წმინდა ნინოს ცხოვრება

ნინო მცხეთაში ცხოვრობს

ცხრა დღის შემდეგ ნინო მცხეთაში დაბრუნდა; იგი უშვილო ქალმა ანასტასიამ შეიფარა. ანასტასია სათნო და კეთილი ქალი იყო.

ნინოს ერთხელ ბრწყინვალე კაცი გამოეცხადა და უთხრა:

- წალკოტში, ხის ქვეშ, ყვავილოვანი ადგილიდან მიწა აიღე, ანასტასიას ქმარს შეაჭამე და მათ შვილები გაუჩნდებათ. ნინო ასეც მოიქცა. სათნო და კეთილ ანასტასიას, მართლაც, ეყოლა ჯერ ერთი და შემდეგ კიდევ მრავალი შვილი. ის და მისი ქმარი სიხარულით ცას სწვდებოდნენ.

ხე, რომლის ქვეშაც ნინომ მიწა აიღო, ქრისტეს კვართზე აღმოცენებული კვიპაროსი იყო. მის ირგვლივ სხვა, უფრო პატარა კვიპაროსები ხარობდნენ.

ნინო ავადმყოფებს კურნავს

ერთხელ ნინოს ეჩვენა, რომ ხიდთან, იქ, სადაც ადრე ელიოზის სახლი იდგა, ფრინველებმა მტკვარში იბანავეს, შემდეგ დიდ კვიპაროსთან შეიკრინენ და მის ქვეშ ყვავილები დაკრიფეს.

მცხეთელმა ქალმა სიდონიამ ჩვენება ასე აუხსნა:

- ხალხს სწორედ შენ უნდა გააგებინო, ჭეშმარიტი ღმერთი ვინც არის.

ნინო წავიდა მაყვლოვანში, რომელიც კვიაპაროსთან ახლოს ხარობდა. აქ, ხის ტოტებისაგან დაწნულ კარავში ექვს წელიწადს ცხოვრობდა. მას მიწაზე ეძინა. ლოცულობდა, ავადმყოფებს კურნავდა. სამკურნალოდ მოვიდა ნანა დედოფალიც, რომელიც აგრეთვე სნეული იყო. დედოფალმა უთხრა, თუ განმკურნავ, ერთადერთ ღმერთად ქრისტეს ვიწამებო. ნინომ ღმერთს მისი განკურნება სთხოვა. დედოფალი მაშინვე განიკურნა.

ნინოს მან უძვირფასესი საჩუქრები მიართვა, მაგრამ ნინომ უთხრა, ეს საჩუქრები მე არ მჭირდება, შენ კი, თუ გინდა, რომ სრულიად განიკურნო, ქრისტეზე ილოცეო.

მალე უფლისწული მოარჩინა. შემდეგ სხვებიც.

ვიღაც უცხო ქალი ავადმყოფებს კურნავსო, ეს ამბავი მეფემაც შეიტყო.

სპარსელი მოგვიც განკურნა

ნანა დედოფალი პონტოელი ქალი იყო, ზღვის სამეფოდან, დედა სპარსელი ჰყავდა. მის ბიძას - სპარსელ მოგვს - ხვარას - ბნედა სჭირდა. მირიან მეფემ ნინოს უთხრა:

- შენ ალბათ ჩვენი ღმერთების - არმაზისა და ზადენის ასული ხარ და ავადმყოფებს მათი ძალით კურნავ. თუკი ხვარას განკურნავ, დიდ სიმდიდრეს გიბოძებ და მცხეთაში ყველაზე სახელოვან ადამიანად გაქცევ.

ნინომ უპასუხა:

- შენ არ იცი, რომ შენს ქალაქში - მცხეთაში, იესო ქრისტეს კვართი მარხია და სასწაულებიც ამიტომ ხდება. ხვარა სწორედ იესო ქრისტეს ძალით განიკურნება.

მოგვი კვიპაროსებში შეიყვანეს. ნინომ უთხრა:

- თუკი ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე გწამს, განიკურნები!

- მწამს! - უპასუხა ავადმყოფმა.

ნინომ იგი აღმოსავლეთისაკენ მიაბრუნა, სამჯერ დააჩოქა, ილოცა, შემდეგ დასავლეთისაკენ მიაბრუნა და სამჯერ ათქმევინა:

- მე შენ გაგშორდი, ეშმაკო!

- მე შენ გაგშორდი, ეშმაკო!

- მე შენ გაგშორდი, ეშმაკო!

ავადმყოფი მაშინვე განიკურნა.

სპარსელი მოგვი იესო ქრისტეს ათაყვანაო რომ გაიგო, მირიან მეფე განრისხდა. სანადიროდ მიდიოდა. რომ დავბრუნდები, ჩემი ღმერთების შეურაცხყოფისათვის შურს ვიძიებო, დაიბარა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 29-31