დავით აღმაშენებელი

(მცირეოდენი შემოკლებით)

მოძღვართ მოძღვარი

ერთხელ დავითმა სომეხი მღვდლები შეკრიბა. მათთან ერთად იხმო ქართლის კათალიკოსი იოანე, ეპისკოპოსები, ბერები, დიდი მეცნიერი და განმანათლებელი არსენ იყალთოელი და სხვები. დავითს სურდა სომხურ და ქართულ ქრისტიანობაზე ესაუბრა, როგორმე იქნებ საერთო ენა გამოვნახოთო.

სომხები და ქართველები ცისკრიდან გვიან ღამემდე კამათობდნენ, ცდილობდნენ, კამათში როგორმე ერთმანეთისათვის ეჯობნათ და არაფერს ერიდებოდნენ. მეფემ მათ უსმინა და შემდეგ უთხრა:

- თქვენ, როგორც ფილოსოფოსებს შეეფერებათ, ღრმად და უცნაურად მსჯელობთ, ჩვენ კი ერისკაცები, უსწავლელები ვართ და თქვენს საუბარს ვერ ვგებულობთ. თქვენ იცით, რომ მეც უსწავლელი ვარ, რადგან მხედრობაში აღვიზარდე, რომ გისმენთ, საუბარი მეც მომინდა: უსწავლელი, ლიტონი და მარტივი სიტყვებით დაგელაპარაკებით. და ისეთი საუბარი დაიწყო, რომ უეჭველი იყო, თითოეულ სიტყვას მას ღმერთი ჩააგონებდა.

სომეხმა მღვდლებმა თავიანთი მარცხი აღიარეს და დავითს ქართველ მღვდლებზე უთხრეს:

- ჩვენ, მეფეო, ამ მოძღვართა მოწაფე გვეგონე, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მოძღვარი თვითონ ყოფილხარ.

ქსენონი

გელათში დავითმა საავადმყოფო-ქსენონი ააგო, სხვადასხვა სენით შეპყრობილი ადამიანები შეკრიბა და მათი მკურნალობა მოაწყო. სნეულებთან თვითონაც ხშირად მივიდოდა, თითოეულს მოიკითხავდა, ეამბორებოდა, მამასავით მიეფერებოდა, გაამხნევებდა, ოქროთიც უხვად დაასაჩუქრებდა.

ქსენონში დავითი ქვეშაგებსა და ტანსაცმელს ავადმყოფებს თავისივე ხელით უსინჯავდა, რათა გაეგო, ხომ ყველაფერი წესრიგში იყო.

სუსტისა და უძლურის პატივისცემა ქრისტიანს ყველაფერზე მეტად ამშვენებს.

წიგნისმოყვარე მეფე

დავითს წიგნები განსაკუთრებით უყვარდა. მოგზაურობისას თუ ლაშქრობისას ჯორითა და აქლემებით წიგნებიც თან დაჰქონდა. ცხენიდან როგორც კი ჩამოხდებოდა, მსახურები მაშინვე წიგნს მიართმევდნენ და ისიც შეუსვენებლად კითხულობდა. ვიდრე თვალი არ დაეღლებოდა, წიგნს ხელიდან არ გაუშვებდა, ხოლო როცა დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი უსმენდა.

ჩვევად ჰქონდა: წიგნს რომ ჩაამთავრებდა. ბოლოში ნიშანს დასვამდა ხოლმე. ამიტომ წიგნს რომ დახედავდი, უმალ მიხვდებოდი, მეფეს იგი რამდენჯერაც წაეკითხა: „მოციქულთა საქმე“ მარტო ერთ წელიწადს ოცდაოთხჯერ წაიკითხა.

წიგნი და ხმალი

თბილისი მაშინ ჯერაც მაჰმადიანებს ეპყრათ, როცა დავითს ერთი უცნაური ამბავი შეემთხვა. განჯიდან თბილისს დიდი ქარავანი მოადგა; ქარავანს მრავალი თურქი ახლდა. დავითმა თხუთმეტი რჩეული მსახური ლოჭინს გაგზავნა ნახირის გამოსადენად (თურქებს საქონელი რომ არ გაეტაცნათ). სამასი მეომარი ავჭალაშიც დააყენა. თვითონ კი ერთადერთი ხმლის ამარა მარტოდმარტო გამობრუნდა.

გზად ცხენიდან ჩამოხდა და წიგნის კითხვას შეუდგა. ისე გაერთო, რომ ნახირისა და თურქების საქმე სულ გადაავიწყდა. მსახურებმა ნახირი გამოდენეს, მაგრამ მათ ასამდე თურქი მოეწია და ბრძოლა გაიმართა. თურქებმა ქართველებს ცხენები დაუხოცეს, მსახურები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ თხუთმეტი ქვეითი ას მხედარს როდემდე გაუძლებდა?

დავითს ხმაური შემოესმა. უმალ იაზრა, რაც მომხდარიყო. წიგნი სასწრაფოდ დახურა, ამხედრდა, ხმას მიჰყვა. უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული მსახურები დაინახა.

ავჭალის ღელესთან დაბანაკებულ სამას მეომარს აცნობებდა, მაგრამ ამასობაში თურქები მსახურებს დაუხოცავდნენ. დავითი მეომრებში არწივივით ჩაშრიალდა, თურქები კაკბებივით მიმოაბნია და იმალვე იმდენი თურქი მოკლა, რომ მსახურები მათ ცხენებზე ამხედრდნენ.

მაშინ კი იმარჯვეს და მეფის მხარდამხარ თურქებს დაერივნენ... ქალაქში მხოლოდ რამოდენიმე თურქმა შეასწრო. ხმალი ცემამ ისე დაგრიხა, რომ დავითმა იგი ქარქაშში ვეღარ ჩააგო.

ღვაწლი 

დავითს მეფეთა მეფეს უწოდებდნენ, რადგან მას სხვა სახელმწიფოთა მეფეებიც ემორჩილებოდნენ. თურქთა სულთანიც კი ხარკს აძლევდა. ერთ დროს თავისად ქონებული ქვეყნები და ქალაქები აღარც ახსოვდა, ძვირფასი ძღვენით ხელდამშვენებულ მოციქულებს ზედიზედ გზავნიდა, მშვიდობას ითხოვდა.

დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა და გააერთიანა საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები: საქართველოს საზღვრები გასწია ნიკოფსიითგან დარუბანდამდე, ანუ შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, და ოსეთიდან არაგაწამდე, ანუ კავკასიონიდან აზიის მთებამდე.

დავითი იყო მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა და შირვანთა, მესიის მახვილი, ესე იგი ქრისტეს მხედარი, ვინც ქრისტიანობას ხმლით იცავდა. საქართველო მთელ კავკასიას, აგრეთვე, ბიზანტიისა და სპარსეთის ქვეყნებსაც სწვდებოდა. დავითმა ქვეყანა დაამშვიდა, აავსო, გაამდიდრა, გაანათლა... იმედ და ძალადაკარგულს რწმენა და ძლევის უნარი აღუდგინა; ააშენა ტაძრები, გზები, ხიდები, სოფლები და ქალაქები.

უაღრესნი სხვათა

იცით, მემატიანე რას წერს?

დიდი ალექსანდრე მაკედონელი შორეულ ქვეყნებს უკვე დაპყრობილი ქვეყნების მეომრებით მისწვდა, თორემ დავითის მსგავსად მხოლოდ თავისი მეომრები, მხოლოდ მის ოდენი ლაშქარი რომ ჰყოლოდა, ვერაფერსაც ვერ გახდებოდაო.

ხოლო დავითი, - განაგრძობს მემატიანე, - სპარსთა, ბერძნენთა, რომალეთა ან რომელიმე სხვა დიდი ქვეყნის მეფე რომ ყოფილიყო, რასაც იზამდა, მაშინ ნახავდითო.

გელათის მიწა

დავითი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს.

ყოველ 8 თებერვალს საქართველოს ეკლესია იხსენებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და სახელს; ყოველ 8 თებერვალს თოვლსა და ქარბუქში მლოცველები მიიკვლევენ გელათის დიდ აღმართს, რათა პატივი მიაგონ მონასტრის ძველ კარიბჭეში დასვენებულ მეფეს.

დავითის საფლავზე წერია: „ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“.

იქვე ჰკიდია რკინის კარი, რომელიც დავითის ვაჟმა დემეტრემ განჯის გალავანს შეხსნა.

ყივჩაღთა ასული

ყივჩაღთა ასულმა გურანდუხტმა, საქართველოს დედოფალმა, დავითის გარდაცვალების შემდეგ თმები შეიჭრა, თალხი ჩაიცვა და იერუსალიმს მიაშურა. მონაზვნად აღკვეცილმა გურანდუხტმა მთელი სიმდიდრე ქართველ დედათა მონასტერს მიახმარა. ბოლოს, როცა იერუსალიმში შიმშილობა ჩამოვარდა, უკანასკნელი განძი - ოქროს ძვირფასი ჯვარი გაყიდა და მისი საფასით მონასტრის წმინდა დედებს უშველა.

ეს ჯვარი არ დაკარგულა, იგი ახლაც ინახება საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 98-103