გიორგი მეთორმეტე

(შემოკლებით)

მეფობისა და უმეფობის განსაცდელი

გიორგი მეთორმეტე მალე გარდაიცვალა.

სიონის ტაძარში დაასვენეს.

ანდერძად ჰქონდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოში დაეკრძალათ. ამ ანდერძის შესრულებაზე რუსმა გენერლებმა უარი თქვეს, უდაბნომდე მეფეს ვერ გავაცილებთ, ვაითუ, ქალაქი აირიოსო.

ალექსანდრე ბატონიშვილისა ცალკე ეშინოდათ, ნიახურას მინდორზე დამარცხების შემდეგ უდაბნოს შეეფარაო, ამბობდნენ.

რუსები საიდუმლო დავალებას ასრულებდნენ:

გიორგი რომ გარდაიცვლებოდა, ტახტზე არავინ უნდა აეშვათ და იმპერატორის განკარგულებას დალოდებოდნენ.

20 თებერვლამდე მეფე სიონში ესვენა. დავით ბატონიშვილი გვირგვინს ელოდა. სარდლები და დიდებულები, რომელთაც დავითის მეფობას უმეფობა ერჩიათ, დუმდნენ. დარეჯან დედოფალს შვილებთან შეხვედრას არ ანებებდნენ. სოლომონ ლიონიძე განსაცდელს ხვდებოდა, დავითს ევედრებოდა, რომ მცხეთაში წასულიყო და გვირგვინი დაედგა. რუსებმა მემკვიდრედ ადრევე გაღიარეს, მეფობას ნუ კარგავ და ქვეყანას ნუ ღუპავო, ეუბნებოდა.

რუსეთიდან სამეფო ნიშნებს ველოდები. - ამბობდა დავითი.

გენერლები ურჩევდნენ, იმპერატორის წყალობამდე ტახტზე ნუ ახვალო.

თუ ეცდებოდა, სწორედ ესენი არ დაანებებდნენ, რადგან ტრაქტატის პირობათა დარღვევა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთისათვის მისი შეერთება კარგა ხნის წინათ გადაეწყვიტათ.

გიორგის ავადმყოფობის დროს თბილისი ჯარებით ამიტომაც აავსეს, როგორც კი მეფე გარდაიცვლებოდა, ქვეყანა ძალით უნდა დაეპყროთ.

ერეკლეს ერთი ანდერძით გიორგის შემდეგ მეფობა იულონ ბატონოშვილს ეკუთვნოდა.

იულონი, ვახტანგი, მირიანი და ფარნაოზი დუშეთში შეგროვდნენ. მუხრანს მიაშურეს, მცხეთაში იულონი მეფედ უნდა დაგვირგვინებულიყო.

ვერ მოახერხეს.

რუსებმა მცხეთის მისასვლელები გადაკეტეს.

ძმები მარტყოფის გზით კახეთში გადავიდნენ, ბოდბეში დადგნენ და ლეკებს მოუწოდეს, მაგრამ ლეკები ვერ მოეშველნენ. ვერც ალექსანდრე ბატონიშვილი მოეხმარათ.

რუსები ფეხდაფეხ სდევდნენ. ამიტომაც ქართლი გადაიარეს და იმერეთს შეეხიზნენ.

მთელი ქვეყანა ერთ გამოცანას უტრიალებდა: ვინ გახდებოდა მეფე - დავითი, იულონი თუ დარეჯან დედოფალი?

რუსებს კი სხვა ფიქრი ჰქონდათ: ტახტზე არავინ აეშვათ, სამეფოს მაგიერ გუბერნია მოეწყოთ და რუსთა მმართველობა დაემყარებინათ, ხოლო სამეფო ოჯახის წევრები, უკლებლივ ყველა, რუსეთში გაესახლებინათ. ისინი ხელმწიფე-იმოერატორის ქაღალდს ელოდნენ, რათა დიდი ხნის საქმე აესრულებინათ.

იოანე სარდალმა ფიქრი გამოიცვალა.

დავითს უთხრა:

- ბატონიშვილო და ბიძავ, მეფობას ნუ დაკარგავ, მიბრძანე და რუსის ჯარს წასვლას დღესვე გამოვუცხადებ. თუ არ წავლენ, ძალით განვდევნი. განვმტკიცდეთ და, როგორც გვიმეფია, ისე ვიმეფოთ.

იოანეს ნათქვამი დავითმა რუსებს მოახსენა და სარდალს კინაღამ განსაცდელი შეჰყარა. გაოცებული იოანე განზე გადგა, მეფობის საქმეში აღარ ჩარეულა.

დავითის უნიათობის შემყურე იოანე ბატონიშვილმა თვითონ იზრუნა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ 20 თებერვალს, გარდაცვალებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, მეფე მცხეთაში დაემარხა.

სამგლოვიარო პროცესია ქალაქს გასცდა. ქაშვეთთან (ქაშვეთის მიდამო მაშინ ქალაქგარეთ იყო) თბილისელები თავიანთ უკანასკნელ მეფეს გამოეთხოვენ.

სოლომონ ლიონიძის პატიმრობა და ლტოლვილობა

რამდენიმე ურჩი დიდებული საპატიმროში შეაყენეს. მათ შორის სოლომონ ლიონიძეც იყო.

ლიონიძე იქაც არ ცხრებოდა, ბატონიშვილის უნიათობას ხმამაღლა ამხელდა:

„დავითმა მეფეთა ოჯახი დაღუპა, მეფობას ყელი გამოსჭრა, ერიც დაამცირა და საკუთარი თავიც“.

ბატონიშვილს ურჩიეს, რომ სოლომონი ციხიდან გაეპარებინა. ხალხი მიუჩინეს და იმერეთს გაპარება აღუთქვეს.

ასე მოიშორეს ერთადერთი კაცი, „უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა“, სიბრიყვესა და უმეცრებას მამახილებელი აღარ შერჩა.

ესეც სამეფოს აღსასრული

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება ჯერ იმპერატორმა პავლე პირველმა ბრძანა, მაგრამ მალე მოკვდა (შეთქმულებმა მოკლეს) და თავისი ბრძანების ასრულებას ვერ მოესწრო.

ახალმა იმპერატორმა ალექსანდრემ 1801 წელს გამოსცა მანიფესტი*, რომლის ძალითაც ეს ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილად გამოცხადდა.

არც ერეკლეს და არც გიორგის რუსეთისათვის საქართველოს შეერთება არ უთხოვნიათ. სთხოვდნენ, რომ მას საქართველო თავის მფარველობაში ჰყოლოდა, თვითონაც სამაგიერო სამსახურს სთავაზობდნენ.

მანიფესტის გამოსაცხადებლად ხელსაყრელ დროს შვიდ თვეს ელოდნენ.

1802 წლის 9 აპრილს გენერალმა კრონინგმა მანიფესტი თბილისში ჩამოიტანა. 12 აპრილს სიონის ტაძარში შეკრებილ დიდებულებს ალყა შემოარტყეს, მანიფესტი წაუკითხეს და იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცეს.

რამდენიმე დიდებულმა იძალა, ტაძრიდან გაიჭრა და სამარცხვინო ფიცს არ შეუერთდა.

თბილისში ათი ათასი სალდათი იდგა.

ქართლ-კახეთის სამეფოს საქართველოს გუბერნია ეწოდა. მეფობა გათავდა. გუბერნიის მმართველად გენერალი კრონინგი დაინიშნა.

ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ რუსთა მთავარ საქმეს ბაგრატიონთა ოჯახის აღმოფხვრა წარმოადგენდა, რათა მეფობის აღდგენა საქართველოში ვეღარავის მოეთხოვა.

განადგურებას კი სჭირდებოდა ბაგრატიონთა გადასახლება რუსეთში, მშობლიური მიწიდან მათი მოცილება და შთამომავლობის სრული გადაგვარება.

მიუხედავად ბაგრატიონთა ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა, რუსებმა ისინი ძალით გაასახლეს სამშობლოდან. გასახლებულთა შორის იყო ერეკლეს მესამე ცოლი - დარეჯან დედოფალიც, რომელიც უკვე სამოცდაათს გადასცდენოდა. რუსეთში იგი ვითონ დიდი პატივით მიიღეს. დარეჯანი პეტერბურგში აღესრულა და იქვე დაკრძალეს.

დავით ბატონიშვილის ბოლო

პატონიშვილებზე რამდენსამე წელიწადს ნადირობდნენ.

1803 წელს რუსეთში გაგზავნეს დავით ბატონიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსებისაგან მეფობას ელოდა.

მეამბოხე ბიძა - ვახტანგ ბატონიშვილიც თან გააყოლეს. სამშობლოდან რუსების გაძლიერებული რაზმი „მიაცილებდათ“.

დარეჯან დედოფლის ჩიტები

პეტერბურგში, იმ სახლთან, სადაც დარეჯან დედოფალი ცხოვრობდა, ერთ დილით გასაყიდი ჩიტები ჩაატარეს. დედოფალმა მთელი გალია იყიდა, გააღო, ჩიტები სათითაოდ გამოიყვანა და გაუშვა.

- ტყვეობა ჩვენც გვეყოფა, თქვენ მაინც იყავით თავისუფალი. - თქვა და თვალცრემლიანმა ცარიელი გალია ძირს დადო.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 48-61

*მანიფესტი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენის გამო ხელისუფლების წერილობითი მიმართვა მოსახლეობისადმი .