ქვეყანა ზღვიდან ზღვამდე

კავკასია

ძმები

ქართველთა უძველესი წიგნი  ქართლის ცხოვრება გვიამბობს, რომ კავკასიელ ხალხთა წინაპრები ერთმანეთის ძმები იყვნენ.

ქართველთა წინაპრებს ერქვათ ქართლოსი, ეგროსი და ჰეროსი.

სომეხთა წინაპარს ერქვა ჰაოსი.

მოვაკნელთა და რანთა წინაპრებს ერქვათ მოვაკანი და ბარდოსი. ისინი ცხოვრობდნენ იქ, სადაც ახლა აზერბაიჯანია.

ლეკთა წინაპარს ერქვა ლეკოსი.

ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა წინაპარს ერქვა კავკასოსი.

რადგან ამათ მამას თარგამოსი ერქვა, ძმებს ამიტომაც თარგამოსიანებს უწოდებდნენ.

თარგამოსი ბიბლიური ნოეს ვაჟის - იაფეთის შვილთაშვილი იყო.

ზღვიდან ზღვამდე

მრავალი საუკუნის წინათ ქალაქ ბაბილონში ადამიანებმა დიდი კოშკის - ბაბილონის გოდოლის მშენებლობა წამოიწყეს. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რათა დედამიწაზე არ გავიფანტოთო, - თქვეს მათ. მშენებარე გოდოლი რომ იხილა, ღმერთმა იფიქრა, ესენი ერთი ხალხია, ერთი ენა აქვთ, რასაც მოინდომებენ, ყველაფერს გააკეთებენო, და ისინი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, რათა ერთმანეთისათვის ვერაფერი გაეგებინებინათ. ადამიანებმა მშენებლობა მიატოვეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ.

ერთ-ერთ მათგანს - თარგამოსს - ნათესავებთან ერთად წილად ხვდა ქვეყანა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, კავკასიონის მთებიდან მცირე აზიის მთებამდე. თარგამოსმა ექვსას წელიწადს იცოცხლა.

წილხვდომილი ქვეყანა მან გაუყო თავის რვა შვილს, რომლებიც იყვნენ კაცნი... გმირნი, ძლიერნი და სახელოვანნი.

ქართლოსს მისცა ქვეყანა შავი ზღვიდან (სპერი, კლარჯეთი, მესხეთი) ჰერეთამდე (ქართლი, კახეთი).

ეგროსს მისცა ქვეყანა შავი ზღვიდან ლიხის მთამდე. ჩრდილოეთ საზღვრად თარგამოსმა მას მცირე ხაზარეთის მდინარე ყუბანი უჩინა. ეგროსმა ააშენა ქალაქი ეგრისი.

ჰეროსს მისცა ქვეყანა მტკვრის ჩრდილოეთით, ივრისა და ალაზნის შესართავიდან ტყეტბამდე. ივრისა და ალაზნის შესართავთან ჰეროსმა ააშენა ქალაქი ჰერეთი.

ძალა ერთობისა

(მცირეოდენი შემოკლებით)

ძმებს ერთმანეთისათვის უთქვამთ, მაღალმა ღმერთმა ძალა და სიმრავლე მოგვცა, არავის დავემონოთ, ღვთის გარდა არავის ვემსახუროთო.

და კაცობრიობის პირველ მეფეს - ბაბილონის ლეგენდარულ მბრძანებელს - ნებროთს ხარკი აღარ მისცეს.

იცოდნენ, რომ ამას უსათუოდ ომი მოჰყვებოდა. ამიტომაც შეიკრიბნენ, რათა მტერს ერთად დახვედროდნენ. ნებროთმა სამოცი გმირი და უთვალავი ლაშქარი გამოგზავნა.

ლაშქართა სიმრავლის გამო მტვერი ცაზე ღრუბელივით დადგა.

აბჯარი ელვასავით აპრიალდა.

მებრძოლთა ყიჟინა ქუხილს მიემსგავსა.

ისრები და ქვები სეტყვასავით დაცვივდა.

სისხლი ღვარებად გაიშალა.

მაშინ მათ თვითინ ნებროთი შეებრძოლა, ჰაოსმა იგი ისრით განგმირა, დამარცხებული ბაბილონელები უკუიქცნენ.

ასე შველოდნენ ძმები ერთმანეთს: მტერი ერთსაც რომ გასჩენოდა, მაინც რვავე შეიკრიბებოდა, ერთად დადგებოდა, რვავე ერთად იბრძოლებდა.

ქართლოსის სამკვიდრო

(მცირეოდენი შემოკლებით)

როცა თარგამოსმა შვილებს ქვეყანა გაუყო, ქართლოსმა მიაშურა იმ ადგილს, სადაც არაგვი მტკვარს ერთვის, და მთაზე სიმაგრე აღმართა. მთას მან თავისი სახელი - ქართლი უწოდა.

როცა გარდაიცვალა, ქართლის მთაზე დამარხეს.

ქართლოსის ცოლმა ააშენა დედა-ციხე და ბოსტან-ქალაქი (რუსთავი). მამის სამფლობელო მან ხუთ შვილს გაუყო: გარდაბოსს, კახოსს, კუხოსს, გაჩიოსს, მცხეთოსს.

მცხეთოსი, რომელიც ძმათა შორის უგმირესი იყო, მამის სამყოფელზე დარჩა. მტკვრისა და არაგვის შესართავთან მან ააშენა ქალაქი მცხეთა.

მცხეთოსს მისი ოთხივე ძმა ემორჩილებოდა.

მან სამფლობელო გაუყო სამ შვილს: ოძრახოსს, ჯავახოსს და უფლოსს.

უფლოსი დატოვა მცხეთაში. უფლოსმა ააშენა უფლისციხე, ურბნისი, კასპი. თავის ქვეყანას, რომელსაც ახლა შიდა ქართლი ჰქვია,  უფლოსმა უწოდა ზენა-სოფელი.

ადრე მეფობა ან ერისთავობა არ ყოფილა. ყველაზე დიდი პატივით სარგებლობდა მცხეთის მამასახლისი - ქართლოსის შთამომავლობა, ქართლოსიანთა მოსამართლე და განმზავებელი.

ქართლის დედაქალაქი იყო მცხეთა:

„ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს მას დედა-ქალაქად“.

 

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 11-14