გიორგი მეთორმეტე

გამეფება

(შემოკლებით)

გიორგი მეთორმეტე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე იყო. იგი ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. რუსეთის იმპერატორმა პავლემ ახალი გვირგვინი და სამეფო ნიშნები გამოუგზავნა (ძველები, რომლებიც ერეკლეს ჰქონდა, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაიკარგა).

გიორგი მეფედ ანჩისხატის ტაძარში აკურთხეს.

კავკასიის კარს რომ აღებთ...

ახალციხის ფაშამ გიორგის ელჩი აახლა. ფაშა სთხოვდა, ქართლ-კახეთი ოსმალეთის მფარველობაში შეეყვანა. სამაგიეროდ აღუთქვამდა, რომ ოსმალეთი დაუბრუნებდა მესხეთს, ანუ სამცხე-საათაბაგოს, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინათ წაერთმიათ.

იუარა, ჩვენი მფარველობა გადაწყვეტილია, დარიალზე რუსთა ჯარისათვის გზასაც ვაკეთებთო.

დავით ჩერქეზიშვილმა დარბაზს მიმართა:

- ბატონო მეფევ და დარბაისელო კარისკაცებო, კავკასიის კარს რომ აღებთ, თავის დროზე მის დახშვას თუ შეიძლებთ?

დარბაზს გიორგიმ დაასწრო:

- ამ კარის დახშვა ქრისტიანობის კარის დახშვა იქნება. მას ქრისტე დაიცავს. როცა საჭიროდ დაინახავს, მეფობისა და მეფეების დასაცავად თვითონ დახშავს და გააღებს.

გიორგი წმიდა წიგნებს კითხულობდა, ლოცულობდა, მარხვას არასგზით არ გატეხავდა. ყველა წესს გულმოდგინედ იცავდა.

ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი კი სულ სხვა ყაიდაზე ცხოვრობდა: ფილოსოფიის მოყვარული და ევროპულად განათლებული უფლისწული მარხვასა და საეკლესიო რიტუალს ალმაცერად უცქერდა. ამაზე გიორგი ძალიან წუხდა, ერთხელ კიდეც შეუთვალა, მარხვას ნუ ტეხავ, ეკლესიაშიც ხშირად იარეო.

ირანის ელჩობა

შაჰმა გიორგის შემოუთვალა, რუსებთან კავშირი გაეწყვიტა და სპარსეთს შეჰფარებოდა. აღუთქვამდა, რომ ქრისტიანობას არ დაუშლიდა, ერევნის, განჯისა და ყარაბაღის სახანოებს დაუმორჩილებდა, ლეკებისაგან გზების დასაცავად ექვს ათას მეომარს მისცემდა.

მეფემ მისწერა:

„ირანი მტრად და მდევნელად გვექცა. მან ერი აღწყვიტა და სამეფო გააოხრა. რუსებთან სარწმუნოებრივი ერთობა ქვეყნის დამშვიდებას მაიმედებს. პირს ვერ შევირცხვენ და მიცემულ სიტყვას ვერ გავტეხავ“.

თბილისი ჯარით აივსო

დარიალის გზით საქართველოში რუსული პოლკი შემოვიდა. მეფის ძენი და თავადაზნაურთა წარმომადგენლები მას ანანურთან მიეგებნენ. თვითონ მეფე თბილისთან დახვდა.

რუსები საბურთალოზე დაბანაკდნენ.

მეფე მწყობრს მიესალმა:

- გამარჯვება ქრისტეს მოყვარე მხედრობას!

მალე სხვა პოლკებიც მოვიდნენ: ავლაბარი, კუკია, ლილო, მარტყოფი - სულ ჯარით აივსო.

ნიახურას ბრძოლა

ერეკლეს ძემ ალექსანდრემ ომარ-ხანი მიიმხრო, დაღესტნელები შეკრიბა და რუსების გარეკვა დააპირა.

ივრის მახლობლად, ნიახურას მინდორზე, რუსის ჯარი და მეფის ლაშქარი ალექსანდრესა და ომარ-ხანს შეებრძოლა. ალექსანდრე დამარცხდა. ომარ-ხანი დაიჭრა და, გაბრუნებული, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ჭრილობამ იმსხვერპლა.

გიორგის უკვე წყალმანკი სჭირდა, საწოლს მიჯაჭვულიყო. ნიახურადან ქალაქისაკენ მომავალ რუს გენერალ გულიაკოვს ავლაბრის თავში თავისი ყაბარდოული ცხენი მიაგება.

მეფის ცხენზე ამხედრებული გულიაკოვი ქალაქში შემოვიდა. იგი მწოლარე მეფეს ეახლა და რუსთა და ქართველთა ჯარის პირველი გამარჯვება მიულოცა.

ვინ უპატრონებს ქვეყანას?

1800 წელი იწურებოდა.

სნეულმა მეფესთან მარიამ დედოფალი შევიდა. თვალებზე შეატყო, რომ სენი მეტისმეტად მოსძალებოდა. გაბედა და ჰკითხა:

- შვილებს რას უბრძნებ, ბატონო? ქვეყანას ვის აბარებ, რამე უბედურება რომ გვეწვიოს? დავითმა უნდა უპატრონოს თუ შენმა ძმებმა, თუ დარეჯან დედოფალმა?

- ბატონო დედოფალო, - უთხრა მას გიორგიმ. - მე ავუჩენ ქვეყანას დიდსა და ძლიერ პატრონს. გიორგი ბარათაშვილო, გენერალი მომგვარე!

იმპერატორის სახელზე წერილი დაწერეს. მან ხელი მოაწერა და ბეჭედი დაუსვა.

- ჩამიბარებია ანდერძად ცოლ-შვილი ჩემი და საქართველო. - თქვა მეფემ.

იოანე ორბელიანის თათბირი

შობის მეორე დღეს სარდალმა იოანე ორბელიანმა თავის სახლში ორმოცამდე თავადი და აზნაური შეკრიბა.

შფოთავდა:

- ბატონებო, ქვეყანა განსაცდელშია. უკურნებლად სნეული მეფე დღეს ან ხვალ გარდაიცვლება. მისი მემკვიდრე დავითი მეც და მუხრანბატონსაც ღირსების აყრას გვიპირებს, ნამდვილი სარდლები მე მყავსო, გაიძახის. დედინაცვალს, დედოფალ მარიამს ექადნება. ქვეყნის დამშვიდებისა და ჩვენი საკუთარი ღირსების დასაცავად იქნებ სჯობდეს, რომ სამეფო რუსებს ჩავაბაროთ. დავითი მეფედ ნუღარ გვინდა!

იოანეს აზრს ბევრი მიემხრო.

მაშინ სოლომონ ლიონიძე წამოიჭრა და, როგორც მტრებით გარემოცულმა ლომმა, მარტოდმარტომ, ისე იბრძოლა:

- ბატონებო, ფხიზლად იყავით! ჯვარცმულის მადლმა, ქვეყანა უშველებლად იღუპება, აქეთ სარდლები იწევენ, იქით მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევა. გონს მოდით, დაფიქრდით და განსაჯეთ: დავით ბატონიშვილის მტრობისათვის ქვეყანას მტრობთ? ქვეყნისა და მეფობისათვის ნამუსიანად უნდა ვიყოთ. საქმეთა და შინაურ აშლილობათა დასაწყნარებლად ტრაქტატიც კმარა. მეფობა რატომ უნდა აღვკვეთოთ? მოითმინეთ, სულგრძელად, მშვიდად მოილაპარაკეთ და საქვეყნო საქმე თვით დავითის სახლში დააწყვეთ.

სოლომონ ლიონიძე ერთადერთი კაცი იყო, ვინც შორს ხედავდა და ვისაც ყველაფერი ესმოდა, სხვებს - ყველას გონებაზე ბინდი ეფარა.

დავითსაც ურჩია, სარდალი და სხვა დიდებულები მოიწვიეო, მაგრამ ამაოდ. ტახტის მემკვიდრე ბობოქრობდა:

- მაგათთვის ჩემი სახლი დახშულია. ისინი ქვეყნის მტრები  არიან და ნამდვილი მეფე ვარ თუ არა, ამას მალე დავანახებ.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 48-61