არგვერთის მთავრები

ღვთის რისხვა

ქართლის მეფეები მირი და არჩილი თავს ანაკოფიის ციხე-სიმაგრეს აფარებდნენ.

მურვან-ყრუ აფხაზეთისაკენ დაიძრა. გზად მან შემუსრა ქალაქები და სიმაგრეები. დალეწა ეგრისის სამზღუდიანი დედაქალაქი ციხეგოჯი, გადაიარა კელასაური, ააოხრა აფშილეთის დედაქალაქი ცხუმი და ანაკოფიას მიადგა.

ციხეში სულ ორი ათასამდე მეომარი იმყოფებოდა, მათ ემატებოდა არჩილისა და მირის ათასამდე მხლებელი, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ.

- თუ ღმერთის ინებებს, ერთი ათასს მოერევა და ორი ათ ათასს! - უთხრა მირს არჩილმა და შესამუსრავად განწირულ ციხე-სიმაგრეში ყოფნას, მათ მამაცური შებრძოლება არჩიეს.

მურვან-ყრუს ბანაკს ღამით მუცლისსაშინელი სენი მოევლინა. უფლის ანგელოზმა არჩილს უთხრა:

- წადით, ებრძოლეთ არაბებს. მათზე სასტიკი სენი მძვინვარებს: გამხნევდით და გაძლიერდით.

განთიადისას არაბთა ბანაკიდან სნეულთა სასოწარკვეთილი გოდება მოისმა.

ქართველები ციხიდან გავიდნენ და მტერს ეკვეთნენ.

მურვანი უკუიქცა. მისი ლაშქარი ჭყონდიდის მხარეში, აბაშასა და ცხენისწყალს შორის დაბანაკდა.

ერთხელაც სასტიკი ელვა-ქუხილი ატყდა, წვიმამ და სეტყვამ წამოუშინა, მდინარეებმა ნაპირები გადმოლახეს, წყალმა მიწიდანაც ამოხეთქა და ხმელეთი ზღვად გადაიქცა. სრულიად შთაინთქნენ მოლაშქრე აბაშები (ეთიოპიელები). პატარა მდინარეს, რომლის ნაპირებზეც აბაშები გაწყდნენ, აბაშა, ხოლო მეორე მდინარეს, რომელმაც არაბთა ორმოც ათასამდე ეტლი და ცხენი წარღვნნა, ცხენისწყალი მას შემდეგ ეწოდაო, - წერია ძველ წიგნებში.

სტიქიამ მრავალი არაბი იმსხვერპლა, მაგრამ მათ სიმრავლეს ეს დიდად მაინც არ დამჩნევია. მდინარეთა შლამმა ცხენებს კუდები ისე დაუმძიმა, რომ მოძრაობაც კი გაუჭირდათ. ამიტომ კუდები დააჭრეს და ასე, უცნაურ, კუდმოჭრილ ცხენებზე ამხედრებული ქვეყნიერების მპყრობელები სასწრაფოდ გაეცალნენ ეგრის-აფხაზეთს.

მურვანი მალე არაბთა ხელმწიფე - ხალიფა გახდა. ასე მძლავრი და ღონიერი იყო ეს უბოროტესი სარდალი, რომელმაც უამრავი ქვეყანა დაიპყრო, მაგრამ ვერ შეძლო და წარბიც ვერ შეახრევინა პატარა არგვეთის სახელოვან მთავრებს, რომლებმაც ქრისტიანობისათვის ყოველგვარ ტანჯვა-წამებას ვაჟკაცურად გაუძლეს.

ხალიფა მურვანს ღვთის რისხვა შორეულ არაბეთში მიეწია: ხელმწიფობას მონატრულმა მეამბოხეებმა მას თურმე თავი წააცალეს, ენა ამოაძვრეს და ის კატას გადააყლაპეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 60-61