დედა თამარი (მარჯანიშვილი)

თამარ მარჯანიშვილი მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა თავადის ოჯახში. მან კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მაგრამ მათ ოჯახში მართლია არისტოკრატული გარემო სუფევდა, მაგრამ ნაკლებად იყო სულიერი ატმოსფერო. თამარს მამა ჯერ კიდევ პატარაობაში გარდაეცვალა, დედა კი ოცი წლისას დაეღუპა.

თამარს ჰქონდა შესანიშნავი მუსიკალური ნიჭი და ხმა, ემზადებოდა პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად. მაგრამ მოულოდნელად მისი ცხოვება სრულიად შეიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ზაფხულში, იგი თავის დასა და ორ უმცროს ძმასთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა ქალაქ სიღნაღში. აქ ახლოს, სოფელ ბოდბეში მდებარეობდა იმჟამად ახალდაარსებული წმინდა ნინოს დედათა მონასტერი. ერთ დღეს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, სწვეოდნენ მონასტერს. მართლაც, ჩავიდნენ ბოდბეში და შევიდნენ ტაძარში. მიმდინარეობდა წირვა. მონასტრის წინამძღვარი დედა იუბენალია ლოცვებს კითხულობდა, რამოდენიმე მონაზონი გალობდა. ახალგაზრდები ერთხანს უსმენდნენ წირვას, შემდეგ უხმაუროდ გავიდნენ ტაძრიდან. დარჩა მხოლოდ თამარი, იგი მონუსხა იქ გამეფებულმა სულიერმა ვითარებამ და მაშინვე მტკიცედ გადაწყვიტა აღკვეცილიყო მონაზვნად და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა.

როცა წირვა დამთავრდა, თამარი მივიდა წინამძღვართან, აუწყა თავისი სურვილი და სთხოვა მიეღო მონასტერში. ამასობაში, ახალგაზრდებმა თამარის საძებნელად გამოგზავნეს მისი ბიძაშვილი, რომელიც იმ დროს შემოვიდა ეკლესიაში, როცა თამარი მონასტრის წინამძღვარს ესაუბრებოდა. ყმაწვილმა ყველაფერი მოისმინა, ტაძრიდან გავიდა და თამარის ახლობლებს მისი გადაწყეტილების შესახებ მოუთხრო. მათ თამარის სურვილი სასაცილოდ აიგდეს: „თამარს მონაზვნობა უნდა!“ - ხარხარებდნენ ისინი. სახლში დაბრუნებულებმა ეს ამბავი ნათესავებს უამბეს.

თამარმა მათ განუცხადა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მონაზვნად აღკვეცა. ვერანაირმა თხოვნამ, მუდარამ, ვერც დაცინვამ ვერ გაჭრა და თამარს ხელი ვერ ააღებინა ჩანაფიქრზე. მაშინ ახლობლებმა გადაწყვიტეს მისი გულისყური როგორმე მოეწყვიტათ მონასტერზე ფიქრისათვის და თბილისში ჩამოიყვანეს.

ბოლოს, როცა თამარი დარწმუნდა, რომ ნათესავებსა და ახლობლებს არ უნდოდათ მისი მონასტერში გაშვება და მონაზვნად აღკვეცა, იგი ჩუმად გაიპარა სახლიდან და მონასტერში მივიდა. ახლობლებმა მიაგნეს, მაგრამ თამარმა უარი განაცხადა დაბრუნებაზე. დედა იუბენალიამ დაიყოლია ახლობლები და მათაც დართეს ნება თამარს, ევლო არჩეული გზით.

მონასტერში იგი ცხოვრობდა წინამძღვრის დედა იუბენალიას უშუალო ხელმძღვანელობით. ცოტა ხნის შემდეგ თამარი მონაზვნად აღკვეცეს. რამოდენიმე ხანში წინამძღვარი იუბენალია მოსკოვში გადაიყვანეს, ხოლო ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დედა თამარი დანიშნეს. ძალიან უყვარდა დედა თამარს ბოდბის მონასტერი, მაგრამ იგი დიდხანს არ ყოფილა მისი წინამძღვარი.

1905 წელს დედა თამარის სურვილის წინააღმდეგ იგი მოსკოვში გადაიყვანეს და პორკოვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნეს. ამ საზოგადოების მონაზვნები მოწყალების დებად მუშაობდნენ. დედა თამარს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა პორკოვის საზოგადოება. სწორედ აქ გაუჩნდა მას სურვილი განმარტოებულიყო და ბინა დაედო საროვოს მონასტრის მახლობლად. მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ დედა თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მიეტოვებინა განმარტოება და ახალი სავანე დაეარსებინა. დედა თამარს ძლიერ უჭირდა, უარი ეთქვა განმარტოებაზე, მაგრამ ღვთისმშობლის კურთხევის აღსასრულებლად მოსკოვში დაბრუნდა. აქ მას მოულოდნელი ამბავი დახვდა: რკინიგზის სამმართველოს სურდა პორკოვის საზოგადოებისაგან ეყიდა ტყიანი სააგარაკო ადგილი. დედა თამარმა ეს ადგილი დაათვალიერა და დარწმუნდა, რომ ახალი მონასტრისათვის შესანიშნავი მიდამო იყო. მოლაპარაკებები დედა თამარის სასარგებლოდ გადაწყდა. მალე მან აქ ახალი დედათა სავანე - სერაფიმე-ზნამენსკოე - დააარსა, რომელმაც 12 წელი იარსება.

რევოლუციის უმძიმეს წლებში სავანეს დედა თამარის მეგობრები და მისი ღვაწლის თაყვანისმცემლები ეხმარებოდნენ. მაგრამ რევოლუციამ ყველაფერი დაანგრია.

1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს, მონაზვნები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა პერტუხოვოს დასახლებაში და იქ დაბინავდა ათ მონაზონთან ერთად. პერტუხოვოში ცხოვრება ისე ააწყვეს, როგორც მონასტერში. გარეგნულად მას მონასტრის შესახედაობა არ ჰქონდა, დედები თავს კერვით ირჩენდნენ.

სახლში, სადაც მონაზვნები შეეფარნენ, განსაკუთრებული წესრიგი და სისუფთავე სუფევდა. ყველაფერი თეთრად ქათქათებდა, რაც წინამძღვრის შინაგან სამყაროს ავლენდა. დედა თამარი ძალიან ღრმა რწმენის, მტკიცე ხასიათის, მოწესიგებული და სუფთა სულის ადამიანი იყო.

დედა თამართან მუდამ უამრავი ხალხი მოდიოდა რჩევა-დარიგებისა და თანაგრძნობის მისაღებად. მას ძალიან უყვარდა საღმრთო ლიტურღია, გამუდმებით ლოცულობდა, არაჩევეულებრივად გალობდა. დედა თამარი ცდილობდა, მოსულ ხალხთაგან არავინ გამორჩენოდა და ყველსათვის ეწილადებინა სავანეში ნაკურთხი შავი პურის ნაჭერი ან მისი მეგობრების მიერ ჩამოტანილი რაიმე სასუსნავი - ორცხობილები თუ კანფეტები, ზოგიერთს ფულსაც აძლევდა.

დედა თამარს ძლიერ უყვარდა ახლობლები, იგი განსაკუთრებით წუხდა თავისი ძმის, ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილისათვის. როდესაც კოტე მარჯანიშვილი გარდაიცვალა, დედა თამარი ამბობდა, რომ მას იმედი ჰქონდა, ღმერთი შეიწყალებდა მის ძმას, რადგან ეს უკანასკნელი მართალია ღრმად მორწმუნე არ იყო, მაგრამ არც ურწმუნო ყოფილა. ამიტომ დედა თამარი ბევრს ლოცულობდა მისთვის.

დედა თამარს ძალიან უყვარდა საქართველო, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა, ძალიან განიცდიდა სამშობლოდან განშორებას, მაგრამ დაბრუნებაც მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული.

1931 წელს დედა თამარი თავის რამოდენიმე მონაზონთან და მღვდელთან ერთად დააპატიმრეს და განაჩენის გამოტანამდე ციხეში ჩასვეს, სადაც ჭრელი ხალხი შეეყარათ: აქ ნახავდით პოლიტპატიმრებს, ბოროტმოქმედებს. ისინი უხამს სიმღერებს მღეროდნენ და ბილწსიტყვაობდნენ, მაგრამ როგორც კი დედა თამარი სთხოვდა, მაშინვე ჩუმდებოდნენ. მთელი საკანი დიდ პატივს სცემდა დედა თამარს. ამანათს რომ მიიღებდა დედა თამარი, ყველას თანაბრად უნაწილებდა.

განაჩენის გამოტანის შემდეგ დედა თამარი ციმბირში გადაასახლეს. მგზავრობა ძალიან მძიმე და დამქანცველი იყო. ბოლო მონაკვეთის გავლა კი ფეხით მოუწია. მას თან გაჰყვა თავისი მორჩილი. ისინი ერთი გლეხის სახლში დასახლდნენ. ამ გლეხის ოჯახმა დედა თამარი ძლიერ შეიყვარა.

ციმბირის მკაცრმა ჰავამ დედა თამარი დააავადა. მას ტუბერკულოზი დაემართა, ტკიოდა ფეხებიც.

სამი წლის შემდეგ დასრულდა გადასახლების ვადა და დედა თამარი მოსკოვში დაბრუნდა. იგი უკვე ძალიან ავად იყო და დიდხანს ვეღარ იცოცხლა. 1936 წელს დედა თამარი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვში ვედენის მთაზე.

ტექსტი მომზადებულია წიგნიდან
„მონაზონი სერაფიმა„მოგონებები დედა ფამარზე“,
თბილისი, 1995წ.