მეფე ერეკლეს ქვეყანა

(მცირეოდენი შემოკლებით)

როგორ უღალატა ერეკლეს ტოტლებენმა

რუსებსა და ოსმალებს ომი ჰქონდათ.

ოსმალთა ქვეყნისაკენ რუსებს ორი გზა ედოთ: ერთი შავი ზღვის დასავლეთით, ბალკანეთზე გადიოდა, ხოლო მეორე - შავი ზღვის აღმოსავლეთით - კავკასიაზე.

ბრძოლები ბალკანეთში მიმდინარეობდა.

რუსებს ოსმალთა იმპერიის დალეწვა და თვით მათი დედაქალაქის, ქრისტიანთა უწმინდესი ქალაქის - კონსტანტინეპოლის დაპყრობა სურდათ (კონსტანტინეპოლს თურქებმა სტამბოლი დაარქვეს).

კავკასიას ოსმალეთისგანაპირა მხარეები ესაზღვრებოდა. ეს მხარეები რუსებს დიდად არ აინტერესებდათ. თუმცა სურდათ, რომ აქაც ომი ყოფილიყო. კავკასიაშიც თუ იბრძოლებდნენ, თურქებს ბალკანეთში ძალა მოაკლდებოდათ.

რუსები თავიანთ ჯარს მეტისმეტად უფრთხილდებოდნენ, ცდილობდნენ, ბრძოლებში ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეები ჩაებათ, ჯარი კი იმდენი ჰყოლოდათ, რამდენიც ამ მეფეთა მოტყუებასა და შეგულიანებას ეყოფოდა. საქართველოში გამოგზავნეს გენერალი ტოტლებენი მცირერიცხოვანი ჯარითა და რამდენიმე ზარბაზნით.

რუსების მოსვლამ ერეკლე დააიმედა.

დიდი ხანი იყო, რაც თვალი ახალციხის საფაშოზე ეჭირა.

ახალციხე, მესხეთი, ტაო-კლარჯეთი - უძველესი ქართული მიწები ოსმალებს მიეტაცნათ და ერეკლეს გულში ეს იმედი რეკდა, რომ რუსების დახმარებით ამ მხარეს საქართველოს დაუბრუნებდა.

შვიდი ათასი კაცი წაიყვანა. სურამში ტოტლებენის ათას ორანი მეომარი დახვდა.

შეერთებული ლაშქარი ახალციხისკენ დაიძრა.

ტოტლებენი გერმანელი იყო. მან რუსული არ იცოდა. ქართველებთან ამიტომაც ორი თარჯიმანი სჭირდებოდა. ერეკლე რამეს რომ ეტყოდა, ერთ თარჯიმანს ეს ნათქვამი რუსულად უნდა ეთარგმნა, ხოლო მეორე თარჯიმანს რუსულიდან გერმანულად.

აწყურის ციხეში ოსმალები იდგნენ.

ტოტლებენმა დაიჩემა, ჯერ ეს ციხე ავიღოთ და ახალციხეს მერე მივაშუროთ, წინ წასულმა ზურგში მტერი როგორ დავტოვო, ეს სამხედრო წესი არ არისო.

ჯარს ორი სარდალი ჰყავდა: ერეკლე და ტოტლებენი.

ქართველთა და რუსთა ლაშქრობა რომ შეიტყვეს, ოსმალებმა აწყურისაკენ ჯარი აფრინეს. ტოტლებენს ომის სუნი ეცა, დაფრთხა; ომი და გამარჯვება მას მიზნად არც ჰქონდა. ჯარს გაუფრთხილდა, აყრა და უკან დახევა ბრძანა.

ნუ წახვალო, სთხოვა ერეკლემ ტოტლებენს, სარდლად კი არა, უბრალო ოფიცრად ჩამთვალე, გვიწინამძღვრე და მტერზე ერთად მივიდეთო.

ერეკლეს ვაჟიშვილი გიორგიც მივარდა:

- გენერალო, ასეთ დროს მეფის ღალატი სირცხვილია! - შესძახა.

ტოტლებენმა მშვიდად უპასუხა:

- იმპერატრიცას ჩემთვის არ უბრძანებია, რომ ასე მცირე ჯარით მტერს უსარგებლოდ შევება.

გიორგი უარესად აღშფოთდა:

- მაგით, გენერალო, რუსეთის ჯარს არცხვენ და დიდ რუსეთს სახელს უტეხავ! მტერს ჩვენ შევებმებით. ღმერთი ჩვენსკენ იქნება, გავიმარჯვებთ და იმპერატრიცას შენს სიმხდალეს მოვახსენებთ.

იმპერატრიცა იმპერატორ ქალს ნიშნავს. რუსეთს მაშინ ქალი - ეკატერინე მეორე განაგებდა. მეფემ და უფლისწულმა არ იცოდნენ, რომ რასაც ახლა ტოტლებენი აკეთებდა, სწორედ იმპერატრიცას ნება იყო.

გენერლისათვის მის მთავრობას საიდუმლოდ ერჩია:

„ჩვენ ამიერიდან დიდ ყურადღებას ვაპყრობთ ერეკლეს, მაგრამ მისი საკუთარი ძალების გამოყენება გვინდა საუკეთესოდ და არა ჩვენი ჯარის გადასხმა აზიაში და იქ ახალი საომარი ასპარეზის გახსნა“.

ტოტლებენი ბორჯომის ხეობას ამოუყვა. მოდიოდა და ხარებით ზარბაზნებს მოათრევდა.

ასპინძის ბრძოლა

ნაღალატევმა ერეკლემ გადაწყვიტა, რომ თბილისისაკენ ჯავახეთის გზით წამოსულიყო, თორემ ბორჯომის ვიწროებში იქნებ მტერი დადგომოდა.

ახალციხისკენ წავიდა. შემდეგ ასპინძისკენ გადაუხვია.

ათას ხუთასი ოსმალო და დაქირავებული ლეკი მტკვართან ჩასაფრდა. ერეკლემ ისინი უმალ გაფანტა, მაგრამ უკვე ოსმალთა მთავარმა ჯარმა მოუსწრო.

ჯარმა ვიწრო ხიდით ადიდებულ მტკვარზე იწყო გადასვლა.

ერეკლემ ადროვა.

ამასობაში კიდეც დაღამდა. ოსმალთა უმეტესი ნაწილი წყალგაღმა დარჩა.

ღამით ერეკლეს მეომრები ხიდთან მიიპარნენ, მცველები დახოცეს და ხიდი აყარეს.

მეორე დღეს, უთენია, ქართველები ოსმალებს დაეცნენ. მტკვარგაღმა დარჩენილები მდინარეს მოაწყდნენ, მაგრამ ხიდი აღარ დახვდათ. ადიდებულ მტკვარში გამოსვლა კი შეუძლებელი იყო.

სხვა რა უნდა ექნათ? დადგნენ და უცქირეს, მათს ამხანაგებს ერეკლემ მუსრი როგორ გაავლო.

ძლეული ოსმალ-ლეკები მტკვარს მისცვივდნენ, რათა მეორე ნაპირზე გასულიყვნენ და თავისათვის ეშველათ, მაგრამ იქ ხიდი აღარ დახვდათ. ვინ ადიდებულ მტკვარში ცვიოდა და იხრჩობოდა, ვინ ქართველთა ხმლით იკაფებოდა.

ერეკლემ თვალი მოჰკრა უცხოდ შეჭრუვილ, თვალტანად ლეკ ცხენოსანს, რომელიც ნახიდართან წყალს სინჯავდა, მეორე ნაპირზე გადასასვლელს ეძებდა. თოფი სცა და ცხენიდან ჩამოაგდო.

მეომრებმა წყლიდან ამოათრიეს, თავი მოჰკვეთეს, ტანი მდინარეში მოისროლეს.

ერეკლესთან ერთი ლეკი მსახურობდა, როგორც კი შეხედა, კოხტა ბელადის თავიაო, დაიძახა.

ლეკთა რაზმს ასპინძის ბრძოლაში სწორედ ეს სახელგანთქმული კოხტა ბელადი მეთაურობდა.

მისი თავი ტომარაში შეინახეს. ომი რომ გათავდა, ტყვე ლეკები მოაყვანინა, მათ მოჭრილი თავი ანახა და ვისიაო, ჰკითხა. მეთაურის თავი ყველამ იცნო.

ასე გაიმარჯვეს ქართველებმა ასპინძის ომში.

ერეკლეს ამბავი შორს განთქმულიყო. ევროპაშიც კი ახსენებდნენ ქრისტიან მეფეს, რომელიც მთელ აღმოსავლეთს შიშის ზარს სცემდა.

გივი ნათალიშვილის ელჩობა

რუსეთში ერეკლემ ელჩად გაგზავნა ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილი. ტოტლებენმა ერეკლეს დაბეზღება მაინც მოასწრო. ეკატერინეს შეუთვალა:

„გამიტყუა, ახალციხეში მიმიყვანა, ოსმალებთან პირი შეკრა და ჩვენი ამოწყვეტა დააპირა. ღალატს თავის დროზე მივხვდი, გამოვბრუნდა და ჯარი გადავარჩინე“.

გივიმ სულ სხვა ამბავი ჩაიტანა:

ერთგულებისა და სარწმუნოებრივი ერთობის გამო ერეკლემ იმპერატრიცის ნება შეასრულა და ოსმალებს შეებრძოლა, მაგრამ ტოტლებენმა იგი მტერს შეატოვა და კინაღამ დაღუპაო.

ეკატერინეს კარისკაცებმა ერეკლეს ელჩს ავი თვალით შეხედეს და კინაღამ განსაცდელი შეჰყარეს.

პეტერბურგში მყოფმა ევროპელმა ელჩებმა ეკატერინეს ქართველი ელჩის უვნებლობა მოსთხოვეს.

ეკატერინემ გივი მშვიდობით გამოისტუმრა, ერეკლეს მადლობა შემოუთვალა, დაჰპირდა, რომ ტოტლებენის საქმეებს გამოარკვევდა.

მართლაც, ტოტლებენი საქართველოდან მალე გაიწვიეს.

ლევან ბატონიშვილი

ერეკლეს შვილთაგან გამორჩეული იყო ლევანი. სწორედ ლევანს ებარა მორიგე ჯარი, რომელიც ქვეყანას დარესტნელთა თარეშისაგან იცავდა.

ლაშქარში საუცბათოდ გაწვეულმა გლეხმა სამხედრო წესი და რიგი ზოგჯერ სულაც არ იცოდა.

ყველა დიდ ქვეყანაში ჰყავდათ მუდმივი ჯარი, სადაც ჯარისკაცებად და ოფიცრებად მუდმივად მსახურობდნენ. ასეთი ჯარის შექმნა ერეკლესაც სურდა, მაგრამ ღარიბი ქვეყანა მის ხარჯს ვერ გასწევდა.

მორიგე ჯარი შექმნა: კაცებს თითო თვეს, თავიანთი საგზლით, უნდა ემსახურათ.

სახელდახელოდ შეკრებილ ლაშქარს ეს ჯარი ბევრად სჯობდა, მაგრამ მან დიდხანს ვერ იარსება.

ლევან ბატონიშვილი რომ გარდაიცვალა (ვეჯინში, რით და როგორ, არავინ იცის), ჯარიც დაიშალა. მეფის მტრებს ეს ჯარი აშინებდათ, მის დაშლას ცდილობდნენ და ახლა მიზანს მიაღწიეს.

ლევან ბატონიშვილის გარდაცვალება რომ გაიგო, ახალციხის ფაშამ თქვა:

„ხნიერების ჟამს ერეკლეს მხარი მოეშალა. ვაჟკაცი შვილი მოუკვდა, რომელიც საქართველოს ოთხკუთხე ფარდა იყო. ახლა საქართველოს ფარდა აეხადა“.

გეორგიევსკის ტრაქტატი

ტრაქტატი დაწერილ საბუთს ჰქვია.

რუსეთისა და ქართლ-კახეთის ელჩებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, გეორგიევსკის ციხეში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელშიც რუსთა და ქართველთა დამოყვრების პირობები ეწერა.

რუსებს ქართველები მტრებისგან უნდა დაეცვათ, საქართველოში ჯარი ჰყოლოდათ, სამაგიეროდ, ქართველები რუსების მოკავშირეები იქნებოდნენ - ომებში მათ მხარეზე იბრძოლებდნენ. რუსებს სამუდამოდ უნდა დაეცვათ ბაგრატიონთა მეფობაც, რომელიც თაობიდან თაობაზე მემკვიდრეობის წესით გადავიდოდა, ქართლ-კახეთის ტახტზე ასვლა მეფეს დასამტკიცებლად იმპერატორისათვის უნდა ეცნობებინა, თვითონ კი მისი ერთგულების ფიცი დაედო.

ტრაქტატი ერეკლეს დიდად ახარებდა. მუდმივი ჯარი მეყოლება, მტრები დამიშინდება, დაკარგულ მიწებს (სამცხე-საათაბაგოს) დავიბრუნებო, ამ ფიქრებით თავისი ქვეყნის მომავალს შეჰხაროდა.

ქართველთა და რუსთა დამოყვრებამ სპარსეთი და ოსმალეთი დიდად შეაშფოთა. ისინი ხედავდნენ, რომ საქართველო ხელიდან ეცლებოდათ.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 28-37