ომების ისტორია

(მცირეოდენი შემოკლებით)

მამულიშვილთ მტრობა

გიორგი სააკაძე მეფეს ცხინვალში ახლდა. ერთხელ მას სამი კაცი ესტუმრა. უთხრეს:

- ფიცი დაგვიწერე, რომ არ გაგვამხელ და საიდუმლოს გაცნობებთ.

რადგან ვერაფერი დაახცდენინა, გიორგიმ კაცებს დაუწერა, რომ რაც უნდა შემთხვეოდა, მათს ვინაობას არ გაამხელდა.

- ხვალისათვის მეფეს შენი სიკვდილი აქვს გადაწყვეტილი! - უთხრეს მათ გიორგის.

გაოგნებული გიორგი მეგობრებს გაენდო, რა ვქნათო, ჰკითხა მათ. იმათ არ დაიჯერეს. ალბათ ვინმეს სურს, რომ მეფეს წაგკიდოს, თორემ თეიმურაზი შენს სიკვდილს როგორ იფიქრებდა, უშენოდ ქართლს სინათლე წაუხდებაო.

კვლავ ის კაცები მოძებნა.

- მეფე რას მერჩის, ბრალად რას მდებს, თუ იცით? - ჰკითხა მათ.

უპასუხეს:

- ამბობს, შაჰ-აბასს ლუარსაბ მეფე მაგან მოაკვლევინაო, გადიდკაცდაო, ამასაც გაბრალებენ, ჯარი შეიძინა და მეფეს აღარ ემორჩილებაო.

გიორგიმ თეიმურაზს დომენტი ავალიშვილი მიუგზავნა.

თეიმურაზმა გაიოცა:

- ჩემს ერთგულ კაცს სასიკვდილოდ როგორ გავიმეტებ, მაცნობოს, ეს ამბავი ვინ მიუტანა, რათა იგი სასტიკად დავსაჯო.

ამბის მიმტანები გიორგიმ არ გასცა, მეფეს კი შეუთვალა, ლუარსაბის სიკვდილს რატომ მაბრალებო.

- მშვიდად იყავი, - უპასუხა თეიმურაზმა, - მართალია, მეფის სიკვდილი შენს კისერზეა, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ მე მის სისხლს არ ვეძებ და შენთან სამტროც არაფერი მაქვს.

სააკაძეს გული დაუმძიმდა:

„მეფე გამწყრალი ყოფილა, ის კაცებიც მართლები იქნებიან; უეჭველია, განსაცდელს მიმზადებს და ამას საგულდაგულოდ მალავს“. - ფიქრები აერია.

ომს დავასწრებო, ბოლოს ეს გადაწყვიტა: ცხინვალს გაეცალა და საომრად მოემზადა.

თეიმურაზის ლაშქარი

ზურაბ ერისთავი თეიმურაზს მიემხრო. არაგველთა ლაშქარი, ვისაც იგი გამოუძღოდა, მაშინ საუკეთესო იყო. კახელები, არაგველები და მცირეოდენ ქართლელებიც, ვინც თეიმურაზს ემხრობოდა, დუშეთში დადგნენ.

სააკაძის ლაშქარი

გიორგის ბევრი ერთგული და შეფიცული მეგობარი ჰყავდა, ქართლსა და მესხეთის ციხეებს ათავისუფლებდნენ, დაღესტნის მთებსაც ლაშქრავდნენ. მეფეს არც არაფერს ეკითხებოდნენ. მეფეც, სარდალიც და მოურავიც მათთვის გიორგი სააკაძე იყო.

გიორგის ედგნენ ქაიხოსრო მუხრანბატონი და ქსნის ერისთავი იასე. მესხეთის ათაბაგმაც რაზმი მოახმარა, იმერეთიდანაც მოვიდნენ.

სააკაძის ლაშქარი მუხრანში იდგა.

ბაზალეთის ომი

თეიმურაზმა გზები დატბორა, რათა სააკაძის ლაშქარს ვერ ევლო, დაფლულიყო და თვითონ ზედ წადგომოდა.

გიორგი მიუხვდა, სხვა გზებით იარა და მიაშურა მინდორს ბაზალეთის ტბასთან, სადაც თეიმურაზის ბანაკი უკვე იდგა.

მოლაშქრეებმა, თუმც დაქანცულიყვნენ, ახლავე ვიბრძოლოთო, - სთხოვეს სააკაძეს.

გიორგიმ თეიმურაზს შეუთვალა: ამ ფერის ცხენზე შევჯდები, ამ ფერის კურტაკს ჩავიცმევ, შენც შენი ნიშნები მიბოძე, მსურს, რომ შეგებრძოლო და ჩემი ბერიკაცობა შენს სიყმაწვილესთან გამოვცადოო.

ზურაბ ერისთავმა თეიმურაზს სააკაძესთან ბრძოლა დაუშალა, ხელმწიფე ხელმწიფეს უნდა შეებას, არათუ თავის ყმასო, უთხრა. ვინმე მისი შესაფერი კაცი მოვძებნოთ და ის შევაბრძოლოთო.

„თეიმურაზულად“ შემოსეს ედიშა ვაჩნაძე, ხოლო „სააკაძურად“ - მესხთა რაზმის მეთაური დავით გოგორიშვილი.

უსასტიკესი ბრძოლა დაიწყო, დანდობა გაქრა, დახოცილებიც და დაჭრილებიც ერთბაშად დახვავდა.

გოგორიშვილს მიესივნენ, რადგან იგი სააკაძე ეგონათ. თეიმურაზმა და დავითმა ერთმანეთს შუბები ჰკრეს.

ვერ მოერივნენ, სააკაძის მესხი ორეული შეუპოვრად იბრძოდა.

ზურაბ ერისთავი მიეწია.

- თქვი, მოურავი ხარ თუ არა! - შესძახა, შიშველ ფეხზე მახვილი დაჰკრა და ბარძაყში გადაკვეთა.

მოურავი დაიღუპაო, - სააკაძელებს თავზარი დაეცათ.

ამ დროს ქვიშხელმა აბაშიძემ თეიმურაზი შუბით დაჭრა.

თვითონ სააკაძე გავიდა საბრძოლველად. მას თეიმურაზის ორეული - ედიშა ვაჩნაძე მიეტანა, შუბი ჰკრა, მაგრამ სააკაძემ ფარი იფარა და ედიშას შუბი ზედ გადაიმსხვირია.

სააკაძე მიხვდა, რომ მისი მოწინააღმდეგე თეიმურაზი არ იყო; შეუპოვრად კი ებრძოდა, ღირსეულად, ხმალი დაჰკრა და მუზარადიც დაულეწა.

- ნეტავი იმ ყმას, ვინც პატრონს ენაცვალოს! - შესძახა დაჭრილმა მოურავმა, ხმალი მთელი ძალით დაიქნია და ედიშას თავი გაუპო.

ედიშა მოკლა და ბრძოლის ველიც მიატოვა - დაღლილს და დაჭრილს ბრძოლა აღარ შეეძლო.

სააკაძე დამარცხდა.

სააკაძე ოსმალეთში

სააკაძე და მისი რჩეული თანამებრძოლები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და სულთანს ფეხზე ეამბორნენ.

განთქმულ სარდალს ქალაქი მოატარეს, იარაღების საწყობი, ნავსადგური, სამხეცე აჩვენეს. აია-სოფიას ტაძარში სააკაძემ კონსტანტინეპოლის პატრიარქს მოუსმინა.

ოსმალეთში იგი ხელახლა გათათრდა, ვრცელი სამფლობელო მიიღო და მის გამგებლად დაინიშნა.

რამდენჯერმე ოსმალებთან ერთად ილაშქრა.

საქართველო არ ავიწყდებოდა - ჯარი მომეცი, რომ ყიზილბაშები გავრეკო და მთელი საქართველო დაგიმორჩილო, - სთხოვდა სულთანს, მაგრამ სულთანი არ ჩქარობდა.

„ჯალათ გელსუნ!“

სააკაძეს ოსმალეთშიც ბევრი მტერი და მოშურნე გამოუჩნდა.

დიდ ვეზირ ხუსრევ ფაშას, რომელიც მთელი ჯარების მთავარსარდალი იყო, ცოლმა ლაშქრობაში მისწერა:

„სტამბოლში მხოლოდ მოურავის ქება ისმის. სულთანი ამბობს, არავინ მყავს, მასზე უკეთესი კი არა, თუნდაც მიმსგავსებული რომ იყოსო. შენზე ძველებურად აღარ არის. თვალები გაახილე, ან შეაკვდი, ან მოკალი - ძნელი საქმეა, მაგრამ ამ ორიდან ერთი აუცილებლად უნდა ქნა“.

ხუსრევ ფაშა ჩაფიქრდა, სააკაძე რომ მოვკლა, ვაითუ ხელმწიფე გამიწყრეს... მაგრამ მან რომ მომკლას?

ცოლს უპასუხა, ძნელ საქმეს ნუ მავალებ, სჯობს, რომ მშვიდობით დამაყენოო. ხუსრევ ფაშას ცოლი სულთანის და იყო. ამიტომაც ქმარზე დიდი გული ჰქონდა, ეუფროსებოდა.

ქმრის პასუხზე გამწარდა:

„ჯაბანი და ლაჩარი ხარ, მიტომ გეშინია; იცოდე, რომ ხიფათი გელის; შენ აქ არავინ გახსენებს, მკვდარი ხარ თუ ცოცხალი, ესეც არ იციან“.

ხუსრევ ფაშა მიხვდა, სხვა რომ არა, ამ ქალის რისხვა დაღუპავდა. სააკაძის შეპყრობა ბრძანა.

გიორგი და მისი რაზმელები - ორმოცამდე ქართველი შეიპყრეს და ქალაქ ოლეპოში ჩაიყვანეს. ბრალად დასდეს, თითქოს ისინი საქართველოში გაქცევას აპირებდნენ. გიორგის თავი მოჰკვეთეს, შემდეგ მისი შვილი ავთანდილი და სხვებიც ასე დასაჯეს.

სააკაძის დაღუპვამ სულთანი განარისხა. ხუსრევ ფაშას დასჯა ბრძანა.

ოსმალეთის დიდი ვეზირი შეიპყრეს.

- ჯალათ გელსუნ! - ჯალათი მოვიდესო, ამჯერად ხუსრევ ფაშაზე ბრძანეს.

მისი მოკვეთილი თავი სულთანს მიართვეს.

ზურაბ ერისთავი

ზურაბი მეტისმეტად უწყალო ერისთავი იყო. მუდამ ომობდა, შფოთიანობდა, ქართველისავე სისხლსა ღვრიდა. ეჭვიანი იყო: საკუთარ ძმას, ერისთავობა არ წამართვასო, ამის შიშით თვალები დასთხარა.

ბაზალეთის ომის შემდეგ ზურაბი თეიმურაზსაც განუდგა. მან ქართლი სპარსელების მიერ დანიშნულ უმწეო სიმონ-ხანს (ანუ სიმონ მეორეს) დაუმორჩილა; სურდა, თეიმურაზი კახეთის მეფე ყოფილიყო, სიმონ-ხანი ქართლისა, თვითონ კი ორივეზე ეუფროსა.

მართალია, სიმონ-ხანი მამას ეძახდა, მაგრამ ზურაბს მასზე ზრუნვაც მალე მობეზრდა, სხვილოსის ციხეში მძინარეს თავი წააცალა და თეიმურაზს გაუგზავნა.

თეიმურაზმა თავის ხალხს უთხრა:

- ზურაბ ერისთავი ისე განდიდდა, რომ ქართლსა და კახეთში არავის მეფობა აღარ ნებავს. ვისაც უნდა, დასვამს, ვისაც უნდა, მოკლავს ან გააძევებს.

მეფემ ზურაბის მოკვლა გადაწყვიტა. საფურცლეში ნადიმზე დაპატიჟა. ლხინის დროს თეიმურაზის ნიშანზე მსახურები მთვრალ ზურაბს ეცნენ და იგი ადგილზე გაათავეს.

თეიმურაზმა ზურაბის თავი სპარსეთის ახალ შაჰს გაუგზავნა (შაჰ-აბასი მომკვდარიყო), ჩვენი და თქვენი ნათესავის სიმონ-ხანის სისხლი ვიძიეო, - შეუთვალა.

ზურაბის ქვრივი კი იმერეთის უფლისწულს შერთო.

მამულიშვილთა ბოლო

თეიმურაზსაც მწარე აღსასრული ჰქონდა.

მთელი ცხოვრება იბრძოლა, მაგრამ უიმედო და გატეხილი, ბოლოს მაინც სპარსელებს ეახლა.

სპარსეთში, ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა, ჩამოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 95-103