ანთიმოზ ივერიელი
(1719წ.)

ანთიმოზ ივერიელის ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.  თუმცა ცნობილია, რომ სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი ყოფილა. როგორც ჩანს მან ჩინებული განათლება მიიღო, რასაც ხელს უწყობდა საოცარი ნიჭიერება. ანთიმოზმა იცოდა მრავალი უცხო ენა: ბერძნული, რუმინული, ძველი სლავური, თურქული, არაბული. კარგად ერკვეოდა ბუნებისმეტყველებაში, თეოლოგიაში (ესაა მეცნიერება ღმერთის შესახებ, რადგან ბერძნულად „თეოს“ ღმერთს ნიშნავს, „ლოგოს“ კი - სიტყვას, ანუ სიტყვა ღმერთის შესახებ), ლიტერატურაში.

ანთიმოზი არაჩვეულებრივად ფლობდა ასევე ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით - მხატვრობას, მოჩუქურთმებას. ცნობილია, რომ შესანიშნავი კალიგრაფიც (წიგნების გადამწერი) იყო. ბრწყინვალედ ეხერხებოდა ხეზე ჭრა და გამოქანდაკება. ასევე იყო შესანიშნავი მწერალი და მჭევრმეტყველი.

ანთიმოზი თან ახლდა არჩილ მეფეს რუსეთში და დიდად ეხმარებოდა პირველი ქართული სტამბის გამართვის საქმეში. შემდგომში ეს ქართული გაიხსნა ვახტანგ მეექვსის დროს ანთიმოზის მოწაფის, მიხეილ იშტვანოვიჩის დახმარებით. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა ჩაიგდეს ტყვედ და მონად გაყიდეს. იგი ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოზმა. ანთიმოზი იერუსალიმის საპატრიარქოში ყოფნის პერიოდში ბევრს სწავლობდა და მუშაობდა.

მისი სახელი შორს განითქვა. და აი, ვლახეთის (რუმინეთი) მეფემ, კონსტანტინემ, ანთიმოზი თავის ქვეყანაში მიიწვია სამოღვაწეოდ. ვლახეთში ჩასვლისთანავე ანთიმოზი სასტამბო საქმეს ჩაუდგა სათავეში და მალე ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელ ქვეყანაში უმაღლეს დონეს მიაღწია.

ანთიმოზ ივერიელი ცოტა ხანში ეპისკოპოსად აკურთხეს. მან დააარსა მონასტრები. ააგო უამრავი ტაძარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რუმინეთის დედაქალაქის - ბუქარესტის ცენტრში აგებული ყოველთა წმინდათა ეკლესია, რომლის შესასვლელ კარზე და წინა კედელზეც ანთიმოზმა თავად ამოკვეთა ქართული ორნამენტები.

იმ დროს რუმინეთში თურქები მძლავრობდნენ. ანთიმოზი სათავეში ჩაუდგა რუმინელი ხალხის განმანთავისუფლებელ მოძრაობას, მის ირგვლივ შემოიკრიბნენ ქვეყნის გულშემატკივრები. მაგრამ თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მეფე და მის მაგივრად ტახტზე დასვეს მათთვის მისაღები ნიკოლო მავროკორდატი, რომელსაც არაფრად ეპირნავებოდა ანთიმოზ ივერილის საქმიანობა, ამიტომ ბრძოლა გამოუცხადა და ბოლოს იმასაც მიაღწია, რომ ანთიმოზი ვლახეთიდან გააძევა. სინას მთაზე გადასახლებულმა ანთიმოზმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია, რადგან გზაში გაბოროტებულმა თურქმა მხედრებმა იგი ასო-ასო აკუწეს.

მაგრამ რუმინელმა ხალხმა არ დაივიწყა მათთვის თავდადებული მოღვაწე, რომლის მიმართაც დიდი სიყვერული და მადლიერება აქვთ დღესაც. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ისიც, რომ 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.

მომზადებულია „ქართველ წმინდანთა ცხოვრების“ (გამომცემელი დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე) მასალის მიხედვით