თემურლენგის ომები

ვინ იყო თემრლენგი?

ამბობენ, რომ თემურლენგზე უფრო სასტიკი დამპყრობელი დედამიწაზე არ დაბადებულა. მას სიკვდილის მფრქვეველ ვეშაპსა და ანტიქრისტეს წინამორბედს უწოდებდნენ.

სირიის ქალაქ დამასკოში სამოცდაათ ათას მეომარს უბრძანა, რომ ორ დღეში თითოს თითო სირიელი მამაკაცის თავი მოეტანა შვიდი კოშკის ასაშენებლად. მთელი ქალაქი სასაკლაოდ იქცა, თავები აღარ იშოვებოდა, რადგან ქალაქში ამდენი არც მამაკაცი იყო და არც ქალი. თემურლენგის ჯარისკაცები თავებს ერთმანეთისგან ყიდულობდნენ; ვინც ვერ მიიტანდა, მას თვითონ სჭრიდნენ.

ბაღდადში ადამიანთა გვამებით ციხესიმაგრე ააგო.

სივაში ქალები და ბავშვები პურის ძნებივით შეკრა და როგორც კალოზე, კევრებით ისე გალეწა; ოთხი ათასი კაცი კი მიწაში ცოცხლად დამარხა.

სასჯელად ქვაბში ადამიანის ცოცხლად მოხარშვაც იცოდა. მის ტყვეობას სიკვდილს არჩევდნენ. ზოგჯერ შვილებსაც კლავდნენ და თავსაც იკლავდნენ, ოღონდ თემურლენგს არ ჩავარდნოდნენ.

შუააზიელი, მონღოლთა გვარის შთამომავალი იყო. ყაჩაღების რაზმი ჰყავდა. თანდათან ისე მომძლავრდა, რომ ქვეყანაც დაიპყრო. მერე ერთბაშად იფეთქა და ჩინეთს, ინდოეთს, სპარსეთს, რუსეთს, კავკასიას - აღმოსავლეთსა და დასავლეთს მოედო, ფიქრად ჩინგიზ ხანის ქვეყნის აღდგენა გაიხადა, სპობდა, ანგრევდა, ატყვევებდა; მთელს დედამიწას ორი ხელმწიფე ეყოფაო, - გაიძახოდა.

ერთხელ ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. მაშინ უწოდეს ლენგი (კოჭლი).

მისი საბრძანებლის დედაქალაქი სამარყანდი იყო. მთელი სიმდიდრე იქ მიჰქონდა, იქ აგროვებდა. ყველა ქალაქის დამანგრეველი, ამ ერთ ქალაქს აშენებდა; ბოლოს იქ განისვენა: მისი საფლავი ახლაც სამარყანდშია, მავზოლეუმში, რომელიც სიცოცხლეში ააშენა.

მკვდარმაც ვერ მოისვენა, საძვალეში ჩასვენებული, კარგა ხანს ძაღლივით ყმუოდაო, - წერია ძველ წიგნებში.

საქართველოში

თბილისის ციხესიმაგრეს თემურმა ლოდსარტყორცნი მანქანები და ცეცხლისმფრქვეველი იარაღი მიუყენა. მომხდურებმა ბოლოს რკინის უზარმაზარი ფარები - ჩელტები დაიფარეს და ციხეს მიაწყდნენ. ციხე აიღეს, მეფე და მისი ოჯახი დაატყვევეს.

მრავალი თბილისელი დაიღუპა, ქალაქი უმოწყალოდ გაიძარცვა, სამარყანდში ბევრი ტყვე გაიგზავნა. თბილისიდან გაიტანეს უმდიდრესი და უძვირფასესი სამეფო ბიბლიოთეკა - წიგნები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე იწერებოდა. ამბობენ, თითქოს სამარყანდში ეს წიგნები ახლაც ინახება, მაგრამ განძის მცველები მათ არავის ანახებენ.

ბაგრატ მეხუთის ამბავი

თავიანთი ბატონობის ბოლო ათწლეულებში მონღოლებმა მაჰმადიანობა მიიღეს. ტყვეობაში მყოფ ბაგრატ მეფეს თემურმა გამაჰმადიანება აიძულა. როცა თავის ერთგულებაში დაარწმუნა, ბაგრატმა თემურლენგს შესთავაზა, ლაშქარი გამატანე, საქართველოს დავიმორჩილებ და შენს რჯულზე მოვაქცევო.

თემურლენგი, საერთოდ, მეტისმეტად ცბიერი და გონიერი კაცი იყო, მას ადვილად ვერავინ მოატყუებდა, ბაგრატს კი რატომღაც ენდო და თორმეტი ათასი მეომარი მისცა. ბაგრატმა საქართველოში კაცი აფრინა, შვილს - გიორგის მოსწერა:

„თემურლენგის ლაშქარი მომყავს. შენ ქართველები შეყარე და ვიწროებში დაგვხვდი. თათრები მოვსპოთ და ჩვენი დამარცხებისათვის შური ვიძიოთ“.

გიორგი ვიწროებში ლაშქარს მართლაც დაუხვდა. მამამ და შვილმა მტრები სრულიად ამოწყვიტეს.

უშიშარი მეფე გიორგი

ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი შვილი გიორგი ავიდა. იგი საუკეთესო, გულადი და შეუპოვარი ვაჟკაცი იყო. მას ჩვენ გიორგი მეშვიდეს ვუწოდებთ.

ინდოეთიდან მობრუნებულმა თემურმა ზამთარში კავკასიას მოაშურა. ნგრევა არ იკმარა, ბაღ-ვენახები გაჩეხა, თოვლი სულ სისხლით დააწითლა. კახეთი და ჰერეთი მოითარეშა, დანარჩენი ზამთარი ყარაბაღში გაატარა. გაზაფხულზე გიორგი მეშვიდეს შემოუთვალა:

„მე შენი მეფე ვარ. მეახელი და შემირიგდი. აგავსებ და პატივს მოგაგებ. ხოლო, თუ არ დამემორჩიელები, ლაშქარს ვუბრძანებ და შენს ქვეყანას სრულიად მოვაოხრებ“.

თემურლენგის მოციქულს, ვინც მისი დანაბარები გადმოსცა, გიორგიმ უთხრა:

- მე შენს მეფეზე ნაკლები არ ვარ. ჩემი ქვეყნის მოოხრება მას არ შეუძლია. რაც თქვა, თუ არ აღასრულოს, დიაცი ყოფილიყოს და არა კაცი.

გიორგის პასუხზე თემური „განძვინდა დიდად და აღიტატა და წარმოვიდა ლაშქრითა ურიცხვითა“.

გიორგი მას სომხეთში, გოგჩის ტბასთან შეეყარა.

ცბიერმა თემურლენგმა ქართველების სიფიცხე იცოდა - ბრძოლისას ისინი აინთებოდნენ, თავგანწირვით, ვაჟკაცურად იბრძოლებდნენ, მაგრამ მალე დაიღლებოდნენ. საღამომდე აცალა და, დაღლა რომ შეატყო, გადამწყვეტ იერიშზე თვითონ წამოვიდა.

ქართველები მწარედ დამარცხდნენ.

სისხლის ნაკადულები

ისევ შემოიჭრა საქართველოში, ჩვეული ნგრევა და აოხრება იწყო. მთის გამოქვაბულებში შეფარებულ მოსახლეობასაც მისწვდა. მონღოლები ზანდუკებში სხდებოდნენ, მთიდან ჯაჭვებითა და თოკებით ჩამოეშვებოდნენ და გამოქვებულებს რომ გაუსწორდებოდნენ, იქ შეხიზნულ ადამიანებს ისრებს ესროდნენ, სულაც ნავთიან ქოთნებს სტყორცნიდნენ, ცეცხლს უჩენდნენ და წვავდნენ.

ისევ აიღო თბილისი, ქსნისა და არაგვის ხეობები დაარბია, შიდა ქართლის ციხეები დალეწა, სამცხე მოაოხრა.

მეფე გიორგის შეპყრობა სურდა, ძოვრეთის ციხეს მიადგა და შვიდ დღეს ებრძოლა. დამარცხების სუნი რომ იცა, გიორგიმ მამაცი მეციხოვნეები იახლა, ციხიდან გამოიჭრა და ალყა ხმალდახმალ, ბრძოლით გაარღვია.

მონღოლებმა ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები მორეკეს, ერთმანეთს დააკლეს და გვამების მთა აღმართეს. ამ მთის კალთებზე სისხლის ნაკადულები მოედინებოდაო, - წერს მემატიანე.

ქვათახევის გოდება

გამხეცებული, უმოწყალოდ ძარცვავდა, წვავდა და ანგრევდა ტაძრებს. მცხეთა, რუისი, რკონი - სულ ააოხრა. ყველაზე დიდი საშინელება ქვათახევში ჩაიდინა:

ღვთისმშობლის ტაძარში მრავალი ადამიანი შეხიზნულიყო, რათა თემურის ზვაობას გადარჩენოდა. მონღოლებმა ტაძრის კარები ჩაკეტეს და ხალხი შიგ გამოწვეს.

ქვათახევის ტაძარში ცოცხლად დამწვარი, წამებული ადამიანები ქართული ეკლესიის წმინდანებად ითვლებიან.

თუ გათათრდები, თუ არა

თუკი გსურს, რომ შენი ქვეყანა არ ავაოხრო, მეახელი და გათათრდიო, - უთვლიდა თემური გიორგის. თუ გათათრდები, ხარკიც არ მინდაო. ხანდახან უკან იხევდა, გათათრებას არ დავეძებ, მეახელი და არც შენ, არც შენს სამეფოს აღარაფერს დაგიშავებთ, ხარკს გაკმარებთო.

ქვეყნის წახდენას და აოხრებას რომ ხედავდა, გიორგი დაზავებას ცდილობდა, დროდადრო თემურს მორჩილებას უთვლიდა, ოღონდ თვითონ არასდროს მიდიოდა, ელჩებს გზავნიდა. მაინც ყველა ზავი ირღვეოდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

საუკეთესო ჯიშის ხეებსაც კი თემურლენგი ქერქს აცლიდა და ახბოდა: მოსავალს ანადგურებდა, ქვეყანაში შიმშილის ჩამოგდებას ცდილობდა; მოსახლეობა ტყვედ მიჰყავდა - მარტო ერთ ლაშქრობაზე სამოც ათასამდე ტყვე წაუსხამს სამარყანდში. ვინც შორეულ გზას ვერ გაუძლებდა, თავს ქვით უჭეჭყავდნენ, რათა შემთხვევით არ გადარჩენილიყო და არ დაბრუნებულიყო.

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე მაღალ კლდეზე აღმართულიყო. ბუნებრივად გამაგრებულ ციხეში საკვებიც ბლომად ჰქონდათ; აქ ორმოცდაათამდე წარჩინებულის ოჯახი შეფარებულიყო. ციხის ირგვლივ თემურმა სხვადასხვაგვარი სადგომები მოაწყო, კოშკიც კი აღმართა.

თემურს რამდენიმე კლდეზე მცოცავი მეომარი ჰყავდა. ერთ-ერთი ამათგანი ყველაზე მაღალი და ციცაბო კლდის მხრიდან ციხეში ჩაიპარა. თხა დაკლა და ციხეში ყოფნის ნიშნად თემურს თავი წამოუღო. ციხის აღება მოიფიქრეს.

რამდენსამე დღეს ციხეს ლოდებს უშენდნენ და გამაყრუებელი ხმაურით მეციხოვნეთა ყურადღებას იქცევდნენ. ლოდების ტყორცნა შემდეგ მოულოდნელად შეწყვიტეს. ხმაურით დაღლილ და ციხის მიუვალობით დაიმედებულ ქართველებს ჩაეძინათ. იმ რამდენიმე დახელოვნებულმა მეომარმა თოკი წაიღო და კლდეზე აცოცდა. ციხეზე რომ ავიდნენ, თოკი გადმოუშვეს, ასევე თოკებით წინასწარ დამზადებული ოთხასსაფეხურიანი კიბე მაღლა აზიდეს და კლდის წვერზე ამოსულ ერთადერთ ხეს მიაბეს.

ციხეზე კიბით ოცდაცამეტი მეომარი ავიდა. ისინი სანახევროდ ჩაძინებულ ქართველებს დაესხნენ. ბრძოლისას მოახერხეს, ციხის კარები გააღეს. კარს კი ქვემოდან თემურის ძირითადი ლაშქარი მოდგომოდა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მონღოლებმა არავინ დაინდეს: ტყვეები დახოცეს და მათი ცოლ-შვილი თვითონ დაირიგეს. ციხითავ თორელის ცოლი შირვანის მმართველს აჩუქეს.

თემურლენგმა იმერეთშიც ილაშქრა, იქაურობა გაავერანა, მაგრამ თვითონაც გვარიანად დაზარალდა. თავის თავს ჰკითხა: ამდენი ლაშქრით დიდი ქვეყნები დამიპყრია, ასეთი ურგები და მოუხმარებელი ქვეყნისათვის თავს რად ვიკლავო. ბოლოს ქართველებს დაუზავდა და სულაც წავიდა, გადაიკარგა. სიკვდილი ჩინეთისაკენ მიმავალს დაეწია.

რაც საქართველოში ითარეშა, ჩინეთსაც დაიპყრობდა, რვაჯერ შემოესია, ჭრა, კაფა, კლა, ანგრია, მაგრამ ვერ მოდრიკა, ვერ გაათათრა და მორჩილება ვერ ათქმევინა, ამ ქვეყნის და მისი შეუპოვარი მეფის ჯავრი თან წაიღო.

წავიდა. ბოლოს ყველა დამპყრობი მიდის. ნაკვალევზე სისხლი და გოდება რჩება; მაგრამ რჩება თვითონ ქვეყანაც, რომელიც სიცოცხლეს ხელახლა იწყებს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 48-54