სიმონ მეფის თავგადასავალი

სამი სამეფოს ქვეყანა

საქართველოს ცალკეული კუთხეები ერთმანეთს წაეკიდნენ. შინაურმა ომებმა, მიხდომებმა, თავდასხმებმა ქვეყანა სრულიად დაშალეს: ქართლს სხვა მეფე შერჩ, კახეთს სხვა და იმერეთს სხვა. სამივენი ბაგრატიონები იყვნენ, ერსა და ქვეყანაზე ზოგს გული შესტკიოდა, ზოგს არა, მაგრამ ერთმეფობის ძალა არცერთს აღარ შესწევდა.

სამცხეს, გურიას, სამეგრელოსა და აფხაზეთს თავიანთი მთავრები ჰყავდათ: სამცხეს ჯაყელები, გურიას გურიელები, სამეგრელოს დადიანები, ხოლო აფხაზეთს შერვაშიძეები.

ვინ იყვნენ ოსმალები და ყიზილბაშები?

ჩვენს მეზობლად, მცირე აზიაში თურქმა ოსმან-ბეიმ სახელმწიფო შექმნა. ოსმან-ბეის სახელმწიფოს ოსმალეთი, ხოლო იქაურ თურქებს ოსმალები ეწოდათ.

ოსმალებმა დაამხეს ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმერიები, დაიპყრეს კონსტანტინეპოლი და მას სტამბოლი დაარქვეს.

ყიზილბაში კი წითელთავიანს ნიშნავს. ირანელთა ერთ-ერთი ტომის ხალხი თავს წითლად იხვევდა. მათ და ყველა ირანელს (სპარსელებს) ქართველები ყიზილბაშებს ეძახდნენ.

ოსმალები და ყიზილბაშები - ორივენი მაჰმადიანები იყვნენ, მაგრამ ხშირად ეომებოდნენ ერთმანეთს. დიდი ცილობა ჰქონდათ, თუ საქართველო ვის დარჩენოდა, დანაწევრებულ ქვეყანას აოხრებდნენ და ერთმანეთს პირიდან სტაცებდნენ.

ომში კოხტა და უშიშარი - ლუარსაბ პირველი

საქართველო მტრებმა ორად გაყვეს: სპარსელებს დარჩათ ქართლი, კახეთი და სამცხე, ხოლო ოსმელბს იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი გურია და ლაზეთი. ქართველი მეფეები და მთავრები ბედს შეურიგდნენ, მხოლოდ ქართლის მეფე ლუარსაბ პირველი ბობოქრობდა. იგი მტრებმა ვერ მოისყიდეს, ვერ მოატყუეს და ვერც დააშინეს. დროშასავით ბრწყინავდა, ქართველთა რწმენა და იმედი იყო:

„...მეფე ლუარსაბ არ სჯერიყო და კიდეც თავს დებდა, ამისთვის უფრო ურჩობდა და აქეთ ირანის თემსა და იქით ურუმის ქვეყანას არბევდეს“.

ერთხელ, ყიზილბაშებთან ბრძოლის წინ, კათალიკოსსა და თავადებს უთხრა, ისეთი სიზმარი ვნახე, რომ უეჭველად დავიღუპები, მაგრამ ჩემს მკვლელს ქართველები მოკლავენ და გაიმარჯვებენო.

მეფედ უფროსი შვილი სვიმონი დამილოცნიაო, - თქვა და ყველას უბრძანა, რომ სვიმონისთვის ფეხზე ეკოცნათ. ესეც ბრძანა:

- ჩემს სიკვდილს ნუ გაახმიანებთ, თორემ მტრებს გული მიეცემათ. იმათ რომ განდევნით, მცხეთაში დამმარხეთ, გლოვას დაეხსენით და ქვეყანას მიხედეთ!

ქართველებმა ყიზილბაშები დაამარცხეს. გაქცეულ ყიზილბაშთა ერთი გუნდი შემთხვევით გადაეყარა მეფეს, რომელიც რამდენიმე მხლებელთან ერთად მაღლობზე იდგა. მეფე რომ იყო, ვერ მიხვდნენ, მაგრამ მაინც შემოუტიეს.

მხცოვანმა ლუარსაბმა მეაბჯრეს შუბი გამოართვა და ამ უკანასკნელადაც ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ გაჭენებულ ცხენს ფეხი უცებ ხვრელში ჩაუვარდა, წაიქცა და მეფეც დაიტანა. წაქცეულ ლუარსაბს ყიზილბაშებმა ისრები დააყარეს.

ეს ყიზილბაშენი ქართველებმა სრულიად ამოხოცეს, მაგრამ გმირ მეფეს მაინც ვერაფერი უშველეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 55-57