტორის მოწმობით, „თობელი ესე იყო კვერით ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა“ (შესაქმე, IV, 22), ხოლო ეზეკიელის მიხედვით, როგორც ეს ზემოთ დავინახეთ, თობელელები მოსოხებთან ერთად ტვიროსში რვალის ჭურჭლით ვაჭრობდნენ (ეზეკიელი 38, 13).

თობელელთა საზოგადოების დაწინაურებაზე უდავოდ მიუთითებს დამწერლობის (იეროგლიფურ-ლავიურის) ფართო გამოყენებაც.

ანტიკური ხანის ბერძენ-რომაელი ავტორები თობალელებს „ტიბარენების“, „ტიბარანების“, „ტაბერენების“ სახელით იცნობენ, რომელთაც ისტორიკოსები ქართველ ტომებად მიიჩნევენ.

ტიბარენები ჩრდილოეთ კაპადოკიაში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, დღევანდელ ორდუში (ძველი კოტიორა) და მის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე სახლობდნენ სხვა ქართველი ტომების, ხალიბებისა და მოსინიკების, მეზობლად. ტიბარენების კუთვნილი მიწა-წყლის ნაწილი ვაკეზე იყო განლაგებული. სამხრეთიდან მათ ქვეყანას პონტოს მთები ემიჯნებოდა. წერილობით წყაროებში იხსენიება „ტიბარენების მწვანე ტბები“.

ჩვენთვის საინტერესო ტიბარენები ძვ.წ. VI საუკუნეში აქემენიანთა სპარსეთის ქვეშევრდომი ტომები იყვნენ: მოსოხ-მოსხებთან, მაკრონებთან, მოსინიკებთან და მარებთან ერთად, ტიბარენებიც ერთ საგადასახადო ოლქში - XIX სატრაპიაში შედიოდნენ. ჩამოთვლილ ტომებსა და, მათ შორის, ტიბარენებსაც 300 ტალანტის გადახდა ჰქონდათ შეწერილი. ტიბარენები სხვებთან ერთად საბერძნეთის წინააღმდეგ სპარსეთის მეფის ქსერქსეს მიერ მოწყობილ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ისინი მოსოკ-მოსხებივით აღჭურვილნი ლაშქრობდნენ.

ზღვის სანაპიროზე ტიბარენებს მცირედ გამაგრებული დასახლებები ჰქონდათ. წერილობით წყაროებში იხსენიება მათი ქალაქი კოტიორა, რომელსაც ირგვლივ კედელი ერტყა. საცხოვრებელი სახლები კედელს შიგნით იყო განლაგებული. კოტიორელები შიდა ქალაქში ცხოვრობდნენ.

ტიბარენების მეურნეობაში მესაქონლეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ბერძენ-რომაელი ავტორების ცნობით, ისინი საქონლით, ცხვრით მდიდარი ტომები არიან.

გადმოცემით, ტიბარენები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიცილს, მხიარულებას და სხვადასხვა თამაშს. სიცილი და მხიარულება კეთილდღეობის მომნიჭებლად მიაჩნდათ. მოგვითხრობენ კიდევ ერთ ტიბარენულ ჩვეულებაზე: ისინი ომს მანამ არ დაიწყებდნენ, სანამ მოწინააღმდეგეს არ შეატყობინებდნენ ბრძოლის დაწყების ადგილს, დღესა და დროს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003