არგვერთის მთავრები

„წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი“

ხელებშეკრული ძმები ურჯულოს მიჰგვარეს. მძლავრმა მათ დასცინა.

- მაჰმადის სჯულს მთელი არაბეთი და სპარსეთი ემონება. განა არ იცით, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ყველა ქვეყანა დავიმორჩილე?

ძმებმა უპასუხეს:

- ტყუილად ტრაბახობ. წუთ ჟამ არს დიდება შენი და იგი მალე გაქრება. ჩვენ ღმერთმა დაგვსაჯა, რადგან მისი დარიგება არ ვისმინეთ, თქვენ კი, უგუნურებს, თავი ჩვენზე ძლიერი გგონიათ. მაჰმადი... განა არ იცით, რომ მაჰმადმა თქვენი ხალხი მოატყუა და წაწყმიდა?

განრისხებულმა მურვან ყრუმ ბრძანა, რომ ძმები ეწამებინათ. არაბებმა ისინი მიწაზე დასცეს და უმოწყალოდ სცემეს.

გამოცდა

მურვან ყრუმ ძმების მოსყიდვა დააპირა. იფიქრა, იქნებ ასე უფრო დავიმორჩილოო. მან დავითს უთხრა:

- გამიგია, რომ გონიერი და ბრძოლაში გამოცდილი კაცი ხარ. თუკი ქრისტიანობას უარყოფ და მაჰმადის სჯულს დაემორჩილები, მთელი ჩემი ლაშქრის მხედართმთავრობას მოგანიჭებ, არაბეთისა და სპარსეთის უპირველეს დიდებულად გაქცევ, შენს ძმას კი ჩემს სასახლეში სხვა დიდებულთა მსგავსად ვაცხოვრებ.

დავითმა უპასუხა:

- ყველა არაბმა და ყველა სპარსმა უნდა ისმინოს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობაა. ჩვენ მზად ვართ, ქრისტეს სახელისათვის მივიღოთ ყოველი გვემა, ტანჯვა, ცეცხლი, წყალი, მახვილი თუ სიკვდილი. მაჰმადმა თქვენ ცეცხლთაყვანისმცემლობას მოგაშორათ, მაგრამ ქრისტიანობას ვერ გაზიარათ; თქვენ იმ ადამიანებს დაემსგავსეთ, რომლებიც ზღვის შუაგულში კი არა, ზღვის ნაპირზე იხრჩობიან. და თუკი მაინც უნდა დაიხრჩოთ, განა სულერთი არ არის, სად დაიხრჩობით?

- შენ დამემორჩილები? - მურვან ყრუმ ახლა კონსტანტუნეს მიმართა.

- როგორც დავითს სწამს, მეც ისევე. - მიუგო ჭაბუკმა. - ჩვენ ხომ ერთი სჯული და სარწმუნოება გვაქვს; მწამს წმინდა სამება: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა და მისთვის მოვკვდები.

ძმებს ათ დღეს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ლოცვისა და მარხვის წყალობით, მათ ყველა ჭირი, შიმშილი, წყურვილი, ტანჯვა, გვემა, ცემა და დაცინვა დაითმინეს.

მლიქვნელი მოგვები

ნაწამებ ძბემს სპარსელი მისნები და მოგვები შეუგზავნეს, იქნებ ამათ მოახერხონ და მაჰმადიანობა მიაღებინონო. ტანჯვისაგან გალეული ძმები რომ იხილეს, მოგვები მტარვალებს ვითომ ძალიან განურისხდნენ:

- ეს დიდებული ადამიანები როგორ გიწამებიათ? განა არ იცით, რომ დიდ მურვანს მათი კარგად ყოფნა სწადია?

შემდეგ ძმებს ლიქნით უთხრეს:

- სპარსეთისა და არაბეთის დიდმა მოძღვარმა მურვანმა გამოგვგზავნა. თქვენს სიჭაბუკეს საშინელი სიკვდილით ნუ მოისპობთ, გირჩევთ, რომ დიდი და მაღალი მთავრის ნებას დაემორჩილოთ, და სამოსელს მიიღებთ, რომელიც ორივესთვის უკვე მზად არის.

დავითსა და კონსტანტინეს მოგვებმა სამეფო საბოძვარი და სამოსელი უჩვენეს, მაგრამ ძმებმა უპასუხეს:

- უგუნურები, ყრუ და მზაკვარი მოძღვრის მოციქულები ხართ... მხოლოდ ერთს გეტყვით: ქრისტეს სიყვარულს, ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას ვერც ჭირი, ვერც ვერანაირი ამქვეყნიური დიდება ვერ განგვაშორებს.

გაწბილებული მოციქულები მურვან ყრუსთან დაბრუნდნენ და მოახსენეს:

- ამ კაცთა იმედი არა გვაქვს. მათ არც ტანჯვის და არც სიკვდილის არ ეშინიათ, თავიანთ სარწმუნოებაზე მტკიცედ დგანან.

წამება

დავითისა და კონსტანტინეს გამაჰმადიანების იმედი მურვანმაც დაკარგა; ამიტომ მან ბრძანა, რომ ძმები წამებით მოეკლათ.

ისინი ჩაიყვანეს რიონზე, იმ ადგილზე, სადაც ახლა წითელი ხიდია. ადრე აქ წმინდა კოზმანისა და დამიანეს ეკლესია მდგარა. მტარვალებმა ძმები გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და არგანებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და კისრებზე ლოდები დაჰკიდეს.

დავითმა და კონსტანტინემ დრო ითხოვეს, თვალები ზეცას მიაპყრეს და ღმერთს მიმართეს:

- უფალო ღმერთო, მოანიჭე ჩვენს სხეულებს ძალა, რომ მათმა შეხებამ ადამიანები ყოველგვარი სენისა და უძლურებისაგან განკურნოს, შენ შეგავედრებთ ჩვენს სულს, ამინ!

ზეციდან ყველას გასაგონად მოისმა ხმა, რომ უფალმა დავითისა და კონსტანტინეს თხოვნა შეისმინა.

ხმამ მტარვალები დააფრთხო, ძმები მათ სასწრაფოდ რიონში გადაყარეს, თვითონ კი გაიქცნენ.

სასწაული

ღ჻მით რიონზე ზეციდან სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა და უკუნი განათდა. ძმებს ხელ-ფეხზე შესაკრავები დაეხსნათ და კისრიდან ლოდები მოსწყდათ. მდინარის ზედაპირზე სხეულები ცისკრის ვარსკვლავივით და მზის თვალივით გაბრწყინდა.

ნათლის სვეტები იხილეს დავითისა და კონსტანტინეს მსახურებმა, რომლებიც არაბებს ტყეში ემალებოდნენ. ისინი მდინარეზე ჩავიდნენ. ერთ-ერთი სვეტიდან მოისმა ხმა:

- აიღეთ წმინდა მოწამეთა გვამები, ტყის აღმოსავლეთით ატარეთ და სადაც გაგითენდეთ, იქ დაკრძალეთ, რადგან ასეთია უფლის ნება.

მოწამეთა

არგვეთელებმა ნაპირზე გამორიყული მბრწყინავი სხეულები აიღეს და აღმოსავლეთით გაეშურნენ. დაათენდათ ერთი კლდის თავზე, ქალაქ წყალწითელაში. დიდი და ერმრავალი ციხე-ქალაქი მურვან-ყრუს მოეოხრებინა. იქაურობა სრულიად გაუკაცრიელებულიყო.

წმინდა მოწამეთა გვამები არგვეთელებმა დარღვეული ეკლესიის სკლდამაში შეასვენეს.

საუკუნეთა შემდეგ დიდმა მეფემ ბაგრატმა ახალი ტაძარი ააშენა. მერე, დღეს რომ დგას, ეს ტაძარიც აიგო.

ადგილს, სადაც დავითი და კონსტანტინე მხეიძეები განისვენებენ, მოწამეთა ჰქვია. მოწამეთა ქუთაისთან მდებარეობს, ირგვლივ ტყეები და ძველი ნაშთებია. მოშორებით, მთების გულში, გელათის დიდებული ტაძარი მოჩანს, ქვემოთ კი, პიტალო კლდეებთან, გაედინება ულამაზესი მდინარე წყალწითელა.

აქ ყოველ შემოდგომაზე იმართება მოწამეთობა ანუ არგვეთის წმინდა მთავართა სხენების დღესასწაული. მოწამეთობას იმერეთში ორწიფობას ეძახიან.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 55-60