დავით აღმაშენებელი

„განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩვენზედა“

დავითის მამის - გიორგი მეორის მეფობისას საქართველოს მეზობელი ქვეყნები თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. ქართველ კაცსაც მოსვენება დაეკარგა, იგი უამრავ შიშსა და ჭირს შეესწრო, გამწარდა, დაუძლურდა, თურქები დროდადრო სოფლებსა და ქალაქებში შემოიჭრებოდნენ, ყველაფერს დაძარცვავდნენ, მოარბევდნენ, ააოხრებდნენ. დაიწყო ქვეყნის გაჩანაგება.

„აჰა, ქვეყანა... უკაცური“

მოღალატე ქართველებმა ერთხელ თურქებს აცნობეს, რომ გიორგი ყველისციხეში იმყოფებოდა. თურქების დიდი ლაშქარი ციხეს მოულოდნელად დაეცა. დამარცხებული გიორგი აფხაზეთისაკენ გაიქცა, ხოლო ძვირფასი ნადავლით ხელდამშვენებული თურქები უკანვე გაბრუნდნენ. გზად მათ შემოხვდნენ სხვა თურქები, რომლებიც სალაშქროდ ბიზანტიაში მიეშურებოდნენ. ახალმოლაშქრეებს თურქებმა თავიანთი ნადავლი აჩვენეს, მეფის გაქცევაც აცნობეს და ურჩიეს:

- სხვაგან რად მიეშურებით? აჰა, უკაცური ქვეყანა - საქართველო, სადაც ამდენი სიმდიდრეა. დარჩით და აქაურობა ძარცვეთო. და თურქები კალიებივით მოეფინენ კლარჯეთსა და შავშეთს, აჭარას, სამცხეს, სამეგრელოს, ქართლსა და არგვეთს. გადაწვეს ქალაქი არტანუჯი და კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები. ააოხრეს ქუთაისის ახლომდებარე სოფელ-ქალაქები, რომელთაც მაშინ სამოქალაქოს ეძახდნენ. ქუთაისი კი დაწვეს.

თურქებმა ქვეყანა ერთიანად გადაჭამეს, გადაჯეგეს. ვინც თავი კლდე-ღრეს, ტყეებსა და გამოქვაბულებს შეაფარა, იმასაც მისწვდნენ, ისინიც დახოცეს, ამოწყვიტეს.

დიდი თურქობა

იმ ხალხს, ვისაც თავისი ქვეყანა, საცხოვრებელი არ გააჩნია, ვინც დედაბუდიანად სხვა ქვეყნებში დაეხეტება და სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობს, მომთაბარე ხალხი ჰქვია.

თურქებიც მაშინ მომთაბარედ ცხოვრობდნენ. ყოველ გაზაფხულზე თავიანთ ურიცხვ ცხვარ-ძროხას ერთ ადგილზე ჩამორეკავდნენ, ნოყიერ საძოვრებს დაეპატრონებოდნენ, ზამთარში კი სხვაგან გადაბარგდებოდნენ. ხვნა-თესვა გაწყდა, ქვეყანა მოოხრდა, ტყედ გადაიქცა, სოფლები დაცარიელდა, ადამიანთა სანაცვლოდ იქ მხეცები დამკვიდრდნენ; ერთ დროს აყვავებულ ქვეყანას ჯერაც გაუგონარი, ყველა ჭირზე უარესი ჭირი ხრავდა; თურქებმა მღვდლები დახოცეს და ეკლესიები ცხენების სადგომად - საჯინიბოებად გადააქციეს; მოხუცებს, ქალებს, ჭაბუკებს, ჩვილებს არავის ინდობდნენ, წყლის ნაკადულების ნაცვლად საქართველოში სისხლის მდინარეები დიოდა..

თურქთაგან რბევასა და აოხრებას ხალხმა დიდი თურქობა უწოდა.

გიორგი მწარე საფიქრალს მისცემოდა: რა ექნა? ქვეყანა როგორ გადაერჩინა? იქნებ ბიზანტიელებს ეშველათ, ისინი ხომ ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ რა? - თურქებს თვითონ მათი ქვეყნები ეპყრათ და ბიზანტია თავის თავსაც ვერ პატრონობდა. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ თურქთა სულთანს ხლებოდა, მოწყალება ეთხოვა, რომ მას ქვეყანა ასე ერთიანად არ გაეპარტახებინა.

წყალობა

ქედმოდრეკილი გიორგის ხილვამ სულთანი მეტისმეტად გაახარა. დაჰპირდა, რომ თურქები საქართველოს აღარ დაარბევდნენ, ოღონდ ქართველებს ხარაჯა უნდა ეძლიათ.

სულთანმა გიორგის თავისი ლაშქარიც გამოაყოლა, რათა მას კახეთისა და ჰერეთის განდგომილი მეფეები დაემარცხებინა და ეს მხარეები საქართველოსათვის დაებრუნებინა. მრავალრიცხოვანი ლაშქრით შემოდგომაზე ვეჯინის ციხეს მიადგა. თუ მას აიღებდა, კახეთსაც შეიერთებდა.

ალყა გაჭიანურდა, ამასობაში კიდეც წამოთოვა. გიორგის დასავლეთ საქართველოში განავარდება, აჯამეთის ტყეში ნადირობა მოუნდა. იგი ვეჯინს დაესხა, თურქ თანამოლაშქრეებს სუჯეთი და ივრისპირეთი უბოძა, თვითონ კი ლიხის მთა გადაიარა და აჯამეთს მიაშურა.

სულთანს ახლა კახეთის მეფე აღსართანი მიადგა და იგი მან გიორგიზე მეტად გაახარა: ქრისტიანობა დააგდო და მაჰმადიანობა აღიარა. სულთანმა მას კახეთის მეფობა განუმტკიცა.

მიწისძვრა

აღდგომა დღეს, 1088 წელს, საქართველოში მიწა ისე სასტიკად იძრა, რომ მთები და კლდეები ჩამოიქცა, ქალაქები და სოფლები დაირღვა, ტაძრები დაეცა, სახლები მიწაში ჩაინთქა და ჩაიზილა, ციხე-სიმაგრეებიც კი ჩამოინგრა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 82-85