წამებული მეფე ლუარსაბი

იმერთა მეფის ხიზნები

მრისხანე შაჰი გორში დადგა. იმერეთის მეფეს გიორგის შეუთვალა, თქვენთან ჩემი ყმები მოსულან და დამიბრუნეთ, თორემ ჯარს მოგისევთო (ყმებად ლუარსაბსა და თეიმურაზს გულისხმობდა).

გიორგი თავისი სასახლის ეზოში, ჭადრის ჩრდილში იჯდა, როცა შაჰის წერილი მიართვეს.

გურიელი და დადიანი იხმო, მათ გარეშე ელჩს ვერ მივიღებო. როცა ესენი ჩამოვიდნენ, გეგუთში დარბაზობა გამართა, ლუარსაბი და თეიმურაზიც დაისწრო, ელჩს მოუსმინა.

მეფეთა მიცემაზე იმერლებმა შაჰს უარი გადაუწყვიტეს. გიორგიმ შაჰ აბასს აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია და წარჩინებული ლევან აბაშიძე აახლა და მათ პასუხად დააბარა, პატივი დაგვდე, მეფეები შეირიგე, თვითონ კი წაბრძანდი და ამათ თავიანთი მამული და საბატონო დაანებეო.

ამასაც ამბობენ, რომ გიორგის შაჰ-აბასისათვის შეეთვალოს:

„ყმას რომ ბატონის ეშინია, კარგია, ერთგულებაში ჩაეთვლება. რომც დავითხოვო, სულერთია, აფხაზეთს შეეფარებიან, თქვენთან ნებით მაინც არ მოვლენ... ხოლო იმერეთის დარბევა სულ რაღად გინდა? ღომის გარდა აქ მაინც ვერაფერს იშოვი.“

შაჰ-აბასის ხრიკები

გიორგის ელჩები შაჰმა დიდი პატივით მიიღო. როგორც ჩვეოდა, ახლაც ცბიერებით აღსავსე ხრიკი მოიფიქრა. გიორგი მეფეს შეუთვალა:

„მეფე ლუარსაბს არ ვემდური და წახდენასაც არ ვუპირებ, ჩემი მტერი თეიმურაზი არის, ხოლო ლუარსაბს შევირიგებ; თუ მეახლება, წყალობითაც ავავსებ“.

ლუარსაბის გამზრდელი შადიმან ბარათაშვილი იხმო და იგივე გაუმეორა, თან დაიფიცა, მაჰმადის საფლავი მომეთხაროს, მის წილ ღორი დამეფლას, თუ ლუარსაბს ვუღალატოო.

შადიმანს ლუარსაბთან ელჩობა სთხოვა, ლუარსაბის დას ლელა ბატონიშვილს, რომელიც ცოლად ჰყავდა, ძმისთვის წერილი მიაწერინა, შაჰი არას გავნებს, უშიშრად ეახელიო.

შადიმანის თანმხლებ სპარსელსაც გაატანა წერილი. ეს წერილი სპარსელს ლუარსაბისათვის საიდუმლოდ უნდა ენახვებინა, შაჰ-აბასი ვითომ გიორგის სწერდა, თუ ლუარსაბი არ მოვა, შენი შვილი გამომიგზავნე, ისიც ხომ ბაგრატიონია და ქართლის მეფობას მივცემო.

„ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო“

ლუარსაბმა შაჰის ფიცი-მტკიცი ადვილად დაიჯერა, სპარსმა რომ ვითომ საიდუმლოდ წააკითხა, იმ წერილმაც მეტისმეტად ააფორიაქა. გიორგი, თეიმურაზი, გურიელი, დადიანი - ყველანი წაუსვლელობას ურჩევდნენ:

- ყიზილბაშებმა მრავალი ტყუილი იციან, დაუნდობელნი არიან და ნუ ენდობი!

სხვა მიზეზსაც ეუბნებოდნენ:

- რომ ამბობ, თუ არ წავედი, ქართლსაც კახეთივით ააოხრებენო, ტყუილია. გინდ წახვიდე, გინდ არა, ქართლს ისინი მაინც მიწასთან გაასწორებენ, შენ კი სულ ტყუილად დაიღუპები. უშვილობაც გაახსენეს:

- არც შვილი გყავს და არც ძმა. შენი სიკვდილით ქართლი უმემკვიდრეოდ დარჩება და მეფობა სრულიად მოისპობა.

გულუბრყვილო ლუარსაბს, რომელსაც შაჰის ტყუილებმა თავგზა აუბნია, წასვლა მაინც ვერ გადააფიქრებინეს.

ლუარსაბის დატყვევება

გახარებულმა შაჰ-აბასმა ლუარსაბს უთხრა:

- თბილისში წავიდეთ, იქაც ვილხინოთ, ვიმხიარულოთ, მერე მე წავალ, შენ კი იქ დაგტოვებ.

ლუარსაბმა დაიჯერა.

თბილისში უთხრა:

- ბარემ ყარაიაზე ვინადიროთ და ვილხინოთ, მერე შენ დაგაბრუნებ, მე კი წავალ.

შაჰის მზაკვრობას ლუარსაბი ახლა მიხვდა.

ყარაიაზე ნადირობაში ლუარსაბმა შაჰს აშკარად აჯობა. შეშფოთებულმა ლელა ბატონიშვილმა ძმას მისწერა:

„შაჰს სიმარჯვეს და მშვენიერებას ნუ აჩვენებ. შურიანი კაცია. არაფერს გეტყვის, მაგრამ გულში ბოროტებას ჩაიდებს. ამიტომაც ერიდე, ფრთხილად იყავი“.

ლუარსაბმა უპასუხა, ავადაც რომ ვეჩვენო, ხომ ვიცი, რომ აღარ გამიშვებს, ისევ მიჯობს, კარგად ვეჩვენოო.

როგორც კარგ მონადირეს, ყარაიაზე შაჰმა ლუარსაბს მშვილდი აჩუქა, რამით კი ეს მშვილდი თავის მსახურს მოაპარვინა. დილით ვითომ ისირცხვილა, ჩემს სტუმარს ქურდობა ვინ აკადრაო და კარავთან მცველები დაუყენა. მცველები მისთვის სჭირდებოდა, რომ ლუარსაბი ვეღარ გაქცეოდა. ქართლის მეფე შაჰს უკვე ტყვედ ჰყავდა.

ყარაიადან ლუარსამი ყარაბაღში ჩაიპატიჟა, ისევ ნადირობის საბაბით, შემდეგ კი, გილანსა და მაზანდარანშიც კარგი ადგილიაო, სულაც სპარსეთში „იწვია“.

როგორც კი სპარსეთში ჩაიყვანა, შაჰმა ლუარსაბს ქრისტიანობის დაგდება მოსთხოვა. რამდენჯერაც შეეცადა, იმდენჯერვე უარი მიიღო. ციხეში გამოკეტა.

აღსასრული

სიკვდილის წინ ლუარსაბმა თანმხლებნი იხმო და მათ სთხოვა, რომ იგი ქართული წესით დაეტირებინათ.

ქართველები სარეცელს შემოეწყვნენ და სასიკვდილოდ განწირული მეფე სიცოცხლეშივე მწარედ იტირეს. ეზიარა. ღმერთს მიმართა:

- უფალო ჩემო იესო ქრისტე, შენ იცი, რომ მე მამული არც ანგარებით, არც სიმდიდრის სიყვარულით არ დამიტოვებია. ჩემი შეპყრობა არავის შეეძლო, მაგრამ მძლავრსა და მის მსახურთ ვენდე; უფრო კი იმას ვწუხდი, რომ მტერი ქართლს ააოხრებდა, წმიდა ჯვრებსა და ხატებს შერყვნიდა, წმიდა ეკლესიებს მოარღვევდა. მე ჩემი ვალი აღვასრულე და მამული აოხრებას გადავარჩინე. მეფობას, სიჭაბუკეს, ახოვანებას - ყველაფერს შენი სიყვარულისათვის ვტოვებ და გევედრები, რომ ჩემი სული, გული და გონება შენთან აღამაღლო.

საკანში ჯალათები შევიდნენ. ტყვეს შაჰის განაჩენი აუწყეს.

ლუარსაბმა ილოცა.

როგორც კი ლოცვა დაამთავრა, ჯალათებს მიმართა:

- აღასრულეთ ბრძანებული თქვენი!

ჯალათებმა მშვილდს ლარი მოხსნეს, მსხვერპლს კისერზე მოაბეს და მოახრჩვეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 78-83