ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა

თბილისი

უცხოეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა ქართლში უამრავი ეკლესია და ციხე-ქალაქი ააშენა. გამარჯვებული ქვეყანა ყოველ დღე უფრო და უფრო ღონიერდებოდა.

ერთხელ ვახტანგი მცხეთის ახლო ტყეებში ნადირობდა. მისმა მიმინომ ჰაერში ხოხობი მოინადირა, მერე ორივე ძირს დაეშვა და უკვალოდ გაქრა. მონადირეებმა მიმინო და ხოხობი დიდხანს ეძებეს და ბოლოს, ტყის სიღრმეში, ცხელ წყალში ჩაფუფქული იპოვეს. მეფემ ბრძანა, რომ ამ ადგილზე ქალაქი აეშენებინათ.

მართლაც, დაიწყეს მშენებლობა. თბილის წყაროების გამო ქალაქს ტფილისი, ანუ თბილისი უწოდეს.

გორგასლის უკანასკნელი ომი

სპარსელები თანადათან ისევ მომძლავრდნენ. მათმა ახალმა მეფემ ბიზანტიის დაპყრობა გადაწყვიტა. ვახტანგს შემოუთვალა:

„უხუცესებმა მიბრძანეს, რომ შენ დაგემორჩილო, შენ წარმიძღვე ბიზანტიის დასაპყრობად. ცოლად შენი ასული მომეცი, რათა თავი შენს შვილად ვიგრძნო“.

ვახტანგმა უპასუხა:

„ჩვენ და ბიზანტიას - ორივეს ერთი ღმერთი გვიცავს. მე ქრისტიანთა სისხლს არ დავღვრი და ბიზანტიის დაპყრობა შენ თუ მაინც გადაგიწყვეტია, პირველად ჩვენ შეგვებრძოლე, ბიზანტიას კი მხოლოდ ამის მერე მიაშურე“.

მოღონიერებულმა სპარსეთმა გუშინდელი მოკავშირე აღარ დაინდო და ქართლს შემოესია. მათ შემუსრეს ქალაქები: ხორნაბუჯი, ჭერემი, ველისციხე. სამგორის ველზე დიდი ბრძოლა გაიმართა. მოხუცი ვახტანგი კვლავაც ლომურად იბრძოდა, მაგრამ მას ხომ გვერდით მუდამ უამრავი მოღალატე ჰყავდა.

ვახტანგ მეფეს ჯაჭვის პერანგი იღლიაში ჰქონდა გახეული, რაც მხოლოდ მისმა შინაურებმა იცოდნენ. და, აი, სწორედ ამ შინაურმა მოღალატეებმა ერთი მეომარი მოისყიდეს, რომელმაც ბრძოლის დროს ვახტანგს იღლიაში ისარი ჰკრა.

სასიკვდილოდ დაჭრილი მეფე უჯარმაში წაიყვანეს, სადაც იგი კიდეც გარდაიცვალა. ვერც სპარსელი, ვერც ბერძენი, ან ყივჩაღი, ან ოსი, თუნდ ხაზარი, ინდოელი თუ ჯორჯანელი ვახტანგს ვერ მოერია. მაგრამ ქართველმა მოძმემ უღალატა და სასიკვდილოდ გაიმეტა.

ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ვახტანგ გორგასალი და მას არ ივიწყებს. საქართველოში ყველამ ზეპირად იცის ხალხური ლექსი:

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 50-52