გრიგოლ ბაკურიანის-ძე

(XI საუკუნე)

გრიგოლ ბაკურიანის-ძე ერისთავთა გვარის ჩამომავალი იყო, იგი დაიბადა და აღიზარდა ტაოში. ჯერ კიდევ პატარაობაში გრიგოლს მამა გარდაეცვალა. ადრე დაობლებულმა სულ თვითონ გაიკვლია გზა ცხოვრებაში. დიდი ნიჭისა და უნარის მეოხებით ისეთი გავლენა მოიპოვა ბიზანტიის სამეფო კარზე, რომ თავის დროზე, სწორედ მისი დახმარებით ავიდა ტახტზე ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენოსი, რომელმაც ახალ დინასტიას დაუდო სათავე. იმპერატორმა მადლიერების ნიშნად გრიგოლს მთელი დასავლეთის დომესტიკოსობა, ანუ მხედართმთავრობა უბოძა. გრიგოლი ადრე აღმოსავლეთის დომესტიკოსი იყო, ამ თანამდებობას მან ნიჭიერებით, შეუპოვრობითა და მამაცობით მიაღწია.

კეთილსინდისიერი სამსახურისათვის მთავრობამ მრავალი მამული უბოძა სხვადასხვა მხარეში, რაც შესაბამისი სიგელ-გურჯებითა და ოქრო-ბეჭდებით დაუმტკიცეს. ბიზანტიის იმპერატორმა გრიგოლს მიანიჭა ასევე სევასტოსის წოდება, რაც სამოხელეო იერარქიაში მეორე საფეხურს წარმოადგენდა.

ქართველი მხედართმთავარი ბიზანტიის სამსახურში იდგა, როგორც მართლმადიდებელი და ქრისტიანობის თავდადებული დამცველი. მიუხედავად უცხო ქვეყანაში მოღვაწეობისა, გრიგოლს არასოდეს დავიწყებია საკუთარი სამშობლო. მისი ფიქრები გამუდმებით თავს დასტრიალებდა საქართველოს. მემატიანის გადმოცემით, იგი მუდამ იცავდა ჩვენი სამშობლოს ინტერესებს უცხოეთში, ეხმარეობდა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უხვი შეწირულობებით. გრიგოლის დიდი ხელშეწყობით საქართველოს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, რომლებიც ბიზანტიას ეპყრა, ესენი იყო ოლთისი, კარნუ-ქალაქი და კარი.

თრაკიის (დღევანდელი ბულგარეთის) მიწაზე გრიგოლ ბაკურიანის-ძემ დააარსა ქართული მონასტერი, რომელიც პეტრიწონის სახელითაა ცნობილი. გრიგოლმა მას იმპერატორის მიერ ნაბოძები მამულები, დაბა-სოფლები, ჯვარ-ხატები და განძეულობა შესწირა და იქ მოღვაწე ქართველ ბერებს სამონასტრო წესდება, ანუ ტიპიკონი შეუდგინა. მონასტერს გრიგოლმა ქართული არქიტექტურული სახე მისცა და ქართველ მხატვარს - იოანე ივეროპულოსს (ივერიელს) მოახატინა. წესდების მიხედვით, მონასტერში მხოლოდ ქართველ ბერებს უნდა ემოღვაწათ, სხვა თესლ-ტომს იქ მკვიდრობა ეკრძალებოდა.

მონასტრის უძვირფასესი რელიქვიაა ღვთისმშობლის ქართული ხატი, რომელიც დღემდე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დასვენებული და მისგან მრავალი სასწაული აღესრულება.

პეტრიწონის მონასტერში მრავალი წიგნი ითარგმნა და გადაიწერა. ერთხანს აქ მოღვაწეობდა დიდი ქართველი ფილოსოფოსი, იოანე პეტრიწი, იგივე იოანე ჭიმჭიმელი.

გრიგოლ ბაკურიანის-ძემ მთელი ცხოვრება ხმალამოწვდილმა გაატარა და ბრძოლის ველზე ჰპოვა აღსასრულიც.