გრიგოლ ფერაძე

(1942წ.)

გრიგოლ ფერაძე ბაკურციხეში დაიბადა, მღვდლის ოჯახში. რომ წამოიზარდა, გრიგოლი სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. როდესაც სემინარია დაასრულა, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში ჩააბარა ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მალე საქართველოს ეკლესიამ გერმანიაში გააგზავნა, სადაც ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. იგი გერმანიის სახელგანთქმულ ბონის უნივერსტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც კი მიიღო ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა.

ამასობაში საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილება დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსაკენ გზა შეეკრათ. მათ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც აღარ შეეძლოთ.

გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე იგი მიიწვიეს ბონში, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე, ერთი წლის შემდეგ კი ოქსფორდში შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ.

გრიგოლი გრძნობდა, რომ მას სხვაგვარი ცხოვრება უნდა დაეწყო, ამიტომ იგი ბერად აღიკვეცა, მიიღო მღვდელ-მონაზვნის ხარისხი და სათავეში ჩაუდგა ქართულ ემიგრანტულ მრევლს. ქართველმა ემიგრაციამ საფრანგეთში, პარიზში შეისყიდა მამული, რომელსაც ლევილი ეწოდება და იქ დამკვიდრდნენ. იქვე აშენდა ქართული ტაძარი წმინდა ნინოს სახელობისა, რომლის წინამძღვრობაც მამა გრიგოლს ჩააბარეს. იგი ბევრს იღწვოდა მრევლისათვის. მისი ხელმძღვანელობით შეიქნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა სამშობლოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის.

რამოდენიმე ხნის შემდეგ მამა გრიგოლ ფერაძე პოლონეთში, ვარშავაში მიიწვიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. იგი მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს ახმარდა სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მოძიებსა და შესწავლას და ამ მხრივ ღირებული შრომაც გასწია.

საქართველოში კი იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, მათ შეიტყვეს საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი  და ექსპერტი. მამა გრიგოლმა იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობიაო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდვნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს.

ომი მძვინვარებდა. ფაშისტები ხალხს სასტიკად ექცეოდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი ებრაელებს დევნიდნენ. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ასეთ ადამიანებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. იგი იქვე აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანთა დასში შერაცხა. გრიგოლ ფერაძეს ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი.