სიმონ მეფის თავგადასავალი

სისხლისფერი ცისკარი

(შემოკლებით)

ომში დალოცვილმა სვიმონ მეფემ წუთისოფელი მამასავით ომში გალია.

ერთხელ მან ლაშქარი შეკრიბა, დასახმარებლად კახელებს უხმო და თბილისის მახლობლად, ციხედიდში დაბანაკდა. ქართველთა შეკრების ამბავი წინასწარვე გათქმულიყო. ამიტომ სპარსელთა დამხმარე ლაშქარს უკაცრიელი გზებით სწრაფად ევლო და თბილისს მოსულიყო.

მუხათგვერდში, დევის ნამუხლართან, სვიმონს საყარაულო რაზმი ეყენა. უფროსმა ფარეშად გერმანოზიშვილმა იმ ღამით თავისი მეომრები მუხათგვერდის ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე წაიყვანა. სპარსელებმა ეს ადგილი ისე გაიარეს და ციხედიდში ისე მივიდნენ, რომ არავის შეუტყვია.

მოულოდნელმა თავდასხმამ სვიმონის ლაშქარი შეაცბუნა. მაინც იფხიზლეს, მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართეს.

ციხედიდში ქართველებზე ორჯერ მეტი ყიზილბაში გაწყდა, მაგრამ სვიმონმა მაინც ვერ გაიმარჯვა და გორში დაბრუნდა.

კახაბერ ყორღანაშვილის ღალატი

შაჰ-თამაზმა ქართლში მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. განჯაში მათ აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი ეახლა. მე გაგიძღვებით, გზა-კვალს გასწავლით და სვიმონს დაგამარცხებინებთ, - შესთავაზა სპარსელებს, - თუ რამე გევნოთ, მომკალითო.

ბრძოლა ალგეთის მიდამოებში, ფარცხისთან მოხდა.

სვიმონმა რამდენიმე ყიზილბაში განგმირა; ისე გამხნევდა, რომ სიფრთხილე დაავიწყდა, მეტისმეტად წინ გაიჭრა და ლაშქარს სრულიად მოსწყდა. ყორღანაშვილმა მეფე იცნო და სპარსელებს მის შესაპყრობად უხმო. სპარსელებმა სვიმონს ორიოდე თანამებრძოლი იქვე მოკლეს, ხოლო მეფე შეიპყრეს. სვიმონის დატყვევებამ ლაშქარი გატეხა; დამარცხებული ქართველები უკუიქცნენ. ყიზილბაშებმა ძვირფასი ტყვე შაჰ-თამაზს მიჰგვარეს.

სახელგანთქმული და შეურიგებელი მებრძოლი შაჰმა დიდი პატივით მიიღო, იფიქრა, ახლა მაინც დავიმორჩილებო, და გამაჰმადიანება მოსთხოვა.

ვერაფერს რომ ვერ გახდა, ალამუთის ციხეში გამოამწყვდია. კახაბერ ყორღანაშვილს მეფის ღალატი არ შერჩა. სვიმონის ერთგულმა სარდალმა საჩინო ბარათაშვილმა იგი კოჯრის გზაზე შეიპყრო და გელიყარის ციცაბოებიდან ხევში მოისროლა.

როგორ „გადარჩა“ კახეთი აოხრებას?!

შაჰ-თამაზმა ერთხელ კახეთზე ლაშქრობა დააპირა, წამოვიდა და ყარაბაღში დადგა. მთელი კახეთი შეშფოთდა, მეფე ალექსანდრე საგონებელში ჩავარდა. სახლთხუცესმა ჩოლოყაშვილმა ხალხი შეკრიბა და უთხრა:

- რაც ამ საქმეში ცოდვა იქნება, მე ნუ ამკიდებთ, ყველამ დაინაწილეთ და სამაგიეროდ კახეთს ვიხსნი.

შეკრებილებმა ჩოლოყაშვილს ხელწერილი მისცეს, რაც მაგ საქმეში ცოდვა იქნება, სულ ჩვენზე იყოსო.

შაჰ-თამაზს ცოლად ჰყავდა სამცხის დიდებულის ოთარ შალიკაშვილის ასული. ათაბაგის ქვრივს, დედისიმედს, რომელიც მაშინ სამცხეს განაგებდა, ჩოლოყაშვილმა შეუთვალა:

„შაჰ-თამაზი სამცხეში მოდის. სურს, რომ თავისი ცოლისძმა ვარაზა შალიკაშვილი ათაბაგად დასვას. თუ გინდა, რომ სამცხე გადარჩეს, ვარაზა მოაკვლევინე და შაჰიც უკან გაბრუნდება“.

ეს მზაკვრული რჩევა დედისიმედმა დაიჯერა და ვარაზა მოაკვლევინა. განრისხებულმა შაჰ-თამაზმა კახეთს თავი ანება, სამცხეს მიადგა და სულ მოაოხრა.

ამასობაში კახთა მეფემ შაჰს თავისი შვილი - კონსტანტინე აახლა, უამრავი საჩუქარი გაუგზავნა და გული მოულბო. სპარსელებმა კახეთის აოხრება გადაიფიქრეს.

სვიმონ მეფის დაბრუნება

შაჰ-თამაზის შემდეგ ტახტი შაჰ-ხუდაბენდეს დარჩა.

სპარსეთსა და ოსმალეთს შორის ახალი ომი გაჩაღდა. ოსმალებმა სპარსელებს მრავალი ქვეყანა წაართვეს, მათ საქართველოც მთლიანად დაიპყრეს. მაშინ სპარსელებმა გადაწყვიტეს, რომ სვიმონი გაეთავისუფლებინათ, რადგან ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში მხოლოდ ის შეძლებდა.

შაჰ-ხუდაბენდეს დედამ, ოთარ შალიკაშვილის ასულმა, სვიმონს თავისი ლეჩაქი გაუგზავნა და შეუთვალა: „სვიმონ მეფევ! გსურდეს, ლეჩაქი აიღე, გსურდეს, ხმალი, ჩვენც მოგვეხმარე და შენს საბატონოსაც“.

სვიმონმა ხუთი ათასი მეომარი წამოიყვანა და საქართველოში წამოვიდა. მან უმალ აიღო გორის, ლორეს ციხეები, ოსმალებზე თავდასხმები იწყო, თბილისი ალყაში მოაქცია.

ხატისოფელი

ოსმალთა დიდი ლაშქარი ერთხელ თბილისის მახლობლად ხატისოფელთან დაბანაკდა. ბრძოლის წინ სვიმონმა ხერხი იხმარა: ელჩად გამოეწყო, ოსმალთა ფაშას ეახლა და უთხრა:

- სვიმონ მეფის ელჩი ვარ. ასე შემოგითვალათ, მეყო ამდენი ხმლის ქნევა და ომი, სულ ყიზილბაშთა სასარგებლოდ ვიბრძვი. თუ გინდათ, თქვენ იყავით ჩემი ბატონი, თუ გინდათ, ისინი იყვნენ; თქვენთვისაც და ჩვენთვისაც უმჯობესი იქნება, თუ შევრიგდებით და ამდენი ლაშქრობისაგან მოვისვენებთო.

ფაშას გაეხარდა, სვიმონს გადაეცი, რომ კარგად შემოუთვლია და ჩვენც შერიგება გვინდაო. ამასობაში სვიმონმა ოსმალთა ბანაკი დაათვალიერა და მათი ძალა შეიტყო.

ოსმალთა ლაშქრის დიდი ნაწილი, ორი მესამედი, გორაკის გადაღმა დაბანაკებულიყო. მეორე თუ მესამე დღეს მათ კიდევ ათი ათასი მეომარი მიემატათ და სულ ოცდაათი ათასი გახდნენ. სვიმონს კი ამისი მეოთხედი თუ მეხუთედი ეგულებოდა. გათამამებული სვიმონი და მანუჩარ ათაბაგი ოთხი ათასი მეომრით ოსმალებს დაეცნენ. გმირულად იბრძოლეს ქართველებმა, მაგრამ მტრის სიმრავლე რომ შეიტყვეს, გაეცალნენ, რათა უბრალოდ არ გამწყდარიყვნენ, ძალა მოეკრიბათ და ახალი ბრძოლებისათვის მომზადებულიყვნენ.

ოფშკვითის ომი

სვიმონს იმერეთის დამორჩეილება სურდა. ერთხელ მოზრდილი ლაშქარი შეკრიბა და იმერეთისაკენ გასწია. იმერეთის ციხეები აიღო. იმერთა მეფე როსტომი  და სამეგრელოს მთავარი მანუჩარ დადიანი სოფელ ოფშკვითთან დაბანაკდნენ. მანუჩარმა სვიმონს შემოუთვალა, როსტომი შეირიგე, მეც შენი ყმა ვიქნები და როგორც ადრე დავით აღმაშენებელმა, საქართველო ერთობით შენც ისე დაიმკვიდრეო. სვიმონმა დადიანის სიტყვა არ დაიჯერა, მოვდივარ და დამსვდიო, უპასუხა.

რამდენიმე დიდებულმა დადიანთან კავშირი გააბა და შეაგულიანა; გამთენიისას მანუჩარი სვიმონის ბანაკს დაეცა. მოლაშქრეთა უმრავლესობამ მეფე მიატოვა. სვიმონი დამარცხდა.

ომში დამარცხებული და ყველასაგან მიტოვებული მეფე ქართლისაკენ მარტოდმარტო გაეშურა.

სვიმონ-ხანი ალგეთდა, ალგეთდა

ქართლს ხმალი შეარტყაო, ე.ი. ქვეყანა საბრძოლველად აღანთოო, - ამბობდნენ სვიმონზე. არც მაშინ, როცა ღალატობდნენ, და არც მაშინ, როცა გვერდით ედგნენ, ბრძოლაზე გული არ გაუტეხია.

საქართველოში ერთხელ ოსმალთა ურიცხვი ლაშქარი შემოვიდა. ალგეთზე, ნახუდართან, თოფის გასროლის მანძილზე რომ მიახლოვდნენ, ქართველებმა შუბები წარმართეს და ოსმალთა რიგებში შეიჭრნენ. ზოგიერთმა ქართველმა ერთბაშად ოთხი-ხუთი ოსმალო დასცა, მაგრამ ოსმალები იმდენი ყოფილან, მემატიანე ამბობს, ხელიც რომ არ გაეღოთ და ქართველებს ისინი ნებისად ეკაფათ, ათ დღეს არ ამოთავდებოდნენო.

ქართველები დაიღალნენ. გავბრუნდეთო, მეფეს ევედრნენ და ძლივს უკუქცევა გადაწყვიტეს.

მეფის ბედაურს უნებურად ვიღაცის ცხენი დაეჯახა და ტალახიანი საფლობისაკენ გააგდო. ამ დროს ოსმალებიც მიეწივნენ. მუხლამდე ტალახში ჩაფლული მეფე არ ნებდებოდა, ისრებს ისროდა, ქართველებიც აწყდებოდნენ, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ.

ვინმე გათათრებულმა ბარათაშვილმა მეფე იცნო და ოსმალთა სარდალს, ჯაფარ-ფაშას მოახსენა, ლაშქარი აღარ შერჩენია და ტალახში ჩაფლული მაინც ისრებს ისვრისო.

ჯაფარ-ფაშამ ბრძანა, რომ მეფისათვის არ ესროლათ და იგი ტალახიდან ამოეყვანათ. თურქებმა სვიმონი დაატყვევეს და ოსმალეთისაკენ გაქუსლეს. ბატონიშვილმა გიორგიმ მათ სდია, მაგრამ ვერ მიეწია.

სამ დღეს ზეიმობდნენ ოსმალები სვიმონის დატყვევებას, ქალაქებში ბაირაღები გამოფინეს, თითქოს ყველა ომი დამთავრებულიყოს და მთელი ქვეყნიერება მათ დარჩენოდეთ.

ქართველები ბევრს ეცადნენ, არც განძი დაზოგეს, არც ელჩობა და თხოვნა დაიზარეს, მაგრამ სვიმონის განთავისუფლება ვერ მოახერხეს. გმირი მეფე ტყვეობაში გარდაიცვალა. გვამი ჩამოიტანეს და მცხეთაში დაკრძალეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 57-67