ვახტანგ მეექვსე

რუსთ ხელმწიფის ელჩობა

სპარსეთს იმდენი ძალა მაინც შერჩენოდა, ამბოხებულ ქართლს რომ გასწორებოდა. მომხრესაც ბევრს იპოვიდა ქართლში, კახეთში.

საღამო ხანი იყო.

სასახლის აივანზე ვახტანგი მარტო იჯდა და მწარე საფიქრალს მისცემოდა.

კიბიდან აჩქარებული ნაბიჯის ხმა მოესმა. მსახურმა ამოირბინა, რუსთ ხელმწიფის ელჩები გეახლნენო, მოახსენა.

ვახტანგმა ელჩები დიდი პატივისცემით მიიღო. მათ ვახტანგს ხელმწიფე-იმპერატორის, დიდი პეტრე პირველის თხოვნა გადასცეს, სპარსეთის საბატონოებზე ლაშქრობას ვაპირევ, ჯარი წამოასხი და დამეხმარეო.

ეს საბატონოები კავკასიის აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროებზე მდებარეობდა. რუსებს სურდათ, რომ სპარსეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში მიმავალი უდიდესი სავაჭრო გზა ხელთ ეგდოთ და აზიაშიც თანდათან თავიანთი ბატონობა დაემყარებინათ.

დარბაზობა

რუსეთის ამხედრებამ ვახტანგი აღაფრთოვანა. იმედი მისცა, რომ ისინი სპარსეთს ბოლოს მოუღებდნენ, თვითონ მათ გვერდით დადგებოდა და თავის სამშობლოს საბოლოოდ გამოიხსნიდა.

დიდებულებს რჩევა ჰკითხა.

პეტრეს მიპატიჟებას ზოგიერთი უნდობლად შეხვდა.

სხვებმა, ვინც, ვახტანგის მსგავსად, განუზომელ იმედს აღენთო, დაეჭვებულ დიდებულებს უკიჟინეს.

- განა თქვენს რჩევას ჭკუა ახლავს, ძმებო, რას ამბობთ? ქრისტიანი ხელმწიფის მეგობრობა საზიანოა? სიკეთის გარდა რას უნდა ველოდეთ?

- ჭკუა რას ახლავს, ბოლოს გამოჩნდება, - თქვეს დიდებულებმა. - ქრისტიანი ხელმწიფის მეგობრობასა და მის მხარდამხარ ბრძოლას, მართლაც, არაფერი სჯობს, მაგრამ ვიბრძოლებთ კი მხარდამხარ? მტრები გვყვანან, თანაც იმდენი, ათას მთას ერთად აკაფავენ. რუსეთთან კავშირს შეგვიტყობენ, ყველანი მოგვესევიან და რუსის მოსვლამდე ჩვენი დაგვემართება.

მაგრამ ვახტანგი სხვაგვარად ფიქრობდა.

იმედიანი მეფე მომავალს შეჰხაროდა, თავის გადაწყვეტილებას მტკიცედ ადგა და გადათქმას არ აპირებდა.

გაწბილებულმა დიდებულებმა ურჩიეს:

- რაკი, მეფეო, წასვლას არ იშლი, დროულად წადი, მცირე ლაშქარი იახლე და გზაზეც ისე იარე, ფარულად, რომ განზრახვა არ შეგიტყონ, თორემ ქვეყანას უბედურება დაატყდება.

ვახტანგმა იუკადრისა:

- მეფემ ქურდულად ვიარო? ან მცირე რაზმის ყოლას რად მირჩევთ? დიდ ლაშქარს შევკრებ და, როგორც მეფეს ეკადრება, ისე გავეშურები.

ორი ვეშაპი თავს გვადგა: სპარსეთი და ოსმალეთი, ეს მესამე რაღად გვინდოდაო, ოხრავდნენ დიდებულები.

სამივე ერთმანეთს წაეკიდება, მაგათი ქიშპი ჩვენზე გადატყდება, გზა არსად გვექნება და შვილებიც გინებით გაგვიხსენებენო, ამბობდნენ.

ვახტანგმა მაჰმადიანობა დაგმო და თავი კვლავ ქრისტიანად გამოაცხადა.

მონობას ჯვარი ვამჯობინოთო, უთქვამს დაიმედებულ მეფეს.

შაჰს დანაქადები აუსრულდა

სპარსეთში დიდი ამბები ხდებოდა.

ავღანელები თანდათან უახლოვდებოდნენ ისპაჰანს - სპარსეთის სატახტო ქალაქს. ისპაჰანის მახლობლად გამართულ სასტიკ ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგის ძმა როსტომი და ოთხასი ქართველი, რომლებიც შაჰს იცავდნენ.

დაიწყო დიდი და ხანგრძლივი ალყა. სასოწარკვეთილმა შაჰ-ჰუსეინმა ვახტანგს შველა სთხოვა. ბაქარ ბატონიშვილის სპარსეთისკენ გაემართა, მაგრამ ვახტანგმა მოაბრუნა, აკი, დაეფიცა, შაჰის სასარგებლოდ ხმალს აღარ აღვმართავო. კიდევ ღირდა სპარსეთისათვის თავგანწირვა და რჩეულ ქართველ ვაჟკაცთა ამოჟლეტა?

„...დაშთების ქართლი უკაცური და არიან მტერნი მრავალნი“.

ექვსი თვის შემდეგ ისპაჰანი ავღანელებს დანებდა.

შაჰ-ჰუსეინმა მათ ბელადს თავისი გვირგვინი დაადგა.

ამბობენ, სპარსეთის ტახტის გადარჩენა მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ და ვახტანგის უარმა ბრძოლის ბედი გადაწყვიტაო.

პეტრე დიდის ლაშქრობა

პეტრე პირველი ვოლგას დაუყვა, კასპიის ზღვასთან, ტრახანში დადგა და ვახტანგს ლაშქრის შეყრა შემოუთვალა.

ვახტანგი ოცდაათი ათას ქართველს გაუძღვა, განჯაში რვა ათასი სომეხიც მიემატა.

პეტრემ დარუბანდი მალე აიღო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია: ხომალდები ძლიერმა ქარმა დააზიანა, მათში წყალი შეიპარა და ფქვილის მარაგი გაფუჭდა, ქარიშხალმა ტრახანიდან წამოსული გემებიც დააზიანა და მათ იმედად ლაშქრობა მეტისმეტად საეჭვო გახდა.

ჯარში ეპიდემია გავრცელდა. ცხენების საკვებიც აღარ იყო. მარტო დარუბანდში ათას შვიდასამდე ცხენი მოუკვდათ.

ვახტანგი ზედიზედ გზავნიდა ელჩებს, რათა პეტრეს მდებარეობა შეეტყო და მითითებაც მიეღო, რა ექნა, სად და როგორ ელაშქრა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა.

პეტრე აიყარა და ასტრახანში დაბრუნდა.

თბილისში ელჩი გამოგზავნა, რათა ვახტანგისათვის ყოველივე ეცნობებინა.

განჯაში კაცი აფრინეს.

გაწბილებული ვახტანგი თბილისს დაბრუნდა. იგრძნო, რომ ქართლი უმძიმეს დღეში ჩააგდო: ორი ვეშაპი განარისხა. ეს განრისება უქმად არ ჩაუვლიდა.

პეტრეს ჯარი შეუთვალა.

ხელმწიფე-იმპერატორი არ აჩქარდა - გაისად ისევ ვილაშქრებ და მოემზადეო, დააიმედა ვახტანგი.

ქართლისა და კახეთის ომები

ახალმა შაჰმა - თამაზმა ვახტანგს მეფობა ჩამოართვა და იგი კახეთის მეფეს - კონსტანტინეს მისცა.

კონსტანტინემ იაზრა, ქართლს საჩხუბრად და საომრად მაძლევენო, მაგრამ მეფობაც გულიდან ვერ ამოირეცხა.

კონსტანტინეს განჯისა და ერევნის ხანები მიეხმარნენ, ვახტანგს - რაჭველები და იმერლები.

სპარსელმა მეციხოვნეებმა თბილისში თოფ-ზარბაზნები დააქუხეს.

კონსტანტინეს მოლაშქრეები ავლაბარში შემოიჭრნენ და კლდისუბანი დაიპყრეს. მეორე რაზმმა მცხეთაც თავისად დაიჭირა.

სამ თვეს იბრძოდნენ თბილისისათვის.

ბაქარ ბატონიშვილმა იმარჯვა დ კონსტანტინე გააქცია. მცხეთაც გაათავისუფლეს. კახელთა მეთაურებს სვეტიცხოველში ლოცვისას დაეცნენ, კარები დაუკეტეს და დაატყვევეს.

კონსტანტინემ ახლა ლეკები დაიქირავა, მათ დიდძალი ვერცხლი მისცა და თბილისისაკენ გამოუძღვა.

ქართველებმა ხიდის აყრა ვერ მოასწრეს, საფრებიც სუსტად გაემაგრებინათ, მეფე მიატოვეს და გაიქცნენ.

მეჯინიბემ ვახტანგსა და ბაქარს სასწრაფოდ ცხენები მოართვა. მეფემ მცხეთაში გაასწრო, ხოლო ბაქარი ლაშქრის შესაკრებად დუშეთში ავიდა.

ლეკებმა ქალაქი ააოხრეს, ბევრი დახოცეს და ბევრი დაატყვევეს.

ნარიყალიდან მეციხოვნე სპარსელებიც ჩამოეფინენ, სიონის ღვთისმშობლის ხატი შემუსრეს და ტაძარი დაწვეს.

ქორების ჩხუბზე არწივს გამოეღვიძა - საქართველოში ოსმალები შემოიჭრნენ.

როგორც ადრე სპარსეთი და ოსმალეთი საქართველოს, ახლა რუსეთი და ოსმალეთი მთელ კავკასიას იყოფდნენ, თუმცა თავ-თავისად სხვადასხვა ადგილები დაეგულებინათ - კასპიისპირეთი რუსეთს მიეთვალა, ქართლ-კახეთი კი - ოსმალეთს.

ოსმალებმა სპარსელები ციხიდან გამოყარეს, კონსტანტინე კი დაატუსაღეს. ბაქარ ბატონიშვილმა იგი შეიბრალა და ტყვეობიდან გააპარა.

სამი ვეშაპირ არჩივი

ვახტანგს მაინც სჯეროდა, რომ პეტრე არ მიატოვებდა, ჯარს მისცემდა, თბილისს დააბრუნებდა, სპარსეთისაკენ გაუძღვებოდა.

მან ათას ორასი კაცი წაიყვანა, რაჭის გზით კავკასიონი გადაიარა და ასტრახანში ჩავიდა.

აქედან პეტერბურგს გაემართა.

ნახევარი გზაც არ გაევლო, პეტრეს გარდაცვალება რომ შეიტყო.

მაინც იმედოვნებდა.

რუსეთმა კი, თურქეთი რომ დასუსტა და სპარსეთი გაძლიერდა, ქართლ-კახეთი ახლა სპარსეთს გადაულოცა.

ვახტანგი ისე გარდაიცვალა, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. დაღლილი, განაწამები მეფე ასტრახანში დაკრძალეს.

ჩემი ცოდვა ქვასაც აადუღებსო, უთქვამს სამი ვეშაპის შუა მოქცეული უმწეო ქვეყნის ჭირისუფალს.

შინ ვერც ვახტანგის თანმხლები მამულიშვილები დაბრუნდნენ. უიმედონი რუსთ ხელმწიფის სამსახურში ჩადგნენ და მათი საფლავებიც რუსეთის ვრცელ მიწა-წყალზე მიმოიფინა.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 9-14