თამარ მეფე

როგორ ჩაბარდა კარის ციხე პატარა ლაშას

კარის (ყარსის) ციხის ირგვლივ ყველა ციხე, სოფელი თუ ქალაქი თამარს დაემორჩილა, მხოლოდ ეს ერთი გაძალიანდა: თუმცა სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხი აზნაურები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ციხე ვერ აიღეს. თამარმა კარს დავით სოსლანი გაგზავნა. თვითონ კი მახარობელს ჯავახეთში დაელოდა.

ალყა დიდხანს გაგრძელდა. თურქები ციხეზე გადმოდგებოდნენ და ქართველებს დასცინოდნენ, აგინებდნენ. დავით სოსლანმა ციხეს წყალსადენი მოუშალა. თურქები შედრკნენ, მათ დანებება გადაწყვიტეს, მაგრამ თან შეეშინდათ, ვაითუ, იმ დაცინვისა და გინებისათვის ქართველებმა შური იძიონ და ამოგვხოცონო. დავით სოსლანს შემოუთვალეს, თუ თამარი მოვა, მას მივენდობით, ციხეს ჩავაბარებთ და დავმორჩილდებითო.

თამარმა ლაშა-გიორგი იახლა და კარს მიაშურა. თურქებმა ციხის კლიტენი ლაშა-გიორგის ჩააბარეს, შემდეგ თამარს ეახლნენ და მშვიდობას ევედრნენ; თანაც სთხოვდნენ, რომ ქალაქი თავისი რომელიმე დიდებულისათვის კი არ ებოძებინა, არამედ თვითონ, თავის სამეფო ქალაქად დაენარჩუნებინა. თამარმა ლაშა-გიორგის უბრძანა, რომ ქალაქში შესულიყო და ციხე და ქალაქი ჩაებარებინა.

ლაშამ ციხეც და ქალაქიც ჩაიბარა, ხოლო თამარმა თურქებს სათხოვარი შეუსრულა, კარი სამეფო ციხე-ქალაქად დაიტოვა, ქალაქის მცველად ივანე ახალციხელი დანიშნა. კარში დამკვიდრებულმა ივანემ საქართველოს სხვა მეზობელი ადგილებიც შესძინა.

რუქნადინის მუქარა

თურქთა უძლიერესი სულთანი მაშინ რუქნადინი იყო. იგი რუმის სასულთანოში, ბიზანტიისათვის წართმეულ მიწებზე მეფობდა. რუქნადინი თამარს მუდამ მშვიდობას თხოვდა, ერთგულებას ეფიცებოდა, სინამდვილეში კი ემზადებოდა, რომ საქართველოზე გამოელაშქრა და მისი ძლიერება მოესპო. ოთხასი ათასი მეომარი შეკრიბა და თამარს მოსწერა:

„ყოველი კიდის მპყრობელისაგან, ვინც მხოლოდ ღმერთზე ნაკლები ვარ! ყველა ქალი რეგვენია. შენ მაჰმადიანთა წინააღმდეგ ხმლის აღება და მათთვის ხარკის დადება გიბრძანებია. მთელი მხედრობა მომყავს, რათა მაგ ქვეყნის ყველა მამაკაცი აღვხოცო, შენც და შენი ოჯახიც დაგსაჯოთ. მხოლოდ მას დავინდობ, ვინც კარავთან მეთაყვანება, თქვენს სასოებას - ჯვარს დალეწავს და მაჰმადს აღიარებს. მოელოდე იმის სამაგიეროს, რაც მაჰმადიანებისათვის შეგიმთხვევია!“

მოციქულმა ეს წერილი თამარის დიდებულებს გადასცა და თან უთხრა, თუ თქვენი მეფე ქრისტიანობას უარყოფს, სულთანი მას ცოლად შეირთავს, ხოლო თუ არადა, ხარჭად დაისვამსო.

ზაქარია მხარგრძელმა ამპარტავან მოციქულს სახეში ისე ლეწა, რომ იგი ძირს მკვდარივით დაეცა. როცა მოასულიერეს, უთხრა:

- მოციქული რომ არ ყოფილიყავი, კადნიერებისათვის შენი სამართალი ჯერ ენის, ხოლო მერე თავის მოკვეთა იქნებოდა.

თამარის პასუხი

ქართველთა მხედრობა ჯავახეთს შეიკრიბა. თამარმა დავით სოსლანი, მისი დროშა და ლაშქარი ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა, ვარძიიდან კარის მიდამოებამდე ლაშქარს ფეხშიშველი თვითონ გაუძღვა. ბასიანამდე, სადაც თურქები შეკრებილიყვნენ, აქედან მხოლოდ ერთი დღის სავალი რჩებოდა. თამარმა სულთანის მოციქულს თავისიც გააყოლა და რუქნადინთან მისი წერილის პასუხი გაატანა:

„ყოვლისმპყრობელი ღმერთის ძალას მინდობილმა, მარად ქალწული მარიამის მავედრებელმა, პატიოსანი ჯვრის მმოსავმა წავიკითხე, რუქნადინ, ღვთის განმარისხებელი შენი წერილი და შენი უსჯულოება ვცანი. ღმერთმა განსაჯოს. არ გაგიგია, რომ ყველას, ვინც ღმერთს ზაკვით ახსენებს, ღმერთივე აღხოცავს?

შენ ღვთის მსჯავრი არ იცი და იმ მევირე მოლაშქრეთა იმედად ხარ, ოქროს წყალობით რომ შეკრიბე, მე კი არც სიმდიდრეს ვენდობი, არც ლაშქრის სიმრავლეს და არც სხვა რამ მიწიერ იმედს. მე მხოლოდ ღვთისა და იმ ჯვრის ძალას ვენდობი, რომელსაც შენ გმობ.

ვგზავნი ქრისტეს მხედრობას არა შენი თაყვანისცემისათვის, არამედ შენი ამპარტავნების დასამხობად, რათა კარგად დაისწავლო, რომ ღვთის გმობა არ შეიძლება.

იყოს ნება ღვთისა და ნუ - შენი.

სამართალი ღვთისა და ნუ - შენი.

შენი მსახურების სიზანტე ვიცი და ამიტომ ჩემსას გიგზავნი, რათა წერილის პასუხი დროზე მოგართვას და გაგაფრთხილოს, რომ ჩემი ლაშქარი შენს კართან დგას“.

თამარი ავიდა მაღლობზე, საიდანაც მთელი მხედრობა კარგად გამოჩნდა, მუხლებზე დავარდა, ილოცა, მიწა ცრემლებით დაალტო. ერისთავებს უბრძანა, რომ წმინდა ჯვარს მთხვეოდნენ. ერისთავები ემთხვივნენ ჯვარსა და თამარის ხელს. შემდეგ ჯვარი თვითონ თამარმა აიღო, მხედრებს სამჯერ გარდასახა და ისინი დალოცა.

ქართველები ბასიანისაკენ დაიძრნენ. მათ დავით სოსლანი უძღოდა. წინამავალ რაზმს ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელები, ჭიაბერი და თორელები ამშვენებდნენ.

თამარმა სამცხეს მოაშურა და ოძრხეში დადგა. აქ ლოცულობდა, კეთილი ამბის მაცნეს აქ ელოდებოდა.

ბასიანის ბრძოლა

ლაშქრის სიმრავლით გულმოცემულ სულთანს დარაჯიც არ ედგა - თურქთა ბანაკი ნებიერად გაშლილიყო. მათს ცხენებს, ჯორ-აქლემებსა და კარვებს სათვალავი არ ჰქონდა.

ქართველებმა - პირველებმა შეუტიეს. თურქები თავდაპირველად უკუიქცნენ, მაგრამ მალე გონს მოეგნენ და ბრძოლაც გაცხარდა. ქართველ სარდლებს ცხენები დაეხოცათ და მათ ბრძოლა ქვეითად განაგრძეს. ქვეითად მებრძოლი სარდლები, ეს „მხნენი საქართველოჲსანი“ რომ იხილეს, მოლაშქრეები ცხენებიდან თვითონაც ჩამოხდნენ და მათ გვერდით დაუდგნენ.

უთანასწორო ბრძოლას დიდხანს ვერ გაუძლებდნენ. მაშინ დავით სოსლანმა და ზაქარია მხარგრძელმა იმარჯვეს. გზა გახსნეს, რათა ქვეითი ქართველები ცხენებს არ გადაეჯეგათ. როგორც კი ქვეითები გამოსხლტნენ, ერთი მხრიდან აფხაზთა და იმერთა, მეორე მხრიდან ჰერ-კახთა და ქართლელთა რაზმებმა მტერს ისე მძლავრად შეუტიეს, რომ თურქებმა ვერ გაუძლეს, იძლივნენ და დაიფანტნენ.

ლტოლვილი ლაშქარი მიწიანად მოგლეჯილ და ატორტმანებულ ტყეს დაემსგავსა; ურიცხვი თურქები ერთმანეთს თელავდნენ და ჯეგავდნენ. წეღან დაქვეითებული ქართველები ამხედრდნენ და გარდაქცეულ ლაშქარს მიეტანენ. ღამემდე სდიეს თურქებს, ხოცეს და ატყვევეს ისინი. მეფის დიდებულთაგან ამ ბრძოლაში არავინ დაღუპულა.

სულთანი ცხენის ნალად

მართლაც, ბრწყინვალეს იმარჯვეს ქართველებმა. დატყვევებულ თურქებს ერთმანეთს მათივე ხელით აკვრევინებდნენ. თურქი მსახურებიც თავიანთ ბატონებს კრავებივით კრავდნენ, სულაც ცხენის ძუაზე აბამდნენ. ერთი საბლით ოცი კაციც იკვრებოდა; თურქები ისე ბევრნი ყოფილან, რომ თითო ქართველს ტყვედ ასი თურქი მოჰყავდაო, - წერენ.

თბილისში დაბრუნებულმა თამარმა ტყვე დიდებულები ანუგეშა, ნადიმზე იწვია და ბოლოს კიდეც გაათავისუფლა. მხოლოდ ეზინკის სულთანი, რუქნადინისი უახლოესი თანამებრძოლი, რომელსაც ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული გადაშაული მიუძღოდა, ერთ-ერთ დიდებულს ცხენის ნალად მიჰყიდა.

ტრაპიზონის სამეფო

ათონის მთიდან, შავი მთიდან, ანტიოქიიდან, კვიპროსიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან ჩამოსულ ბერებს იქაური ეკლესია-მონასტრებისათვის შესაწირად თამარმა ერთხელ უამრავი ოქრო-ვერცხლი გაატანა.

ბიზანტიის ხარბმა კეისარმა ალექსი ანგელოსმა კონსტანტინეპოლში გავლისას ბერ-მონაზვნებს ეს ოქრო წაართვა. თამარმა გაძარცვულებს მაშინვე უფრო მეტი ოქრო გაუგზავნა. თვითონ კი ბიზანტიას ლიხთიმერლები შეუსია და კეისარს წაართვა ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამსუნი, სინოპი, კოტიორა, ჰერაკლია და ზღვისპირეთისა სხვა ადგილები. აქ უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ ქართველები - ჭანები და მათი შემომტკიცება ქართველ მეფეებს ოცნებად ექნებოდათ - ტრაპიზონი მეგრელთა სოფელი არისო, ასე წერია მატიანეებში.

თამარმა ტრაპიზონის სამეფო დააარსა და ტახტზე ბაგრატიონთა ნათესავი, ბერძენი უფლისწული ალექსი კომნენოსი დასვა. ალექსი ანგელოსი კი ჯვაროსნებმა მალე ტახტიდანაც ჩამოაგდეს.

ამბობენ, რომ ალექსი თავის სიძეს, ბულგარელთა მეფეს შეეხიზნა. სიძემ იგი ერთ ციხეში შეიყვანა, წინ ურიცხვი ოქრო დაუფინა და უთხრა: აი, ალექსი, ოქრო - შენი გულის სათქმელი. საჭმლის მაგივრად ეს ჭამე და წყლის მაგივრადაც ეს დალიე, რადგან ქრისტიანთა სამეფო სახლი და ბერძენთა ბატონობა შენ სწორედ ოქროსათვის წაწყმიდეო. ოქროში ჩაფლული ალექსი შიმშილით მომკვდარა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 118-124