ბაგრატ მესამე ბაგრატიონი

დიდ წინაპართა მსგავსად

(მცირეოდენი შემოკლებით)

უმწეო თეოდოსის მეფობამ ლიხთიმერეთი გარყვნა და დასცა; ყოველი წესი და განგება დაირღვა, შეიცვალა; წინა მეფეთა ღვაწლი დამდაბლდა. იქაური მამულიშვილები წუხდნენ, შფოთავდნენ და გამოსავალს ეძებდნენ.

ივანე მარუშისძე ახლა ქუთაისში ჩავიდა. მისმა რჩევამ გაჭრა: დიდებულებმა, ერისთავებმა, აზნაურებმა დავით კურაპალატს სთხოვეს, აფხაზთა მეფედ ბაგრატი გამოგვიგზავნეო.

ბაგრატი მე ტაოს მეფედ მსურს, შვილად ამისთვის გავზარდეო, - თქვა დავითმა: ეტყობა, ტაოს, ქართლის და მთელი ეგრისის - სვანეთის, არგვეთის, აფხაზეთის მეფედ ერთი კაცის ყოფნა ამ დიდმა მეფემაც ვერ წარმოიდგინა. ეს წარმოდგენა შეეძლო მხოლოდ ივანე მარუშისძეს „ძლიერსა და ერმრავალ“ კაცს, რომელიც საქართველოს ერთიანობის ნამდვილი წინსაწარმეტყველი იყო.

ლიხთიმერელი დიდებულები დავით კურაპალატმა ერთგულებაზე დააფიცა და მათ მძევლები ჩამოართვა 978 წელს ქუთაისში ბაგრატი მეფედ დალოცეს.

იგი უკვე ასაკითაც განსრულებულიყო. სამეფოს საქმეებს კარგად გაუძღვა, ქვეყანას თავისი ბაბუის - გიორგი აფხაზთა მეფის მსგავსად განაგებდა, უფრო კი მაინც დიდ დავით კურაპალატს მგვანებია.

ბრმა თეოდოსი ბაგრატმა ტაოში გაგზავნა, ასე ამჯობინა, რათა ყოველ კაცს, დიდს თუ პატარას, მხოლოდ მისი შიში და იმედი ჰქონოდა.

თავნება აზნაურები მზაკვრობას მაინც არ იშლიდნენ. ერთხელ მათ ქავთარ ტბელი იწინამძღვრეს და ლიხის მთებში ჭაბუკ მეფეს ბრძოლაც კი გაუმართეს, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ.

მეფენი კინაღამ წაიკიდნენ

თრიალეთის მთებში, ქართლის გულისკენ მიმავალ გზაზე რატი ბაღვაშს დიდი ციხე-სიმაგრე - კლდეკარი აეშენებინა და თავისი საერისთავო დაეარსებინა. მას ატენის ციხე და ახლომახლო მიწებიც ეჭირა, ბაგრტისადმი მორჩელება კი ფიქრად არც მოსდიოდა.

ბაგრატმა საიდუმლოდ შეკრიბა ლაშქარი და ქართლში გადავიდა, რათა ურჩი ერისთავი შეეპყრო. შვილის დასახმარებლად გურგენ მეფეც მოემზადა.

ცილისმწამებლებმა დავით კურაპალატი დააჯერეს, ბაგრატი შენზე გამოლაშქრებას აპირებს, გურგენიც მას ეხმაორებაო. დავითმა გურგენის მხედრობა შავშეთშივე დაამარცხა და ბაგრატთან საომრად გასწია.

ტაოელთა სიმრავლე და წაკიდების მიზეზი რომ შეიტყო. ბაგრატი დავითს მარტო ეახლა და უთხრა. ქართლში მხოლოდ რატის შესაპყრობად მოვედიო. დავითმა დაუჯერა და შეურიგდა.

რადგან კლდეკარზე ლაშქრობის ამბავი წინასწარვე გახმაურდა, ბაგრატი ქუთაისში დაბრუნდა, უმჯობესია, ახლა კი არა, მაშინ დავესხა, როცა რატის ფიქრი არ ექნებაო. მართლაც, კლდეკარს ზამთარში მიადგა. რატი ციხიდან გამოვიდა, შვილი - ლიპარიტი მეფეს შეავედრა და ციხე ჩააბარა, თვითონ კი არგვეთში, თავის ძველ მამულში დაბრუნდა.

მემკვიდრეობა

როცა დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ბიზანტიის კეისარმა გურგენს მაგისტროსობა უბოძა, ხოლო ბაგრატს კურაპალატობა მიანიჭა. კურაპალატობა მაგისტროსობაზე მაღალი წოდება იყო და კეისარმა იმზაკვრა, რათა მამასა და შვილს შორის მტრობა ჩამოეგდო, მაგრამ გურგენი წრფელი კაცი იყო და იგი შვილს მტრად არ მოეკიდა.

ბაგრატმა ურჩი დიდებულები თანამდებობებიდან გადააყენა და მათ ადგილზე ერთგულები დაადგინა - ისინი, ვინც მის ბრძანებას დაემორჩილებოდნენ, გვერდით დაუდგებოდნენ და სამეფოს რამეს არგებდნენ. ტაოს მეზობლად, კლარჯეთში ბაგრატის მამიდაშვილები, სუბმათ და გურგენ არტანუჯელები მთავრობდნენ. ბაგრატმა ისინი ფანასკერტის ციხეში დარბაზობაზე მოიწვია და შეიპყრო, შემდეგ მათი ციხეები და ქალაქები აიღო, თვითონ ესენი კი თმოგვის ციხეში ჩაამწყვდია.

როგორ შეიერთა ბაგრატმა კახეთი და ჰერეთი

კახეთის მთავრებს მაშინ ქორეპისკოპოსები ერქვათ. ქორეპისკოპოს დავითს ბაგრატმა შეუთვალა, ქართლის ციხეები, რომლებიც გიპყრია, სასწრაფოდ დამიცალეო. დავითი მუქარას არ შეუშინდა, რაკი ციხეებს ეძიებ, მკლავმა და ომმა მოგვარიგოს, მე ქსანზე შემოგხვდებიო, - უპასუხა ბაგრატს.

მაგრამ ბაგრატმა დაასწრო, თავისი მხედრობა ტაოდან ქართლში გადაიყვანა. მცხეთის ხიდთან მას ლიხთიმერლები და ქართლელები შეუერთდნენ. მეფე თიანეთში დადგა და კახეთის შემუსვრა იწყო. ურიცხვ ლაშქარს კახელები ვეღარ გაუმკლავდებოდნენ. ბაგრატმა ჰერეთის ციხეები აიღო და გამობრუნდა. მეფე შორს რომ დაიგულეს, ჰერებმა და კახელებმა პირი შეკრეს და ერთიანი ძალით კიდეც იმარჯვეს, მაგრამ ბაგრატმა ჰერეთს მეორედაც მიაშურა.

ქორეპისკოპოსი დავითი უკვე გარდაცვლილიყო. ბაგრატმა დინარ დედოფალი დაატყვევა. ორ წელიწადში ყველა ციხე-სიმაგრე, მთელი კახეთი და ჰერეთი დაიპყრო და ახალი ქორეპისკოპოსი კვირიკეც თავისთან ტყვედ წაიყვანა.

ასე გამთლიანდა საქართველო. ცალკე მხოლოდ თბილისის საამირო რჩებოდა. მისთვის მომავალ თაობებს უნდა ებრძოლათ და იბრძოლეს კიდეც - საქართველოს გაერთიანება დავით აღმაშენებელმა განასრულა.

რანთა მეფობაც

განჯის ამირა, ქრისტიანთა მოძულე ფადლონი მეტისმეტად გალაღებულიყო. იგი კახეთსა და ჰერეთს თავს ესხმოდა, არბევდა და აწიოკებდა.

ბაგრატმა სომეხთა მეფე გაგიკს უხმო და ერთიანი ლაშქრით განჯისაკენ გაემართნენ. „ძალი უძლეველი“ რომ იხილა, ფადლონი შამქორის ციხე-სიმაგრეში ჩაიკეტა, მისმა მეგობრებმაც სხვადასხვა ციხე-სიმაგრეებს მიაშურეს. მოლაშქრეებმა ქვის სატყორცნი მანქანებით - ფილაკავნებით - შამქორის ზღუდეები დალეწეს. ფადლონმა ბაგრატს მოციქული გამოუგზავნა, აღუთქვა, სიცოცხლის ბოლომდე შენი მსახური ვიქნებიო და პატიება სთხოვა.

მეფემ იყოყმანა, ყველაფერი აწონ-დაწონა და ბოლოს ფადლონთან დაზავება ამჯობინა - დიდებულთა რჩევას დაუჯერა. გახარებულმა ფადლონმა ბაგრატს ძღვენი მიართვა, მისი დიდებულებიც განძეულით აავსო.

ტაძართა ამშენებელი

ქართველ მეფეებსა და ერისთავებს ოდითგანვე უშენებიათ ტაძრები, და ღმერთი და სამშობლო ასე უდიდებიათ. ყველაზე დიდი ტაძრები (ახალი სვეტიცხოველი, ალავერდი, გელათი და სხვები) საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების დროს აშენდა.

მათგან უადრესი, უდიდესი და უსაჩინოესი იყო ქუთაისის ტაძარი, რომელიც ბაგრატმა ათასი წლის წინათ აკურთხა. კურთხევაზე მოწვეული ჰყავდა მეზობელ სახელმწიფოთა მეფეები, კათოლიკოსები, მღვდელთმოძღვრები, მონასტერთა წინამძღვრები, დიდებულები.

ბაგრატს მშვენიერი ტაძარი აუგია აფხაზეთშიც, ბედიაში, მისთვის მრავალი სოფელი შეუწირავს, ყოველმხრივ განუსრულებია და უხვად შეუმკია.

ბაგრატის გარდაცვალება

ბაგრატმა ოცდათექვსმეტ წელიწადს იმეფა. ვახტანგ გორგასლის შემდეგ ასეთი სიდიადე ქართველ მეფეებს არ ღირსებიათ. ბაგრატი იწოდებოდა მეფედ აფხაზთა და ქართველთა და რანთა და კახთა.

გარდაიცვალა ფანასკერტში, გაზაფხულზე, 7 მაისს, 1014 წელს. ერისმთავარმა ზვიადმა ბედიაში წაასვენა და მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 68-76