ვახტანგ მეექვსე

სულხან-საბა ორბელიანი

(მცირეოდენი შემოკლებით)

ძველ დროში ცხოვრობდა ბრძენი მწერალი სულხან-საბა ორბელიანი.

ვახტანგი სპარსეთში ტყვედ იმყოფებოდა. ქართლს კარგი დღე არ ადგა: აქეთ რომ სპარსეთი ხდიდა სულს, იქით ოსმალეთი თავის გეგმებს აწყობდა.

„ჩვენც და ევროპელებიც ქრისტიანები ვართ, ჩვენი შველა მათ ღვთისაგან ექნებათ დაწესებული“. - ასე ფიქრობდა ვახტანგი, როცა თავის ნათესავსა და უერთგულეს დიდებულს, სულხან-საბა ორბელიანს ევროპაში ელჩად გზავნიდა.

სულხან-საბამ მრავალი ენა იცოდა, ისე აღნაგი და სანდომიანი იყო, რომ პატივისცემას აღძრავდა.

ქართველი ელჩი საფრანგეთში გაემგზავრა.

სხვა ქვეყნებიც მოიარა... ვინ არ ინახულა, საქართველოს ბედუკუღმართობა ვის არ აუხსნა, ქართლი და მისი ქრისტიანი მეფე იხსენით, შაჰ-ჰუსეინს ხმა მიაწვდინეთ, რომ ვახტანგს რჯული დაანებოსო - საფრანგეთის ხელმწიფესა და რომის პაპს სთხოვა.

სულხან-საბა მალე მიხვდა: ევროპაში საქართველო არავის აინტერესებდა და მის ელჩს ტკბილი სიტყვით იცილებდნენ.

თვითონ უნდა ებრძოლა, მოძალებული ვეშაპისათვის თვითონ გაეძლო, ხან ხმალი ექნია, ხან ჭკუა-გონება და მოხერხება გამოეყენებინა.

ვახტანგი ქართლში დაბრუნდა

იესე მეფედ არ გამოდგა. შაჰს მასზე გული გაუტყდა.

ვახტანგიც სხვა ფიქრზე დადგა: კვლავ ტყვეობაში ამყოფებდნენ, არავინ ესარჩლებოდა, მისი ქვეყანა იესესა და ორგულ კაცთა საბრძნებლად ქცეულიყო.

გადაწყვიტა, წინამორბედ მეფეთა მსგავსად მაჰმადიანობა მიეღო, გულით კი ქართულ საქმეებს შესდგომოდა.

შირვანში, კახეთსა და დარუბანდში მოძალებულ ლეკებს ვახტანგი თუ გაუმკლავდებაო - შაჰ-ჰუსეინსაც თავისი ანგარიში ჰქონდა.

ვახტანგმა გარეგნულად ქრისტიანობა დათმო და შაჰმა მას ქართლის მეფობა მიანიჭა. ჯერ ისევ ირანში დატოვეს, ჯანიშინობა კი მის ვაჟს - ბაქარ ბატონიშვილს მისცეს.

იესეს დატყვევება დააპირეს. კახეთში გაიქცა. კახთა მეფე კონსტანტინე იესეს არ იძლეოდა, მაგრამ სპარსელებმა იგი შეიპყრეს და ბაქარს მისცეს. თბილისის სასახლეში ტყვედ შეაყენეს.

მამამისის მოღალატე დიდებულები ბაქარმა ზოგი დაატყვევა, ზოგი დასაჯა და ზოგიც სამეფოდან გააძევა. ბატონიშვილი ლეკებსაც შეებრძოლა.

ვახტანგი თბილისში ზარ-ზეიმით დაბრუნდა. ტახტზე მჯდომს ქართველებმა ერთგულება შეჰფიცეს და მეფედ დალოცეს.

კათალიკოსმა, ეპისკოპოსებმა, არქიმანდრიტებმა, დიდებულებმა, წარჩინებულებმა, აზნაურებმა, ძველი წესის მიხედვით, თავს ოქრო-ვერცხლი გადააყარეს.

სამეფო საქმეები მტკიცედ განაგო.

იესეს მეფობაში ქვეყანას ორგულნი გამრავლებოდა. ვახტანგმა მათი მოთავენი შეიპყრო.

კათალიკოსმა სთხოვა, ისინი სიკვდილით არ დაესაჯა. ვახტანგმა კათალიკოსის თხოვნა აღასრულა, ოღონდ ტყვეებს სიკვდილზე უარესი სასჯელი მოუფიქრა: თავის კაცებს ოსეთში წააყვანინა და იქ თხებზე გააცვლევინა.

როგორ გადაურჩნენ ვახტანგს ლეკები

ვახტანგმა გადაწყვიტა, რომ კავკასიის მთებში ლეკების თარეში აღეკვეთა. მან ლაშქარი შეკრიბა, სომხებიც დაიხმარა ზეგამში, შამქორში, ბარდავში დაბუდებული ლეკები აყარა და გარეკა.

ლეკებმა მორჩილება შემოუთვალეს.

მეფე გადამწყვეტი ლაშქრობისათვის ემზადებოდა, როცა შაჰ-ჰუსეინის ელჩი ბეჟან თოქალთოიანი ეახლა.

ლაშქრობა შეწყვიტე და ქართლში გაბრუნდიო, უთვლიდა შაჰი.

ვახტანგი გაოცდა: ლეკებთან ომს, აკი, შაჰი ავალებდა...

თვითონაც სიამოვნებით ივალებდა, რადგან ლეკთა თარეში ქართლ-კახეთსაც უმოწყალოდ ანადგურებდა.

ახლა რა მოიფიქრა შაჰ-ჰუსეინმა, რამ შეაშინა თუ შეაშფოთა, ან რა იანგარიშა?

თვითონ დასუსტებული და დაუძლურებული, იქნებ ვახტანგის გაძლიერებამ დააფიქრა? ვახტანგი ბოლო დროს ჩრდილოეთის დიდ ქრისტიანულ ქვეყანას - რუსეთს უკავშირდებოდა.

შაჰის ოინმა ვახტანგი გაამწარა. სახალხოდ დაიფიცა, რომ მის სასარგებლოდ ხმალს არასოდეს აღმართავდა, ლაშქრობა მოშალა და გამობრუნდა.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 6-9