წმინდა ნინოს ცხოვრება

სადა არს მცხეთა?

კაბადოკია დიდი მდინარეების - ჰალისისა და ევფრატის მახლობლად მდებარეობდა, ძველად იქ ქართველები ცხოვრობდნენ. როცა მოხუცდა, კაბადოკიელი მხედართმთავარი ზაბულონი მეუღლესთან, სოსანასთან,  ერთად საცხოვრებლად იერუსალიმში ჩავიდა.

შვილი, თორმეტი წლის ნინო მათ აღსაზრდელად მიაბარა ქრისტიან ქალს, სარა ბეთლემელს.

ნინომ კარგად შეისწავლა იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი სიბრძნე და დარიგებანი.

ერთხელ სარა ბეთლემელმა უამბო, ჩრდილოეთით, წარმართების ქალაქ მცხეთაში, ქრისტეს კვართი მარხიაო.

მცხეთა...

სადა არს მცხეთა? - ფიქრობდა ნინო და ოცნებობდა, რომ ოდესმე ეს ქალაქი ენახა.

ღვთისმშობლის ხატთან დგებოდა, ლოცულობდა, წმინდა დედოფალს დახმარებას ევედრებოდა.

ღვთისმშობელმა ნინოს ვედრება შეისმინა.

ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა

ერთხელ ძილში ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა.

- მცხეთაში წადი და ქრისტიანობა იქადაგე. შენი მფარველი მე ვიქნები. - უთხრა მას.

ჯვარი მისცა:

- ეს ჯვარი დაგიცავს და ბოროტება ვერაფერს დაგაკლებს.

გამოღვიძებულმა ნახა, რომ ხელში, მართლაც, ჯვარი ეჭირა.

ეს ამბავი მაშინვე უამბო თავის ბიძას, რომელიც იერუსალიმის პატრიარქი იყო და ჯვარი აჩვენა.

პატრიარქმა ნინოს ჩვენება ღვთის ნება-სურვილად ჩათვალა, ნინო ქრისტეს საფლავთან მიიყვანა, დალოცა და მცხეთაში გამოგზავნა.

მთავრის ასული რიფსიმე

გზად, ბერძნების ქალაქ ეფესოში, ნინომ მთავრის ულამაზესი ასული რიფსიმე გაიცნო და მას ქრისტიანობა შეასწავლა. რიფსიმეს ქრისტიანობა ისე მოეწონა, რომ მალე კიდეც მოინათლა.

ერთხელ ეფესოში რომაელი მხედრები მოვიდნენ. მდეხრებს დაჰქონდათ ფიცრები, რომლებზეც მხატვრებს ულამაზეს ქალწულებს ახატვინებდნენ. ნახატიანი ფიცრები თავიანთი წარმართი მეფისათვის მიჰქონდათ, რათა ყველაზე ლამაზი ქალი მას თავის საცოლეს ამოერჩია.

ეფესოელი ქალებიც დახატეს.

როცა ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნილი მხედრები დაბრუნდნენ, მეფემ ფიცრები დაათვალიერა და ყველაზე მეტად რიფსიმე მოეწონა. ბრძანა, რომ ქალი მისთვის მიეგვარათ, მხედრებს რიფსიმესათვის ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები გამოატანა.

- მე ქრისტიანი ვარ და წარმართ მეფეს არ მივთხოვდები! - თქვა ქალმა.

რომაელი მხედრების შიშით ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხვები სომხეთში გაიპარნენ.

აქ ისინი სომეხთა ხელმწიფის, თრდატის მსახურებმა შეიპყრეს.

რიფსიმე თრდატსაც მოეწონა და ცოლობა უბრძანა.

თრდატიც წარმართი იყო. ამიტომ რიფსიმემ იმასაც უარი უთხრა.

განრისხებულმა ხელმიწფემ ქალები სიკვდილით დასაჯა.

...როცა ვარდები აყვავდებიან

მხოლოდ ნინო გადარჩა, თრდატის ჯალათებს იგი ვარდის ბუჩქებში დაემალა.

ზამთარი ახლოვდებოდა, აღარაფერი ყვაოდა, ბუნებას მიწისფერი დასდებოდა.

ნინომ დაინახა ბრწყინვალე კაცი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა.

- უფალო, უფალო, ნუ დამტოვებ ბოროტთა შორის! - შეევედრა.

ციდან მოესმა:

- როცა ეს ვარდები აყვავდებიან, შენ ქართლში მიხვალ!

ზამთარი ნინომ სომაეხთა პატარა ქალაქში გაატარა, შემდეგ გზა განაგრძო და სწორედ ვარდების ყვავილობისას, ვარდობის თვე რომ მიილია, ჯავახეთის მთებს მოაღწია.

ფარავნის ტბაზე

ფარავნის ტბას რომ მოადგა, თოვლიანი მთები დაინახა. ზაფხულში თოვლის დანახვამ გააოცა და კიდეც შეაშინა. ილოცა...

შიოდა.

მეთევზეებმა დააპურეს.

მწყემსები შემოხვდენენ, სადაურები ხართო, ჰკითხა.

- ზოგი ქინჯარელი, ზოგი საფურცლელი, ზოგი მცხეთელი. - უპასუხეს მწყემსებმა.

ნინო მიხვდა, რომ უკვე ქართლში მოსულიყო, თავი ქვაზე დადო და დაიძინა. ძილში კვლავ ბრწყინვალე კაცი გამოეცხადა. კაცმა წიგნი მისცა და უთხრა:

- ეს წიგნი მცხეთაში წაიღე და წარმართთა მეფეს მიართვი. რომ გაიღვიძა, ხელში, მართლაც, წიგნი ეჭირა. მასში ეწერა, რომ წარმართებზე ნათელი ბრწყინდებოდა. ეს ნათელი ქრისტეს სარწმუნოება იყო.

გზა - ურბნისი

დილით, მგზავრებთან ერთად მდინარის ნაპირს აუყვა. შემდეგ მტკვარს აჰყვა, ბევრი იარა და ურბნისში მივიდა. ურბნისი ახლა სოფელია. წინათ აქ დიდი ქალაქი იყო. ურბნისელებიც წარმართები იყვნენ და კერპებზე სალოცავად მცხეთაში დადიოდნენ.

და, აჰა, მცხეთაც!

სალოცავად წასულ ურბნისელებს ერთხელ ნინოც გაჰყვა. მცხეთას რომ მიაღწია, ხიდზე დადგა. ქალაქისაკენ მომავალ წარმართებს დიდხანს უცქირა. ირგვლივ მთები მოჩანდა. ჩრდილოეთიდან მდინარე მოედინებოდა, რომელიც მცხეთასთან მტკვარს ერთვოდა. ეს მდინარე არაგვი იყო.

არმაზის მთაზე

მეორე დღეს საყვირების გამაყრუებელ ხმაურზე დიდი და პატარა ქუჩებში გამოეფინა და ქალაქისაგან მოშორებით, მაღალი მთისაკენ დაიძრა.

აი, ძვირფას კაბაში ჩაცმული ნანა დედოფალიც გამობრძანდა. მირიანიც გამოჩნდა - ქართლის მეფე.

მთაზე სპილენძის კერპი იდგა. სამხრეებიანი ოქროს ჯაჭვი ემოსა, ოქროს ჩაფხუტი ეხურა და თვალების ადგილზე ორი ძვირფასი ქვა უბრწყინავდა. ხელში მახვილი ეჭირა, რომელიც ელვასავით ტრიალებდა. ეს კერპი არმაზი იყო. მარჯვნივ ოქროს კერპი ედგა - გაცი, მარცხნივ ვერცხლისა - გაიმი.

ნინო ატირდა. შემდეგ ღმერთს თხოვა:

- უფალო იესო ქრისტე, ამ ხალხს ჭეშმარიტი ძალა აჩვენე, რათა მიხვდნენ, რომ ღმერთი მხოლოდ შენ ხარ!

არმაზი დაიმსხვრა

უეცრად ღრუბელი გაჩნდა, ძლიერი ქარი ამოვარდა, საზარელი ქუხილი და მეხისტეხა ატყდა. შეშინებულმა მეფემ, დიდებულებმა და სხვებმა ერთმანეთი გადათელეს და ქალაქისაკენ გაიქცნენ, რათა სახლებს შეფარებოდნენ. კერპების თავზე საშინელი სეტყვა დაეშვა. არმაზიც, გაციც და გაიმიც სულ ერთიანად დაიმსხვრა.

ნინოს არაფერი დამართნია. მან ერთი მშვენიერი ხე იპოვა და მასზე ჯვარი გამოსახა.

ამინდი რომ დაწყნარდა, წარმართები მთაზე აბრუნდნენ. თავზარი დაეცათ.

- ალბათ ციბუში და ითრუჯანი მოერია არმაზს! - ამოიგმინეს მათ.

ციბუში და ითრუჯანი ქართველთა მეზობლად მცხოვრები ხალხების ღმერთები იყვნენ. წარმართებს ეგონათ, თითქოს თავიანთი უპირატესობის დასამტკიცებლად, ღმერთები ერთმანეთს ებრძოდნენ ხოლმე. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ არმაზის შვიდასწლოვან კერპს ციბუშისა და ითრუჯანის კი არა, ყოვლადძლიერი და ერთადერთი ღმერთის - იესო ქრისტეს რისხვა დაატყდა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 22-28