თამარ მეფის შვილიშვილები

თამარი რუმის დედოფლად

თამარ მეფის შვილიშვილის, რუსუდანის ასულის თამარის ხელი რუმის სულთანმა ყიასიდმა ითხოვა. ყიასიდი იმ რუქნადინის შვილი იყო, თამარ მეფეს კადნიერი წერილი რომ მოსწერა. გარდაცვლილიყო რუქნადინი, მისი შვილი კი ქართველებთან დამოყვრებას ცდილობდა.

სულთანს პირობა ჩამოართვეს, რომ თამარს ქრისტიანობას არ დააგდებინებდა. რუმში ქალს გურჯი-ხათუნი დაარქვეს.

ლაშას ანდერძი?

ქუთაისში მყოფმა რუსუდანმა გადაწყვიტა, რომ მეფედ თავისი შვილი ეკურთხებინა. ჩქარობდა - ტახტის მემკვიდრე, დავით ლაშას ძე წამოზრდილიყო, მეფობასაც და მხედრობასაც მალე შეძლებდა. რუსუდანმა იგი სიძეს, ყიასიდს გაუგზავნა, შეუთვალა, მოკალიო.

ხუთი წლის დავით რუსუდანის ძეს გვირგვინი დაადგეს. წესისამებრ მეფობა მიულოცეს და კათალიკოსს აკურთხებინეს.

რუმში ჩასულ დავით ლაშას ძეს თამარი და ყიასიდი სიყვარულით დახვდნენ. მოკლეს კი არა, სასახლეში დააბინავეს და განცხრომით აცხოვრებდნენ.

რუსუდანის გაბოროტება

ლაშას ძის ცოცხლად ყოფნა რუსუდანს არ ასვენებდა; სულ ფიქრობდა, რომ მის შვილს ამის გამო მეფობა არ აუსრულდებოდა. დავითი მოკალიო, ყიასიდს ხელახლა სთხოვა. მესამედ, მეოთხედაც იგივე შეუთვალა. რომ ვერაფერი გააწყო, თავისი ასულიც მოიძულა და სულთანს მისწერა, დავითს და შენს ცოლს ერთმანეთი უყვართ, დავითის სიკვდილს მე ამიტომ გეხვეწებიო.

სულთანმა დაიჯერა: გურჯი-ხათუნი ცემა, ქალს ხატებიც დაუმსხვრია, მსახურები დაუხოცა. სიკვდილის შიშით გურჯი-ხათუნმა ქრისტიანობა დააგდო. ასე გამაჰმადიანდა თამარის სეხნია მისი შვილიშვილი, მშვენიერი თამარი.

ზღვაში

დავით ლაშას ძე სულთანმა მენავეებს მისცა, უბრძანა, გაეყვანათ და სადმე ზღვის სიღრმეში გადაეგდოთ. დავითი ზღვაში გაიყვანეს. უბიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ამოიღო, პირსა და თვალებზე დაიდო, ილოცა. მენავეებს სთხოვა, ხატს ნუ წამართმევთო.

ყელზე დაჰკიდეს, პატარა ფიცარიც მისცეს და ზღვაში გადააგდეს. ფიცარს მოხვეული დავითი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და თვალს მიაფარა. ტალღებმა ერთ ნაპირს დაუახლოვეს.

უფლისწულის ახალი სასჯელი

გზად მიმავალმა ვაჭარმა ტალღებზე მოფარფატე ადამიანი შეამჩნია და იგი მოცურავეს გამოაყვანინა. ჭაბუკმა ღონე რომ მოიცა, ვაჭარს თავისი თავგადასავალი უამბო. საქართველოს უფლისწული ყოფილაო, ვაჭარს გაუხარდა, დააბინავა, შვილივით უპატრონა.

ლაშას ძის ამბავი მალე სულთანმა შეიტყო. ვაჭარი და უფლისწული სულთანს მიჰგვარეს. მენავეებიც შეიპყრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ დავითი მათ ზღვაში ნამდვილად გადაეგდოთ. დავითი ჩააგდეს ბნელ ორმოში (ხუროში), სადაც გველები ფუთფუთობდნენ, ზედ ლოდი დააფარეს.

სასახლეში ცხოვრობდა ქართველი ჭაბუკი სოსანი, რომელი ლაშას ძეს ადრევე გაჰყოლოდა მსახურად. სოსანმა ქვასთან მიწა გათხარა და პყრობილს პური ჩააწოდა. მრავალ წელიწადს ასე კვებავდა; გველებიც მიეჩვივნენ და არას ერჩოდნენ. დავითს ორმოში ღვთისმშობლის ხატი თან ჰქონდა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 18-21