წმინდა ნინოს ცხოვრება

კახეთის დედოფალი სუჯი

აწ უკვე მალე მოვკვდებიო რომ იგრძნო, წმინდა ნინომ მირიანს წერილი მოსწერა, მთავარეპისკოპოსი გამომიგზავნეო. დედოფალმა სუჯიმ მხედრები წამოიყოლა და მცხეთაში წერილი თვითონ წამოიღო. ქალაქს ფეხშიშველი მოადგა. არაგვი ბობოქრობდა, სუჯის მხედრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მდინარე ვერ გადმოლახეს. მეორე ნაპირს მცხეთელები მოსდგომოდნენ და მხედართა წვალებას შესცქეროდნენ.

დედოფალმა ილოცა, ამხედრდა, ცხენი არაგვში შეაგდო. წყალი უეცრად ორად გაიპო, მდინარე გაწყდა, ტალღები შეჩერდა - სუჯი მეორე ნაპირზე თავისუფლად გადავიდა. სვეტიცხოველში ილოცა, შემდეგ მირიან მეფეს ეახლა და წმინდა ნინოს წერილი გადასცა.

მეფე, დედოფალი, მთავარეპისკოპოსი და სხვები მაშინვე ბოდბეს გაეშურნენ.

„განსვლაჲ მისი ხორცთაგან“

ყველა ადამიანს აქვს სული და სხეული. სული არ კვდება. იგი ზეცაში ადის და სამუდამოდ იქ ცხოვრობს. სული რომ სხეულს დაშორდება, ამას ხორცთაგან სულის გასვლა, ანუ გარდაცვალება ჰქვია.

წმინდა ნინო რომ გარდაიცვალა, მისი სული ზეცაში, ღმერთთან ამაღლდა.

ნინომ ადრევე ითხოვა, რომ როცა მოკვდებოდა, ბოდბეში დაესაფლავებინათ.

მირიანს სურდა, სვეტიცხოველში დაეკრძალა, მაგრამ წმინდანის სურვილს ვერ აღუდგებოდა. წმინდა ნინო ბოდბეში დაკრძალეს და მის საფლავზე ეკლესია ააშენეს. ახლა ამ ადგილას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერია, და იქ მოღვაწე დედები რუდუნებით უვლიან დიდი განმანათლებლის წმინდა განსასვენებელს.

განმანათლებელი

თექვსმეტი საუკუნეა, რაც ტაძრებს ვაშენებთ, ვლოცულობთ და ვცდილობთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც იესო ქრისტე გვასწავლის.

საქართველოს უამრავი მტერი ჰყავდა. ვინ მოთვლის, წმინდა ნინოს ცხოვრების შემდეგ ჩვენმა სამშობლომ რამდენი უბედურება გადაიტანა...

ყველა ცდილობდა, ჩვენთვის იესო ქრისტე დაევიწყებინა. მტერმა იცოდა, რომ ხალხს, ვისაც ღმერთი სწამს, ვისაც სულში ცდუნება არ შეჰპარვია, ვისაც ენა, მამული და სარწმუნოება სიცოცხლეზე ძვირად უღირს, ვერცერთი ხმალი ვერ მოერევა.

ვიდრე რწმენაში მტკიცედ და შეურყევლად ვდგავართ, ვიდრე ერთმანეთი გვიყვარს და ქრისტეს წმინდა მცნებებით ვცხოვრობთ, მანამ საქართველო უკვდავია.

ასე დიდი, ასე ჭეშმარიტი სარწმუნოება გვიქადაგა კაბადოკიელმა წმინდა ქალწულმა ნინომ, ვისაც მემატიანე უწოდებს „წმიდასა და ნეტარსა მოციქულსა და განმანათლებელსა ქართლისასა, კახეთისასა და ჰერეთისასა“.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 36-38