არგვერთის მთავრები

არაბი... ვითარცა მკალი და მუმლი

(მცირეოდენი შემოკლებით)

ცხელ უდაბნოთა ქვეყანაში - არაბეთში - ოდესღაც ობოლი ჭაბუკი მაჰმადი ცხოვრობდა. მაჰმადს ბედმა გაუღიმა, იგი ვაჭარი გახდა და გამდიდრდა. სწორედ მან, მაჰმადმა, შექმნა უდიდესი სახელმწიფო და არაბებს ჩააგონა, რომ თვითონ იყო ერთადერთი ღმერთის - ალაჰის - ჭეშმარიტი მოციქული.

ფიცხელი არაბები, მაჰმადიანები, ქვეყნიერებას ყივილით მოეფინენ. მათმა ცხენებმა სპარსეთის დიდი ქვეყანაც გადაჯედეს, გზად ყველაფერი მოსპეს, გაანადგურეს. უზარმაზარი ლაშქრით ჩვენს სამშობლოსაც მოადგნენ.

მურვან ყრუ

ჩვენ ხომ სპარსეთი დავაჩოქეთ და გავამაჰმადიანეთ, ბიზანტიაც დავამარცხეთ, ქართველთა პატარა ქვეყანა როგორღა გაგვიძლებსო, არაბებმა უთუოდ ასე იფიქრეს, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ, ქართველებმა ისინი არაერთხელ დაამარცხეს. არაბებმა მოთმინება დაკარგეს. და, აი, მერვე საუკუნეში უბოროტესი მურვან-ყრუს ლაშქარი გამოგზავნეს. ეს მურვანი გულქვა, შეუბრალებელი და შეუსმენელი რომ იყო, ხალხმა ყრუ ამიტომ დაარქვა.

არგვეთის ქვეყანა

მურვან ყრუმ ქართლი ააოხრა და შემდეგ ლიხთიმერეთს მიადგა. ეგრისსა და ლიხს შუა, იმერეთის ლამაზ გორაკებზე გაშლილიყო პატარა, თაიგულივით მშვენიერი ქვეყანა, რომელსაც არგვეთის სამთავრო ერქვა. არგვეთის მთავრები სილამაზით, ვაჟკაცობითა დაგონიერებით განთქმული ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეები იყვნენ. მურვან ყრუ არგვეთს მოემართებაო რომ გაიგეს, მათ უმალ ლაშქარი შეკრიბეს.

გამარჯვებაც და დამარცხებაც

არგვეთელები მედგრად დახვდნენ არაბთა რჩეულ წინამავალ რაზმს. ფიცხელმა ბრძოლამ მტერი არია და დააბნია, ქართველებმა მათ მუსრი გაავლეს. გადარჩენილები შეშინდნენ და დაიფანტნენ. მათ მურვან ყრუს თავიანთი დამარცხება უამბეს. მურვანი განრისხდა და მთელი ლაშქარი დაძრა.

არგვეთის ტყე-ველი, მთები და ბორცვები ქვიშასავით მომრავლებულმა არაბებმა დაფარეს. ქართველებმა მომძლავრებულ მტერს ვეღარ გაუძლეს და დამარცხდნენ. ბევრი დაიღუპა, ბევრი მთებსა და ტყეებში გაიხიზნა. დავითი და კონსტანტინე არაბებმა შეიპყრეს.

ბილწმა მურვანმა ხელები მაღლა აღმართა და წმინდა ძმების დატყვევებისათვის მაჰმადს მადლობა შესწირა.

იგი ქუთაისში დაბანაკდა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 53-55