წამებული მეფე ლუარსაბი

(შემოკლებით)

თოთხმეტი დღის მთვარე

ტახზტზე თოთხმეტი წლისა დასვეს. ულმაზესი ჭაბუკი იყო: თოთხმეტი წლის ლუარსაბი თოთხმეტი დღის მთვარეს ჰგავსო, ამბობდნენ მასზე სპარსელები. ლუარსაბ მეორე სვიმონ მეფის შვილიშვილი იყო.

თევდორე მღვდლის გმირობა

ქართლში ერთხელ ოსმალთა სამოცდაათიათასიანი ლაშქარი შემოიჭრა. შიგ მრავალი ყირიმელი თათარიც ერია. შორეული ლაშქრობიდან შინ ბრუნდებოდნენ, გზად საქართველოზე გავლა გადაეწყვიტათ: მდიდარი ქვეყანაა, გავძარცვოთ და ავაოხროთო, უთქვამთ.

ლუარსაბ მეფე ამ დროს ქვემო ქართლში, სოფელ ცხირეთში იმყოფებოდა, მას სულ რამდენიმე დიდებული ახლდა. ოსმალებმა სოფელ კველთაში შეიპყრეს მღვდელი, სახელად თევდორე. მეფის სამყოფელზე გაგვიძეხიო, უბრძანეს.

თევდორემ იფიქრა: „დედის ნაშობილი უკვდავი არავინ არის. ჩემი ორი დღის სიცოცხლისათვის ან მეფე რატომ უნდა მოვაკვლევინო ან ქართლი რატომ უნდა გავაოხრებინო?“

რაც იფიქრა, არ შეიმჩნია; მტერს პირობა მისცა, რომ ცხირეთში ჩაუძღვებოდა. მხრებშეკრული მღვდელი წინ გაიგდეს. თევდორემ ცხირეთს გვერდი აუქცია და მტერი შორს გაიტყუა. გამწარებულმა მომხვდურებმა მას თავი მოკვეთეს.

ვიდრე თევდორე მტერს გზას უბნევდა, გიორგი სააკაძემ ახლომახლო სოფლებში მეომრები შეკრიბა, ქართლის სხვა კუთხეებში კი მაცნეები აფრინა, მტერი მოგვესია, ლაშქარი წამოასხით და სურამთან დაგვხვდითო.

გიორგი და ზაზა ციციშვილი სხერტის ჭალაში ოსმალთა რაზმს დაეცნენ და მტრები აკაფეს. ზაზა ციციშვილმა ერთ-ერთი მეთაური განგმირა და თავიც წააცალა.

ტაშისკარის ბრძოლა

ტაშისკარი მტკვრის ნაპირას მდებარეობს, ქართლში, მესხეთისაკენ მიმავალ გზაზე.

ოსმალებმა ციციშვილთა სამფლობელოები დაარბიეს. მტკვარს აღმა აუყვნენ, გადავიდნენ და ტაშისკართან დადგნენ.

ბრძოლა ქართველებმა თოფის სროლით დაიწყეს, სქელმა კვამლმა მინდორი სრულიად დააბნელა. მტერს ერთბაშად ეკვეთნენ; მართალია, ექვსჯერ ნაკლებნი იყვნენ, მაგრამ მამაცობის იმედი ჰქონდათ და უკეთესი იარაღიც ესხათ.

ერთ სანახავად ღირდა ლუარსაბის ბრძოლა: სადაც კი ცხენს მიაგდებდა, რომელ გუნდშიც გაერეოდა, თავისი ვაჟკაცობით იქაურობას დაამშვენებდა. სააკაძემაც იმამაცა: სამი შუბი დაამსხვრია, ლახტი გატეხა და მოძალებული მტერი ბოლოს ხმლით აჩეხა.

ერთპირად, უღალატოდ ბრძოლამ ქართველებს გაამარჯვებინა. დამარცხებული ოსმალები უთავბოლოდ იფანტებოდნენ; ტყეებსა და კლდეებში შეფარებულთ, რამდენსამე დღეს უბრალო გლეხები, ქალებიც კი იოლად ატყვევებდნენ.

ლუარსაბის სიყვარული

თბილისის მოურავი (ანუ თავი) გიორგი სააკაძე ნიჭიერი და მამაცი სარდალი იყო. იგი თავადი არ ყოფილა, მაგრამ სახელითა და სიმდიდრითაც ყველა თავადს სჯობდა.

ქართლში, სოფელ ნესტოში, სადაც მამაპაპისეული სასახლე ედგა, გიორგიმ ერთხელ დიდი წვეულება გამართა. სტუმრად მყოფ მეფეს მეტისმეტად მოეწონა გიორგი სააკაძის ულამაზესი და; მოითხოვა, ღვინო ამ ქალმა დამისხასო.

ლუარსაბმა გადაწყვიტა, რომ გიორგი სააკაძის და ცოლად შეერთო. ამ ამბავმა მთელი სამეფო ააფორიაქა, აზნაურის ქალის შერთვა მეფეს როგორ ეკადრებაო. დიდი თავადები, სააკაძის მტრები და მოშურნენი იმანაც შეაშფოთა, ლუარსაბთან დამოყვრებით გიორგი გაძლიერდება, უპირველეს კაცად გადაიქცევაო. ლუარსაბმა იძალა და ქვათახევის ტაძარში სააკაძის დაზე ჯვარი დაიწერა.

შეთქმულება წავკისში

სულ ხუთმა-ექვსმა თვემ განვლო და ლუარსაბი დააჯერეს, უგვარო ქალს დედოფლობა არ შეჰფერისო. ესეც უთხრეს:

- გიორგი სააკაძე უნდა მოკლა, თორემ დის დაგდებას არ გაპატიებს, ვინ იცის, რას შეგამთხვევს!

ლუარსაბმა გიორგი წავკისში დაიბარა, ვითომდა ყარაიაზე სანადიროდ იწვევდა. გიორგი მეფეს ეახლა და ნადირობის სამზადისს შეუდგა. მეგობარმა ბააკა ხერხეულიძემ გიორგის შეთქმულების ამბავი შეატყობინა. გაოგნებული სააკაძე ერთადერთი ხმლით, ახალუხის ამარა, უბელო ცხენს მოახტა, სასწრაფოდ ნოსტესაკენ გაექანა, რათა ცოლ-შვილი სამშვიდობოს გაეყვანა და უეჭველ დაღუპვას გადაერჩინა.

მეფემ ბააკას ცხვირი მოაჭრა, ხოლო გიორგის რაზმი დაადევნა. სააკაძემ ოჯახი გახიზნა. მდევრები სასახლეს დაეცნენ: გაძარცვეს, დაარბიეს და გადაბუგეს. შემდეგ მთელი გარეშემო გადაჩხრიკეს, რათა როგორმე ლტოლვილები ეპოვნათ.

ქართლის გზები შეკრეს. მარტო მცხეთის ხიდს სამოცამდე კაცი დარაჯობდა; გიორგიმ მაინც მოახერხა, ადიდებული მტკვარი გადაცურა, უმწეო ქალები და ბავშვები წყალზე გადაიყვანა.

გიორგი სააკაძეს შინიდან გამოტაცებული ოქროს თასი სვეტიცხოვლის დაკეტილ კართან დაუდევს, ულოცია, ვიდრე სული ამომივა, გემონები და გემსახურებიო, ღმერთისათვის აღუთქვამს და დუშეთში თავის სიმამრთან, ნუგზარ არაგვის ერისთავთან ასულა.

გიორგი სააკაძე სპარსეთს გაეშურა. იქ გიორგი გამაჰმადიანდა. შაჰ-აბასის ერთ-ერთი გამორჩეული სარდალი გახდა, თავი ინდოეთისა და ბაღდადის ლაშქრობებშიც ისახელა.

კახეთში შემოჭრისას შაჰ-აბასს თან ახლდა. გაბოროტებულს, შაჰისათვის საშინელი რამ ურჩევია, საქართველოში ზამთარში ილაშქრე, თორემ ზაფხულში ხალხი მთებში გაიხიზნება და გადარჩებაო, - ასე უთქვამს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 75-78