დავით აღმაშენებელი

ბიბლიური დავითის მსგავსად

(მცირეოდენი შემოკლებით)

უძველესი საღმრთო წიგნი - ბიბლია - გვიამბობს სახელოვანი მეფის, იესო ქრისტეს მიწიერი ნათესავის დავითის ამბავს, ვინც ისრაელის სახელმწიფო შექმნა და განავრცო.

ქათველი მეფეები, ბაგრატიონები, სწორედ ამ დავითის შთამომავლებად ითვლებიან.

ბიბლიურმა დავითმა იებოსელთა ოთხასწლიანი ტყვეობისაგან გაათავისუფლა იერუსალიმი და ისრაელის სამეფოს დედაქალაქად გადააქცია.

ქართველთა მეფე დავითმაც თბილისი მაჰმადიანთა ოთხასწლიანი ტყვეობისაგან დაიხსნა, საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა და სამეფო ტახტი ქუთაისიდან იქ გადაიტანა. თბილისის მოქალაქეებს დავითი კეთილად ეპყრობოდა. მეფის დიდსულოვნებას ყველა ხედავდა.

დავითმა მალე განჯაშიც ილაშქრა. თურქ-სელჩუკები ამან სულ მთლად გააცოფა.

სულთან მაჰმუდის მუქარა

ცოცხლად გადარჩენილი რამდენიმე უხუცესი კვლავ სულთან მაჰმუდს მიადგა და შველა სთხოვა. მაჰმუდი დიდი ლაშქრით შირვანში შემოიჭრა (ეს შირვანი ახლანდელი აზერბაიჯანია), ქალაქ შემახიაში დავითის ძმადნაფიცი შირვანის შაჰი დაატყვევა და დავითს შემოუთვალა:

„შენ ტყეების ხელმწიფე ხარ და ველზე ვერასდროს გამოხვალ. შირვანშაჰი შევიპყარი; შენგან ხარაჯას ვითხოვ; საკადრისი ძღვენი გამომიგზავნე ან, თუ გენებოს, სამალავიდან გამობრძანდი და მნახე“.

სულთანი მაჰმუდი გაიქცა

სულთანის ელჩები დავითმა უპასუხოდ გაისტუმრა. ორმოცდაათი ათასი მეომარი შეკრიბა და შემახიას გაემართა. დავითი მოდისო, რომ გაიგო, შეფიქრიანებულმა სულთანმა ბანაკი ფაცხა-ფუცხით აყარა და ქალაქში ჩაიკეტა. მას ერთი მხრიდან თხრილები და ხერგილები იცავდა. ხოლო მეორე მხრიდან ქალაქის გალალვნები. ქართველები შემახიას ირგვლივ შემოეკრნენ. ალყამ სულთანი წაახდინა, წყირვილმა და შიმშილმა შეაწუხა და თავისი როყიო მუქარა სრულიად გადაავიწყდა.

გასაქცევი გზა მომეციო, შემოევედრა დავითს. დავითმა პასუხი დაუყოვნა. სულთანის დასახმარებლად იმ დღეს რანის ათაბაგი აღსუნღულიც მოვიდა. ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო და ერთი ნაწილი აღსუნღულს დაუხვდა. რანის ათაბაგს ჯარი სულ შემოაწყდა, სულთანთან თვითონ ძლივს შეაღწია.

ეს იმედიც გაცუდდა. რანის ულაშქრო ათაბაგს სულთანმა ერთი ახედ-დახედა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აქ ხეირი არ დაადგებოდა, ნაგვის ხვრელში გაძვრა და ქალაქიდან ისე გაიპარა.

მეორე თვეში და მეორე წელსაც დავითმა შირვანში კვლავ ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა დმანისი გაათავისუფლა, მისი ხმალი მალე კასპიის სანაპიროებს, შორეულ დარუბანდსაც გადასწვდა.

ანისი  

დავითმა სომხეთის დიდი ციხე-სიმაგრეები და სამხრეთი საქართველო თურქებისაგან გაწმინდა. სომეხი დიდებულები ეახლნენ და თავიანთი დედაქალაქის - ანისის გათავისუფლებას ევედრნენ.

ანისი ქურთ მაჰმადიანებს ეპყრათ. ანისის ახლომახლო თურქებმა რომ იმძლავრეს, შეშინებულმა ქურთებმა გადაწყვიტეს, ქალაქი მათთვის მიეყიდათ.

სომეხ მამულიშვილებს რა ექნათ? თვითონ ისე დაუძლურებულიყვნენ, რომ მაჰმადიანებს უბატონოდ ხმას ვერ სცემდნენ.

დავითმა სამოცი ათასი მეომარი შეკრიბა  და ანისს მიაშურა. სომხებმა ქალაქის კარი გაუღეს და დავითმაც ანისი თითქმის უბრძოლველად აიღო. სამოც წელიწადს ტყვეობაში მყოფი ქალაქის გათავისუფლებამ სომხები აღაფრთოვანა. ისინი ზეიმობდნენ და ღვთისაგან მოვლენილ მეფეს ლოცავდნენ.

როგორ გადაარჩინა დავითი ხატმა

ლაშქარი ქართლის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრესთან დაბანაკებულიყო. შუადღის ხვატისაგან დასიცხული მეფე კარვის შესასვლელთან პერანგის ამარა იდგა. ციხიდან უეცრად ვიღაცამ ისარი სტყორცნა. ისარი მოხვდა მთავარანგელოზის პატარა ხატს, რომელიც მეფეს გულზე ეკიდა. ასე დაიცვა და გადაარჩინა დავითი ღმერთის ძალამ.

ღმერთი დავითს მუდამ მფარველობდა, უმარჯვებდა, რაგდან იგი ჭეშმარიტი ქრისტიანი და ღვთის საქმისათვის მებრძოლი მეფე იყო.

ეკლესია-მონასტრებს დავითმა არა მარტო საქართველოში უპატრონა, არამედ ბულგარეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, სირიაში, შავ მთაზე, პალესტინაში.

განსაკუთრებით იერუსალიმის წმინდა ტაძრებს შველოდა. სინას მთაზე, სადაც ებრაელთა წინასწარმეტყველმა მოსემ ღმერთი იხილა, დავითმა ქართველთა მონასტერი ააგებინა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 95-98