პეტრე იბერი

(409-491)

პეტრე იბერი ქართველი უფლისწული იყო, ძე იბერიის მეფის ვარაზ ბაკურისა. ერისკაცობაში მურვანი ერქვა. თორმეტი წლისა მძევლად წარგზავნეს კონსტანტინეპოლში*. ჭაბუკი მურვანი იმპერატორსა და კარის ფილოსოფოსებს აცვიფრებდა თავისი განსწავლულობით. იგი განსაკუთრებით უყვარდათ მეფე-დედოფალს, დედოფალი ევდოკია მის სწავლა-აღზრდას ხელმძღვანელობდა. უფლისწულმა ჩინებულად ისწავლა ბერძნული და საიმდროოდ საუკეთესო რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. 

მურვანს დიდებასა და პატივს არ აკლებდნენ, მაგრამ იმპერატორის კარზე დიდებით ცხოვრება მისი იდეალი არ იყო. თავის სულიერ მოძღვართან - მითრიდატე ლაზთან ერთად სასახლიდან გაიპარა და პალესტინას მიაშურა. იერუსალიმში მოძღვარი და მოწაფე ბერად აღიკვეცენ; მურვანს უწოდეს პეტრე, მითრიდატეს კი - იოანე. ისინი თავდადებულ სასულიერო საქმიანობას მიეცნენ, სხვადასხვა ქვეყნები მოვლეს და ბოლოს პალესტინაში დამკვიდრდნენ, სადაც შემდგომში პეტრე ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. პეტრემ ზედმიწევნით შეისწავლა სირიული ენა და მწერლობა. მისი წინამძღოლობით სირიაში ქართველთა სათვისტომო დაარსდა. მისსავე სახელს უკავშირდება სამონასტრო მშენებლობა, კერძოდ, ქართველთა მონასტრის აგება იერუსალიმში. ფიქრობენ, რომ სამშობლოსთან კავშირი მას არასოდეს გაუწყვეტია. მისმა მოღვაწეობამ დიდი გავლენა იქონია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე.

ფართო განათლებით, გონიერებით, დაუცხრომელი და მრავალმხრივი მოღვაწეობით პეტრე იბერმა დიდი სახელი და გავლენა მოიხვეჭა. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც იმპერატორის კარზე, ისე მთელ ბიზანტიაში. იმდროინდელი წყაროები პეტრე იბერს მოიხსენიებენ, როგორც „საკვირველად სახელგანთქმულ კაცს“, „მეორე მოციქულ პავლეს“, „მეორე მოსეს“... ქართულმა ეკლესიამ პეტრე იბერი წმინდანად შერაცხა.

აღსანიშნავია, რომ პეტრე იბერის სახელს უკავშირებენ „არეოპაგეტული წიგნების“ ავტორობას, რომელიც დიდი ხანი დიონისე არეოპაგელის (წმ. პავლე მოციქულის მოწაფის) დაწერილად მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ დამტკიცდა, რომ ისინი მეხუთე საუკუნემდე ვერანარიად ვერ შეიქმნებოდა. „არეოპაგეტული წიგნების“ ავტორობას პეტრე იბერს არა მარტო ქართველი მეცნიერები ამტკიცებდნენ, არამედ ევროპელნიც.

პეტრე იბერის ნაშრომებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ამგვარად, ქართულმა აზროვნებამ დიდად გაუსწრო ევროპულს და თავის ზენიტს თამარის დროს, შოთა რუსთაველის შემოქმედებაში მიაღწია. 

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართული მწერლობა“, ტ. I.
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1984

*კონსტანტინეპოლი - ბიზანტიის დედაქალაქი, დღევანდელი სტამბული