გიორგი ბრწყინვალე

ბრწყინვალე და საჩინო მეფე

(შემოკლებით)

დემეტრეს ცხრა შვილი ჰყავდა. მათგან რჩეული, გიორგი, ერთადერთმა ქართველმა ცოლმა, სახელოვან ჯაყელთა ასულმა ნათელამ შესძინა.

მემატიანემ უწოდა მეფეთა შორის ბრწყინვალე და საჩინო.

გიორგი ბრწყინვალის მეფობისას მონღოლები აირივნენ და ერთმანეთს წაეკიდნენ. მეფემ ქვეყანას მოხედა, დასუსტებულ მტერს ხარკი აღარ მისცა, მალე იმათი ლაშქარიც გადარეკა.

„იცა ჟამი ბრწყინვალემან გიორგი მეფემან და განასხნა თათარნი საქართველოსაგან“.

გიორგი ბრწყინვალის კანონები

მეფეებსაც კი წესი და რიგი დავიწყებოდათ. სამეფო ამან სულ არია. ურთერთბრძოლა, კაცის კვლა და ათასგვარი უზნეობა გამეფებულიყო. გიორგი ბრწყინვალემ საგანგებო კანონები შექმნა. ერთ წიგნს „ხელმწიფის კარის გარიგება“ უწოდა, ხოლო მეორეს „ძეგლისდება“.

მთასაც და ბარსაც მეფემ მტკიცე თვალი მიაპყრო. თუ მამა-პაპათა წესი არ იქნებოდა, თუ ყველა თავის წადილზე გაიწევდა, ქვეყანას ვინ რას არგებდა?

დარბაზობა ცივის მთაზე

მონღოლებმა მრავალ ქართველ დიდებულს მეფის და ქვეყნის ურჩობა ასწავლეს. მათ ისინი თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ, რადგან საუკეთესოდ იცოდნენ, რომ ურჩი დიდებული ქვეყნის ძალ-ღონის გამტეხია.

გიორგიმ დიდებულები ჰერეთში, ცივის მთაზე მიიწვია, დარბაზობისას მათაგნ ურჩები გამოარჩია, შეიპყრო და ამოხოცა. მთაში ილაშქრა და ჩრდილოეთის გზები თვითონ დაიკავა. რანსა და შირვანს ხარკი დაადო. დალაშქრა მოვაკანიც, ქალაქი, სადაც მონღოლობმა მამამისს თავი მოჰკვეთეს. ადარბადაგანს ქართველთა ძველი მხნეობა და დიდება გაახსენა...

როგორ გააერთიანა გიორგიმ საქართველო?

ქუთაისის ტახტზე დავით ნარინის შვილიშვილი ბაგრატი იჯდა. ყმაწვილ მეფეს სკიპტრა მტკიცედ ეპყრა. გიორგიმ ამით ისარგებლა და ლიხთიმერეთში მომხრეები გაიჩინა. ლიხის მთაზე გადასულ გიორგის ბევრი იმერელი სიხარულით შეეგება. იგი ქუთაისის ციხეს შემოადგა. ბაგრატმა გიორგის შემოუთავალა:

- ვინაიდან ღმერთმა ძლევა მოგანიჭა, მეც გნებდები და იმერეთის ციხეებს გაბარებ, ოღონდ გთხოვ, რომ სიკვდილით და პატიმრობით არაფერი მავნო და საცხოვრებლადაც იმერეთში დამტოვო.

იმერეთის ციხეებსა და ქალაქებში გიორგიმ ერისთავები დასვა. ბაგრატს შორაპნის ერისთავიბა უბოძა.

სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიისა და სვანეთის მთავრები გიორგის ეახლნენ, მას იმერეთისა და მთელი საქართველოს მეფობა დაულოცეს. გიორგიმ ეს მხარეები შემოიარა, საქმეები განაგო და შემდეგ სამცხეში გადავიდა. თვითონ გიორგი სამცხეში იყო გაზრდილი, პაპის - ბექა ჯაყელის კარზე. თავისი დედულეთი - სამცხე-საათაბაგო გიორგიმ სრული თანხმობით, მშვიდობიანად შეიერთა.

ასე აღდგა მონღოლების დროს დარღვეული საქართველოს მთლიანობა.

წმიდა ქალაქის მფარველი

წმიდა ქალაქი იერუსალიმი ეგვიპტელ მამლუქებს ეპყრათ.

ჯვრის ქართველთა მონასტერი მაჰმადიანებმა მეჩეთად გადააკეთეს. სხვა ქრისტიანული სალოცავებიც ასეთ დღეში იყო. მლოცველები სულ მთლად აბუჩად ჰყავდათ აგდებული: ცხენებსა და ჯორებზე ჩვეულებრივად დაჯდომას უკრძალავდნენ, გვერდულად უნდა დამსხდარიყვნენ და ორივე ფეხი ცალ მხარეს უნდა გადმოეწყოთ.

ქვეყანა რომ მომძლავრდა, ერთობითა და სიმტკიცით სახელი რომ გაითქვა, გიორგიმ იერუსალიმზე ზრუნვა განიზრახა. ეგვიპტის დედაქალაქში ქსნის ერისთავის შვილი პიპა და დეკანოზი იოანე ბანდაისძე გაგზავნა, სულთანს იერუსალიმზე ზრუნვა მოსთხოვა, სამაგიერო თანადგომასაც დაჰპირდა.

სულთანმა ყველა თხოვნა სიხარულით შეუსრულა, მიტაცებული ტაძრები ქრისტიანებს დაუბრუნა და მლოცველებს ცხენზე ჯდომის უფლება მისცა. ქართველები სულთანმა გამორჩეულად დააფასა: ყველა მგზავრისათვის აუცილებელ ბაჟს აღარ ახდევინებდა, ქალაქშიც, არათუ ცხენებზე ამხედრებულთ, არამედ გაშლილი ქართული დროშებითაც უშვებდა.

განსაცდელის წინ

გიორგი ბრწყინვალის სახელი ერთბაშად განითქვა. რით და როგორ არ ამკობდნენ: მისი უდიდებულესობა; ტახტ-გვირგვინის მპყრობელი; ზღვათა და სრუტეთა მფლობელი; წმიდა ადგილთა განმადიდებელი...

გიორგიმ მრავალჯერ გადამწვარი თბილისიც ისე ააშენა და განაახლა, რომ თვითონ რომის პაპი მას აღმოსავლეთის უპირველეს ქალაქს უწოდებდა.

ასე მოითქვა სული საქართველომ; ამ ერთხელ და უკანასკნელად გაბრწყინდა, გახმიანდა.

ასე დახვდა განსაცდელთა უსასრულ წყებას.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 42-47