დავით აღმაშენებელი

თბილისის უხუცესები

თბილისი მაჰმადიანებს ეპყრათ მურვან ყრუს დროიდან.

ოთხასი წელიწადი გასულიყო!

ქალაქს უხუცესები განაგებდნენ. ესენი მაჰმადიანებიც იყვნენ და ქრისტიანებიც (ქართველები). უხუცესები მიხვდნენ, რომ მათ ბატონობას დავითი მალე ბოლოს მოუღებდა. წაიყოლეს დმანისელი და განჯელი უხუცესები, ხელ-პირი შავად შეიღებეს, ზოგმა სულაც მთელი ტანი შეიღება, ტანსაცმელი ჩამოიგლიჯეს, თავზე ნაცარი დაიყარეს და თურქთა სულთანთან მაჰმუდ მაჰმუდის ძეს ვაი-ვიშით, გვიშველეთ, თორემ დავითი თბილისს გვართმევსო, ერაყში ეახლნენ.

აქოთქოთებულ უხუცესთა სტუმრობამ სულთანი მეტისმეტად გაახარა, მას სწორედ შინაგამცემები სჭირდებოდა. სულთანმა მთელი თავისი ჯარი შეკრიბა და სახელოვანი სარდლის ილღაზის მეთაურობით სამასი ათასი რჩეული მეომარი საქართველოში გამოგზავნა.

დიდგორი

მაჰმადიანები დიდგორის ველზე დაბანაკდნენ.

დავითს ორმოცდათექვსმეტი ათასი მეომარი ჰყავდა. იგი მეთაურობდა ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელიც მტერს უნდა დახვედროდა. ერთი ნაწილი მთაზე ჰყავდა უფლისწულ დემეტრეს. ბრძოლისას მტერს იგი მოულოდნელად უნდა დასცემოდა. დავითმა ლაშქარს მიმართა:

- ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით თუ ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ ხელები ცისკენ აღვაპყროთ, ძლიერ ღმერთს აღვუთქვათ, რომ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. იცოდეთ, ხეობა ჩახერგილია და თუნდ მოვინდომოთ, გაქცევას მაინც ვერ მოვახერხებთ. მოახლოებულ მტერს მტკიცე გულით და დაუნდობლად შევუტიოთ.

ძლევაჲ საკვირველი

ქართველთა ლაშქარს ორასი მხედარი გამოეყო და თურქთა ბანაკისაკენ გაემართა. თურქებს ისინი მოღალატეები ეგონათ, თავიანთ რიგებში შეუშვეს - რას იფიქრებდნენ, ორასი კაცი სამასიათასიან ლაშქარში თუ შებედავდა!

მაგრამ თავდადებულმა ქართველებმა იარაღი იშიშვლეს და თურქებს დაერივნენ. თურქები დაიბნენ. გონს მოსვლა ვერ მოასწრეს, დავითმაც რომ შეუტია, მთიდან დემეტრე დაეშვა. უკანა ხაზზე მდგომმა თურქებმა ვერ გაიგეს, წინ რა ხდებოდა და შეშინებულებმა პირი იბრუნეს. მიდამო თურქთა გვამებით აივსო.

ცოცხლად გადარჩენილი თურქები უკან უაზროდ იხევდნენ და ერთმანეთს თელავდნენ; ტყვედ ჩავარდა უამრავი თურქი და არაბი, მათ შორის სარდლები და გოლიათებიც. გაქცეულებს დავითმა ქალაქ ანისამდე სდია და მუსრი გაავლო. დაჭრილი ილღაზი რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად ძლივს გადარჩა.

ასე ბრწყინვალედ დაამარცხეს ქართველებმა თურქ-სელჩუკები. ასე დიდი მეფე და დიდი სარდალი იყო დავით აღმაშენებელი.

დიდგორის ომში გამარჯვებას უწოდეს ძლევაჲ საკვირველი, ესე იგი საოცარი გამარჯვება: დავითის სულ რაღაც ორმოცდათექვსმეტი ათასმა მეომარმა ხომ თურქთა და ყველა ჯურის მაჰმადიანთა რჩეული სამასათასკაციანი ლაშქარი სამ საათში დაამარცხა.

თბილისის გათავისუფლება

დიდგორზე გამარჯვებულმა დავითმა თბილისი მალე ალყაში მოაქცია. უხუცესებმა მეფეს ელჩები მიუგზავნეს, მაგრამ დავითს მათი პირობები არ მოეწონა. თბილისის აღება გადაწყვიტა. მეფის ლაშქარი ქალაქში შევიდა. ხუთასი უხუცესი დავითმა სიკვდილით დასაჯა და სამეფო წესრიგი დაამყარა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 92-95