ბაგრატ მესამე ბაგრატიონი

ვინც ღმერთმა გამოარჩია

ერთმა მეფემ თავის ოცდაათ ვაჟს ოცდაათი ისარი მპატანინა, ისინი ერთ კონად შეკრა და მოძიდა, მაგრამ ვერ გატეხა; შემდეგ კონა დაშალა და თითო-თითოდ ისრები ადვილად დალეწა. შვილებს უთხრა: თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ დაგამარცხბეთ, როგორც მე ისრების კონა ვერ გავტეხე, ხოლო თუ გაიყრებით, თითო-თითოდ ამ ისრებივით ადვილად დაგლეწავთო.

ქართველ მეფეებსა და დიდებულებს ერთობის სიკეთეზე ზოგჯერ კარგად ესმოდათ, მაგრამ ზოგჯერ სრულიად ავიწყდებოდათ: ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა კაცი მბრძანებლობდა - ქართლში სხვა, ეგრისში სხვა, აფხაზეთში, კახეთში, არგვეთში, მესხეთში - სხვა და სხვა. ზოგს მეფე ერქვა, ზოგს ერისთავი, ან მთავარი...

ყველას თავისი საზღვარი ჰქონდა, თავისი ჯარი ჰყავდა, ყველა თავის წესსა და რიგს იცავდა.

სიძლიერე და ბედნიერება ერთი მეფის ყოლა იყო. ორი მეფე ქვეყნის ორად გაყოფას ნიშნავდა, სამი და ხუთი - სამად და ხუთად გაყოფას: რამდენი მეფეც იყო, სახელმწიფოც იმდენი არსებობდა, წვრილ-წვრილი სამეფოები და სამთავროები კი მტერს ერთად როგორ დახვდებოდნენ! ხშირად ერთმანეთსაც მტრობდნენ, ექიშპებოდნენ, ერთმანეთის სისხლს ღვრიდნენ.

ნამდვილმა მამულიშვილებმა მუდამ იცოდნენ, რომ საქართველოს ძლიერებისათვის აუცილებელი იყო მისი სხვადასხვა კუთხეების ერთიანობა და ამისთვის თავდადებით იბრძოდნენ.

მეათე საუკუნეში ბაგრატ მესამემ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, გააერთიანა.

ამ დიდი საქმის დაგვირგვინება ღმერთმა მას და მისი გვარის ხალხს - ბაგრატიონებს მიანდო.

ერთიანობისათვის ბრძოლა კი ბაგრატის მეფობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ბაგრატიონები

ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასალის შვილთა მეფობა მეექვსე საუკუნეში სპარსელებმა დაამხეს. მათ თბილისში მოიკიდეს ფეხი.

უძველეს დედაქალაქს - მცხეთას, სადაც სამეფო ტახტი აღარ იდგა, სიდიადე თანდათან აკლდებოდა, სამაგიეროდ, ახალი დედაქალაქი - თბილისი ძლიერდებოდა, ქართლის მთავარ ციხე-სიმაგრედაც არმაზის ნაცვლად უკვე თბილისის ციხე - კალა (ახლა ნარიყალას რომ ვეძახით) ითვლებოდა:

„...და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა“.

ლეგენდა გვიამბობს, რომ შორეული პალესტინიდან ქართლში სწორედ ამ დროს მოვიდნენ ბაგრატიონები. ისინი ისრაელის სახელოვანი მეფის - დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები და იესო ქრისტეს მიწიერი ნათესავები იყვნენ. სომხეთში ქრისტიანებად მოინათლნენ, სამი ძმა იქ დარჩა, ხოლო ოთხმა ქართლს მოაშურა.

როცა „ნელად-რე შეჰკრბა ქართლი“, ღმერთთან ნათესაობის გამო დიდებულებმა ქართლის ერისთავად ერთ-ერთი ძმა - გუარამი აირჩიეს. ეს მეექვსე საუკუნეში მოხდა.

გუარამი ღირსეული ერისთავი ყოფილა. მცხეთის ჯვრისა და თბილისის სიონის მშენებლობა მას წამოუწყია.

გავიდა რამდენიმე საუკუნე.

ტაო-კლარჯეთის ქვეყანა

ქართლის ერისთავები ანუ ერისმთავრები არაბთა ბატონობისას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ამირებს - არაბ მბრძანებლებს.

ერთ-ერთი ერისმთავარი აშოტ ბაგრატიონი ასეთ დამამცირებელ ყოფას ვერ შეეგუა, მან ქართლი მიატოვა. თავისი ოჯახი და ნათესავები თან წაიყვანა და სამხრეთ საქართველოს მიაშურა.

სამხრეთ საქართველოს - ტაო-კლარჯეთს - მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ წელი ვეღარ წამოედგა: ტაძრები, ციხეები და ქალაქები სულ დალეწილი იყო. მოსახლეობა ცალკე არაბთა ლაშქრობასა და ცალკე საშინელ ავადმყოფობას ემსხვერპლა.

კლარჯეთის ტყეებში აშოტმა იპოვა კლდე, რომელზეც ვახტანგ გორგასალს არტანუჯის ციხე-სიმაგრე აეშენებინა. როცა ვახტანგმა ეს ციხე ააშენა, თქვა, ოდესმე ქართლში მტრებმა თუ არ დაგვაყენეს, თავს აქაურობას შევაფარებთო. სწორედ ეს დრო დამდგარიყო. მოძალადეებს გამოქცეულმა აშოტ ბაგრატიონმა არტანუჯი განაახლა, ციხის ქვემოთ, ვაკეზე, კი ქალაქი გააშენა და მასაც არტანუჯი დაარქვა.

არტანუჯი ახალი სამთავროს დედაქალაქი გახდა. ეს სამთავრო მოიცავდა საქართველოს უძველეს მიწებს - ტაო-კლარჯეთს. ბიზანტიის კეისარმა აშოტს სამეფო წოდება - კურაპალატობა უბოძა. ამიტომ არის, რომ მას უმეტესად აშოტ კურაპალატს ვეძახით.

ტაო-კლარჯეთი აშოტის შვილებმა დაინაწილეს. მათ მეფეები ეწოდათ და ასე დაიწყო ბაგრატიონთა მეფობა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნემდე, ათას წელიწადს გასტანა.

ქართველი მეფეები: დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეორე - ყველანი ბაგრატიონები იყვნენ.

საქართველოს გაერთიანებას სწორედ ბაგრატიონები შეუდგნენ.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 62-65