სოლომონ მეორე

(შემოკლებით)

მემკვიდრეობა

იმერეთის ტახტის მემკვიდრედ სოლომონ პირველმა თავისი ძმისშვილი, არჩილის ვაჟი დავითი დაამტკიცა.

სოლომონის შემდეგ ტახტი მეფის ბიძაშვილმა მიიტაცა. ამასაც დავითი ერქვა. ორ დავითს ერთმანეთისაგან გასარჩევად მამის სახელებით მოვიხსენიებთ: სოლომონის ძმისშვილს დავით არჩილის ძეს ვუწოდებთ, ხოლო ბიძაშვილს - დავით გიორგის ძეს.

გიორგის ძის მოწინააღმდეგეებმა ბოლოს და ბოლოს სოლომონის ნამდვილი მემკვიდრე გაამეფეს. დავით არჩილის ძეს მეფობაში სოლომონ მეორე უწოდეს.

მეფობისათვის ბრძოლა კვლავ გაგრძელდა: დავით გიორგის ძემ რამდენიმე ომი გადაიხადა, ერთხელ მეფობაც დაიბრუნა, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა.

სოლომონ მეორეს პაპამისი (დედის მხრიდან) მეფე ერეკლე ამაგრებდა, ჯარს აძლევდა, ეხმარებოდა.

ხელმწიფე-იმპერატორის ზრახვები

ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ იმერეთის სამეფოსაც დიდი დღე აღარ დარჩა.

სოლომონ მეფეს რუსები ნაირნაირ მოთხოვნებს უყენებდნენ. ცდილობდნენ მტრობა ჩამოეგდოთ და ამ მტრობაში ქვეყნის დაპყრობის მიზეზი ეპოვათ.

მეფემ პეტერბურგში სოლომონ ლიონიძე გაგზავნა.

კარს მომდგარ რუსებს ლიონიძემ იმერეთის მფარველობა შესთავაზა. რუსთა მფარველობამ ქართლ-კახეთს რა მოუტანა, კარგად ახსოვდა, ამიტომ მოითხოვდა, ტრაქტატის შინაარსი რუსეთს ყველა დიდი ქვეყნისთვის ეცნობებინა: ყველას რომ ეცოდინება, რიდი მიეცემა და ვეღარ დაარღვევს, იმერეთს ვეღარ დაიპყრობსო, - ფიქრობდა სოლომონი.

მაგრამ მისმა ელჩობამ უქმად ჩაიარა. ხელმწიფე-იმპერატორამდე არც მიუშვეს. რუსეთის სამეფო კარს იმერეთის ბედი გადაწყვეტილი ჰქონდა.

ოქრო-ვერცხლის ავანგარდი

რუსეთის ჯარი სურამში დადგა.

მისმა სარდალმა პავლე ციციანოვმა სოლომონს ელჩი მიუგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა. ქვეყნის აოხრებას უბრძოლველად დანებება სჯობსო, ურჩია.

იმერეთის განაპირა სოფელში, სურამის მახლობლად, სოლომონი და ციციანოვი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მშვიდობაზე ვერ შეთანხმდნენ.

მაშინ ციციანოვი ოქრო-ვერცხლით იმერელ დიდებულთა მოსყიდვას შეუდგა, სოფლებს ჯარი მიუსია და მოსახლეობა რუსთ ხელმწიფის ერთგულებაზე დააფიცა.

სოლომონი აიძულეს, რომ მფარველობის პირობა მოეთხოვა.

ქუთაისის განსაცდელი

ქართლ-კახეთში და სამეგრელოშიც რუსეთის ჯარი იდგა. იმერეთი მათ შუა მომწყვდეულიყო.

სოლომონს რომ პირობა დააწერინეს, ამის შემდეგ ჯარი ქუთაისში შეიყვანეს.

ჯარის სიმრავლემ მეფე დააეჭვა:

ალბათ სურთ, რომ რუსეთში გამასახლონ, თვითონ კი უმეფოდ დარჩენილ ქვეყანას დაეუფლონო, იფიქრა.

რამდენჯერმე მოითხოვა, ქუთაისში იმდენი რუსი დაეტოვებინათ, რამდენიც პირობაში ეწერა, მაგრამ არ მოუსმინეს.

სოლომონისთვისაც ცხადი გახდა, რომ რუსები იმერეთის დასაპყრობად შესაფერ ჟამს ელოდნენ.

ამიტომაც ქუთაისიდან გავიდა, ვარციხეში დადგა და საომრად მოემზადა.

რუსთა სარდალმა შეუთვალა:

„თუკი დაბრუნდები და მფარველობის გამო ხელმწიფე-იმპერატორისათვის მადლობის მოსახსენებლად პეტერბურგში იმერელ დიდებულებს გაგზავნი, ქუთაისში მხოლოდ იმდენ ჯარისკაცს დავტოვებთ, რამდენიც თქვენს უშიშრად ყოფნას დასჭირდება“.

სოლომონმა სარდლის შემონათვალი, ცხადია, არ დაიჯერა.

იმერეთის ომები

ქუთაისში რუსებმა გენერალი ორბელიანი გაგზავნეს.

იმერელ თავადაზნაურობასა და მღვდელმსახურთ მოუწოდეს, სოლომონს ხელმწიფე-იმპერატორის მორჩილება ჩააგონეთო.

ქუთაისში სულ ახალი და ახალი ბატალიონები გროვდებოდა.

მეფესთან კი თავს მისი ერთგული თავადაზნაურობა და გლეხობა იყრიდა - ექვს ათასამდე შეიკრიბნენ.

რუსებმა ზედიზედ დაიპყრეს სოფლები და ციხე-სიმაგრეები. რაჭას, ოკრიბას, მთისა და ვაკე სოფლებს ერთიანად მოეფინენ.

ერთგულებაზე ქუთაისლებიც დააფიცეს.

მოდი-ნახეს, ჩხერის, მუხურისა და სხვა ციხიონები მტრებს შეუპოვრად შეებრძოლნენ.

მოდი-ნახეს ციხის ამბავი

მოდი-ნახეს ციხეს ქაიხოსრო წერეთლის ცოლი ეკატერინე იცავდა (თვითონ ქაიხოსრო ჩხერში იდგა).

რუსებმა იგი დიდხანს ვერ აიღეს. ბოლოს წერეთლების ნათესავი ამილახვარი და რამდენიმე კაცი შეგზავნეს, ვითომ მოსალაპარაკებლად.

ამილახვარმა ციხის კარი მოულოდნელად გახსნა და წინასწარ იქვე მდგომი რაზმი ციხეში შეუშვა.

მოდი-ნახეს ბედი ამითაც არ გადაწყდა, მაგრამ სამღვდელოებამ ეკატერინეს დამორჩილება სთხოვა, რადგან ციხეს ძალა ეცლებოდა, რუსები კი გადამწყვეტი შეტევისათვის ემზადებოდნენ.

მეფის შეპყრობის ამბავი

ჯარები ვარციხის გარშემორყმას ფიქრობდნენ.

გამოაცხადეს, ვინც მეფის მხარეს დაიჭერს და შეგვებრძოლება, ყმებსა და მამულებს ჩამოვართმევთო.

სოლომონის ბანაკი დათხელდა. ზოგიერთი მამულების ჩამორთმევამ შეაშინა, ხოლო ზოგიერთმა თავის ოჯახსა და სოფელს მიაშურა: რუსები ხომ მთელ იმერეთს მოსდებოდნენ და განსაცდელიც ყველა სოფელს ადგა.

ხანისა და საირმის მთებში, ახალციხის საფაშოს გზებზე, რიონისა და ყვირილას გამოსასვლელებთან რუსებმა ჯარები განალაგეს.

ვარციხეზე შეტევისათვის წვიმიანი დღე შეარჩიეს.

ასეთ ამინდში იმერლები მტერს არ ელოდნენ, ამიტომაც ყურადღება მოედუნებინათ.

რიონზე რუსები ნავებით გადავიდნენ, გაღმა სოფლები აიღეს და ვარციხისაკენ წამოვიდნენ.

სოლომონმა ბაღდათს მიაშურა. ახალციხეში გაქცევა დააპირა, მაგრამ ნახა, რომ რუსებს გზები სრულიად დაეკეტათ.

რუსთა სარდლები სოფელ ზეინდარში იდგნენ. ყოველმხრივ გზაშეკრულმა სოლომონმა მათთან ელჩები გაგზავნა.

ელჩებს მოსთხოვეს, რომ მთავარმართებელ ტორმასოვს მეფე ქართლში შეხვედროდა მოსალაპარაკებლად.

ბაღდათის მახლობლად მდებარე ეკლესიაში რუსებმა დაიფიცეს, რომ სხვა განსაცდელს სოლომონს არ შეამთხვევდნენ.

ქართლში მეფეს ხუთასი მხედარი გაჰყვა. აღელვებული იმერლები დაამშვიდეს, მეფე მთავარმართებელს შეურიგდება და უკან დაბრუნდებაო.

რუსები მეფეს გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რათა გზიდან არ გაქცეოდათ, თუმცა არ შეურაცხყოფდნენ და მხლებლებსაც არ უშლიდნენ.

ტორმასოვს სოფელ ვარიანში შეხვდა:

- ერთი თვის წინათ რომ დაგვმორჩილებოდი, იმერეთს აღარ დავანგრევდით და არც ამდენი სისხლი დაიღვრებოდა.

ჰყავს თუ არა იმერთს მეფე?

რუსებმა ფიცი გატეხეს. ქართლშივე სოლომონი თავიანთ ტყვედ გამოაცხადეს, ბატალიონებით გარს შემოერტყნენ და მის მხლებელთაგან ოთხასი კაცი დაითხოვეს.

თბილისში ჩამოიყვანეს, ავლაბარში, სუმბათაშვილის სახლში დააყენეს.

აქ, ამ სახლში უნდა დალოდებოდა მეფე ხელმწიფე-იმპერატორის გადაწყვეტილებას.

ხელმწიფე-იმპერატორი კი იმასვე გადაუწყვეტდა, რაც სხვა ბაგრატიონებს გადაუწყვიტა: რუსეთს გაასახლებდა.

დარაჯობა ისე მოაწყვეს, რომ სახლიდან ვერ გამოსულიყო.

მხლებელთა ცხენები საძოვრად მტკვრის გაღმა გაუშვეს. მათი გამოღმა გამორეკვა მხოლოდ საგანგებო ნებართვით შეიძლებოდა.

მეფის ტყვეობა სრულიად აშკარა რომ გახდა, იმერლები აღშფოთდნენ, ტორმასოვს მიტროპოლიტებმა სოლომონის იმერეთში დაბრუნება მოსთხოვეს.

ტორმასოვმა მათ უპასუხა:

- იმერეთი რუსეთის ოლქია. მას მეფე აღარ ჰყავს და მეფის ნაცვლად იქ „დროებითი გამგეობა“ ინიშნება.

ქაიხოსრო წერეთელმა მეფის გაქცევა მოიფიქრა.

პოლიციის ბოქაულს ვითომდა ტორმასოვის ხელმოწერილი ყალბი ნებართვა აჩვენეს, რამდენიმე მხლებელი იმერეთს ვბრუნდებით და ცხენები გვჭირდებაო. ბოქაულმა მათი ცხენები გადმოაყვანინა.

მეფე ადრე დაწვა, ავად ვარო, მცველებს ასე გააგებინა.

შუაღამისას მოსამსახურედ გამოეწყო, პირი გაიმურა, ტიჭკორა მოიკიდა და სახლიდან გამოვიდა: მცველებს უთხრა, მდინარიდან წყლის ამოსატანად მივდივარო. მის ლოგინში მსახური თაბუკაშვილი ჩაწვა.

გალავნიდან გასულს იმერლებმა ცხენი დაახვედრეს.

ყველანი სასწრაფოდ ამხედრდნენ და ქალაქიდან გაიჭრნენ.

მეფის გაქცევა რუსებმა გვიან შეიტყვეს.

ოთახში შესულებს არავინ დაუხვდათ. უპატივოდ ეგდო ალექსანდრე ნეველის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი, რომელიც სოლომონს ერთ დროს ხელმწიფე-იმპერატორმა უწყალობა.

რუსები საშინლად აღშფოთდნენ და აიშალნენ: ძვირფასი ტყვე ასე უბრალოდ გაექცათ.

ბრალდებულნი - ვინ სიკვდილით დასაჯეს, ვინ გადაასახლეს და ვინ სამსახურიდან დაითხოვეს. მეფის მსახური თაბუკაშვილი და დალაქი სალამაძე გააციმბირეს და ყინულოვან ქვეყანაში სამუდამოდ დაკარგეს.

ბრძოლის გარდა იმერეთს ვეღარაფერი იხსნიდა.

მიტროპოლიტ დოსითეოს ქუთათელს სოლომონმა ახალციხიდან მისწერა:

„როცა დავრწმუნდი, რომ სამუდამოდ რუსეთს მისტუმრებდნენ, გულს თქვენთან განშორებისა და იმერეთის საუკუნოდ დატოვების ცეცხლი მომედო. უცხო ცის ქვეშ დიდებას თქვენთან ყოფნა, თქვენთან სიხარული, თვენთან სიცოცხლე და სიკვდილი ვარჩიე. ჩემი დაკარგვით იმერეთს ბედნიერება და თავისუფლება რომ ეძლეოდეს, რუსთა ნებას სიხარულით დავემორჩილებოდი, მაგრამ თქვენც ხედავთ, იმათ ხელში ჩვენი მეზობლები რა უნუგეშოდ კვნესიან, გამწარებულნი, სიკვდილს როგორ ნატრობენ. იმერეთს უარესი მოელის. განა ქართლ-კახეთი, ახლა რომ ასე გაამწარეს, ადრე ფიცითა და ოქროთი არ მოატყუეს? ხომ იცით, რომ თავიანთ ჩვეულებას ისინი თქვენთვის არ გამოიცვლიან? არც თქვენს მამა-პაპას იცნობენ, არც იმგვარი სიყვარული და გულისტკივილი გააჩნიათ, ჩვენ რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს.

ეს არის ერთგულებისა და მამა-პაპათა მიერ ჩვენთვის დანთხეული სისხლის განახლების დღე. თქვენ ახლა უნდა გამოაცხადოთ ერთგულება, რათა გათავისუფლდეთ. საძრახის საქმეს ნუ დაიდებთ და ქართლის მსგავსად თავს ნუ დაიღუპავთ. თქვენი სამწყსო განამტკიცეთ და ჩემს მიმართ თქვენი მამაშვილური სიყვარული და შემძლეობა დღეს გამოაცხადეთ.

თქვენთან და იმერეთში ცხოვრებისათვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო, იცოდეთ“...

მკვლელის ძიება

რუსები ამბობდნენ, იმერეთის დასამორჩილებლად მათი სოფელ-ქალაქების დაპყრობა არ კმარა. ვიდრე სოლომონი ცოცხალია, აქაურობის დამშვიდება არ იქნებაო.

ისინი ოქროს არ იშურებდნენ, რათა ვინმე მოსწყიდათ და მეფე ღალატით მოეკლათ. ბევრს ეცადნენ, მაგრამ შინაურობაში ერთი კაციც ვერ იპოვეს, ვინც უკანასკნელ ქართველ მეფეს სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

იმერთა გამარჯვებისა და დამარცხების ამბავი

მთელი იმერეთი გადამწყვეტი ომისათვის მოემზადა.

სოლომონმა ახალციხიდან ლეკები გადმოიყვანა და ტყაჩირში დადგა.

აბაშიძეებმა საქარასთან მაიორ კალატოზიშვილის რაზმი ამოწყვიტეს.

თბილისიდან გამოგზავნილ ჯარს მთავრობამ გენერალი დიმიტრი ორბელიანი უსარდლა. ორბელიანმა სურამში ჯარი ორად გაყო და იმერეთს სხვადასხვა გზებით მიუსია, სოფელ ალთან იმერლებმა რუსთა რაზმი სანახევროდ ამოწყვიტეს; მათ ვახანის გზით მიმავალი რაზმიც უკუაქციეს.

რუსები სურამში გაბრუნდნენ. ორბელიანმა მთელი ჯარი ახლა ერთი მიმართულებით დაძრა. დიდი ბრძოლით ჩხერამდე ჩააღწია და ციხე აიღო. ჩხერიდან ჯარს ახალი სარდალი, გენერალი როზენი გამოუძღვა.

თვითონ სოლომონი მაღლაკში იდგა, დასავლეთიდან იმერეთს დადიანი მოადგა, ჯიხაიშსა და ნამაშევთან ბრძოლები გაიმართა.

გენერალი როზენი კი ქუთაისისაკენ მიიწევდა, ჩხერის ქვემოთ, ცხრაწყაროსთან, ყვირილას ფონზე ათასობით იმერელმა თავგანწირულად იბრძოლა, მაგრამ კარგად შეიარაღებული და კარგადვე გაწვრთნილი მრავალრიცხოვანი ჯარი მაინც ვერ შეაკავა.

სიმონეთთან შვიდი ათასი მოლაშქრე დადგა. ბრძოლა ოთხ საათს გაგრძელდა. გამარჯვებულმა რუსებმა ჭიშურა გადაიარეს და ქუთაისში შეიჭრნენ.

სოლომონი მაინც არ დაცხრა. რიონთან, ნაგარევთან, საქარასთან რამდენჯერმე სწვდნენ, მაგრამ ვერ მოიხელთეს.

ხანისწყლის ხეობაში რუსებს უკანასკნელად შეებრძოლა. დამარცხებული, კვლავ ახალციხეში გადაიხვეწა.

უკანასკნელი იმედი

დევნილი მეფე არზრუმში დამკვიდრდა.

რუსეთის მთავრობა ოსმალეთშიც სდევდა. მოსყიდულმა არზრუმის ფაშამ კინაღამ განსაცდელი შეამთხვია. სოლომონმა ახლა ტრაპიზონს მიაშურა (არზრუმის ფაშას ღალატისთვის სულთანმა თავი მოჰკვეთა).

იმერეთის მეფემ დახმარება საფრანგეთის იმპერატორს - ნაპოლეონს სთხოვა, მაგრამ პასუხიც ვერ მიიღო.

რუსეთს ნაპოლეონის არმია რომ შეესია, იმედით აივსო, დიდ ომში გაბმული რუსები ვეღარ მოიცლიან, იმერეთს ავაჯანყებ და დავიხსნიო, იფიქრა და თავისი განზრახვა შემოთვალა.

მაგრამ იმერლები ძველებურად ვეღარ აინთნენ, ხანგრძლივი ომიანობით, შიმშილობით, შავი ჭირის ეპიდემიითა და უსურველობით დაუძლურებულ ქვეყანას ომი არ შეეძლო.

უკვე გატეხილი, სნეული მეფე ფოთში შემოვიდა (ფოთი მაშინ ოსმალებს ეჭირათ), გურიელებს ეთათბირა.

ხსნა ვერ იპოვა.

ორმოცდაორი წლისა ტრაპიზონში გარდაიცვალა: უიმედო და გულგატეხილი.

მის საფლავს დააწერეს:

„განმეძარცვა მე პირველ ქმნილი სიკეთე და მშვენება და მდებარე ვარ შიშველ და კდემულ საფლავსა ამას შინა ტომისაგან დავითისა შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთ მეფე სოლომონ“.

აგრეთვე:

„ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდენ მბრძოლთა მათ ჩემთა“.

მარიამ დედოფალი

სოლომონს შვილი არ ჰყოლია. მის ცოლს მარიამი ერქვა. იგი მეტად ლამაზი ქალი ყოფილა.

რუსებმა მარიამ დედოფალი დაატყვევეს და რუსეთში გაასახლეს. იგი ჯერ ვორონეჟში ცხოვრობდა, შემდეგ მოსკოვში, ბოლოს პეტერბურგში. მეფის გადმოსვენების ნებართვას ითხოვდა, მაგრამ, ცხადია, არ მისცეს. პეტერბურგში აღესრულა.

გარდაცვალებიდან 175 წლის შემდეგ, 1990 წლის შემოდგომაზე სოლომონ მეორის ნეშტი ტრაპიზონიდან ჩამოასვენეს და გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 94-107