ლაშა გიორგის მეფობა

თამარის წმიდა ძეობა

(მცირეოდენი შემოკლებით)

თამარი რომ გარდაიცვალა. ლაშა ოცი წლისა იყო. უხვი და უხვად შემკობილი; მშვიდი, კეთილი, უმანკო, ადამიანთა მოყვარე, ჯიუტი დათვითბუნებაც, ახოვანი, ღონიერი. უყვარდა ომი, ლხინი, ცხენოსნობა, ნადირობა, სახიობა. მაგრამ ასე მანამ იყო, სანამ ქვეყანა მტკიცედ ეპყრა, თორემ, ერთხელაც რომ მიეშვა, უმალ ყველაფერი აირეოდა.

მეფის უიღბლო სიყვარული

ახლობლები მეფის საცოლედ უცხი ხელმწიფეთა ასულებს არჩევდნენ, ლაშას კი ცოლად ის სურდა, ვინც თვითონ ეყვარებოდა. ველისციხეში ერთი იქაური ქალი მოეწონა, შეუყვარდა, ქმარს მოსტაცა და სასახლეში მიიყვანა. ჯვარი არ დასწერეს. ქვეშევრდომია, ქმარიც ჰყავს და ამიტომ ვერ დაგწერთ, არ შეიძლებაო. კათალიკოსი და ეპისკოპოსები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მეფე ქალს ვერ დააცილეს.

მალე შვილიც ეყოლა, მას დავითი დაარქვა და აღსაზრდელად თავის დას - რუსუდანს ჩააბარა. მღვდლებმა ბოლოს დიდებულები დაიხმარეს, მეფის უჩუმრად ქალი ველისციხეში წაიყვანეს და ქმარს დაუბრუნეს. ლაშას სხვა ქალი ვერ შეართვევინეს, რადგან „ფრიად ქმნულკეთილი“ ველისციხელი ქალი მას ბოლომდე თავდავიწყებით უყვარდა.

მოლხინე ლაშა გიორგი

ქვეყანა ყვაოდა. ლაშაც ხან აჯამეთში გადავიდოდა, ხან ცხუმსა და აფხაზეთში ინადირებდა, შემოდგომაზე თბილისში დაბრუნდებოდა, ზამთარში სომხეთს მიაშურებდა, გაზაფხულზე მტკვრის სათავეებს დაივლიდა. თანატოლები დაიმეგობრა. ერთად ლხინობდნენ და სამეფო საქმეებსაც ერთად განაგებდნენ.

ერთხელ მათ ლაშა დარდიმანდ მაჰმადიანებთან - რინდებთან საქეიფოდ წაიყვანეს. რინდები რას წარმოიდგენდნენ, მათთან მეფე თუ მიბრძანდებოდა, ნასვამი ლაშა ერთი უბრალო დარდიმანდი ეგონათ. აუხირდნენ... ლაშაც არ დაერიდა, მუშტიკრივი გამართეს. ჩხუბში ლაშას ერთი ისეთი ძლიერად მოხვდა, რომ მარჯვენა თვალი დაევსო.

უცხო და უცნაური მოლაშქრენი

მეფეს აცნობეს, უცხო ხალხი გამოჩნდა, უცხოდვე ლაპარაკობენ, სომხეთი მოარბიეს და გაგის მხარეში დადგნენო. ესენი მონღოლები იყვნენ. მათი სამშობლო ჩინეთის მახლობლად მდებარეობდა. აზიის ტრამალებს ახლაღა გამოჰყოლოდნენ, რამდენიმე ქვეყანა დაეპყროთ და შინ ახალი გზით ბრუნდებოდნენ.

თვალს მართლაც ეუცხოვებოდა მათი უწვერული სახეები, ფართო, ბრტყელი შუბლები, ბუსუსა შავი თმა, გრძლად გადაჭიმული მოჭუტული თვალები, ჩაჭყლეტილი, ღაწვებზე უფრო დაბალი ცხვირი, ზედ ნესტოები ძლივს რომ აჩნდა. მთელი გზა დაუჭედავი ცხენებით ევლოთ, არც საგზალი ჰქონდათ, არც მძიმე საჭურველი.

მონღოლები ორად გაიყვნენ. ერთი ნაწილი მოხერხებულ ადგილზე ჩასაფრდა, ხოლო მეორე ლაშას დაუხვდა. ვითომ ვმარცხდებითო, მონღოლთა რაზმი უკუიქცა. ლაშა იქ შეიტყუეს, სადაც მთავარი რაზმი ეყენათ. მრავალი წელიწადი იყო, რაც ქართველებს მარცხი არ ენახათ, მაგრამ - აჰა! - მიდრკა, მინელდა გორგასლიანი და დავითიანი დროშა. დამარცხდნენ, მონღოლებმა მათ სამშვილდემდე სდიეს, შემდეგ აღმოსავლეთისკენ მიბრუნდნენ, მიწას თავი სამჯერ დაჰკრეს და ტკაც! - მათი ლოცვაც ეს იყო: თითები სამჯერ დაატკაცუნეს.

საქართველოდან ერთბაშად გაქრნენ, შირვანი და დარუბანდი გადაიარეს, ყივჩაღეთში გზა ბრძოლით გაიკვლიეს. ყარაყორუმში ჩავიდნენ. მათი მთავარი ქალაქი ყარაყორუმი იყო. იქ იჯდა მრისხანე მბრძანებელი ანუ ყაენი - ჩინგიზი, ჩინგიზ ყაენი, ჩინგიზ ხანი.

ერთი წლის შემდეგ საქართველოს მონღოლები ისევ მოადგნენ. ლაშამ საბრძოლველად მთელი ჯარი გაამზადა. შეფიქრიანებულმა მონღოლებმა გაცლა ამჯობინეს.

ლაშა გიორგის ანდერძი

ლაშა ომში მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა, ოცდაათი წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის წინ წარჩინებულთ დაუბარა:

- გევედრებით, რომ ჩემს შემდეგ მეფედ რუსუდანი დასვათ. დაე, მან აღზარდოს ჩემი შვილი დავითი და, როცა იგი მეფობასა და მხედრობას შეძლებს, ტახტიც მისცეს.

ლაშა გიორგი გელათში დაკრძალეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 3-6