დავით აღმაშენებელი

(მცირეოდენი შემოკლებით)

გვირგვინოსანი

ერთი წლის განმავლობაში მიწისძვრა რამდენჯერმე განმეორდა. შემდეგ ბუნება თანდათან დამშვიდდა, დიდი თურქობის ბნელეთიც, თორმეტ წელიწადს რომ გრძელდებოდა, თანდათან გაიცრიცა და საქართველოს ცაზე დიდებული მზე ამობრწყინდა. სამეფო ტახტზე გიორგი მეორის ვაჟიშვილი, შემდგომ აღმაშენებლად წოდებული ჭაბუკი - დავითი აბრძანდა.

დავითი თექვსმეტი წლისა იყო, როცა მამამ გვირგვინი თვითონვე დაადგა. მეფედ იგი ქუთაისის ტაძარში აკურთხეს.

ლიპარიტის გაძევება

მოოხრებული ქვეყნის პატრონობა დავითმა მოღალატეთა აღხოცვით დაიწყო.

იმ დროს ცხოვრობდა უძლიერესი ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. მას კლდეკარის ციხე, თრიალეთი და მრავალი სხვა მხარეც ეპყრა. მეფეს ლიპარიტი ერთგულებას ეფიცებოდა, გულში კი სულ სხვას ფიქრობდა. დავითმა ლიპარიტი შეიპყრო და ციხეში გამოამწყვდია, მაგრამ მისი ფიცი დაიჯერა და მალე გაათავისუფლა. ხოლო ბოროტმა ბოროტება არ დაიშალა და კვლავ ახალი ხრიკები წამოიწყო.

დავითმა დაინახა, რომ ძაღლის კუდი არ გასწორდებოდა, რომ კირჩხიბმა წაღმა ვერ გაიარა, ლიპარიტი ხელახლა შეიპყრო, ორ წელიწადს ციხეში ამყოფა, შემდეგ ყველა უფლება აჰყარა და ბიზანტიაში გააძევა.

მალე გარდაიცვალა რატი - ლიპარიტ ბაღვაშის ვაჟიშვილი. ამით დასრულდა მოღალატე ბაღვაშთა გვარი, მათი სამფლობელოები დავითმა დაიმორჩილა.

ჯვაროსნები

თურქ-სელჩუკები უზარმაზარ ტერიტორიას მბრძანებლობდნენ. მათ იერუსალიმი და სხვა წმინდა ადგილებიც ეპყრათ.

ევროპელი ქრისტიანები შეიარაღდნენ და წმიდა ადგილების გასათავისუფლებლად აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ. მათ ტანსაცმელზე ჯვრები ეხატათ, ამიტომაც ჯვაროსნები ეწოდებოდათ.

აქამდე გალაღებულ თურქებს ახლა საზრუნავი გაუჩნდათ, რომ მრავალრიცხოვან ჯვაროსანთა შემოტევები როგორმე მოეგერიებინათ. დავითმა მათი აფორიაქებით ისარგებლა და ხარაჯა აღარ მისცა. კახეთის მეფეს მან ზედაზნის ციხეც წაართვა და ამით აგრძნობინა, რომ მის სამეფოსაც მალე დაიმორჩილებდა.

რუის-ურბნისის კრება

საქართველოს ეკლესიაში იმ დროს მრავალი უღირსი მღვდელი მოღვაწეობდა. ყურადღებას აქცევდნენ, ვინ ვისი შვილი იყო, ვის რა შეძლება და სიმდიდრე ჰქონდა - ეპისკოპოსებად თუ სხვა დიდ საეკლესიო თანამდებობებზე მათ სწორედ ამის მიხედვით ნიშნავდნენ.

ავაზაკი მღვდლები სიწმინდის ნაცვლად ხალხს ყოველგვარ უსჯულოებას ასწავლიდნენ, ყველა ცოდვას თვითონვე ჩადიოდნენ, რაც ღმერთს განარისხებდა: მღვდლის ცოდვა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ერისკაცისა, რადგან მღვდელმა უფლის ნება უკეთ იცის და მაინც თუ არ ემორჩილება, ღმერთი მას უფრო სასტიკად დასჯის.

რუისსა და ურბნისში დავითმა შეკრიბა კათალიკოსი, მღვდელმთავრები, ბერები, მღვდლები, მეცნიერები. მრავალ დღეს ისაუბრეს, ახალი საეკლესიო წესები დაადგინეს, უღირსი წარჩინებულები ეკლესიიდან განდევნეს და მათი ადგილები სათნო, ჭეშმარიტ ქრისტიანებს დაუმკვიდრეს.

კახეთი და ჰერეთი დაიბრუნა

მაჰმადიანი აღსართანის შემდეგ კახეთში კვლვა კვირიკე მეფობდა. კვირიკე რომ გარდაიცვალა, ტახტზე დასვეს მისი ძმისწული, რომელსაც ასევე აღსართანი ერქვა. აღსართანს მეფობის ნიჭი არ გააჩნდა, ერთი ცუნდრუკი, უსჯულო და თავნება კაცი იყო. მისი უჭკუობით თავმობეზრებულმა ჰერეთის დიდებულებმა აღსართანი შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს; კახეთი და ჰერეთი საქართველოს დაუბრუნდა.

ერწუხის ბრძოლა

თურქებმა, განჯის ათაბაგმა და კახეთის მოღალატე დიდებულებმა დავითზე გამოილაშქრეს. დავითი მათ ერწუხის ხეობაში დახვდა. მეფეებს წესად ჰქონდათ: თავიანთი ლაშქრის უკან დადგებოდნენ და ბრძოლას იქიდან ხელმძღვანელობდნენ. დავითი კი ბრძოლისას ყველაზე წინ გაიჭრა და მტრის რიგებში გრიგალივით დატრიალდა. მეფის თავდადებითა და ვაჟკაცობით გამხნევებული მეომრები მტრებს თავგამეტებით ეკვეთნენ და ისინი სასტიკად დაამარცხეს.

ამ ბრძოლაში დავითს სამი ცხენი მოუკლეს, მაგრამ მეოთხე ცხენზე ამხედრებულმა, მან მაინც იმარჯვა და ომი ძლევამოსილად დაამთავრა.

ხმალს დადენილი მტრის სისხლი დავითს სახელოდან უბეში ჩაუგროვდა; სარტყელი რომ შეისხნა, უბიდან სისხლმა ერთბაშად იფეთქა და თანამებრძოლებს დავითი მძიმედ დაჭრილიც კი ეგონათ.

ერწუხის ბრძოლაში ქართველებმა დიდებულად იმარჯვეს. ახოვანი დავითი გოლიათ მტრებს მიწაზე ანარცხებდა, მისი მოლაშქრეები კი ერთიორად მეტ მოწინააღმდეგეს არათუ ერეოდნენ, არამედ ხელითაც კი იპყრობდნენ. გამარჯვებულმა ქართველებმა კახეთ-ჰერეთის ყველა ციხე-სიმაგრე დაიკავეს და ხალხს წყალობა მზესავით მოჰფინეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 85-89