ომების ისტორია

ნასახლარი კახეთი

კახეთში მოსახლეობის სუნიც კი არსად არის, ქვეყანა ქარს მივეცით და გავაცამტვერეთო, - სიხარულით აცნობებდნენ სპარსელები შაჰ-აბაზს.

დევნილი მეფე თეიმურაზი დახმარებას ოსმალებსაც ევედრა, ჯარი მომეცით, ყიზილბაშები გამარეკინეთ და კახეთი თქვენი იყოსო. თუ გათათრდები, დაგეხმარებითო, - უპასუხეს ოსმალებმა. თეიმურაზმა ხელი ჩაიქნია, მისთვის ვწვალობ, გათათრება რომ არ მინდა თორემ თუ გავთათრდი, ჯარს რაღა თავში ვიხლიო.

გამარჯვებაც შეგვძლებია

ალავერდის ციხე-სიმაგრეს ერთხელ კახელთა გუნდი მიადგა, ალავერდობა გვაქვს, ტაძარში სალოცავად მოვედით და შეგვიშვითო, - უთხრა სპარსელებს დავით ჯანდიერმა. დავითი სპარსელებს თავიანთ ერთგულ კაცად მიაჩნდათ და ამიტომაც სრულიად ენდობოდნენ.

ტაძარში შესულმა კახელებმა გულდაგულ ილოცეს. სპარსელები დარწმუნდნენ, ესენი აქ მართლა სალოცავად მოსულანო, მაგრამ მლოცველებმა უეცრად დამალული ხმლები იშიშვლეს, მეციხოვნეებს დაერივნენ და მუსრი გაავლეს.

დიდი აჯანყება დაიწყო.

თეიმურაზთან კაცი აფრინეს, ჩქარა ჩამოდი, გვიმეფე და გვიწინამძღვრეო. თეიმურაზი უმალ კახეთში გაჩნდა. მან შირვანელები მოიხმო და კახეთისა და შირვანის ციხეები გაათავისუფლა.

სპარსეთიდან დიდი ჯარი მოვიდა, არაგვზე დადგა. ყველა ფონთან მეთოფეები ჩასხდნენ. სპარსელები თხუთმეტ ათასამდე იყვნენ, ქართველები - ამისი მესამედი.

თეიმურაზმა თავი მოისაწყლა, სპარსელებს შეუთვალა, რას მერჩით, ამ ჩემს აოხრებულ მამულში დმაყენეთ, კარდაკარ რად დამატარებთო.

ურჩ თეიმურაზს ქედი მოუხრიაო, - გაიხარეს სპარსელებმა, ბრძოლა სრულიად გადაიფიქრეს, თეიმურაზს უპასუხეს, შაჰ-აბასის სახელზე თხოვნა დაწერეო, თვითონ კი იარაღი შეისხნეს, კარვებში შეიყუჟნენ და მოისვენეს, ზოგმა სულაც დაიძინა.

მოულოდნელად განგაში ატყდა.

- თავს უშველეთ! ქართველები დაგვეცნენ!

სპარსელებმა ამხედრება ვერ მოასწრეს, რომ ქართველები დაერივნენ. უკანმოუხედავად გაიქცნენ, ზოგიერთი მტკვარსა და არაგვში ჩაიხრჩო, ზოგიერთმა თბილისში შეასწრო, ხოლო მრავალი ხმლით აიკაფა.

კარვებში იმდენი სიმდიდრე დარჩათ, რომ ქართველები ზიდვას ვერ აუვიდნენ და წამღებიც არ ეშოვებოდათ. თითო აქლემი თითო აბაზად გაიყიდა. რაც ქვეყანა არსებობს, ამაზე უკეთესი გამარჯვება ქართველებს არ ღირსებიათო, - ამბობდნენ აღტაცებული მეომრები. დამარცხებებით გულმკვდარ ქართველობას თვალწინ მხოლოდ თავისი მწარე ცხოვრება ედგა, არც დიდგორი ახსოვდა, არც შამქორი და აღარც ბასიანი.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 84-86