როგორ ებრძოდნენ ქართველები ჯალალედინს?

დევნილი ხვარაზმელები

ჩინგიზ ყაენმა ხვარაზმი დაიპყრო. მეფე ანუ ხვარაზმშაჰი, რომელსაც სახელად მაჰმადი ერქვა, ირანში გადაიხვეწა. იგი კვლავაც იბრძოდა, რადგან იმედოვნებდა, რომ თავის სამეფოს აღადგენდა. მაგრამ ბედი ახლა ჩინგიზს წყალობდა, უძლეველი და ქვეყნიერების დამპყრობი ახლა ის იყო და ხვარარზმშაჰიც ისე გარდაიცვალა, რომ ნატვრა ვერ აისრულა. მისმა შვილმა ჯალალედინმა გადაწყვიტა, რომ ირანში, კავკასიასა და წინა აზიაში დამკვიდრებულიყო და აქ ღონე მოეკრიბა.

უსახლკარო ხვარაზმელებმა დაარბიეს სომხეთის დიდი ქალაქი დვინი, რომელიც მაშინ ქართველებს ეკუთვნოდათ. რუსუდანმა იმერ-ამერ ლაშქარს უხმო და სამეფო დროშა ივანე მხარგრძელს ჩააბარა.

გარნისის ბრძოლა

ხვარაზმელები სომხეთში, სოფელ გარნისთან იდგნენ. მხარგრძელმა მეწინავეობა თორელებს, შალვა და ივანე ახალციხელებს მიანდო. თორელთა მეწინავეობა ქართველებში წესად იყო: შამქორზე, ბასიანში, ლაშა გიორგის ომებშიც მათ თავი მრავალჯერ ისახელეს.

ხვარაზმელებმა შემოუტიეს. ოთხი ათასი თორელი მათ რაღას გაუმკლავდებოდა, ბრძოლაში ძირითადი ლაშქარიც უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ ივანე მხარგრძელი არ ჩქარობდა. გამწარებულმა თორელებმა ივანეს აცნობეს, ცოტანი ვართ, დიდი ომი წინ გვიძევს, დროზე მოგვეშველეო. ივანემ ჯარი არც ახლა დაძრა. ბრძოლის ველზე თორელები იხოცებოდნენ, ხოლო იქვე, მაღლობზე, ივანე მხარგრძელის ლაშქარი უქმად იდგა.

შურს აევსო მხარგრძელი. უკვე მხცოვან და ძალაგამოლეულ სარდალს შალვასა და ივანეს ვაჟკაცობა თურმე გულს უწონიდა. ფიქრად დიდხანს ჰქონდა ახალციხელთა დაღუპვა და ახლა სწორედ ჟამი ეპოვა.

ბრძოლის ველიდან მეორედაც ამოიჭრა მხედარი. ივანემ არც ახლა უპასუხა. თორელები ღალატს მიხვდნენ, მაგრამ გამოქცევა არ იკადრეს, თავი სასიკვდილოდ გადადეს; გამარჯვებისთვის ალაბთ არც ზრუნავდნენ, ასე ცოტანი ურიცხვ მტერს რომ ვერ მოერეოდნენ, კარგად იცოდნენ. მარტო იმისთვის იბრძოდნენ, რომ სახელოვნად დახოცილიყვნენ. მტერს მუსრავდნენ და თვითონაც იხოცებოდნენ.

შალვასა და ივანეს ცხენები მოუკლეს. მტრის მუზარადზე შალვას ხმალი გადაემსხვრა. უიარაღო ახალციხელი ხვარაზმელებმა შეიპყრეს. ძლეულმა თორელებმა კლდეებისაკენ დაიხიეს. უეცრად ივანეს კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა. მისმა დაღუპვამ ქართველთა დამარცხება დააჩქარა. მხარგრძელის ლაშქარი კი გარნისს უხმოდ გაეცალა და მოშორებით, ბიჯნისში დადგა.

შავლეგო

ჯალალედინის ლაშქარში მყოფმა ნახჭევანელმა და ადარბადაგანელმა მეომრებმა შალვა ახალციხელი იცნეს, თავიანთ სარდალს მის გმირობასა და მამაცობაზე უამბეს. ჯალალედინმა შალვას დიდი პატივი მიაგო, ადარბადაგანის ქალაქების ჩააბარა და თავისთან იახლა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როცა ქრისტიანობის დატოვება ვერ აიძულა, მდინარე არაქსის პირას იგი სიკვდილით დასაჯა. ხალხში დღესაც დიდი სიყვარულით მღერიან „შავლეგოს“, რომელიც სწორედ შალვა ახალციხელს მიუძღვნა ხალხმა. ქართულმა ეკლესიამ კი შალვა ახალციხელი ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდანთა შორის შერაცხა.

დავით ეჯიბის „შურისძიება“

ეს ამბავი მოხდა გარნისის ბრძოლიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა საქართველო უკვე მონღოლებს ეპყრათ. ბედმა ერთმანეთს შეახვედრა ივანე მხარგრძელისა და მისი ღალატით დაღუპული ივანე ახალციხელის შვილები. მხარგრძელის შვილი ავაგი საქართველოს ამირსპასალარად, ანუ მთავარსარდლად დაენიშნათ, ხოლო ახალციხელის შვილი დავითი მისი თანაშემწე, ანუ ეჯიბი იყო.

მონღოლებმა ერთხელ ავაგი ბათო ყაენთან გაგზავნეს მოციქულად. ბათოს სამყოფელს რომ მიაღწიეს, დავითმა ავაგს უთხრა:

- ვინ იცის, ამათ იქნებ შენი მოკვლა სურდეთ, ამიტომ ასე მოვიქცეთ, ვითომ პატრონი მე ვიყო, ხოლო შენ - მონა, თუ ბოროტებას შეგვამთხვევენ, მე მოვკვდები, შენ კი გადარჩები, შენს სიკვდილს, მე მგონი, ჩემი სიკვდილი სჯობს.

ბათოს პირველი დავითი წარუდგა, საქართველოს მთავარსარდალი ვითომ ის ყოფილიყოს, ხოლო ავაგი მსახურივით უკან მიმჰყვა. ბათომ მათ კეთილად უმასპინძლა. როცა ნახეს, რომ განსაცდელი არ ელოდათ, ავაგმა და დავითმა გადაწყვიტეს, რომ ბათოსათვის სიმართლე ეცნობებინათ.

ერთხელაც წინ, როგორც წესი იყო, ავაგი შევიდა, ხოლო დავითი უკან მიჰყვა. ავაგს, რომელიც ეჯიბი ეგონათ, ბათომ უთხრა:

- განა არ იცი, რომ ვინც შენს უკან დგას შენი პატრონია?

დავითმა დაასწრო:

- დიდო და გამარჯვებულო ხელმწიფევ, ეს არის ჩემი ბატონი, მე კი მისი მონა ვარ.

გაკვირვებულმა ყაენმა ასეთი ქცევის მიზეზი იკითხა. დავითმა უპასუხა:

- არ გიცნობდით და არ ვიცოდით, რას შეგვამთხვევდი, თუკი მოკვლას ინებებდი, მე მოვკვდებოდი, ჩემი პატრონი კი გადარჩებოდა.

ასე გადაუხადა დავით ეჯიბმა ავაგ მხარგრძელს „სამაგიერო“. ასე დიდია კაცთმოყვარეობა და ჭეშმარიტი ქრისტიანობა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 7-11