წმინდა ნინოს ცხოვრება

მირიან მეფემ ქრისტე იწამა

მეფემ მუხრანისაკენ გასწია. იქიდან თხოთის მთაზე ავიდა. იფიქრა, კასპსა და უფლისციხეს გადავხედავო.

ნაშუადღევს უეცრად ჩამობნელდა, მირიანმა ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა.

- არმაზ, ჩემო ღმერთო, შენ გევედრები, რომ ქვეყანა გაანათო! - შესძახა შეძრწუნებულმა.

ბნელოდა.

- ზადენ, ჩემო ღმერთო, შენ გევედრები, რომ ქვეყანა გაანათო!

ისევ ბნელოდა.

- უცხო ღმერთებო, ციბუშ, ითრუჯან, გევედრებით, რომ ქვეყანა გაანათოთ. და თუ გაანათებთ, ჩემს ღმერთებად გიწამებთ!

უკუნი არც ახლა განათდა.

მაშინ მირიანმა იფიქრა, იესო ქრისტეს ვთხოვ შველასო.

- ნინოს ღმერთო, შენ გევედრები, რომ ქვეყანა გაანათო. თუ გაანათებ, ჩემს ღმერთად გიწამებ!

უეცრად ბინდი გაიფანტა და ქვეყანა განათდა. აღფრთოვანებული მირიანი აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა, ხელები აღმართა და ზეცას შეჰღაღადა:

- იესო ქრისტე, შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, ჩემი მხსნელი ხარ, ცა, დედამიწა შენით არსებობს, შენ გაღიარებ, შენს ჯვარს თაყვანს ვცემ!

მცხეთაში მახარობლები გაგზავნა. მთელი ქალაქი მოეგება. ყველა ადიდებდა ერთადერთ ღმერთს - იესო ქრისტეს.

სვეტიცხოველი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგეს. მეფემ ბრძანა, რომ ერთი ეკლესია წალკოტშიც აეშენებინათ. ყველა კვიპაროსი მოჭრეს, გათალეს და ტაძრის სვეტები დაამზადეს. ექვსი სვეტი აღმართეს. მაგრამ დიდი კვიპაროსი, რომელიც ტაძრის მთავარ სვეტად სურდათ, ადგილიდან ვერ დაძრეს.

ნინო, სიდონია, შროშანა და სხვა ქალები ღამით სვეტთან დარჩნენ. გამთენიისას ყველას რული მოეკიდა, მხოლოდ ნინო და სიდონია ფხიზლობდნენ.

უეცრად ცეცხლისფრად მოსილი მანათობელი ჭაბუკი გამოჩნდა, ნინოსთან მივიდა, სამი სიტყვა უთხრა, არავინ იცის, რა.  ნინო მიწაზე დაემხო, ჭაბუკმა სვეტი აწია და მაღლა აიტანა. გაოცებული სიდონია ნინოსთან მიიჭრა.

- დედოფალო, ეს რა არის?! - შესძახა.

ნინომ უბრძანა, რომ მიწაზე დამხობილიყო:

- მოიდრიკე თავი ქვეყნად!

სიდონია დაემხო.

სვეტი ცეცხლივით აელვარდა და ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე გაჩერდა.

დილით მირიანი მოვიდა. სვეტის ნათელი ცას ელვასავით სწვდებოდა. ირგვლივ საოცარი სურნელება იდგა. მცხეთელები მოგროვდნენ. იხილეს: ელვარე სვეტი ნელ-ნელა დაეშვა და ზუსტად იქ დადგა, საიდანაც წინა დღეს მოკვეთეს, იმ ადგილზე ხომ ქრისტეს კვართი ემარხა. ღმერთს უნდოდა, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზე აშენებულიყო - კვართზე. მირიანის მსახურებმა სხვა ადგილზე სვეტი ამიტომ ვერ აღმართეს.

ტაძარს სვეტიცხოველი ეწოდა.

დიდი ხნის შემდეგ მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ახალი სვეტიცხოველი ააგო. ხოლო ახლა რომ სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი დგას, ის მირიანის მეფობიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, ხუროთმოძღვარ არსუკიძეს აღუმართავს გიორგი I მეფობის დროს.

მთაზე ჯვარი აღიმართა

კლდოვან ბორცვზე ალვის ხე იდგა. ისარნაკრავი ნადირი ამ ხის ფოთოლს თუ შეჭამდა, სიკვდილს გადარჩებოდა. ხე ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა, საოცარ სურნელს გამოსცემდა. გადაწყვიტეს, მოეჭრათ, რათა მისგან ჯვრები დაემზადებინათ. მოჭრილი ხელ მცხეთაში ოცდაჩვიდმეტ დღეს იდო, მაგრამ ერთი ფოთოლიც არ შეხმობია.

შვიდ მაისს ჯვრები დაამზადეს და ეკლესიაში შეიტანეს. იმ ღამეს ცაზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცეცხლის ჯვარი გამოჩნდა. იგი გათენებამდე სვეტიცხოვლის თავზე იდგა. რომ გათენდა ელვებივით გაიშალა. ჯვარს ერთი ვარსკვლავი მოსწყდა, სვეტიცხოვლის პირდაპირ იმ მთას დაადგა, რომელზეც ნინო ლოცულობდა და რომლის ძირშიც მისმა ლოცვამ სამკურნალო წყარო აღმოაცენა. ორი ვარსკვლავი კი სხვადასხვა მხარეს წავიდა.

ეს უცნაური სახილველი რამოდენიმე დღე მეორდებოდა.

- მთებზე ხალხი დააყენე. დაე, მათ გიამბონ, ვარსკვლავები სად დგებიან. - ურჩია ნინომ მირიანს.

მირიანი ასეც მოიქცა.

მეამბეები მალე დაბრუნდნენ.

- ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე დგება!

- ერთმა ვარსკვლავმა ქართლი გადაიარა და კუხეთში, ბოდბეს თავზე დადგა! - უთხრეს მეფეს.

მაშინ ნინომ მირიანს ურჩია, რომ ერთი ჯვარი სვეტიცხოვლის პირდაპირ მთაზე აღემართა, ერთი - თხოთისაზე, ერთი კი თავისი რძლისათვის, უფლისწულ რევის ცოლის, სალომე უჯარმელისათვის გაეტნია კახეთში, ქალაქ უჯარმაში დასადგმელად, რადგან ბოდბე ჯერ არ გაქრისტიანებულიყო.

საუკუნეთა შემდეგ ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ გუარამის ძემ სვეტიცხოვლის პირდაპირ, იქ, სადაც ჯვარი იდგა, ტაძარი ააგო. მას ჯვრის მონასტერს ვუწოდებთ. ახლაც დგას გზისპირა მთაზე და მთელ მცხეთას გადაჰყურებს.

მტკვარში ნათლობა

ქართველებს მღვდლები არ ჰყავდათ. ამიტომ, სვეტიცხოველი რომ აშენდა, ბერძენი მღვდლები ჩამოიყვანეს, რათა მათ ხალხი მოენათლათ და მცხეთელებისათვის ქრისტიანული წესები ესწავლებინათ. მათ ბერძენთა მეფემ, კონსტანტინემ, ქართველებთან წმინდა ძღვენი გამოატანა: ორი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარს მიალურსმნეს და ფიცარი, რომელზეც ქრისტეს ფეხები ჰქონდა მილურსმნული.

მთელი ქართლი მცხეთაში მოვიდეს, ყველა ერისთავი, ყველა სპასალარი, მოხუცი თუ ახალგაზრდაო, - ბრძანა მირიანმა.

უამრავი ხალხი შეიკრიბა. პირველად თვითონ მირიანი მოინათლა. შემდეგ მღვდლებმა ნანა დედოფალი და უფლისწულებიც მონათლეს.

ნინოს რომ ერთხელ მობანავე ფრინველები ეჩვენა, იმ ხიდთან მტკვარი აკურთხეს და წყალში ქართლის დიდებულები მონათლეს. ამ ადგილს მთავართა სანათლო ჰქვია. მთავართა სანათლოს გარდა ბერძენი მღვდლები ხალხს კიდევ ორ ადგილას ნათლავდნენ.

ნინო ქრისტიანობას ქადაგებს

მირიანმა ბრძანა და ქართლის სოფელ-ქალაქებში ეკლესიების შენება დაიწყეს.

ნინო მცხეთის ჩრდილოეთით მთებს აუყვა, მოიარა ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი და გააქრისტიანა. შემდეგ უკან დაბრუნდა, მაგრამ მცხეთაში არ ჩამოსულა, ერწოს მთა გადმოიარა და კახეთში, ბოდბეში ჩავიდა, იქ, სადაც ცეცხლის ჯვარს მომწყდარი ვარსკვლავი დგებოდა.

ნინოსთან მივიდნენ კახეთის დედოფალი სუჯი, მთავრები და მხედრები. სვეტიცხოვლის სასწაულები მათ უკვე სმენოდათ. ყველანი მოინათლნენ.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 31-36