განწირულთა სულისკვეთება

(მცირეოდენი შემოკლებით)

კავკასიის კარის განსაცდელი

ქართველებს რუსთ ხელმწიფის ბატონობამ თათრის ხარკი მოანატრა. ბეგარამ, გადასახადმა, ათასგვარმა შეურაცხყოფამ, უსამართლობამ მათ სიცოცხლე გაუმწარა.

ერთხელ, შუაგულ ზამთარში, რუსებს კავკასიონზე ჯარის გადმოყვანა დასჭირდათ. სტეფანწმიდიდან ანანურამდე მთელი გზა მთიულებს ახვეტინეს, რათა დიდ თოვლში ჯარი არ დაფვლოდათ. მოულოდნელმა წვიმამ გზა ახლა ტალახის საფლობებით აავსო, გლეხებმა იგი ფიჩხით გაამაგრეს. რუსის ცხენს ფეხი ფიჩხში ჩაუვარდა. ორი მთიული ამის გამო მათრახის ცემით მოკლეს. წვიმას თოვლი მოჰყვა. ისევ გარეკეს მთიულები და გზადაგზა ხელახლა ახვეტინეს. სამი მთიული ზვავმა დანთქა. ბარგის სათრევად მთიულთა ცხენები და ხარები რომ არ ეყოთ, მარხილში ქალები შეაბეს და მათრახებით წინ გაიგდეს.

მარტო მთიულეთში ცემით ოცდასამი კაცი მოკლეს.

გაზაფხულზე მთიულებმა თოფ-იარაღი აისხეს. ისინი რუსებს დაერივნენ, კაიშაური, სტეფანწმიდა, ლარსი, ლომისა აიღეს და სამხედრო გზა მთლიანად ჩაკეტეს.

ბატონიშვილები

აჯანყებულებმა იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იხმეს. ძმებმა მთიულეთში ასვლა ვერ მოახერხეს და დროებით იმერეთში უკუიქცნენ. რუსები ბატონიშვილებს აედევნენ. რუსთა მეგზურობა მხოლოდ ერთმა თავადმა - გოგია ამირეჯიბმა იკისრა, თორემ სხვებმა გზების უცოდინრობა მოიმიზეზეს და ღალატიან საქმეში არ გაისვარნენ.

პეტრე-პავლობის ღამეს გოგია ამირეჯიბმა მძინარე ბატონიშვილებს თავს ორასამდე რუსი დაასხა. იულონს ცხენიც არ შერჩა. გაქცეულს რუსებმა ხიშტი ჰკრეს, მაგრამ დავით აბაზაძე გადაეფარა, თვითონ მძიმედ დაიჭრა, ბატონიშვილი კი სიკვდილს გადაარჩინა.

იულონი დაატყვევეს.

ფარნაოზი ბოლოს და ბოლოს მთაში ავიდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსებმა სამი ათასი სალდათი და ოცდაათი ქვემეხი დაძრეს, თბილისიდან ჯარი თვითონ მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა წაასხა; ქსნის ხეობიდან იქაურმა ერისთავებმა შემოუტიეს.

ჩრდილოეთიდან შემოსულმა ჯარმა სოფელ სიონთან ფარნაოზის რაზმი დაამარცხა. ამ კარმა ანანურამდე მოაღწია, ხოლო ანანურში მას ციციანოვი მიეგება. სამხედრო გზის დაკარგვამ აჯანყებულები დაფანტა.

ფარნაოზმა სპარსეთში გაქცევა გადაწყვიტა. რუსთა სამსახურში მყოფი ოფიცრები: ავალიშვილი, ორბელიანი და სავარსამიძე ბატონიშვილის შეპყრობას შეეცადნენ, სოლომონ ავალიშვილმა გზად ყაზახში დაატყვევა. ამისთვის მას მაიორობა და „ოცდაათი ვერცხლის“ მსგავსი ჯამაგირი: ოცდაათი თუმანი დაუნიშნეს.

იულონი და ფარნაოზი რუსეთს გაასახლეს.

პავლე ციციანოვის ბოლო

პავლე ნაქართველარი იყო. პაპამისი პაატა ციციშვილი რუსეთში ვახტანგ მეექვსის ლტოლვილობისას ჩარჩა. თავის წინაპართა ქვეყანას ციციანოვმა მრავალი უბედურება შეამთხვია: ერეკლეს მთელი ოჯახი რუსეთს მან გაასახლა, იმერეთის სამეფოსაც ჯარი მან შეუსია.

ცოდვა ბაქოში მიეწია.

რუსის ჯარი ბაქოს ადგა. ციხე-სიმაგრიდან გამოსულმა ხანმა პავლეს მორჩილება გამოუცხადა. გამარჯვებული სარდალი ხანის მიპატიჟებას ენდო: მან ხალიჩაზე ფეხი მოირთხა და ყალიონი გააბოლა.

ერთ-ერთმა მასპინძელმა უეცრად დამბაჩა იძრო და პავლე და მისი მხლებელი ერისთავი გაათავა.

შეშინებული რუსები ბაქოს სასწრაფოდ გაეცალნენ. ციციანოვის თავი ბაქოელებმა თავრიზში მყოფ სპარსეთის უფლისწულს მიართვეს, ტანი ჯერ სანაგვეზე დააგდეს, ხოლო შემდეგ ხის გაფისულ კუბოში ჩადეს და დამარხვაც არ აღირსეს, ერთი იქაური ეკლესიის სარდაფში შეინახეს. რუსებმა გვამი მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ჩამოიტანეს და თბილისში, სიონში დაკრძალეს.

კახეთის აჯანყება

კახელებს პურის მოსავალი შეაწერეს. მოსთხოვეს, რომ მთავრობისათვის პური, რაც ღირდა, იმაზე სამ-ოთხჯერ ნაკლებ ფასად მიეცათ. უკმაყოფილო გლეხებს ჯარი ჩაუყენეს. სალდათები სოფლებში დაძრწოდნენ, გლეხებს შინ უცვივდებოდნენ, პურს და მთელ სარჩო-საბადებელსაც ართმევდნენ და აწიოკებდნენ.

სალდათების ერთი რაზმი ახმეტასაც გაეშურა.

ეკლესიის ზარზე მთელი სოფელი შეიყარა, გამწარებულმა გლეხებმა ურჩობა დათქვეს, შემოსული სალდათები სცემეს და უკანვე გამორეკეს.

ამ ამბავმა მთელი კახეთი აანთო. ამბოხებულმა კახელებმა თელავი აიღეს, ერთ-ორ კვირაში კი რუსებს ორიოდე ციხე შერჩათ.

თიანელები და ფშავ-ხევსურები დუშეთს, ფასანაურსა და ანანურს დაეცნენ, მთის მბრძანებელს გაბრიელ ყაზბეგს აჯანყებულებმა შეუთვალეს, ოღონდ გზა შეკარი, დარიალზე რუსები არ გადმოატარო და ბაგრატიონთა მეფობას შენ მოგცემთო.

გაბრიელის „ერთგულებამ“ რუსებიც გააოცა: არათუ გზა არ შეკრა, არამედ ვლადიკავკაზში ჯარის სათხოვნელად თვითონ გაიქცა.

რუსეთს გასახლებას შემთხვევით გადარჩენილი ჭაბუკი ბატონიშვილი გრიგოლი (გიორგი მეთორმეტის შვილიშვილი) კახელებმა მეფედ აირჩიეს.

„პირისპირ მამულისა - მტერ“

რუსები თანდათან გონს მოეგნენ. მათ ანანურს შეუტიეს და მოალყეები დაფანტეს. ჩრდილოეთიდან ახალი ჯარიც მოეშველათ. გულმოცემულმა მთავარმართებელმა მარკიზ პაულიჩმა კახელებს დანებება მოსთხოვა.

კახელებმა მოსწერეს:

„...ბრალიანისა და უბრალოს გარჩევა არ იცოდით, ისე ხოცდით ხალხსა და აღრჩობდით... ცოლ-შვილს გვიჟლეტდით, საზრდო პური მოგვტაცეთ, შიმშილით გვხოცავდით და ნუგეშად გვეუბნებოდით - ბალახი სძოვეთო. ქორფამ (ჩვილმა) ბალახი როგორ უნდა სძოვოს, სად გაგონილა? იმოდენა ბეგარა გაგვიჩინა მთავრობამ, რომ საქონელი გაგვიწყდა და ტყეებში ურმის საშენი მასალა გამოილია... ჩვენსა და თქვენს შუა ხიდი ჩატყდა, ერთად ვეღარ მოვთავსდებით. ჩვენი სიცოცხლე რა სიცოცხლეა. ისედაც მკვდრები ვართ და ბარეღამაც მართლა დავიხოცებით...“

სოფელ ხაშმთან პაულიჩმა აჯანყებულთა დიდი რაზმი დაამარცხა. მან მრავალი სოფელი თითქმის უბრძოლველად ჩაიარა... ქიზიყი დაიმორჩილა.

კახელები სოფელ ჩუმლაყთანაც დამარცხდნენ.

პაულიჩი თელავში შევიდა.

რუსმა პოლკოვნიკმა უშაკოვმა და ქართველმა გენერალმა კონსტანტინე მუხრანბატონმა თიანეთი აიღეს.

კახეთში და თიანეთშიც გამარჯვებულებმა სახრჩობელები აღმართეს. გრიგოლ ბატონიშვილი დაღესტანს შეეფარა, მაგრამ მალე დაბრუნდა და რუსებს დაემორჩილა. ბატონიშვილი პეტერბურგს გაგზავნეს, სადაც ერთ წელიწადს ციხეში ამყოფეს.

მეფედ და წინამძღოლად აჯანყებულებმა სპარსეთში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი მოიწვიეს. შეშფოთებულმა რუსებმა გზები და ფონები ყველგან შეკრეს და ალექსანდრე ორ ათას ბაჯაღლოდ დააფასეს.

ალექსანდრემ მაინც გააღწია, შემოდგომაზე თიანეთში გაჩნდა, ხოლო იქიდან კახეთს მიაშურა.

ყველაზე ადრე რუსებმა ალავერდის მისასვლელები გადაკეტეს, რადგან ეშინოდათ, რომ ალავერდობაზე, სახალხოდ, ალექსანდრე ბატონიშვილს მეფედ აკურთხებდნენ.

შილდში, ჩალაუბანთან, მანავთან სასტიკი ბრძოლები გაიმართა. გაწვრთნილმა ჯარმა აჯანყევულებს ყველგან აჯობა. ამ ბრძოლებში რუსებს სარდლობდა ქართველი გენერალი დიმიტრი ორბელიანი, რომელიც იყო „პირისპის მამულისა - მტერ“.

ალექსანდრემ ჯერ ხევსურეთს, შემდეგ დაღესტანს მიაშურა. შატილი და ოცი სხვა სოფელი რუსებმა უმოწყალოდ დალეწეს. მარტო შატილის ბრძოლაში ექვსასი ხევსური დაიღუპა.

იმერეთის აჯანყება

იმერეთის დიდებულები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ, ბრძოლის გეგმებს აწყობდნენ, მამულის სიყვარულს ჯვარსა და სახარებაზე იფიცებდნენ.

საქართველოს ეკლესია რუსებმა თავისას მიუერთეს, კათოლიკოსობა მოსპეს და რუსეგზარქოსობა შემოიღეს. საეკლესიო გადასახადები მეტისმეტად გაზარდეს. გამწარებული იმერლები აჯანყდნენ. მათ დასამშვიდებლად ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი მთავრობამ ქუთაისიდან წაიყვანა.

იმერლები მაინც არ დაცხრნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უბედურების მიზეზი ეს თეოფილაქტე კი არ იყო, არამედ სამეფოს მოშლა. სწორედ სამეფოს აღდგენა იფიქრეს და მეფედ სოლომონ პირველის შვილიშვილი - ივანე აბაშიძე ამოირჩიეს (ეს ივანე აკაკი წერეთლის პაპა - დედის მამა იყო).

რუსებმა დაატყვევეს ივანეს დედა - სოლომონ პირველის ასული დარეჯან ბატონიშვილი, ივანეს ათი წლის ვაჟიშვილი, აგრეთვე, დოსითეოზ ქუთათელი, ექვთიმე გელათელი, სეხნია წულუკიძე, დავით მიქელაძე.

ისინი რუსეთის გზას გაუყენეს. ხალხს რომ ვერ ეცნო, თავზე ტომრები ჩამოაცვეს და მხოლოდ სასუნთქი ალაგი დაუტოვეს. ხიშტებით დაჭრილი დოსითეოს ქუთათელი მათ ცხენზე დააკრეს და ქართლამდე, ვიდრე სული ამოხდებოდა, მთელი გზა ასე ატარეს. ცხენიდან მკვდარიც არ ახსნეს, ანანურამდე მიიტანეს და იქ საიდუმლოდ დაფლეს.

გურიის აჯანყება

ივანე აბაშიძემ გურიაში გაასწრო.

გურულებმა იგი არ გასცეს. მაშინ რუსის ჯარი გურიაში შეიჭრა და შემოქმედის ციხე-სიმაგრეს დაადგა.

ჯარის მეთაურმა პუზირევსკიმ გურიელი, „მამაძაღლი ქაიხოსრო“ მოიკითხა და მათრახიც დაატრიალა. მასპინძლებმა შეურაცხყოფა არ მოითმინეს: ქაიხოსროს ძიძიშვილმა ბოლქვაძემ ხმალი დაჰკრა. სარდალი იქვე გათავდა.

ხალხმა იარაღი აისხა და ჯარს სისხლისმღვრელი ბრძოლები გაუმართა.

რუსებს ახალ-ახალი რაზმები ემატებოდათ.

მათ ჯერ რაჭა ააოხრეს, შემდეგ ხანისწყალის ხეობაში ივანე აბაშიძის რაზმი დაამარცხეს, ხოლო ბოლოს გურია დაარბიეს.

თემურლენგისა და ირანელი შაჰების მსგავსად ბაღ-ვენახებიც კი დაჩეხეს და გაანადგურეს, მრავალი დიდებული დაატყვევეს, ხოლო ბევრმა ოსმალეთში გაასწრო.

თავადაზნაურთა შეთქმულება

რჩეული მამულიშვილები ერთმანეთს საიდუმლოდ გაენდნენ. ისინი სამშობლოს გამოხსნაზე ფიქრმა შეჰყარა, პეტერბურგში, მოსკოვში, თბილისში იკრიბებოდნენ და ქვეყნის ბედ-იღბალზე ბჭობდნენ. მტერს რომ მათი ამბავი ვერ შეეტყო, საიდუმლო ანბანიც კი გამოიგონეს. წერილებს ერთმანეთს სწორედ ამ ანბანით სწერდნენ.

მოქმედების წესად და კანონად ჰქონდათ ნაწერი საბუთი „აქტი გონიური“, რომლის დაცვა ყველას ევალებოდა.

შეთქმულები რუსების გარეკვას და მეფედ ალექსანდრე ბატონიშვილის ჩამოყვანას ფიქრობდნენ. სურდათ, ევროპულ ყაიდაზე მინისტრებიც დაენიშნათ: სამხედრო მინისტრი იქნებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძე, იუსტიციის - მუხრანბატონი, ფინანსთა - ნიკო ფალავანდიშვილი, შინაგან საქმეთა და განათლების - იაგორ ჭილაშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი - ბებუთაშვილი.

თვით ამ „მინისტრებისაგან“ შეთქმული მხოლოდ ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო, მაგრამ, რაკი გაიმარჯვებდნენ, სხვა მოქალაქეთა მიმხრობაც არ გაუჭირდებოდათ.

„პირველი ღამის განკარგულება“

შეთქმულებას ხელმძღვანელობდა შტაბი: ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, სოლომონ დოდაშვილი.

აპირებდნენ, რომ რუსი ჩინოვნიკები ნადიმზე მიეწვიათ და ამოეწყვიტათ, შუაღამისას რაზმები დაეცემოდნენ ყაზარმებს, ციხეს, ხაზინას, იარაღისა და სურსათის საწყობებს, ქალაქს ჩირაღდნებით გაანათებდნენ, ეკლესიებში ზარებს დარეკავდნენ, თათრის მოედანზე ხალხს შეყრიდნენ. სიონის სამრეკლოდან სამი კაცი დაიძახებდა: „თავისუფლება და სიხარული ყოველსა ერსა ზედა!“ ქართული და სომხური ტაძრებიდან მღვდლები და ბერები ღვთისმშობლის ხატებს გამოიტანდნენ, საქართველოს განთავისუფლებისათვის ჩვენ თავს ვწირავთო, იძახებდნენ...

ქალაქში მთელი საქართველოს ჯარი შეიკრიბებოდა.

ეს ამბავი 1832 წლის დეკემბერში უნდა მომხდარიყო.

მაგრამ არ მოხდა: ერთ-ერთმა შექმულმა იასე ფალავანდიშვილმა მეგობრები მთავრობასთან დაასმინა.

შეთქმულები დააპატიმრეს და რუსეთის ოლქებში გადაასახლეს.

მათ შორის უპირველესი - სოლომონ დოდაშვილი სამშობლოში ვეღარც დაბრუნდა. შორეულ ვიატკაში იგი ჭლექით გარდაიცვალა. შთამომავლობამ ძვირფასი ნეშტი სულ ახლახან ჩამოასვენა და მთაწმიდას მიაბარა.

ალექსანდრე ბატონიშვილის ბოლო

რუსეთის ხელმწიფეებმა ერთადერთი - ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ მოიხელთეს. თითქმის ორმოც წელიწადს ებრძოდა მათ მშფოთვარე და შეუპოვარი უფლისწული, სდიეს ხმლით, ოქროთი, პირობით... ცოლ-შვილი მოსტაცეს და გადაუსახლეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ყველა ამბოხი და მეამბოხე მის იმედად იყო.

ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთს აღესრულა და ამ აღსასრულმა ძველი საქართველოც დაამთავრა.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 108-116