ვახტანგ მეექვსე

აღაშენა და განავსო ქართლი

ვახტანგ მეექვსე ქართლში მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მეფობდა. ქართლშიც და კახეთშიც მაშინ სპარსელები ბატონობდნენ. ვინც თვითონ მოესურვებოდათ, მეფედ მას დასვამდნენ, ჯარს მოსთხოვდნენ და სადმე, უცხო ქვეყანაში საომრად გაიწვევდნენ. მრავალი წელიწადი ისე გავიდოდა, რომ მეფე სამშობლოს თვალით ვერ იხილავდა, ხშირად უცხოეთშივე აღესრულებოდა.

სპარსეთში გაწვეული მეფის მაგიერ ქვეყანას მისი შემცვლელი ანუ ჯანიშინი განაგებდა.

თავდაპირველად ვახტანგიც ჯანიშინი იყო, ხოლო მეფე, ვახტანგის ბიძა გიორგი მეთერთმეტე სპარსეთში იმყოფებოდა. სპარსელები ავღანელებს ეომებოდნენ და ქართლისათვის აღარ ეცალათ. გიორგიც მათ შველოდა.

ქვეყნის სამსახური ვახტანგ მეექვსეს წმინდა მცნებად ჰქონდა. მან „აღაშენა და განავსო ქართლი“, შეადგინა კანონები, შეაკრებინა „ქართლის ცხოვრების“ წიგნები, თბილისში სტამბა გამართა და „ვეფხისტყაოსანი“ დაბეჭდა.

ესეც შენი გიორგი-ხანი

ქართველი მეფე აუცილებლად მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო - სპარსელები ამ წესს მტკიცედ იცავდნენ, ვინც ქრისტიანობას არ დათმობდა, მას მეფედ არც დაამტკიცებდნენ.

გიორგი მეთერთმეტეც მაჰმადიანი იყო. შაჰს იგი ერთგულად ემსახურებოდა. სპარსეთსა და ავღანეთში დიდ გმირობას იჩენდა.

ავღანელთა ბელადმა მირ-ვეისმა გიორგი ღალატით მოკლა. ტანსაცმელი რომ გაუხსნეს, უბეში ჯვარი, ხატი და ფსალმუნი უპოვეს. გულით ქრისტიანი მეფე ამ ნივთებს თურმე საიდუმლოდ ატარებდა, თუმცა გარეგნულად ისე იქცეოდა, როგორც შაჰის ერთგულ მაჰმადიან სარდალს შეეფერებოდა.

მიცვალებულს ნივთები ააცალეს და შაჰს მიართვეს. ესეც შენი გიორგი-ხანი, რჯულის დათმობა არც უფიქრია, შენ კი შენი ერთგული მაჰმადიანი გეგონაო.

მეამბოხე ციხიონი

თბილისში სპარსელი მეციხოვნენი იდგნენ. მათ მთავარ საქმედ ადამიანთა ტაცება და გაყიდვა გაეხადათ. გამწარებულ ქართველებს საშველი ვახტანგმა გაუჩინა, მან სპარსელებს გასაქანი მოუსპო და ადამიანთა სყიდვაზე ხელი აიღეთო, მტკიცედ მოსთხოვა.

სპარსელებმა თოფ-ზარბაზნები დააქუხეს - თუ ჯანიშინი არ მოგვეშვება, თბილისს ავაოხრებთო, დაიმუქრნენ.

ვახტანგი დაფიქრდა: რომ შებრძოლებოდა, შაჰი ორგულებად ჩაუთვლიდა, ჯარს მოუსევდა, ქვეყანას წაუხდენდა.

იცოდა, რომ შაჰს იგი ღირსეულ კაცად მიაჩნდა. ეს კეთილგანწყობილება გამოიყენა, მეამბოხეებს თვითონ არ შეებრძოლა, დახმარება შაჰს სთხოვა.

სპარსეთს მტერი ადგა, გაიძვერა მეციხოვნეებზე მეტად შაჰს ვახტანგის მომადლიერება სჭირდებოდა. ამიტომ რაზმი გამოგზავნა. მეამბოხეები შეიპყრეს და სპარსეთში წაასხეს.

ასე აიცილა ჯანიშინმა სისხლისღვრა და სპარსელებს სპარსელებისავე ხელით გაუსწორდა.

მეფობა თუ ქრისტიანობა?

გიორგის მომდევნო მეფე, ვახტანგის ძმა ქაიხოსროც უცხო მიწაზე, ყანდაარში დაიღუპა. შაჰმა გადაწყვიტა, რომ მეფედ ახლა ვახტანგი დაემტკიცებინა.

ისპაჰანში ჯანიშინს მაჰმადიანობა შესთავაზეს, თუ არადა, მეფობას ვერ მოგცემთ, არ შეიძლებაო, უთხრეს.

ვახტანგმა მათ უპასუხა:

- თუკი თქვენ მაჰმადიანი მეფე გსურთ, მე მაჰმადიანი ძმები მყვანან და მეფედ რომელიმე მათგანი დასვით, მე კი მირჩევნია ქრისტიანად დავრჩე, თუნდაც ამის გამო მეფობა აღარ მერგოს.

ვერც ვახტანგი დაითანხმეს, რომ ქრისტიანობა დაეგდო, და არც სპარსელები გატყდნენ.

მეფედ გამოგზავნეს ვახტანგის მაჰმადიანი ძმა იესე, რომელსაც რჯული მანამდეც შეცვლილი ჰქონდა, მეფობა კი სულაც ყველა რჯულზე უმტკიცეს საბუთად მიაჩნდა.

ორგულმა დიდებულებმაც შაჰს ასე შეუთვალეს: „არა გვნებავს ვახტანგ, არამედ მოგვივლინე იესე“.

ვახტანგი სპარსეთის ერთ-ერთ მხარეში - ქირმანში ტყვედ გაგზავნეს.

იესეს მეფობა

იესე უზნეო და უპირო კაცი იყო. მეფედაც ასეთი გამოდგა. ქართველობა აღარ ახსოვდა, მუდამ სპარსელთა სიამეზე ფიქრობდა, რადგან მეფობის ზურგი მათგან ჰქონდა. თუმცა უნიჭობის გამო მათ სამსახურსაც ვერ ახერხებდა.

სპარსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ლეკები თარეშობდნენ. ქართველთა მეფეს სპარსელები მათ წინააღმდეგ ბრძოლას ავალებდნენ, იესემ კი თავი ვერაფრით გამოიჩინა.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 3-6