დავით აღმაშენებელი

(მცირეოდენი შემოკლებით)

გელათი

დავითმა ტაძრის აგება გადაწყვიტა. ქუთაისის მახლობლად ამნ მშვენიერი, უნაკლო ადგილი შეარჩია და მშენებლობას შეუდგა.

გელათის დიდებული მონასტერი რწმენისა და ცოდნის მანათობელი ადგილი გახდა. თანამედროვეები მას მეორე იერუსალიმსა და ახალ ათენს უწოდებდნენ.

დავითმა აკადემიაც შექმნა, სადაც ახალგაზრდებს წვრთნიდნენ და ანათლებდნენ. აქ მოღვაწეობდა სახელოვანი მოძღვარი იოანე პეტრიწი. გელათში სასწავლებლად უცხოქვეყნელი ჭაბუკებიც მოეშურებოდნენ.

ტაძრის მშენებლობა დავითის ვაჟმა, მეფე დემეტრე პირველმა განასრულა. ეს ის დემეტრეა, რომელსაც დაწერილი აქვს ღვთისმშობლის უკვდავი ჰიმნი:

„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,

მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,

ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული

და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული“.

დავითის დროს აკადემია კახეთში, იყალთოშიც შეიქმნა. იგი არსენ იყალთოელმა დააარსა.

სამშვილდე

წართმეულ მიწებსა და ციხე-სიმაგრეებს ქართველები თანდათან იბრუნებდნენ. ერთხელ, როცა მეფე ლიხთიმერეთში იმყოფებოდა, მისი ერთგული ერისთავები თბილისის მახლობლად სამშვილდის ციხე-სიმაგრეს დაეცნენ და გაათავისუფლეს.

სამშვილდის დაკარგვა რომ შეიტყვეს, შეშინებულმა თურქებმა სხვა მახლობელი ციხე-სიმაგრეებიც მიატოვეს და უკანმოუხედავად მოჰკურცხლეს. გამარჯვებულ ქართველებს გული მოეცათ და მტრებს უფრო თამამად შეუტიეს.

თურქები გამწარდნენ

მტკვრისა და ივრის ჭალებში თივა ზამთარშიც ისე ითიბებოდა, როგორც ზაფხულში, შეშა და წყალი მოიპოვებოდა, ნადირიც უხვად იყო.

თურქები კარვებს გაშლიდნენ, უთვალავ ცხვარს, ძროხას, ცხენს, აქლემს საძოვრად მიუშვებდნენ; საქონელი ყველაფერს აოხრებდა, თვითონ თურქები კი ნადირობდნენ, ისვენებდნენ და ლაღობდნენ.

სამშვილდე რომ ქართველებმა დაიბრუნეს, სწორედ იმ წელიწადს საქართველოში ასი ათასი თურქი შემოვიდა, რათა საძოვრებზე ჩვეულებისამებრ დაბანაკებულიყვნენ.

ქართლში, ნაჭარმაგევში მყოფმა დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა ათას ხუთასი მხედარი, მთელი ღამე იარა და ცისკრისას თურქებს თრიალეთში სწვდა. თავგზააბნეულმა და დაზაფრულმა თურქებმა ყველაფერი მიატოვეს და უკანვე მოუსვეს. ეს ისე უცებ მოხდა, რომ დავითის მეომრებს ეგონათ, თურქები ბრძოლას ხვალ აპირებენო.

გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავი გაათავისუფლა. თურქები მთლად აირივნენ, ვერსად ვეღარ იბუდებდნენ, რადგან ქართველები ყველგან თავს ესხმოდნენ და მუსრს ავლებდნენ.

საქართველოს საზღვრები დღითი დღე იზრდებოდა, დავითი ახალ მიწებს იპყრობდა, კიდით კიდემდე ქუხდა სახელი უძლეველი მეფის - დავით აღმაშენებლისა.

თურქები მეტისმეტად გამწარდნენ და დაიწყეს ფიქრი, თუ დავითზე შური როგორ ეძიათ.

ყივჩაღები

დავითმა განიზრახა, რომ შეექმნა ჯარი, რომლითაც საქართველოს გაათავისუფლებდა და თურქებს სხვა დაპყრობილ ქვეყნებსაც წაართმევდა.

მან სთხოვა თავის სიმამრს, ყივჩაღთა მთავარს ათრაქა შარაღანის ძეს, რათა მისთვის ორმოცი ათასი ოჯახი მოეცა. დავითი მათ საქართველოში დაასახლებდა; ომიანობისას თითო ოჯახი მეფეს თითო მეომარს მისცემდა და მეფეს ორმოცი ათასი - მარტო ყივჩაღი მეომარი ეყოლებოდა. ყივჩაღები კავკასიონის ჩრდილოეთით მომთაბარეობდნენ. ისინი განთქმული მეომრები იყვნენ და თუკი მათ თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა, მეფე დიდზე დიდ ძალას შეიძენდა.

ყივჩაღები საქართველოში სიხარულით ჩამოსახლდნენ. ქართულ ლაშქარსაც მათ არაერთხელ გაამარჯვებინეს.

დავითის ლაშქარი

ყივჩაღთა გარდა დავითის ლაშქარში ოცი ათასი ქართველი მეომარიც იყო. დავითს ჰყავდა აგრეთვე ხუთი ათასი მეომარი, რომლებიც თვითონ მას იცავდნენ. მათ მონა-სპა ერქვათ. კიდევ იყო სამეფო სპა. მეფის დაძახილზე ის უმალ შეიკრიბებოდა. მეზობელი ქვეყნებიდან დაქირავებულ ჯარს როქის სპა ერქვა. აი, ეს იყო დავითის ლაშქარი, რომელიც მტრებს შიშის ზარს სცემდა.

თავდადებულ და მამაც მეომარს დავითი უხვად აჯილდოებდა, ხოლო მხდალს ქალის კაბას გადააცმევდა - ნახეთ, შეხედეთ, კაცი კი არა, ქალიაო.

ქართველებმა თურქ-სელჩუკებს შირვანი აართვეს. ილაშქრეს სომხეთში, სპარსეთში, სირიაში.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 89-92