იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები

(X საუკუნე)


იოანე, ექვთიმე და გიორგი ქართველები
ხატი დასვენებულია ივერონის მთავარ ტაძარში

ღირსი მამა იოანე მთაწმინდელი მეათე საუკუნეში დაიბადა საქართველოში. ერში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი დავით კურაპალატის ერთგული და თავდადებული მხედართმთავარი იყო და მის პირველ, საუკეთესო მრჩევლად ითვლებოდა. ქრისტეს სიყვარულით იოანემ მიატოვა წუთისოფელი და ოთხთა ეკლესიის მონასტერში დამკვიდრდა, შემდეგ კი მცირე აზიაში, ულუმბოს მთისაკენ გაეშურა. აქ მოიყვანა კონსტანტინე იმპერატორთან მძევლად დატოვებული თავისი ძე ექვთიმეც. დიდხანს იქურმა ბერებმა არ იცოდნენ მისი წარმომავლობა, მაგრამ ერთხელაც შეიტყვეს და მამა იოანეს დიდი პატივით დაუწყეს მოპყრობა. მაშინ იგი განერიდა კაცთაგან დიდებას და ათონის მთაზე გადასახლდა.

თავდაპირველად მამა იოანე წმინდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა, სადაც გულთბილად მიიღეს. ცოტა ხანში ბერად აღიკვეცა და ათონზე მოვიდა სხვა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი, რომელსაც ბერობის სახელად ასევე იოანე უწოდეს. ამ ორი ღირსი მამის მოღვაწეობამ დიდად განითქვა სახელი და მათ კვალს ბევრი ქართველი შეუდგა. ათონზე ქართველებმა გამრავლება იწყეს, ამიტომაც აუცილებელი გახდა ქართველთათვის დამოუკიდებელი მონასტრის დაარსება. წმინდა ათანასეს რჩევით, ბერებმა დიდ ლავრასთან ახლოს იოანე მახარებლის სახელობის ტაძარი და სენაკები ააგეს.

იმ პერიოდში ბიზანტიაში დიდი აჯანყება მოხდა. უმწეო დედოფალმა დახმარება ქართველთა მეფეს, სახელგანთქმულ დავით კურაპალატს სთხოვა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დავითმა ქართველთა ლაშქარს თორნიკე ერისთავი, იგივე ბერი იოანე ჩაუყენა. ქართველებმა აჯანყებულები სასტიკად დაამარცხეს. მადლიერმა დედოფალმა თორნიკეს უამრავი სიმდიდრე უბოძა. თორნიკემ ეს სიმდიდრე ათონზე წაიღო და ბერებმა იგი ახალი მონასტრის მშენებლობას მოახმარეს. მალე ათონზე აიგო ქართველთა სავანე - ივერონის მონასტერი, რომლის წინამძღვარიც გახდა მამა იოანე. ღირსი მამა ივერთა მონასტერს თხუთმეტ წელზე მეტ ხანს განაგებდა. მამა იოანემ ივერონში შემოკრიბა ათონზე დამკვიდრებული ქართველი ბერები. იგი დაუღალავად შრომობდა, ლოცულობდა და იღწვოდა მონასტრისათვის.

ბოლოს მძიმედ დაავადდა. აღსასრულის წინ წინამძღვრის კვერთხი თავის ძეს - ექვთიმეს გადასცა.

ექვთიმემ განავრცო და დაამშვენა ივერთა მონასტერი. იგი სიყრმიდანვე მონასტერში იზრდებოდა და ძმებისათვის ბერული ცხოვრების მაგალითი იყო. პატარაობისას ექვთიმე მძაფრმა სენმა შეიპყრო და სიკვდილის პირას მიიყვანა, ისე რომ აღარც სიტყვის თქმა შეეძლო და აღარც ხმის ამოღება. ღირსმა იოანემ დაკარგა შვილის გადარჩენის იმედი, ჩავიდა ტაძარში და მხურვალედ ევედრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. შემდეგ მღვდელს სთხოვა, სასწრაფოდ ამოსულიყო სენაკში და მომაკვდავი ეზიარებინა. თვითინაც ჩქარი ნაბიჯით გასწია შვილისკენ.

კარი რომ გამოაღო, საოცარი კეთილსურნელება შეიგრძნო, ექვთიმე კი საწოლზე წამომჯდარიყო და სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. გაოცებული მამა შვილს დაეკითხა, ასე მალე როგორ გამოჯანმრთელდიო. მაშინ ექვთიმემ უამბო: სულ ცოტა ხნის წინ წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და ქართულად მკითხა, რა გტკივაო? მე კი მივუგე, რომ ვკვდებოდი. მაშინ მან მიპასუხა: ნუ გეშინია, არანაირი ვნება არ მოგადგება, ჯანმრთელი იქნები და ქართულადაც უნაკლოდ ილაპარაკებო. და აი, როგორც ხედავ, სრულიად აღარფერი მტკივა. - დაასრულა ყრმამ.

იოანე დიდად წუხდა, რომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე დიდხანს მყოფ ექვთიმეს ქართულად ლაპარაკი უჭირდა, ახლა კი მისი ძის ბაგეთაგან ისე მოედინებოდა საუცხოო ქართული, როგორც წყაროდან წყალი. მაშინ მამამ აკურთხა შვილი, რომ ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა სულისათვის სასარგებლო წიგნები, რომელთა ნაკლულებასაც დიდად განიცდიდა საქართველოს ეკლესია და ექვთიმეც დიდის მონდომებითა და გულისყურით შეუდგა ამ საშვილიშვილო საქმეს. ღვთისმსახურების შემდეგ, როცა ბერები სენაკებში ბრუნდებოდნენ და მთელი მონასტერი ძილში ეფლობოდა, იმ კოშკის ფანჯარა, სადაც ექვთიმე ცხოვრობდა მუდამ ანათებდა: მაგიდაზე თავდახრილი წინამძღვარი ქართულად თარგმნიდა წმიდა წერილს და წმიდა მამათა თხზულებებს. როდესაც დავით კურაპალატმა მამა ექვთიმეს თარგმნილი წიგნები იხილა, სიხარულით აღივსო და ღმერთს მადლობა შესწირა, ასეთი მოღვაწის მოვლინებისათვის.

ღირსი ექვთიმე თოთხმეტი წლის განმავლობაში მართავდა ივერთა სავანეს. ამის შემდეგ მან დაუტევა წინამძღვრობა, სენაკში განმარტოვდა და მთლიანად წიგნების თარგმნაში ატარებდა დროს.

მამა ექვთიმეს წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგ ივერთა მონასტერს სათავეში ჩაუდგა გიორგი მთაწმინდელი, იგივე გიორგი მაშენებელი. საქართველოს მეფის, ბაგრატ კურაპალატის მატერიალური დახმარებით მან ააშენა მონასტრის მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და აქ გადმოასვენა ორი  ღმერთშემოსილი მამის ნეშტი.

საქართველოდან მამა გიორგიმ წამოიყვანა ოთხმოცამდე უპატრონო ბავშვი და მონასტერში აღზარდა. დაასწავლა მათ ქართული და ბერძნული მწიგნობრობა და საგალობლები. იგი იყო გულმხურვალე მოყვარული თავისი სამშობლოსი და დიდი ღვაწლიც დასდო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შენარჩუნებას. 1057 წელს გამართულ საეკლესიო კრებაზე ანტიოქიის პატრიარქმა წამოაყენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საკითხი. მაშინ ღირსმა გიორგი მთაწმინდელმა პატრიარქს მიმართა:

წმინდა მეუფეო, შენ ამბობ, რომ მოციქულთა თავის პეტრეს საყდარზე ვზივარო. ჩვენ კი მისმა ძმამ და მომწოდებელმა ანდრიამ მოგვაქცია და განგვანათლა. და თორმეტ მოციქულთაგან ერთი - სვიმონ კანანელი - ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთშია დაკრძალული. ჩვენ მას შემდეგ, რაც ერთი ღმერთი ვიწამეთ, არ უარგვიყვია იგი და არც მწვალებლობაში ჩავცვენილვართ. თუ გვეკუთვნის, დაგემორჩილებით, მაგრამ განა წოდებული არ უნდა მორჩილებდეს მწოდებელს? პეტრეს შვენის დაემორჩილოს ანდრიას, რომელმაც მოუწოდა ქრისტესკენ. ასე, რომ თქვენ თვითონ უნდა დაგვემორჩილოთ. იყო დრო, როცა მთელ საბერძნეთში მართლმადიდებლობა არ იპოებოდა და თქვენი ეპისკოპოსი იოანე გუთელი მცხეთაში ჩამოვიდა, რათა ეპისკოპოსად კურთხეულიყო.

ამ სიტყვის შემდეგ ანტიოქიის პატრიარქი დარწმუნდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართლაც ეკუთვნოდა ავტოკეფალიის უფლება და განზრახვაზე ხელი აიღო.

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მას ცილი დასწამეს. იმპერატორმა დაუჯერა ცილისმწამებლებს და გიორგი მაშენებელი კუნძულ მონოვატზე გადაასახლა. ღირსი მამა იქვე აღესრულა.

გიორგის გადასახლება საბედისწერო აღმოჩნდა ივერონისთვისაც. ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი მოძებნეს და ქართველ ბერებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.

ივერთა მონასტერს თავისი ქონება დაუბრუნდა მაშინ, როცა ტახტზე ღვთისმოშიში მეფე მიხეილი ავიდა. ქართველმა ბერებმა გიორგი მაშენებლის ცხედარი მონოვატიდან ათონზე გადაასვენეს.

ათონის ივერთა მონასტერში ამ სამი წმინდა მამის - იოანეს, ექვთიმესა და გიორგის ხსენებას ერთად აღნიშნავენ.

ტექსტი მომზადებულია წიგნებიდან
„ივერიის ღვთისმშობლის ხატი“, თბილისი 1999წ.
და „ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“