დემეტრე თავდადებული

მონღოლი ქალის შვილობილი

როცა დავით ულუ აჯანყდა, მისი ცოლ-შვილი - პატარა დემეტრე და გვანცა დედოფალი მონღოლებმა დაატყვევეს, ბარდავში ჩაიყვანეს. გვანცა სიკვდილით დასაჯეს. ბავშვსაც იგივე ემუქრებოდა, მაგრამ ერთ-ერთი ნოინის უშვილო ცოლმა იშვილა და გადაარჩინა.

დემეტრე მეფედ აკურთხეს

მეფობა, ცხადია, ყაენმა დაუმტკიცა. თორმეტი წლისა თბილისში ჩამოიყვანეს, ტახტზე დასვეს, კურთხევის წესი შეუსრულეს.

დემეტრე მეფობაში წამოიზარდა. ლამაზი და ახოვანი, რჩეული მეომარი, ცხენოსანი და მშვილდოსანი ყოფილა. ღამით თბილისის ქუჩებს დაივლიდა, ობლებს, გლახაკებსა და დავრდომილებს წყალობას დაურიგებდა; ეს რომ იცოდნენ, გლახაკები ღამღამობით ქუჩებში გამოდიოდნენ, იქნებ მეფეს შევეყაროთ და წყალობა მივიღოთო.

თბილისში, მტკვრის ნაპირზე მან მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ააგო.

მრავალცოლიანობა

მეფეს უსჯულოება დაეუფლა; მონღოლთა წესისამებრ, მანაც რამდენიმე (სამი) ცოლი შეირთო: ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი, ერთიც - მონღოლი ქალი, აგრეთვე - სარგის ჯაყელის შვილიშვილი (ბექა ჯაყელის ასული) ნათელა.

შფოთავდნენ და მრისხანებდნენ ქართული ეკლესიის მამები. კათოლიკოსი ნიკოლოზი, აწყურის ეპისკოპოსი და სხვები უსჯულოებას ამხელდნენ. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ნიკოლოზმა ახალი კათოლიკოსი აბრამი აკურთხა, თვითონ, მოხუცებული, თავის მამულში წავიდა და იქ მიიცვალა.

მიწისძვრა

ვნების კვირის ოთხშაბათს მცხეთაში მიწა იძრა; მიწა ხუთშაბათსაც იძრა - მცირედ. პარასკევსაც. ხოლო შაბათს, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს, „საფუძვლითურთ შეიძრა ქუეყანა“, მიწა გაიპო და კუპრივით შავი წყალი ამოიჭრა, ტაძრები, სახლები და ციხეები დაილეწა, კლდეები ჩამოინგრა.

მიწისძვრამ მცხეთაში ტაძარი დაანგრია.

ერთი სასწაულიც მოხდა: აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტაძრის შუაგულში ესვენა. ტაძარი რომ დაიქცა, გუმბათი ერთიანად ჩამოვარდა, ხატს ქუდივით დაეფარა და იგი განადგურებას გადაარჩინა.

მგრგვინავი მეფე

მამამისის მსგავსად მონღოლთა ლაშქარში დემეტრეც დადიოდა. ერთხელ ეგვიპტეში ლაშქრობდნენ. ბრძოლისას მეფეს ცხენი მოუკლეს, მაგრამ ქვეითად მყოფიც ისე ვაჟკაცურად იბრძოდა, რომ აღტაცებულმა მონღოლმა მეომარმა თავისი ცხენი დაუთმო.

მონღოლები დამარცხდნენ. ერთ-ერთმა გამოქცეულმა მონღოლმა ბრძოლის ამბები აბაღა ყაენს ლექსად უამბო. თხრობისას მან რჩეული გმირებიც დაახასიათა, ერთი გმირი შავარდენს შეადარა, მეორე  ვეფხვს, მესამე მოზვერს, მეოთხე კამეჩს, მეხუთე დედალ თხას, სარდალი - მანგუ-დემური ვერძს...

ხოლო დემეტრე მეფეზე თქვა:

„ვითარცა ღმერთი გრგვინვიდეს, ვითარცა აქლემი ბუღრობდეს“.

დემეტრე ურდოში დაიბარეს

არღუნ ყაენის ხელმწიფობაში დიდი შეთქმულება გამჟღავნდა. მისი მოთავე, მონღოლი დიდებული ბუღა დასაჯეს. ეს ბუღა დემეტრეს ემოყვრებოდა: მის ვაჟს ცოლად ჰყავდა მეფის ასული დარეჯანი.

მთელ საყაენოში მონღოლი მეომრები დაძრწოდნენ და ბუღას მომხრეებს იჭერდნენ. ყაენმა ელჩი გამოგზავნა, დემეტრე ურდოში დაიბარა (ურდოს მონღოლთა ლაშქარს და მათს სამხედრო ბანაკებს ეძახდნენ, ხოლო ურდოში წასვლას - მონღოლთა ყაენთან გამგზავრებას).

დემეტრემ შეკრიბა კათოლიკოსი, ეპისკოპოსები, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მღვდელ-მონაზვნები, სამეფოს წარჩინებულები.

მათ მიმართა:

- თათართა მძლავრებას ბავშვი შევრჩი. ღმერთმა დამიცვა, გადამარჩინა, მეფობა, კვერთხი და სამოსელი მომმადლა; ახლა უმძიმესი განსაცდელი გვადგას; ყაენი განრისხებულა, მთავრები ამოუწყვეტია და თავის წინაშე მეც მიხმობს; მთიულეთს შევეფარებოდი, მაგრამ საქართველო მათ ხელთაა: რამდენი ქრისტიანი დაიღუპება და რამდენი ტყვეობას მიეცემა? ეკლესიები მოოხრდება, შეიბილწება, ჯვრები და ხატები შეიმუსრება. საწუთრო მღელვარე, წარმავალი, დაუდგრომელია, ცხოვრება სიზმარივით გაქრება. ეღირება სიცოცხლე, თუკი ჩემითვის მრავალი ადამიანი დაიღუპება და მე ცოდვები დამამძიმებენ? მსურს, რომ ყაენთან წავიდე. ღვთის ნება იყოს: თუ მე მომკლავენ, მგონია, რომ ქვეყანა გადარჩება.

- თათართაგან მოკვდინება ღმერთმა გაშოროს - ქვეყანა მოოხრდება და შენი შვილები განიბნევიან. მთიულეთს ან აფხაზეთს შეეფარე, როგორც მამაშენმა ქნა. - ურჩიეს მეფეს.

დემეტრე მათ გულისთქმას მიხვდა.

- თქვენ ამას ჩემი ერთგულებისა და სიყვარულის გამო ამბობთ. მე კი სასაკლაოსათვის მეცოდება უბრალო ადამიანები, რომლებიც ცხვრებივით უღონონი არიან და ნუგეში არ გააჩნიათ. ერისთვის გავწირავ სიცოცხლეს და ურდოში წასვლას არ დავიშლი.

ყველანი წამოდგნენ. აბრამ კათოლიკოსმა დემეტრეს უთხრა:

- თუ ერისთვის თავს დადებ, ჩვენ ყველანი, ეპისკოპოსნი, შენს ცოდვებს ვიტვირთავთ, შენ კი წმინდანთა შორის ჩაირიცხები. უფალი ბრძანებს, მოყვასისთვის თავდადებაზე დიდი სიყვარული არ არსებობსო. ერთი კაცისთვის თავგანწირვა რაკი ამხელა სიკეთეა, მრავალი ადმიანისათვის თავგანწირვა რაოდენი სიკეთე იქნება?

გამგზავრება 

წინ ყაენის მიერ გამოგზავნილი ნოინი შემოხვდა, ბარგი ჩამოართვა, შეიპყრო და ყაენს ასე წარუდგინა. ყაენი შეფიქრიანდა, რომ დავსაჯო, მეფობის ღირსი სხვა არავინ მყავს, რომ არ დავსაჯო, შეთქმულთა თანამოაზრე როგორ დავინდოო. თავისი ფიქრი საქართველოს ამირსპასალარს ხუტლუბუღას გაანდო. ხუტლუბუღა ამირსპასალარისა და ათაბაგის სადუნ მანკაბერდელის შვილი იყო. სადუნი რომ გარდაიცვალა, მეფემ მის შვილს ამირსპასალარობა მისცა, ათაბაგობა კი არა. ეს ამბავი გულში მწარედ ედო. ახლა ხელსაყრელი ჟამი დაუდგა.

- მაგას ნუ სწუხარ, - უთხრა ყაენს, - ქუთაისიდან დავით ნარინის შვილს ვახტანგს მოგიყვან. მეფობა მას უბოძე და დასავლეთიც და აღმოსავლეთიც - ორივე შენ დაგემორჩილება.

მხლებლებმა დემეტრეს შესთავაზეს, ღამით ცხენებით გავიქცეთო, მაგრამ ვერ დაითანმეს, ხალხი უბრალოდ დაიხოცებაო.

როგორ დასაჯეს მეფე?

დემეტრე დასასჯელად თორმეტმა მხედარმა წაიყვანა.

ქართველი წარჩინებულები, რომლებიც სანუგეშებლად მოსულიყვნენ, ღიმილით მოიკითხა.

ეზიარა. მიიღო ღვინო და პური - ქრისტეს სისხლი და ხორცი.

მოედანზეც ილოცა, ცრემლი დაღვარა.

ჯალათს ჯედი მიუშვირა.

თავი მოჰკვეთეს.

უეცრად მზე გაქრა და სიბნელე ჩამოწვა. ღმერთმა ნიშანი მისცა, რომ „პატიოსანნი არიან ცხებულნი ღმრთისანი“.

დემეტრე თავდადებული დასაჯეს 1289 წლის 12 მარტს, დილით, მტკვრის პირას, ქალაქ მოვაკანში.

მონღოლები რამდენსამე დღეს დარაჯობდნენ დემეტრე თავდადებულის გვამს, რათა ქართველებს იგი საქართველოში არ წაეღოთ.

აბრამ კათალიკოსმა და მღვდელმა მოსემ დარაჯები მოისყიდეს და ღამით გვამი მოიპარეს. მოვაკანში ისინი ბედად შეხვდნენ თბილისელ ვაჭრებს, რომელთაც საქართველოში ურმებით თევზი მოჰქონდათ, ძვირფასი ნეშტი თევზთან ერთად დაუდეს, მონღოლებს ასე გამოაპარეს და მცხეთაში დაკრძალეს.

ყაენ აღრუნს ორი წლის შემდეგ უმძაფრესი სენი შეეყარა, მთლად ჩამოხმა და ჩამოლპა, ოთხ თვეს იავადმყოფა. ნოინებს მომაკვდავი ყაენის ცქერა მობეზრდათ, ზუსტად თორმეტ მარტს შეიკრიბნენ, კარავში შევიდნენ და მოახრჩვეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 35-41