სოლომონ პირველის თავგადასავალი

(შემოკლებით)

შფოთიანი მეფობა

სოლომონ პირველი იმერეთის მეფე იყო.

მტრები ყველგან ჰყავდა - შინ, გარეთ. გარეშე მტერი შინაური მტრის იმედით ებრძოდა, შინაური მტერი გარეშე მტრისაკენ იხედებოდა. სოლომონი სულ ფხიზლობდა, სულ ომსა და შფოთში იყო, თვითონ უთქვამს: „გარჯილ ხმალს, ქრისტიანობისათვის აღლესულს, მოსვენება არ ჰქონია და ჯერ არც დასძინებია“.

ჩვიდმეტი წლისა გამეფდა, მაგრამ შეთქმულებმა სულ მალე ტახტიდან ჩამოაგდეს. ეს შეთქმულები იყვნენ სოლომონის ბიძები - მამუკა და გიორგი ბატონიშვილები, ბაბუა ლევან აბაშიძე, დედა - თამარი, აგრეთვე სხვებიც: გურიის მთავარი, რაჭის ერისთავი, ბესარიონ კათალიკოსი.

სოლომონმა ახალციხიდან ოსმალები წამოასხა და, დაბრუნებული, ხელახლა გამეფდა.

ადამიანთა სყიდვა

იმერეთი მეტისმეტად ღარიბი ქვეყანა იყო. სიღარიბეს გადაგვარებაც ზედ ერთვოდა: ქართველები ოსმალებს ბავშვებს ატაცებინებდნენ. ტყვეები იმათ ოსმალეთში გაჰყავდათ და მსახურებად ან ჯარისკაცებად ბაზრებზე საქონელივით ყიდდნენ. მრავალი ოსმალი და ქართველი თავს სულაც ამ ხელობით ირჩენდა. იმერელ გლეხკაცს მარტო მეფისა და თავისი თავის იმედი ჰქონდა, შინიდან ვიდრე გავიდოდა, რაც ჰქონდა იმ იარაღს აისხამდა, რათა უცებ ოსმალოს ლუკმა არ გამხდარიყო.

ხარკადაც ოსმალებს რჩეული ქალ-ვაჟები მიჰყავდათ. ამგვარი ხარკი იმერლებს გულს უკლავდა, სიცოცხლეს უწამლავდა.

სოლომონმა ადამიანთა სყიდვა სასტიკად აკრძალა - სიკვდილი და შეჩვენება ელოდა მას, ვისაც მეფის რისხვა მისწვდებოა, მაგრამ ესეც იცოდა: სანამ თურქებს არ გარეკავდა, ადამიანთა ტაცება იმერეთში მანამ არ მოისპობოდა.

ქუდზე კაცი და კომლზე კაცი

ოსმალებს იმერეთში ქუთაისის, ბაღდათის, შორაპნისა და ცუცხვათის ციხეები ეჭირათ. ძირითადი ჯარი ხრესილში ედგათ.

მეფემ სწორედ ამ ჯარის განადგურება გადაწყვიტა.

როგორც კი მეფის სამზადისი შეიტყვეს, სოლომონის ბაბუამ ლევან აბაშიძემ და რაჭის ერისთავმა როსტომმა თურქების მისახმარებლად ხრესილში დიდი რაზმები მიიყვანეს.

სოლომონმა საბრძოლველად ქუდზე კაცს, ხოლო გლეხთაგან კომლზე კაცს მოუწოდა.

მეგრელებს, აფხაზებსა და ლეჩხუმლებს კაცია დადიანი გამოუძღვა, გურულებს - მამია გურიელი. გურიელმა ჩამოიტანა ბოჭორმის წმიდა გიორგის ხატი, რომელიც უბედობის გამო ძველთაგანვე გურიაში ჰქონდათ გახიზნული.

ზურაბ მიქელაძემ ფოთისა და გურიის გზები შეკრა, რათა ოსმალებს იქიდან დამხმარე ჯარი არ მოსვლოდა.

ფიცისკაცებს ქუთაისის, აგიაშვილს ბაღდათის, ხოლო არჩილ ბატონიშვილსა და გიორგი აბაშიძეს - შორაპნის ციხეების აღება დაევალა.

ხრესილის ბრძოლა

თორმეტ ათასამდე ქვეითი და ცხენოსანი მეფემ ხრესილის მახლობლად დააყენა. ბრძოლის გეგმა მოიფიქრა. ილოცა.

ნაშუაღამევს ღვინო მოატანინა, აზარფეშა აავსო და წარმოთქვა:

- ღმერთო, გაუმარჯვე საქრისტიანოს დასახსნელად გამზადებულ ლაშქარს. - დალია.

აზარფეშა ცხენოსანთა სარდალმა პაპუნა წერეთელმა ჩამოართვა.

- ღმერთო, უსმინე ბატონ მეფე სოლომონს! - თქვა და დაცალა.

მამლის ყივილზე ქართველები მტერს დაეცნენ.

მოღალატე ლევან აბაშიძის მეომრებმა მეფის დროშა გაიტაცეს, მაგრამ ქართველები ამან ვერ გატეხა.

აფხაზმა ხუტუნია შარვაშიძემ თექვსმეტი ოსმალო განგმირა და თვითონაც მტერს შეაკვდა.

სოლომონმა თურქთა სარდალს თავი წააცალა.

თურქებს ლევან აბაშიძემ უსარდლა. ქვეყნის მოღალატე ბაბუა ჭაბუკი შვილიშვილის ლაშქარს ერკინებოდა.

უცებ ხმა მოისმა:

- არიქა, წახდა თათრის ჯარი და ლევან აბაშიძე!

ოკრიბელი ბრეგვაძე მაღალ ხეზე ასულიყო და ოსმალთა შესაშინებლად ბოხი ხმით გაჰყვიროდა:

- გაიმარჯვა იმერთ მეფემ! წახდა თათრის ჯარი! წახდა ლევან აბაშიძე!

ოსმალები მართლაც შეშინდნენ. ლევან აბაშიძემ ბრეგვაძეს თოფი დაუმიზნა, მაგრამ ამ დროს სხვა იმერელმა ტყვია ჰკრა და, განგმირული, ცხენიდან ჩამოაგდო. გურულებმა მტერს იმერეთის დროშა აართვეს და სოლომონს მისცეს.

თურქები გაიქცნენ.

გამარჯვებული შვილიშვილის ამბავი

ბრძოლა რომ გათავდა, მეფემ ლევანის გვამი მოატანინა, ნაბადი წააფარა და დაიტირა.

იმერლები გაოცდნენ. ბაბუაჩემი ვინ მოკლაო, მეფემ რომ იკითხა, კიდეც შეშინდნენ, ვაითუ დასჯას უპირებსო; ვიდრე სოლომონმა მკვლელის „დაჯილდოება“ არ ბრძანა, ხმა არავინ ამოიღო.

ბოლოს გამოჩნდა მესხეთელი გლეხი გეგელა თევდორაძე.

- შენ როგორ გაბედე ბაბუაჩემის მოკვლა? - ჰკითხა წარბშეკრულმა მეფემ.

გეგელა არ დაიბნა:

- მე, ბატონო, ბაბუაშენი კი არ მომიკლავს, არამედ ქვეყნის მტერი და ორგული მოვკალი!

მეფეს მისი პასუხი მოეწონა, გეგელა თევდორაძეს გეგელაშვილი დაარქვა, აზნაურობა უბოძა, გეგუთში ათი კომლი გლეხი და სახნავ-სათესი მიწა მისცა.

ქუთაისის ციხე

ქუთაისში დაბრუნებულ სოლომონს შორაპნისა და ბაღდათის ციხეების აღება ახარეს.

ქუთაისის მეციხოვნე ოსმალები შიმშილს შეეწუხებინა. უკვე ოცდახუთი დღე იყო, რაც ფიცისკაცებს ისინი ალყაში ჰყავდათ.

იერიშის დროც დადგა. ფიცისკაცების წინამძღოლმა ბერი ლორთქიფანიძემ ბრძანა, გალავანზე რომ ავალ, ნაღარას მაშინ დაჰკარითო, ჯარს კი უბრძანა, გალავანზე ნაღარის ხმაზე გადაშვებულიყვნენ.

ღამით ციხეს წინასწარ დამზადებული კიბეები მიადგეს. ლორთქიფანიძის ნიშანზე ნაღარას დაჰკრეს და ფიცისკაცებიც ციხეზე ერთდროულად მივიდნენ. გათენებამდე ციხიონი სრულიად აკაფეს. ციხისთავი, ნაქართველარი კიკიან-ფაშა მოკლეს.

სოლომონმა მთელი ალაფი მოლაშქრეებს მისცა, სამეფოდ მხოლოდ ზარბაზნები დაიტოვა.

მამაპაპეული რჯული

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ციხიდან ექვსი კაცი გამოვიდა.

ისინი ბერ ლორთქიფანიძეს მიჰგვარეს.

- ჩვენ ქართველები ვართ, - უთხრეს ლორთქიფანიძეს და გვარებიც ჩამოუთვალეს: კვინიხიძე, ქვარიანი, ჭოღოშვილი, კიკიანი, ინაკავაძე და კეჟერაძე. ისინი სამხრეთი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იყვნენ. - ჩვენი წინაპრები ოსმალებმა ძალით გაამაჰმადიანეს. ახლა გვინდა, რომ მამაპაპისეულ რჯულს დავუბრუნდეთ და ქვეყანას გამოვადგეთ.

ხრესილიდან დაბრუნებულ სოლომონს ბერიმ ტყვეები წარუდგინა.

მეფემ მათ უთხრა:

- ქრისტიანობა იქნებ გულით არ გსურდეთ, მაგრამ რისამე გეშინოდეთ. თუ ასეა, მე გაგათავისუფლებთ და თქვენს რჯულსაც დაგანებებთ.

მაგრამ თავისი თხოვნა ექვსივემ დაბეჯითებით გაიმეორა.

მაშინ ისინი მეფის სასახლესთან - ოქროს ჩარდახთან რიონზე ჩაიყვანეს და მონათლეს.

ოსმალთა ლაშქრობები

მეორე წელიწადს ოსმალებმა ლეკებიც წამოასხეს, იმერეთში ითარეშეს, გელათი გაძარცვეს და ააოხრეს. სხვა დროს მეფემ იმარჯვა, მტერს სდია და რამდენჯერმე სასტიკადაც დაამარცხა.

ბოლოს და ბოლოს თურქთა უზარმაზარმა ლაშქარმა გურია და სამეგრელო დაიკავა, იმერეთი ყოველმხრივ შეკრა, ქუთაისიც აიღო და ტახტზე სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზი დასვა.

სოლომონი ზემო იმერეთში მოდი-ნახეს ციხეს შეეფარა.

დევნილმა მეფემ რუსებს მიმართა. იმერეთიდან გასვლაც იფიქრა, ბოლოს კი პარტიზანული ომი არჩია. წერეთლებმა ორასი ლეკი დაუქირავეს.

სოლომონის თავდასხმებმა თურქებს მოსვენება დაუკარგა.

თურქ მოლაშქრეებს სარჩო ელეოდათ. იმერლებს რამდენიმე ათასი თურქის რჩენა სად შეეძლოთ? ოსმალებს ჯარის შენახვა მეტისმეტად გაუჭირდათ. მათ მიერ დასმული მეფე კი ციხიდან ვერ გამოდიოდა, ქვეყანა მაინც სოლომონს უსმენდა.

ერთ მოთხოვნაზე დარჩნენ, ერთგულების ნიშნად წელიწადში სამოცი ქალი გამოგვიგზავნე, ქალები რომ ქართველები იყონ, აუცილებელი არც არისო. სამაგიეროდ, სოლომონს მეფობას უბრუნებდნენ.

მეფე დათანხმდა.

ქალების გაგზავნის დრო რომ დადგა, გაიკვირვა, ოსმალეთში ქალები რომ არ გამეგზავნა, ამდენი მისთვის ვიბრძოლე და თუ მაინც უნდა გავგზავნო, ზავს რა ჭკუა ჰქონიაო.

სოლომონის პირუმტკიცობაზე ოსმალები გაწყრნენ, მაგრამ ომის თავი აღარ ჰქონდათ და მალე მიჩუმდნენ.

ტოტლებენი იმერეთში

როგორც კი სული ჩაითქვა და ოსმალებს სისუსტე შეატყო, სოლომონმა მათ უკვე მეორედ აართვა ცუცხვათისა და შორაპნის ციხეები.

ქუთაისის ციხეს დაადგა. აქ სამასამდე თურქი, მათ შორის, სამოცი ჯარისკაცი დარჩენილიყო.

ტოტლებენის ჯარი იმერეთში სწორედ ამ დროს გადავიდა. მან ბაღდათის ციხე აიღო და ქუთაისს მიაშურა.

ქუთაისის ციხე თურქებმა ერთ ღამეში დაცალეს. ქალაქიდან ისე თავისუფლად გავიდნენ, რომ ფიქრობენ, ტოტლებენმა და მისმა გერმანელმა ოფიცრებმა გააპარესო.

ზოგჯერ ამბობენ, თითქოს ქუთაისის ტაძარი (ბაგრატის ტაძარი) თურქთა ციხიონზე შეტევისას ტოტლებენს დაენგრიოს. ბაგრატის ტაძარი ტოტლებენის მოსვლამდე თურქებს უკვე დანგრეული ჰქონდათ. სოლომონმა კი ტოტლებენს ქუთაისისა და ბაღდათის ციხეები დაანგრევინა. იმერლებს ციხე-სიმაგრეებისათვის საჭირო იარაღი - ზარბაზნები არ ჰქონდათ, ამიტომ აქაურ ციხეებს ოსმალები ადვილად იპყრობდნენ და რომ დაიპყრობდნენ, შემდეგ მათი გამოდევნაც ძნელდებოდა. გათავისუფლებულ ციხეებს სოლომონი მისთვის ანგრევდა, რომ თურქები, თუკი მობრუნდებოდნენ, ციხეებში ვეღარ გამაგრებულიყვნენ.

ტოტლებენმა ზღვისკენ გასწია, რუხისა და ანაკლიის ციხეები აიღო.

ფოთის ციხეს ოთხ თვეს ადგა, მაგრამ ვერ აიღო, ჯარისკაცებიც დაექანცა და დაუავადდა.

ტოტლებენის ნაცვლად რუსებმა ახალი გენერალი გამოგზავნეს - სუხოტინი. ქართველთა რჩევას იგი არ ენდო და ფოთის აღება შუა ზაფხულში გადაწყვიტა. ჭაობებთან ჩამდგარ ორ ათასამდე ჯარისკაცს ციებ-ცხელება შეეყარა, რვაასი სულაც გარდაიცვალა, თვითონ გენერალი დაავადდა. ჯარი ფოთს მოეშვა და იმერეთში დაბრუნდა.

რუხის ბრძოლა

ოსმალებმა სამეგრელოს წინააღმდეგ აღძრეს აფხაზები, ჯიქები, ჩერქეზები, ყირიმელები, ბალყანელები... ენგურისაკენ დაძრული მოლაშქრეები ექვს ენაზე ლაპარაკობდნენ.

სოლომონი და დადიანი მაშინ ერთმანეთს მტრობდნენ, მაგრამ დადიანმა კაცი მაინც იმერეთში აფრინა.

მეფეს მოსწერა:

„მაჰმადიანები ჩემი და ჩემი სამთავროს დასამხობად, ქრისტიანობის შესაბღალავად მოვიდნენ, მტრობა დაივიწყე და ხრესილში ჩემი სამსახური გაიხსენე“.

სოლომონმა ბრძანა, რომ იმერთა ლაშქარი ოდიშში, სოფელ ბანძაში შეკრებილიყო და თვითონაც იქ მივიდა. მათ გურულთა რაზმიც შეუერთდა. აქედან მიაშურა რუხის მინდორს, სადაც კაცია დადნიანის ლაშქარი იდგა. მეფე და დადიანი ერთმანეთს სიხარულით მიეგებნენ.

აფხაზებმა სამურზაყანო დაიპყრეს, ენგურზე გადმოვიდნენ, რუხის ციხესთან ზარბაზნები გააწყვეს და გაემზადნენ.

სოლომონმა უმამაცეს მეომართა რაზმი იახლა, მტერს მარჯვენა მხრიდან დაეცა და სრულიად არია. მეფისა და დადიანის გმირობით გულმოცემულმა მეომრებმა მტერი ხელჩართულ ბრძოლაში დაამარცხეს და გააქციეს.

ბექირ ბეი შარვაშიძე აფხაზთა მთავრის ქელეშ ბეი შარვაშიძის ძმა იყო. რუხის ბრძოლაში მან გასაოცარი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ეს კაცი ხონთქრის ერთ ლაშქარს სჯობსო, - უთქვამს ბექირ ბეის სიმამაცით აღტაცებულ ქაიხოსრო წერეთელს.

ბრძოლისას სოლომონი და ბექირ ბეი ერთმანეთს შეეყარნენ, მაგრამ აღარ შეებრძოლნენ და ცხენები სხვადასხვა მხარეს გააჭენეს.

ბრძოლის შემდეგ სოლომონმა თქვა:

- უმარცხოდ ვერ გადავრჩებოდი. ან თვითონ ის რატომ უნდა გამეფუჭებინა? მისი მსგავსი ვაჟკაცი მე არ შემხვედრია. სიკვდილისათვის დამენანა. დღეს კი გზა-კვალი არევია, მაგრამ ასეთი ვაჟკაცი ხვალ იქნებ სამშობლოს გამოადგეს.

ხოლო ბექირ ბეის უთქვამს:

- ველოდი ხმალს როდის მომიქნევდა. უფროს-უმცროსობის წესით პირველად მას უნდა მოექნია. არ ინება და ისე შემომხედა, რომ შებრძოლება ვეღარ გავბედე.

სოლომონის უკანასკნელი ლაშქრობა

მეფემ ერთხელ ბათუმის მხარეშიც ილაშქრა.

ქობულეთში თურქები გაჟლიტა და ციხე დაანგრია.

სოლომონმა ჩაქვიც გაათავისუფლა. ბათუმის შემოგარენიდან იგი უკან გამობრუნდა. ციხისძირთან ვიწრო, ტყიან გასასვლელში, რომელსაც ნაჭიშკრევს ეძახდნენ, თურქებმა ალყაში მოაქციეს. იმერთა ლაშქარი სრულიად შეიმუსრა, თვითონ სოლომონს ცხენიც არ შერჩა და ნაჭიშკრევიდან ვახტანგ გურიელმა გამოაქცია.

„მოიქცა მეფე იმერეთს დიდათ დამარცხებული“.

სოლომონს წესად ჰქონდა, რომ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმიდა გიორგის ხატს სწვეოდა.

იმ გიორგობის დღესაც, გაზაფხულზე, ხონში გასამგზავრებლად მოემზადა. ცხენი მოართვეს, მაგრამ ამხედრება ვერ მოასწრო, მოულოდნელად დამბლა დაეცა და გათავდა.

ჯერაც ახალგაზრდა, ორმოცდაცხრა წლისა იყო. ასე თქვეს, ნაჭიშკრევთან დამარცხების ელდას ვერ გაუძლო და საბოლოოდ ამან შეიწირაო.

გელათის ტაძარში დაკრძალეს.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 69-93